Friday, March 2, 2012

სავსე მზე ცალ ფეხზე


წინა შაბათს უცხო ადამიანმა პირველად შემახო მუცელზე ხელი და ვიგრძენი, რომ ოჰო, უკვე ძალიან ორსულად ვყოფილვარ.
შაბათონი გვქონდა ლაიპციგში, როგორც ძველ, კეთილ დროს, როცა მე ჯერ კიდევ სტუმრად ჩამოვდიოდი ბერლინიდან და ჩემს მომავალ ქმარს ანონიმურად ვხვდებოდი; ზუსტად იმ გოგომ დამადო ხელი მუცელზე, რომელიც პირველად მიხვდა, რომ ჩვენ შორის რაღაც ხდებოდა. მაშინ ვიყავი გამხდარი და ჟღალთმიანი მოცინარი მზე; ვიღაცამ მითხრა, ახლა კიდევ უფრო მზიანი და სიცოცხლით სავსე ხარო, მართალია, სავსე ვარ, თანაც როგორი, სამაგიეროდ, გამხდარი აღარ ვარ.

შაბათონზე, რა თქმა უნდა, უმეტესობა ცდილობდა გამოეცნო, რა სქესის ბავშვი გვეყოლება, რას დავარქმევთ და რა შეგრძნებები მაქვს. ერთმა გოგომ ისიც მკითხა, მეშინია თუ არა. მე ვუთხარი, რომ ოქროს წესია, ორსულს ეს არასოდეს ჰკითხო. პირველი, საიდან უნდა ვიცოდე, შემეშინდეს თუ არა, სანამ გავაჩენდე, მეორე, ხანდახან მეშინია კიდეც, მაგრამ ამის შეხსენება არცერთ ფეხმძიმეს სჭირდება.

როგორც ყოველთვის, ეს შაბათონიც ისეთი იყო, რომლის დასრულების შემდეგაც სასწაულად კარგად გრძნობ თავს და ხვდები, რა ბედნიერებაა, რომ არსებობს შაბათი, არსებობენ ადამიანები, რომლებიც მსგავსი შეკრების ორგანიზებაში მონაწილეობენ. ჩვეულებრივი "ტრენინგები" და სემინარები შემძულდა, იქიდან არაფერი ღირებული წამომიღია, უმეტეს შემთხვევაში, ადამიანები ლაპარაკობენ, ლაპარაკობენ, სხვას არ უსმენენ და კიდევ უარესი, საკუთარ თავსაც არ უსმენენ და ვერ ხვდებიან, ზოგჯერ, რას ბოდავენ. დაკვირვებიხართ?

სამაგიეროდ, სანამ ერთი ადამიანი მიყვებოდა, რა ძნელია ბერლინში ბინის დაქირავება, როცა დაბალი ხელფასი გაქვს და შენი საცოლე კიდევ სტუდენტია, მივხვდი, რომ ხშირად ისე ვიქცევი, როგორც სხვები. მაგალითად, სანამ ეს ჩვენი ძველი ნაცნობი საკუთარ პრობლემებზე მიყვებოდა, მე გონება სულ აქეთ–იქით გამირბოდა და ბოლოს მივხვდი, ზოგჯერ ისე ვიქცევი, სხვა რომ ასე მოქცეულიყო, ძალიან მეწყინებოდა.
ამაზე სულ მახსენდება ძველი ებრაელი ბრძენი ჰილელი, რომელთანაც ერთი კაცი მივიდა და სთხოვა, ცალ ფეხზე ვიდგები და თორა ისე მასწავლეო; ძალიან ლიბერალი კაცი იყო ჰილელი და უპასუხა, ბევრის სწავლა არ გჭირდება, თორაში წერია (იუდაიზმის მთავარი პრინციპია), სხვას ისე ნუ მოექცევი, როგორც შენ არ გინდა მოგექცნენ და დანარჩენი კომენტარებიაო.
კარგად რომ დაფიქრდე ადამიანი, საშინლად შეგრცხვება, რომ ძალიან ხშირად იქცევი ისე, შენ რომ ასე მოგექცნენ, გულიც გეტკინება, სულიც და ფეისბუქზეც უზარმაზარ სტატუსებს გააშანშალებ, სამაგიეროდ, ის არც გახსენდება, გადაუხადე თუ არა მადლობა უცხო ადამიანს, რომელმაც ქუჩაში გზა დაგითმო, ან დავარდნილი ხელთათმანი მოგაწოდა. ძალიან მარტივი მაგალითებია და რა თქმა უნდა, ცალ ფეხზე თორის სწავლაც კაციშვილს არ შეუძლია, მაგრამ როგორც ერთი ჩემი საყვარელი მასწავლებელი ამბობს, ვერასოდეს ისწავლი წიგნებით იმას, რასაც ადამიანებთან ურთიერთობით და მათთან სიახლოვით.

ძალიან მიხარია, რომ ნაყოფიერი შაბათი იყო და მივხვდი, რა არის ჩემს ხასიათში გამოსასწორებელი და როგორ უნდა ვეცადო, ადამიანებთან საუბრისას გონება არ მეფანტებოდეს. ყველას ჩვენი შაბათი და კვირები გვაქვს. ადამიანებიც არ გვაკლია და დანარჩენი ჩვენზეა დამოკიდებული.

გადავხედე და ჩემს ძველ პოსტებს ჰგავს. კარგია, ესე იგი, მოჭარბებული ჰორმონები გონებას ბოლომდე არ აშტერებენ; მე ისევ ვცდილობ, უკეთესი ადამიანი გავხდე და ბოღმიანმა გარესამყარომ ნაკლებად შეძლოს უარყოფითი გავლენის მოხდენა. სადაც არ უნდა გაიხედო, ყველგან "გონებამახვილი" და ვითომ–ინტელექტუალური "სარკასტების" ცვენაა, ამიტომ წარმოიდგინეთ, რამხელა ბედნიერებაა, როცა შაბათს მშვიდად ხვდები, მხიარულ ადამიანებს ესაუბრები (თუნდაც საკუთარ პრობლემებს გიზიარებდნენ ან მუცელს გისინჯავდნენ) და ყველანაირი დაძაბულობა გეხსნება, რადგან არავინ ცდილობს, სხვაზე ჭკვიანი აღმოჩნდეს.

დღესაც ასეთივე შაბათს ვუსურვებ ჩემს თავს და ყველას!

ბედნიერი დასვენების დღეები გქონდეთ!!!

6 comments:

LUCKY GIRL said...

შენს პოსტებში ყოველთვის არის ერთი წინადადება მაინც ისეთი, რომელიც განწყობასაც გიმაღლებს და თვითშეფასებასაც..).

Rode said...

ბედნიერი შაბათ-კვირა სოფ. :)

Anonymous said...

: ) მზიანო სამყაროვ, ისე მომეწონა შენი კითხვა. თქვენის ნებართვით ხშირად გესტუმრები.

Sophie שרה Golden said...

@იღბლიანო გოგოვ, დიდი მადლობა, ამაზე კარგი რა უნდა ეთქვათ ჩემთვის.

@ჰარეტონ, მადლობა, შენც. აწ უკვე კარგი სამუშაო/სასწავლო კვირა!!!

@თოვლიკ, მესტუმრე, როცა გენებოს :)

Keti said...

სავსე :*

სოფი, ისე მიყვარს, შაბათებზე როცა წერ. არ ვიცი, რატომ, ეს დღე მიყვარს და ხშირად მიფიქრია, ასეთი ტრადიცია ჩემ გარშემოც რომ იყოს, კარგი იქნებოდა. ისე ელი შაბათებს, ემზადები... მოკლედ, მომწონს.
მეც ჩემებურად ველი ხოლმე :)

წინა შაბათს დამაგვიანდა და მომდევნო ბედნიერ შაბათს გისურვებ :)

Sophie שרה Golden said...

@ქეთი, ისეთი კარგია შაბათი, განსაკუთრებული. კარგი იქნება, ყველას ჰქონდეს მსგავსი შაბათი, ან ნებისმიერი სხვა დღე, როცა დაისვენებს ამაოებისგან. აუცილებელია.