Monday, December 12, 2011

წითლები


წითელი კაშნე და ჭრელი "სამუხლეები" მოვიქსოვე. ოთხი ცალი ჩხირი ვერსად მოვნახე, რომ წინდები მომექსოვა. ეს სამუხლეები ჩემს საზამთრო ფეხსაცმელებს უხდება, მუხლებიც თბილად მექნება და თან სასაცილოდაც გამოვიყურები. ძაფებს ევრო–შოპში ვყიდულობ ან სხვადასხვა დიდ სუპერმარკეტებში ვპოულობ იაფად. სპეციალურ მაღაზიებში, სადაც ჩხირები და ძაფები იყიდება, ყველაფერი ძალიან ძვირია.

ერთ შაბათს ჩემი ქმრის მშობლებთან დავრჩით. შაბათი უკვე ძალიან ადრე მთავრდება და საღამოს 6 საათზე მაღაზიებში გავლა გადავწყვიტეთ. სასწაულქუსლიანი წითელი ფეხსაცმელები ვნახე ძალიან იაფად და ვიყიდე. არ შეიძლებოდა, არ მეყიდა. ჩემს ქმარს მოსწონს, მაგრამ ეშინია, ფეხი არ გამისხლტეს და ამ ქუსლებიდან არ გადმოვვარდე. მეც შევპირდი, რომ გაზაფხულამდე არ ჩავიცვამ. არადა, მინდოდა შაბათს სადმე სტუმრად რომ წავიდოდით, იქ ჩამეცვა.

მოკლედ, მქონდა წითელი კაშნე, წითელი ფეხსაცმელები და მერე ჩემი ქმრის დედამ "საიდანღაც" ძალიან ლამაზი წითელი ჩანთუკა გამოიტანა და მაჩუქა.

ესე იგი, მაქვს ყველაფერი წითელი.


გადის ერთი კვირა და აღმოვაჩინე, რომ წითელი აღარ მომწონს. კაშნე გარდერობში შევკიდე, ფეხსაცმელებიც ყუთში ჩავაწყე და ჩანთაც შევინახე.

სუპერმარკეტებში ფქვილი გაძვირდა მთელი 15 ცენტით. რამდენადაც ჩვენს ოჯახში ბევრი ფქვილი იხარჯება, ეს 15 ცენტი ძალიან შესამჩნევია. სამაგიეროდ 1,5%–იანმა რძემ დაიკლო 3 ცენტით; ჩვენთან ასევე ბევრი რძე ისმევა და ამიტომ ეს სამი ცენტიც მახარებს. უცნაურია ეს ოჯახური ცხოვრება, ყველა პროდუქტის ფასი რომ ზეპირად იცი, რამდენიმე სუპერმარკეტიდან პროდუქტები გაქვს არჩეული და შესაბამისად განაგებ შენს ბიუჯეტს.

წითელი შეიძლება ისე აღარ მომწონს, როგორც რამდენიმე კვირის წინ, მაგრამ ახლა შევხედე ჩემი სკოლის ნაჭრის ჩანთას და წითელია, კალამი – წითელსა და თეთრ ფერებში, წყლის ბოთლის ეტიკეტიც წითელი. დრიუსაც წითლები აცვია ამ ფოტოზე და მე კიდევ ერთი მიზეზი მაქვს (თუნდაც არ მქონდეს), გავიღიმო და ორშაბათს დავემშვიდობო.

11 comments:

მარიამ ბლანკი¹³ said...

მიმზიდველი და ცოცხალი ფერია წითელი, ზუსტად ისეთი ზამთრის დღეებს რომ გაახალისებს : )

Keti said...

ჩემი საყვარელი ფორმა აქვს შენს ახალ ფეხსაცმელს – ასეთი მეც მაქვს, ოღონდ შავი :)
მე წითელი დეტალები მიყვარს, მთლად წითელი ჩასაცმელი, რომელიც მთლიანად შემმოსავს, არ მქონია :)

სოფი, ზუსტად ისეთი პოსტია, როგორზეც წინა ჩანაწერში წერდი... თან უცებ დავფიქრდი, კვირის დღეებზე პატარა ციკლი შექმენი: ოთხშაბათი, კვირა, ორშაბათი... ადრე, მგონი, სამშაბათზეც გქონდა პოსტი :)

Sophie שרה Golden said...

@ჩორვენ, კი, ზუსტად ამ პერიოდს უხდება ეს ფერი.

@ქეთი, მეც მიყვარს ასეთი ფორმის ფეხსაცმელები, თან უბრალოა და თან ძალიან მიმზიდველი.
კი, კი, მქონდა სამშაბათზე. მგონი, უკვე კვირის ყველა დღეზე მაქვს პოსტი :)

Kate said...

წითელი მეც ძალიან მიყვარს. ბევრი რაღაცის ფერია. :))

Sophie שרה Golden said...

@ქეით, ნამდვილად.
ისე, რა სჭირს შენს ბლოგს? ძალიან ნელა იტვირთება და დიდი ტანჯვაა, რომ ნორმალურად შეხვიდე, წაიკითხო და კომენტარი დაწერო :/

Kate said...

უი მართლა???
აზრზე არ ვარ.
აუ რა ცუდია :(((

ნატა said...

ქუსლებზე არ მინახიხარ :)

Sophie שרה Golden said...

@ქეით, ხო :( იქნებ გამოასწორო როგორმე.

@ნატა, ხო, კაი სანახავი ვარ :))) ისე მივეჩვიე უკვე დიდი ხანია.

Kate said...

სოფ, ჩემთან რომ ძალიან მალე იხსნება? :(

Sophie שרה Golden said...

@ქეით, არ ვიცი :/ არადა, ყველა ბრაუზერით მაქვს ნაცადი.

Kate said...

ვაა. არადა ქრომით უპრობლემოდ შევდივარ. სულ რამდენიმე წამი და ეგაა.