სახლში ყოველთვის უნდა იყოს რამე სასუსნავი, განსაკუთრებით ზამთარში. სიცივიდან რომ მოხვალ თბილ სახლში, სამზარეულოში შეხვალ და საყვარელ კარადას გამოაღებ, სადაც იცი, შოკოლადები და ვაფლები გელოდება. ან კიდევ მეორე კარადას გამოაღებ და იქ შენი გამომცხვარი შოკოლადის "პეჩენიები" აწყვია და ერთი სული გაქვს, ხელები დაიბანო, სწრაფად ისადილო და მერე აბსოლუტურად ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სასუსნავი გასინჯო.
ასეთია ერთი ჩვეულებრივი დღე, როცა შუადღისას სკოლიდან დაღლილი ვბრუნდები, ზოგჯერ სადილი მზად არ არის და სახელდახელოდ მიწევს რაღაცების მოფიქრება.
სადილის მერე ტკბილეულს და ჩაის მივირთმევ და ზოგჯერ ფიქრიც მავიწყდება.
დღეს ისეთი დღე იყო, რომ გუშინდელი სპაგეტი მაცივარში მელოდებოდა ძალიან გემრიელი სოუსით (ადვილად მზადდება: ზეთში მოხრაკავ ერთ საშუალო ზომის ხახვს და ერთ კბილ ნიორს, დაუმატებ ორ რბილ პომიდორს, მანამდე გაფცქვნილსა და წვრილად დაჭრილს, ასევე ჩაყრი წვრილად დაჭრილ ნახევარ ბულგარულ წიწაკას, 10–15 წუთს აჩერებ ქურაზე და პერიოდულად ხის კოვზით ურევ, ბოლოს უმატებ სუნელებს, პილპილსა და მარილს გემოვნებით; პიკანტურობისთვის, ერთი სუფრის კოვზი კეჩუპის დამატებაც შეიძლება. ამ შემადგენლობით, სოუსი სამ თეფშზეა გათვალისწინებული, შესაბამისად, მეტი პროდუქტი დაგჭირდება, თუ დიდი ოჯახისთვის გინდა გემრიელი სპაგეტის მომზადება. მაკარონი: ადუღებულ წყალში ერთ სუფრის კოვზი მარილი, შემდეგ უკვე მაკარონი. სპაგეტის არავითარ შემთხვევაში არ ამტვრევ, თუ გსურს, კლასიკური იყოს. უბრალოდ ჩაყრი ქვაბში, როგორც ჩაეტევა. ხარშვას დაიწყებს თუ არა, ჰაერზე დარჩენილი ნახევარი თავისით ჩასრიალდება. მერე გადაწურავ და ცივ წყალს დაასხამ. ქვაბს გააცხელებ და მოხარშულ მაკარონს უკან დააბრუნებ, სადაც მანამდე ზეთი გააცხელე. ესეც პასტა). მოკლედ, ასე ვისადილე დღეს და კარადაში ნახევარი პაკეტი პარვე ვაფლი ვიპოვე (პარვე ნიშნავს ე.წ. "ნეიტრალურს", რომელიც რძის პროდუქტებს არ შეიცავს, შესაბამისად ხორციანი სადილის შემდეგ თავისუფლად მივირთმევთ). რაც უნდა გემრიელი იყოს მაღაზიაში ნაყიდი სასუსნავი, სახლში გამომცხვარს მაინც არაფერი ჯობია და ამიტომ საღამოს "ზებრა "პეჩენიების"" გამოცხობა გადავწყვიტე, რომლის რეცეპტიც ჩემმა ამერიკელმა მეგობარმა მომცა. ეს ის მეგობარია, რომელმაც კოლუმბიის უნივერსიტეტი დაამთავრა, იურისტია და მსოფლიოში ყველაზე სასწაული ტკბილეულის მცხობელი 25 წლის ასაკში.
რადგანაც ცომი 1–2 საათს მაცივარში უნდა იყოს, ახლა ვზივარ და ველოდები. რეცეპტსაც გეტყვით და სურათსაც განახებთ, თუ კარგი გამომივიდა ან ხვალამდე თუ რამე დაგვრჩა და სურათის გადაღება მოვასწარი. ამ მოლოდინში იმის მოძებნას ვცდილობდი confectioners sugar რას ნიშნავს და ისეთ ბლოგებს გადავაწყდი, გაოცებას ვერ ვმალავ. როგორ, როგორ, როგორ გამოსდის ხალხს ასეთი სასწაული რაღაცები?




5 comments:
არა, სახლში გაკეთებულ სასუსნავს მართლა არაფერი შეედრება! როგოგორ მენატრება ხოლმე, დედაჩემის გაკეთებული "პეჩენიები", შუ და კექსი! მე თვითონ ცხობისაგან ძალინ შორს ვარ!
ძალიან მიყვარს მაკარონი და ვერმიშელი ყველა მდგომარეობაში და ყველანაირი სოუსით.
სასუსნავი კიდე ,ჰო, ყველგან უნდა იყოს, სახლში სპეციალურად გამოყოფილ ადგილას-კარადაში, უჯრაში, მანქანაშჳ, ჩანთაში..
მე თან ვატარებ ხოლმე და ყოველთვის მახალისებს, ან თუ ძალიან მშია, გადარბენაზე ვარ და ჭამას ვერ ვასწრებ, მეხმარება.
და შენი დაწერილი პოსტი მახსენდება ხოლმე, როგორ ჰქონდა ქმარს გულის ჯიბეში კანფეტი და როგორ ჭამდა ხოლმე სანამ შინ მივიდოდა, რომ კარგ ხასიათზე ყოფილიყო :)) :*
@უნაამარგა, მმმმ, შუ. ერთხელ გავაკეთე ცხოვრებაში, კიდევ უნდა ვცადო.
@ბაბისა, მეც, ყველანაირი მაკარონი მიყვარს, მაგრამ სპაგეტი მაინც ყველაფერს ჯობია, კლასიკაა ხომ იცი :))
იცი, როგორ გამახარე, ეგ ისტორია რომ გახსოვს? ისე, ისე, რომ გუშინ სიხარულით დავფრინავდი, რომ ბაბისას ჩემი პოსტი ახსენდება–მეთქი. ცხოვრება მხოლოდ ამისთვის ღირს, შენნაირი ადამიანები რომ არსებობენ :)
ო, მე ეგ სოუსი მაინტერესებს! :) კარგია, რომ გაგვიზიარე მომზადების წესი...
@ქეთი, ძალიან ადვილი და უბრალო სოუსია, სცადე.
Post a Comment