Wednesday, December 28, 2011

ესეც წლევანდელი ხანუკა


გუშინ საღამოს უკვე 9 სანთელი ავანთეთ. ხანუკის ბოლო საღამო იყო.
ყველაფერი, რაც მთავრდება, რაღაცნაირად სევდისმომგვრელია.

მაგალითად, ბავშვობაში ახალ წელს რომ ელოდებოდი უკვე სექტემბრიდან, დარეკა 12–მა, გოზინაყიც გასინჯე, დეიდის გამომცხვარი სასწაული ნამცხვრებიც და ახალი წელიც დამთავრდა. ლოგიკურად, კი არ დამთავრდა, დაიწყო, მაგრამ მოლოდინი ხომ დასრულდა.

იმის თქმა მინდა, გუშინ ხანუკის ყველა სანთელი რომ ავანთეთ, რაღაცნაირად გული დაგვწყდა. იცით, როგორ მიყვარს დღესასწაულები, მაგრამ ხანუკა ყველაზე განსაკუთრებულად, ალბათ სინათლისა და სასწაულების პერიოდია და იმიტომ. ოღონდ წარმოსახვითი სასწაულების არა, მზის სხივი მხიარულ ჩრდილს რომ დატოვებს შენს კედელზე და სასწაულად ჩათვლი; არა, ნამდვილი სასწაულების, მაგალითად, უკვე რომ აღარ ელოდებოდი, იმას დაგიბრუნებენ, ან სტიპენდიას დაგირიცხავენ ზუსტად მაშინ და იმდენს, რამდენიც იმ დღეს გჭირდებოდა...
რას ვიზამ, გავიზარდე და ჩემმა სასწაულებმა უფრო მატერიალური სახე შეიძინა.

ამ თვეში ჩემი ბლოგის მკითხველების უმეტესობას, გუგლიდან შემოსული ადამიანები შეადგენდნენ, რომლებიც ხანუკაზე ეძებდნენ ინფორმაციას და იმედია, იპოვეს კიდეც. წინა წლებში საკმაოდ ინფორმაციული პოსტები მაქვს დაწერილი.

თუმცა წლევანდელი დღესასწაული მაინც განსაკუთრებული იყო: ჩვენი პირველი ხანუკა ერთად. ამ ხანუკის პარასკევს ჩემი დაბადების დღეც დაემთხვა და ჩემი ქმრის ბებიისგან ქარვის ყელსაბამი მივიღე საჩუქრად. ქარვა ჩემი სულის ქვაა, ვინც იცის.
საერთოდ, ხანუკაზე საჩუქრებს იშვიათად ჩუქნიან, ეს უფრო საშობაო ტრადიციაა.
ხანუკა 8 დღეს გრძელდება და როგორც ადრე ვწერდი, ყოველდღე თითო სანთელი ემატება (საერთოდ, "ხანუკიაში", იგივე შანდალი, ცხრა სასანთლეა, ამაღლებულ ადგილას მდგარი სანთლიდან სხვა სანთლები ინთება და თავად ეს სანთელი მხოლოდ სიმბოლური დატვირთვისაა). ბოლო დღე ყველაზე ლამაზი გამოდის, ყველა სანთელი რომ ანთია, თან ფანჯარასთან დგას და ულამაზეს სინათლეებად იღვრება.

ხანუკის პირველ დღეს ხილფაფიანი (ხო ყველა სხვა სიტყვას ეს ჯობია, ჯემი იქნება, კონფიტური თუ "პავიდლო"?) ფუნთუშები გვქონდა, ესეც ტრადიციის ნაწილია. იმავე საღამოს 15 ფუნთუშიდან 5 დარჩა და სიხარულით ცას ვეწიე, რადგან ამ რეცეპტის მოსაძებნად რამდენიმე დღე დამჭირდა. ხანუკაზე კიდევ კარტოფილის ალადიებს აკეთებენ, მაგრამ იმდენად ცხიმში გაჭყიპჭყიპებული რამეა, მე როგორც ჯანსაღი საკვებისა და მწვანილეულობის მოყვარული ადამიანი, ასეთ ალადიებს არ ვცნობ. ცხიმიანი ფუნთუშებიც საკმარისი იყო. ცხოვრებაში პირველად გავაკეთე და დიდხანს გაოცებას ვერ ვმალავდი, როცა ნახევარი ბოთლი ზეთის ჩასხმა მომიწია ტაფაში.

ესეც წლევანდელი ხანუკა, 5772 წელი, ებრაული კალენდრის მიხედვით. ჩვენი სასანთლე ერთი წლით შევინახეთ, ფუნთუშებიც, მეეჭვება, ახლო მომავალში გამოვაცხო. ერთადერთი, მინდა მჯეროდეს, სასწაულები გაგრძელდება – მატერიალურიც და წამოსახვითიც, ისე რომ ხანუკიაში მუდამ ვასხამდეთ ქარვისფერ ზეთს და მზემაც ხშირად დატოვოს ოქროსფერი სხივები ჩვენს სახლში!!!
!!!אמן

4 comments:

Keti said...

სოფი, გილოცავ ხანუკას! (ცოტა მოგვიანებით კი გამომივიდა მოლოცვა). ბედნიერები ყოფილიყავით!
ალბათ როგორი ამაღელვებელია პირველი დღესასწაულების და თარიღების ერთად აღნიშვნა...
სასანთლე მომეწონა ძალიან და ტრადიციაც – ყოველდღე რომ თითო სანთელს უმატებთ. ფანჯარაში შემოდგმული ანთებული სანთლები მართლა ლამაზია. თან ამ სასანთლეს ისეთი ფორმა აქვს – ერთი სანთელი უფრო მაღლაა და რაღაცნაირად "წამყვანი" ფუნქცია აქვს...

unaamarga said...

სოფი, გილოცავ! პირველი დღესასწაული ერთად, ალბათ, განსაკუთრებით ამაღლებული იქნებოდა!

Sophie שרה Golden said...

@ქეთი, დიდი მადლობა :) კი, ძალიან ამაღელვებელია. არც მეგონა, ასე თუ იქნებოდა.

@უნაამარგა, დიდი მადლობა.

Anonymous said...

♥♥♥ Сайтик сделан очень профессионально, и легко им пользоватся. И придратся не к чему, а я так люблю покритиковать... ♥♥♥