ყველა ქალს, ცხოვრებაში ერთხელ მაინც, უფიქრია ფეხმძიმობაზე; ბავშვის გაჩენაზე და მილან კუნდერას როგორც უყვარს თქმა, სიამოვნებაც კი მიუნიჭებია ყველა იმ სიძნელისა და ტკივილის გადატანის წარმოდგენისას, რაც წინ ელოდება.
როგორც ყველაფერი ბუნებრივი და ამავე დროს, უჩვეულო, ფეხმძიმობაც ასევე უბრალოდ იჭრება შენს ცხოვრებაში. მთელი ცხოვრება გეგონა, რომ თავს განსაკუთრებულად, „დედურად“, იგრძნობდი, შენ კი ტესტს გულისფანცქალით ნახულობ და დადებითი შედეგის გამოჩენისას, რამდენიმე წუთი სააბაზანოში დარბიხარ. ქმარი გარედან გიკაკუნებს და არ გასვენებს: „ნახე? რა არის? გამოჩნდა?“. ამ დროს ძალიან გინდა, ყველა ის ფილმი გაიხსენო, სადაც ქალები კაცებს ამცნობენ: „ძვირფასო, შენ მამა გახდები“ ან „იცი, მალე ჩვენ სამნი ვიქნებით“, ან ყველაზე შტერული: „მსუქანიც გეყვარები?“. საბედნიეროდ, არაფერი გახსენდება, ტესტს სარეცხის მანქანაზე დადებ, ისევ აიღებ, დადებ, აიღებ, დადებ, ისევ აიღებ და თვალებგაფართოებული გამოდიხარ.
ძალიან გინდა, ახლავე იგრძნო დედობრივი სიყვარული ჩანასახისადმი, მაგრამ არაფერი გამოგდის.
ყოველ შემთხვევაში, მე არ გამომივიდა.
მერე შენს გინეკოლოგს ფრაუ შინდლერი ჰქვია და შენი ქმარი ხუმრობს, რომ 9 თვე მის სიაში იქნებით.
ეს 9 თვე ცხოვრების ის პერიოდია, რომელიც ხან ძალიან ნელა მიდის და ხან ისე გარბის – მოხედვას და მნიშვნელოვანი მომენტების დამახსოვრებასაც ვერ ასწრებ. მაგალითად, მე სულ მეგონა, ფეხმძიმობისას ჩემს შვილს ბევრს ვესაუბრებოდი, კლასიკურ მუსიკას მოვასმენინებდი და აუცილებლად წავუკითხავდი მხატვრულ ლიტერატურას.
აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ფეხმძიმობის შეგრძნება და მეოთხე თვიდან წონის სწრაფად მატება საკმარისი არ ყოფილა.
როცა დილიდან საღამომდე დაკავებული ხარ, საღამოს კიდევ – ინტერნეტს მიეჯაჭვები, ძალიან ძნელია მუცელს ესაუბრო. ამ დროს მუსიკა განწყობის მიხედვით გესმენინება და მხატვრულ ლიტერატურასაც სტუდენტობის შემდეგ აღარ მიკარებიხარ.
სამაგიეროდ, ბევრ წერილს ვწერ ამ პერიოდში, გერმანულს ვსწავლობ და მაიაკოვსკის ვკითხულობ.
დედაჩემი ყოველთვის ამბობდა, ბავშვის გაჩენა ყველას შეუძლია, მთავარი შემდეგ მისი აღზრდაა და ცნობილი, დედობრივი გრძნობების მოზღვავება მხოლოდ დროის განმავლობაშია შესაძლებელიო.
სწორედ, ამ გრძნობების მოზღვავების მოლოდინში ვარ.
ძალიან ძნელია, გიყვარდეს შენი მუცელი, რომელიც მესამე–მეოთხე თვემდე არ იცვლება. ზოგჯერ გგონია, იქ არაფერი არ არის და ტესტი, ექიმი და შენი გამძაფრებული ყნოსვისა თუ გემოს ორგანოებიც ძალიან ცდებიან.
ფეხმძიმობის დასაწყისი განსაკუთრებულად ემოციურია, არაფერი იცი (შეიძლება იცოდი და ამ დროს ყველაფერი გავიწყდება), ყველაფერს კითხულობ, სხვადასხვა აზრს უსმენ, გინდა კიდევ უფრო მეტი იცოდე, მაგრამ თან გეშინია და თან არ გინდა – სხვებს ყველაფერი გაუმხილო.
ჩემი ოქროს წესი: ფეხმძიმედ ყოფნისას ნაცნობებს, მეგობრებს ბევრი შეკითხვა არ დაუსვათ, რადგან მათი გამოცდილება სულ არ იქნება თქვენის მსგავსი. ასევე, არასოდეს მოისმინოთ ისტორიები მუცლის მოწყვეტაზე, აბორტსა და უშვილობაზე.
ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, ორგანიზმიც ყველას განსხვავებული აქვს და შესაბამისად, რაც სხვას ვნებს, შეიძლება შენ გარგებდეს და პირიქით.
თუმცა, რაც ყველა ფეხმძიმეს სჭირდება, თანადგომა და გახსნილობაა.
ბევრი სიძნელე იქნება, მაგრამ ისეთი პერიოდიც დადგება, სამი თვის შემდეგ, როცა ხშირად დაგავიწყდება შენი მდგომარეობა და თავს ძალიან ჩვეულებრივ, შეუზღუდავად გრძნობ.
დასაწყისი
პირველი 3 თვე.
– შემძულდა თევზი, მისი სუნი, გემო.
– შოკოლადის დანახვა არ მინდოდა.
– არც მჟავე კიტრი გამხსენებია (ისეთივე სტერეოტიპია, როგორც ყველა ფეხმძიმეს რომ გული მისდის სერიალებში).
– მადა საერთოდ დავკარგე.
– მხოლოდ ძილი მინდოდა.
ძირითადი ბიოლოგიური ცვლილებები ამ პერიოდში:
– მკერდის მტკივნეულად გამაგრება და სასწაული სისწრაფით ზრდა.
– ხშირად წელის არეში უცნაური ტკივილები („ჭვალის დადგომა“) – ასეთ დროს ინტერნეტს ნუ მიაშურებთ, ექიმთან წადით. მე მივაშურე ინტერნეტს და სულელურ ფორუმებზე ისეთი გულისგასახეთქი რაღაცები ეწერა, მთელი საღამო დაზაფრული ვიჯექი. მეორე დღეს, მხოლოდ ექიმმა შეძლო ჩემი დამშვიდება.
– საშოდან თეთრი/მოყვითალო გამონადენის მატება. არაფერია საშიში, მთავარია სისხლი არ ერიოს. ასეთ შემთხვევაში, ექიმს უნდა მიმართო.
– ჰემოროიდი (ზუსტად არ ვიცი, თუ ასე ითარგმნება ქართულადაც) – ეს კიდევ ერთი დამზაფვრელი სიახლე ფეხმძიმეების 90%–ს. მისი მკურნალობის ყველაზე კარგი საშუალება, ბევრი სიარული და ნაკლები ჯდომაა; დალიეთ ბევრი წყალი, ჭამეთ მსხვილად დაფქვილი პური: ჭვავის, მაგალითად; ქლიავის, გარგრის, ლეღვის ჩირი, რადგან მშრალი ხილი ვიტამინ A–ს შეიცავს, რომელიც ძვლებს ამაგრებს. ეს ყველაფერი ერთად თან კუჭის შეკრულობას აგაცილებთ და ჰემოროიდიც ნაკლებად შეგაწუხებთ. ფეხმძიმობისას ექიმი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გირჩევს მედიკამენტების მიღებას. წამლებს ძალიან მოერიდეთ.
– თმის ცვენა – მე, ძირითადად, პირველ ტრიმესტრში მცვიოდა თმა და ძალიან განვიცდიდი. ექიმმა მითხრა, რომ ბუნებრივი მოვლენა იყო და სამკურნალო საშუალებებს არ მირჩევდა. იკითხეთ, თქვენი გინეკოლოგი რას გირჩევთ. მადლობა ღმ–ერთს, სამ თვესთან ერთად, ჩემი თმის ცვენაც დასრულდა.
– ემოციურობის სასწაულად მომატება. სადღაც წავიკითხე, ფეხმძიმობის პირველ ტრიმესტრს პმს–ს ადარებდნენ. მართალია. რაც მე პირველ პერიოდში ცრემლები ვაღვარღვარე (მიზეზით თუ უმიზეზოდ), მკვდარ ზღვას აავსებდა. ყველაზე უცნაური ის არის, ზოგჯერ არ გინდა ტირილი და მაინც გიჩუყდება გული, მერე უკვე შენს თავზე იწყებ გაბრაზებას და ცრემლების ნაკადიც მატულობს.
– სექსუალური სურვილების გაზრდა ან დაკლება. ისეთივე ინდივიდუალურია ეს პუნქტი, როგორიც, მაგალითად, მჟავე კიტრსა თუ ცარცზე გადარევა (ერთი ჩემი ნაცნობი ჭამდა ცარცს ფეხმძიმობისას). არის პერიოდები, როცა ეს სურვილი სასწაულად იმატებს და საკუთარ თავს ვერ ცნობ, ხანაც საერთოდ არ გახსენდება და მხოლოდ ძილი გინდა.
– აკნე – ხშირად ჩნდება გამონაყარი სახეზე, ან კი არ ჩნდება, უბრალოდ, არასოდეს ქრება და საკუთარ სახეს ვერ ცნობთ. PH–ს შემცველი საპნით დაიბანეთ სახე და მგრძნობიარე კანისთვის განკუთვნილი კრემი იხმარეთ; ასევე, შეიძინეთ ისეთი ტონალური კრემი, რომელიც წყალზეა დამზადებული და არა – ზეთზე.
რჩევა:
– ფეხმძიმობისას ექიმს ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორად ვთვლი. საკონსულტაციოდ კარგი ექიმი უნდა იპოვოთ; ისეთი, ვისთანაც საუბარს თავისუფლად შეძლებთ და ამასთან ერთად, იგრძნობთ, რომ ნერვებს არ გიშლით და თქვენს გრძნობებსა თუ ფეხმძიმურ კაპრიზებს პატივს სცემს (ყოველ შემთხვევაში, მშვიდად იღებს).
– ეცადეთ ბევრი სასარგებლო წიგნი და ვებსაიტი ნახოთ ფეხმძიმობაზე, მაგრამ ნუ გაითვალისწინებთ სხვის სამედიცინო რჩევებს, საკუთარ გინეკოლოგთან ვიზიტის გარეშე. ძალიან ბევრგან წაიკითხავთ, ან ნათესავ–მეგობრები გეტყვიან, ორი ადამიანივით უნდა ჭამო, ზედმეტად არ იმოძრაო, სექსი საერთოდ შეწყვიტე... ამ დროს, სხვები გირჩევენ, ყველაფერი საპირისპიროდ გააკეთო. საბოლოოდ, მხოლოდ ექიმს უნდა მოუსმინო, რომელიც ყოველთვე აკვირდება შენს სამედიცინო ანალიზებს, ამოწმებს წნევას, რკინის, შაქრის რაოდენობას ორგანიზმში, ბავშვის ჯანმრთელობას და თავად გეტყვის, რა არის სასარგებლო – ბევრი სირბილი თუ სახლში მშვიდად ჯდომა და მუსიკის მოსმენა.
დიეტა:
– პირველ თვეებში ჭამის მადას ბევრი კარგავს. ზოგი იმის გამო, რომ ტოქსიკოზი (გულისრევა) ემართება, განსაკუთრებით დილაობით. მე, მადლობა ღმ–ერთს, არ მქონია გულისრევა, სამაგიეროდ მქონდა შეგრძნება, რომ სადაცაა უნდა ამრეოდა და ამიტომ ვერიდებოდი ბევრის ჭამას.
– სამაგიეროდ, უნდა მიიღო ბევრი სითხე და ეს არ გამჭირვებია, რადგან წყალი ყოველთვის ძალიან მიყვარდა. მერე ხილის კომპოტებსაც ვიხარშავდი და უკვე მეოთხე თვეში ისე მომბეზრდა, მხოლოდ წყალსა და რძეზე გადავედი.
– რძის პროდუქტი ძალიან სასარგებლოა. თუმცა სადღაც მეოთხე თვის დასაწყისში კუჭის სიმჟავე ისე მატულობს, შეიძლება ღამით არ დაგაძინოს და მაშინ მჟავე იოგურტსა და კეფირზე უარის თქმა ჯობია.
– სასარგებლოა ბევრი მწვანე ხილი და ბოსტნეული, ასევე წითელიც – პომიდორი, მაგალითად.
– ხორცში (ღვიძლი, განსაკუთრებით) ბევრი რკინაა და ბავშვის განვითარებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია.
– ტკბილეული, ცომეული – როგორც ყოველთვის, არ არის რეკომენდებული. Как назло, ზუსტად იმ პერიოდიდან, როცა წონის მომატება იწყება, შოკოლადებისადმი სიყვარული ისევ დამიბრუნდა და ისე გამიძლიერდა, დიდი ძალისხმევა დამჭირდა თავის შესაკავებლად.
ქმარი/პარტნიორი:
– ვერ წარმოიდგენთ და ყველაზე ალერსიანი, თბილი და რომანტიკული მამაკაციც კი რთულად ეგუება მომავალ მამობას, არ შეუძლია ქალივით აღტაცება და ბავშვზე საუბარი.
– კაცებს ძალიან ეშინიათ და ეჭვიანობას იწყებენ იმაზე, რომ ბავშვი მათზე მეტად გეყვარება და ისე ვეღარ მიაქცევ ყურადღებას, როგორც ახლა.
– მიუხედავად იმისა, რომ მუცელი იზრდება და ბავშვის მოძრაობაც გასარჩევია, მამაკაცისთვის ის მაინც ძალიან შორს არის. თქვენც იცით, კაცი თუ ვერ ხედავს, ძალიან უჭირს აღქმა და მით უმეტეს, სიხარული იმაზე, რაც ჯერ თითქმის არ არსებობს. ამიტომ, თუ თქვენსავით ხტუნვას არ იწყებს, როცა ბავშვი მოძრაობს ან ქუჩაში უცხო, საყვარელ ბავშვს თქვენსავით არ ეფერება, პანიკაში არ უნდა ჩავარდეთ.
ამ ეტაპზე მეტი არაფერი მახსენდება და რადგანაც წინ ჯერ კიდევ რამდენიმე თვე გვაქვს, ვეცდები, გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება თუ ცოდნა ფეხმძიმობის შესახებ.
შემეკითხეთ, რაც გაინტერესებთ, ან უბრალოდ, მომწერეთ თქვენი აზრები, შთაბეჭდილებები, გამოცდილება...
მილოცვებს არ ვართ, სანამ ბავშვი არ დაიბადება!!!



19 comments:
დაიცა სოფ, უკვე სამი თვის ფეხმძიმე ხარ?
რა მაგარია.
ჰოდა, კარგი ჯერ არაფერს ვიტყვი და შენს ყველა მდედრ მკითხველს გამოადგება ეს საინტერესო რჩევები.
აი, მჟავე კიტრზე მეც სულ მეცინება ხოლმე და თურმე სტერეოტიპია ;დ
ეს რა კარგი ამბები დამხვდა :) და დიდი,გემრიელი, ინფორმატიული პოსტი
არადა, ვიფიქრე, რა შინდლერი, თან 9 თემეთქი :)))
წარმატებები წინ, გაუმკლავდი შკოლადთან ბრძოლას, ყველაზე ძნელი ჩემთვის ალბათ ტკბილზე უარი იქნება და უამრავ სასუსნავზე, ცომეულს კიდე ადვილად მოვწყდები :))
@ჰარეტონ, უკვე სამ თვეზე მეტის ;) შენც გამოგადგება ოდესმე, კაცმაც უნდა იცოდეს, რა ხდება ქალის ორგანიზმში.
@ბაბისა, ხო, ძალიან ცოტაა მსგავსი პოსტები ინტერნეტში, განსაკუთრებით ქართული; ფეხმძიმობისას, სხვისი ემოციები დიდად არ გინდა, როცა საკუთარიც საკმარისად გაქვს, ამიტომ, ვიფიქრე, პრაქტიკული რაღაცები უფრო გამოადგებათ ქალებს–მეთქი.
ტკბილეულთან მართლა ბრძოლა მაქვს გამართული.
შეიძლება არც გაგიჭირდეს, ზოგს ძალიან ეცვლება გემოვნება და სურვილები.
სოფი, რა მაგარი ამბავია!! ისე გაღიმებული ვზივარ ახლა :) მართლა ძალიან ინფორმაციული პოსტია.
თან უცებ ვიფიქრე კიდევ ერთ ბლოგერზე – შენც იცნობ – თუ არ ვცდები, ისიც 4 თვის ფეხმძიმეა :)
აბა შენ იცი! ჯერჯერობით მეტს არაფერს გეტყვი "შეთანხმებისამებრ" (მეც ვეთანხმები შენი პოსტის ბოლოში დაწერილ პირობას – იგივე აზრი მაქვს ზოგადად)
:*
კი,მეც გამომადგება.
საერთოდ, კარგი და საინტერესო რჩევებია :*
რა მაგარია.
@ქეთი, :) კარგი ამბების გაზიარება ამიტომ მიყვარს, რომ ადამიანები თბებიან.
ხო, ვიცი ის ბლოგერი, ძალიან გულშევმატკივრობ. ოღონდ მე უკვე 5 თვეზე მეტის ვარ :)
@ჰარეტონ, წეღან მჟავე კიტრზე ვერ გიპასუხე და ეგ ყველაზე დიდი სტერეოტიპია და ფეხმძიმეებიც ეგებიან "მახეში" :ლოლ: ანუ, ზოგს საერთოდ არ უნდება, მაგრამ წარმოუდგენიათ, რომ ესეც ორსულობის ერთერთი ატრიბუტია და ეძალებიან :დ
sakvarelo zaan gamixarda da shen carmoidgine mainc moulodneli iyo dges am ambis gageba.ici ratom?:D metqi sopi magas mainc ar ityvis manamde sanam ar gaachenstqo da mec agar gekitxebodi.arada ra magari ambavia.exla ucbat cheni bavshoba gamaxsenda roca am temaze vlaparakobdit xolme da carmovidgine shennairi qerakululebiani patara.miyvarxar sop da magrad gamaxare :*
bavshvi.ge
გამოიყენე, ჩემი საიტია. გისურვებ წარმატებებს.
რა სასაცილო სიტუაციაა, წარმომიდგენია ;დ
ძალით რომ იმჟაუნებენ თავს ;დ ხეხ.
სოფი, ჰო, ძალიან თბებიან :) :*
ra kargi ambavi damxvda!
bolomde mshvidobit tasvlas gisurveb, da baias roca daibadeba mogilocav :)
@ნზ, მაინც ხო ხედავ რამხელა წინსვლაა, რომ გაჩენამდე დავწერე :დ რა ქერა გოგო, არ მინდა მე ქერაკულულებიანი!!!!!!!!!!!!!!! =))
@კარტვილ, მადლობა.
@ჰარეტონ, ზუსტად.
@ქეთი, :) :*
@ტომა, ღმ–ერთმა ქნას!
ჰეე, რა მაგარი ამბავია და რა კარგია, რომ დაწერე. მე ასე, ვზივარ და ხმის ამოუღებლად ველოდები დედობას :) მგონია რომ რასაც ვფიქრობ და განვიცდი და მჭირს, მარტო ჩემი საქმეა და ბლოგზე სიტყვას ვერ ვწერ.
მოკლედ, მიხარია, მილოცვები მერე, მანამდე არ დაიშურო მსგავსი პოსტები :)
@ნასტასია, შენც ელოდები დედობას? აააა, რა მაგარია, გამიხარდა რაღაცნაირად.
ზუსტად ვიცი, რას გულისხობ და დიდი ხანია ვფიქრობდი, დამეწერა თუ არა, მაგრამ იმდენი გასაზიარებელი რაღაც მომიგროვდა, ვიფიქრე, შეიძლება ფეხმძიმეებს (ან ვინც აპირებს) გამოადგეთ–მეთქი და ამან მიბიძგა დასაწერად.
ხო, ველოდები და მეც გამეხარდა შენი მოლოდინები. რაღაც, რაც ამ ამბავში გავები, ყველა მსგავსი მდგომარეობის გოგო მიხარია.
ხოდა, კარგია რო მოიფიქრე და დაწერე * მართლა გამოსადეგია :)
სოფო და ნასტა
მიყვარხართ ორივე და ველოდები ორივეს ბავშვებს :)))))))))
სოფი! <3 ნასტასია! <3
ვაიმე, ეს პოსტი ეხლა ვნახე და გაოცებული ვარ, არა შენი ორსულობით, სოფი, არამედ იმით, მე ასე გვიან რომ გავიგე :))
არ ვიცი, რა ვთქვა, ჩემი გონაბამიხვილობა დაჩლუნგდა ამ ბოლო დროს და აზრებს თავს ვერ ვუყრი :)
ჰუჰ, კარგი ამბავია :)
ძალიან გამახარა ამ პოსტმა! ისე, ფეხმძიმედ არა ვარ, მაგრამ რასაც მე ცრემლებს ვაღვარღვარებ, მიზეზით თუ უმიზეზოდ, აისბერგების დადნობა და ოკეანეებში წყლის დონის მატება სულ ჩემი ბრალია, მგონი! :)
Post a Comment