
ხან მშურს ადამიანების, აი, ამერიკაში დაბადებულების, ბევრი სურათის გადაღება რომ იციან და არც გამოქვეყნების ერიდებათ. ყველაფერზე შეუძლიათ საუბარი და არაფერს ინახავენ თავისთვის.
მეც ბევრ რამეს ვამბობ და ვწერ ამ ბლოგზე, ზოგი ამის ნახევარსაც არ ამჟღავნებს, მაგრამ მაინც არ/ვერ ვარ ისეთი გაბედული, როგორც ზოგიერთი. გავიფიქრებ რამეზე, დაწერა მომინდება და ბოლოს გადავწყვეტ, რომ არ ღირს გამოქვეყნება, იმდენად პირადულია და არ უნდა გავაუფერულო. ამ დროს, შეიძლება ბევრ ადამიანს გამოადგეს კიდეც ჩემი გამოცდილება და "გაფიქრებები".
მოკლედ, არ გამომდის, ამერიკაში არ დავბადებულვარ და ევროპაც ხომ "ძალით" ვართ.
დღეს მთელი საღამო ერთი გოგოს ბლოგს ჩავუჯექი, რადგან "ჩემთვის საინტერესო მდგომარეობიდან დაწყებული და რაც ამას მოჰყვება"–ზე წერს. ზოგი პოსტი უინტერესოა და უფერულიც, მაგრამ ზოგჯერ ისეთ საინტერესო რაღაცებს წერს. მაგალითად, მეგობრებზე, როგორი ძნელია მოზრდილ ასაკში ისეთი მეგობრების გაჩენა, რომლებთანაც უბრალო ჭიქა ყავაზე/ჩაიზე წახვალ და ძალდატანების გარეშე ისაუბრებ, მოუსმენ. თან ამასაც ქსოვა უყვარს და ადამიანებს ხომ გვიყვარს, საერთოს რომ ვიპოვით ვინმესთან და კიდევ უფრო მოგვწონს.
მე ჯერ მხოლოდ ჩემთვის და ზოგად რამეებს (მშვენიერი განმარტებაა) ვქსოვ, მოვლენებს წინ რომ არ გავუსწრო. ხომ ვამბობ, სასწაულად ფრთხილი ადამიანი ვარ, ლამის ჩემს თავსაც ვუფრთხი.
სურათებით დავიწყე, ერთადერთი სურათი მაქვს, სადაც მუცელი ზრდას იწყებდა და მომწონდა. ახლა თავიდან ფეხებამდე ყველაფერი ისე შემეცვალა, სარკიდან ხან სულ სხვა ქალი მიყურებს, უცხო ცხვირი რომ გამოუბამს და თავის (ერთ დროს) თხელ კისერზე ლავიწის ძვლების ნატამალიც აღარ უჩანს. ძალიან უცნაური რამეა ეს ორსულობა.
ის ბიბლიური ისტორია, შეიძლება, გაგიგიათ, სადაც იეჰუდას ორივე შვილი (ონანი მაინც გეცოდინებათ, რომლის შემდეგაც "ონანიზმი" წამოვიდა) იმიტომ იღუპება, რომ თამართან ინტიმურ კავშირზე უარს აცხადებენ. თორის ერთერთი კომენტატორი ამბობს, თამარი იმდენად ლამაზი იყო, ეშინოდათ, რომ დაფეხმძიმდებოდა და დაუშნოვდებოდაო. შეიძლება მთლად ასე რადიკალურად არ იყოს, მაგრამ იმ ლამაზი ორსულობიდან, როცა მუცელი "საყვარლად" გაგეზარდა, უკვე მომდევნო ეტაპზე გადადიხარ და სახე, ხელები, ფეხები შეშუპებას იწყებენ, იმ ბრძენკაცს ეთანხმები, ზემოთ რომ ვახსენე.
ყველამ ვიცით (ან არა), რომ ყველა ისტორია, რაც კი თორაშია (ბიბლია უმრავლესობისთვის), იმდენად რეალურია, რაც უნდა ზღაპრად მიაჩნდეს ბევრს, გარემოებები რომ შეცვალო, ან ტექნიკური პროგრესი დაუმატო, მიხვდები, სამყარო დღემდე ისეთივეა, რაც 5771 წლის წინ და დარვინის ევოლუციურ თეორიაზე აბსურდული არაფერი ყოფილა. მილიონზე მეტი წელი რომ გავიდეს, მაიმუნები ადამიანებად ვერასოდეს იქცევიან, იმიტომ, რომ ხშირად, თვითონ ადამიანებსაც კი უჭირთ ადამიანობა.
საიდან სად წავედი. იმაზე მინდოდა დამეწერა, რა ძნელია გერმანიაში ნორმალური ორსულობის ტანსაცმლის პოვნა და შემდეგისთვის გადავდებ. ეს ტანსაცმელ–ფეხსაცმლის ამბები ჩემი საყვარელი თემა მაინც არასოდეს ყოფილა.



6 comments:
ორსული სოფი :*
მე ვარ ასეთი – არაამერიკელი. იმდენად დიდ უხერხულობას მიქმნის საკუთარი ფოტოების გამოფენა, რომ უიშვიათესად ვდებ ნეტში.
წერაზეც ასე მემართება, მგონია რაღაც ძალიან პირადულია... ასე რომ, შენი კარგად მესმის :)
თუმცა მე ვეთანხმები აზრს, რომ ორსული ქალები გამორჩეულად ლამაზები არიან. უბრალოდ, ამ დროს საკუთარი გარეგნობის სწრაფ ცვლილებას ალბათ მეტად ემოციურად იღებს ქალი..
ფრაზებს ვკრეფ და გონებაში ვინახავ:)
@მარიტა, :))
@ქეთი, სხვათა შორის, რამდენიმემ მითხრა, კარგად გამოიყურებიო, მაგრამ მე მაინც ვერ ვგრძნობ თავს ლამაზად.
@თოვლიკ, რა კარგი ხარ. მადლობა.
ფოტოების გამოქვეყნებაზე დიდად არ მაქვს კომპლექსები, მაგრამ, აი, ბლოგზე, ყველაფერს ნამდვილად ვერ დავწერ. ღრმად პირადული რაღაცეების გამოფენის მომხრე არ ვარ! მარტო იმიტომაც არა, რომ ჩემთვის მინდა და გაუფერულების მეშინია, უბრალოდ, მრავალი ფაქტორია გასათვალისწინებელი. მარტო შენ ხომ არ ხარ ამ პირად ისტორიებში და რაღაცეების გამოქვეყნება შეიძლება ურთიერტობის გაფუჭების მიზეზი გახდეს ზოგჯერ.
@უნაამარგა, გეთანხმები ნამდვილად. სასწაულად ძნელია პირად ამბებზე წერა, მიუხედავად იმისა, რომ ვწერთ, ბოლომდე მაინც არ ვწერთ.
Post a Comment