Wednesday, January 11, 2012

რაც თან დაგვაქვს

რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა...
ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა.
"ვეფხისტყაოსანი"



რამდენი ხანია ჩემს ირანელ ჯგუფელზე მინდოდა დამეწერა. ინგლისურ ბლოგზე კი დავწერე, მაგრამ აქ უფრო გემრიელად მინდა მოყოლა.

მოდი, იმით დავიწყებ, თუ რამხელა გავლენას ვახდენთ სამყაროზე, ადამიანებზე და ჩვენს საკუთარ თავებზე. არ ვიცი, შეიძლება მე შევიგრძნობ ამას განსაკუთრებულად, რადგან ცხოვრების არცთუ ისე ცოტა ხანი მაქვს გატარებული სამშობლოს ფარგლებს გარეთ. დავითის ფსალმუნების გარდა, ჩემი სამოგზაურო წიგნი "ვეფხისტყაოსანი" იყო ხოლმე და როცა საქართველო მენატრებოდა, ან რამე სულისდასამშვიდებლის წაკითხვა მომინდებოდა, გადავშლიდი და ვკითხულობდი. პათეტიკის გარეშე გეუბნებით, ტარიელი, ავთანდილი და რუსთაველის ფემინისტი ქალებიც ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილები იყვნენ.
პირველად დედაჩემისგან გავიგონე, თავის მეგობარს ეუბნებოდა, ადამიანს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გეკისრება, როცა უცხოეთში მიდიხარ, საკუთარის გარდა, სამშობლოს სახელსაც ატარებო. დედაჩემი ძალიან ჭკვიანია, როგორც ყველა დედა. თუმცა, ბუნებრივია, ბევრჯერ არ ვეთანხმები და იმ მომენტშიც შევეკამათებოდი ალბათ. მაგრამ როცა თვითონ მოვხვდი სიტუაციაში, სადაც საქართველო მხოლოდ პასპორტში კი არა, სახეზეც მეწერა, მივხვდი, როგორი მართალი ყოფილა.

მნიშვნელობა არა აქვს შენს რელიგიას, არავის აინტერესებს შენი ორიენტაცია, ყურადღებას არავინ აქცევს შენს ჩაცმულობას, სამაგიეროდ, ყოველთვის თან გდევს შენი ეროვნება და ის ქვეყანა, სადაც დაიბადე, გაიზარდე და რომელი ენაც შენს სისხლთან ერთად მოძრაობს გულიდან გონებამდე და პირიქით.

ჩემს ინტერნაციონალურ სკოლაში იმდენი ეროვნების ადამიანი სწავლობს, რამდენი ქვეყანაც არსებობს, ალბათ, მსოფლიოში.
რამდენადაც უნდა ვეცადო, სტერეოტიპებისა ან სულაც საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ადამიანების გაცნობის შემდეგ უსწრაფესად მიყალიბდება მათზე აზრი: რუსები თავხედები არიან, განსაკუთრებით ქალები; ზუსტად მათზეა მოგონილი ზედსართავი наглые და უმეტეს შემთხვევაში, თუ ადგილზე არ მოსვი, არაფერი გამოვა; ამერიკელებს – არასოდეს უნდა ენდო, რაც უნდა გაქებდნენ, გიცინოდნენ და სიყვარულს გიხსნიდნენ, ოკეანისიქიდან არიან და ყველაფერი სხვანაირად ესმით, შენი მეგობრები მაინც არასოდეს გახდებიან; სამხრეთელები: ბერძნები, ესპანელები, იტალიელები და ასევე ლათინოამერიკელები – ყველაზე ადვილია მათთან ურთიერთობა, შენი ცხოვრებითაც დაინტერესდებიან, საკუთარზეც გახსნილად გიამბობენ, მაგრამ ბოლომდე ვერ ხვდები, გინდა მათთან მეგობრობა თუ არა;
მუსულმანური სამყარო, რომელიც სუნიტებად და შიიტებად იყოფა და ისე განსხვავდებიან ერთმანეთისგან, როგორც ცა და დედამიწა. თვითონ შიიტებიც კი განსხვავდებიან. მაგალითად, თურქები ვერ შეედრებიან ირანელებს, ისევე როგორც, არაბები სასწაულად განსხვავებულები არიან.
არ ვიცი, შოთა რუსთაველი "რომელ" არაბეთს გულისხმობდა, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ "ვეფხისტყაოსანი" სპარსეთს უფრო შეეფერება.

ატომური ბომბი აქვთ? აქვთ.
ქალებს ჩადრები ძალით დააფარეს? დიახ.
საშინელი პრეზიდენტი ჰყავთ? თანაც როგორი.
მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი ჯგუფელი ფარვანე (დიახ, ჩვენებურად ფარვანა, იგივე პეპელა, სპარსულადაც ზუსტად იგივე მნიშვნელობა აქვს) სრულიად გადაწონის თავისი სამშობლოს უარყოფით იმიჯს მსოფლიოში. არ მინახავს სხვა ვინმე ასეთი გონიერი, მშვიდი, გაწონასწორებული, ღიმილიანი და მიმზიდველი; გარეგნობით არა, ერთი ბეწო გოგოა, სპარსული კეხიანი ცხვირით; ხშირი, შავზე უშავესი თმითა და მხოლოდ აღმოსავლეთში რომ აქვთ, ისეთი თვალებით.
ვერ ვიტყვი, ვმეგობრობთ–მეთქი. ის გაცნობითი საუბრებიც, დასვენებაზე, არ ითვლება. უბრალოდ, არის რაღაც უცნაური სულიერი კავშირი ჩვენ შორის, როცა გაკვეთილზე ვსხედვართ, ვგრძნობ, რომ ჩემი ხუმრობები ყველაზე უკეთესად მას ესმის. არ არის საჭირო პრანჭვა–გრეხა მასთან სასაუბროდ და არც ისეთი გაევროპებულ-გაციებულია, როგორც ბევრი ჩვენიანი.

ბუნებრივია, ერთი ადამიანი არ ქმნის მთელ ქვეყანას, ისევე როგორც ქვეყანა არ ქმნის ადამიანს და ვერავის განსჯი ერთი შეხედვით. საერთოდაც, განსჯა ჩემი საქმე არასოდეს ყოფილა და იმ სტერეოტიპების მიუხედავად, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრე, მაინც უამრავი მეგობარი მყავს რუსეთიდან, ამერიკიდან, სამხრეთ თუ აღმოსავლეთ ევროპიდან და ყველა მათგანი თავისებურად განსხვავებული, საინტერესო და ძვირფასია ჩემთვის. მაგრამ მაინც არსებობს გეოგრაფიულ მდებარეობაში განსაკუთრებულობა.
როგორც ყველაფერს თავისი სუნი და გემო აქვს, ისეთივე გრძნობებს დავატარებთ ადამიანებიც; სადაც უნდა წავიდეთ და რომელი რელიგიაც უნდა გვქონდეს არჩეული, ზოგსაც დაძალებული, ყოველთვის თან დაგვაქვს ჩვენი აღმოსავლეთი, ჩვენი "ვეფხისტყაოსანი" და ის უცნაური სული, რომელიც ასევე უცნაური, საყვარელი სცენარისტისგან გვაქვს შთაბერილი.

9 comments:

ნატა said...

ეს პოსტი განსაკუთრებით მომეწონა, ძალიან ძალიან. საოცრად დახვეწილი და ამავე დროს ემოციურად ნაწერია, ლოგიკურად აწყობილი წინადადებებით. დაუბრუნდი მხატვრულს, ცადე მაინც

Anonymous said...

როგორ მაინტერესებს მრავალეთნიკურ გარემოში მოხვედრა და ადამიანების გაცნობა.

სკანდინავიელები როგორები არიან სოფ და ისლანდიელი ჯგუფელი თუ გყავს?

Sophie שרה Golden said...

@ნატა, რა უცნაურია, ზოგჯერ საერთოდ არ ცდილობ და გამოგდის, ზოგჯერ კიდევ – შეიძლება საათები დაახარჯო რაღაცას და ასეთი სანაქებო გეწერინება :))) მადლობა :*

@როდე, სკანდინავიელები არ მყავს ჯგუფში და ისლანდიელებსაც არ ვიცნობ, სამწუხაროდ.

unaamarga said...

რა საინტერესოა ეს ყველაფერი! დიდი ხნით არსად მიცხოვრია. აზიურ სამყაროსთან საერთოდ შეხება არ მქონია, ფაქტიურად!

Sophie שרה Golden said...

@უნაამარგა, აზიელები საერთოდ სხვა სამყაროდან არიან. ბევრი იაპონელი და კორეელი ჯგუფელი მყავს, ოდესმე მათზეც დავწერ. ვერ წარმოიდგენ, როგორ შორს არიან ჩვენგან და რამდენი რამე არ ვიცით მათზე. სასწაული ხალხია ძაან. მომწონს.

Toma said...

ჩემი ირანელი და სპარსელი ჯგუფელებიც (ენის სკოლიდან) ძალიან გაწონასწოებული და ჭკვიანი ადამიანები იყვნენ/არიან. პირადად მე მათთან ურთიერთობა მირჩევნია და ბევრად მიადვილდება ლათინოებთან, ბერძნებთან, ესპანელებთან და იტალიელებთან ურთიერთობას. თუმცა ამ უკანასკნელებთანაც არის გამონაკლისები.

ჩინელებს ვერ დავუმუღამე, არადა მომწონს ეს ხალხი, უფრო სწორედ ენა. რამდენჯერაც წავედი ჩინური ენის კაფეში და ვეცადე დაამხანაგება არ გამომდის.

ყველაზე მეტად მიჭირს ურთიერთობა - აფრიკელებთან-ქვეყანას არ აქვს მნიშვნელობა. ფაქტია მხოლოდ უარყოფითი გამოცდილება მაკავშირებს მათთან.

Keti said...

შენი ირანელი მეგობარი ინგლისურენოვანი ბლოგიდან გავიცანი, როგორც მახსოვს. ეს პოსტი კი რა ხანია წავიკითხე და აი ახლა ვწერ კომენტარს, რადგან მანამდე სიტყვებს ვერ მოვუყარე თავი. გეთანხმები, რომ ყველაფერი მშობლიური თან დაგვაქვს, სადაც არ უნდა აღმოვჩნდეთ.

Anonymous said...

ძალიან მომეწონა ეს პოსტი :) თბილია თან ობიექტურიცაა და სუბიექტურიც
ჩვენც ვსაზღვრავთ ადამიანებს შექმნილი ქვეყნის სტერეოტიპების მიხედვით, მაგრამ გვავიწყდება რომ ადამიანი ინდივიდია და შეიძლება კატეგორიულად განსხვავდებოდეს თავისი ქვეყნის მენტალიტეტისაგან და სხვა ხალხისაგან :)

Sophie שרה Golden said...

@ტომა, მე ყველასთან მომწონს ურთიერთობა. აი, ჩინელებს და აფრიკელებს არ ვიცნობ, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკელებს თუ არ ჩავთვლი, რომლებიც საკმაოდ დისტანციურები არიან.

@ქეთი, მიხარია, რომ ახლა იპოვე სიტყვები და შენი აზრი დამიწერე, მადლობა.

@ourlifegoeson, დიდი მადლობა. მართალი ხარ, ნამდვილად ასეთი პოსტია. მაგრამ სტერეოტიპებს ვერსად გავექცევით, ხომ იცი და რაც უნდა ვამსხვრიოთ, ერთხელ მაინც აუცილებლად "დავიჭერთ" საკუთარ თავს იმ ერთი სტერეოტიპით, რომელიც ჩვენს გეოგრაფიულ წარმოშობას ეხება.