წინა კვირას ბევრი რამე მითხრეს, ერთმა გოგომ ჩათვალა, რომ სასწაულად მიხდება ორსულობა, მეორემ, რა სასაცილოდ დადიხარო; ჩემს ესპანელ ჯგუფელს აინტერესებდა, გავაცნობ თუ არა ბავშვს ჩემი "სკოლის" ხალხს. ფილიპინელმა ქალმა დამარიგა, რატომ სწავლობ შენს მდგომარეობაში, უნდა ისვენებდეო და როცა საბოლოოდ, არავიზე გავბრაზდი, მივხვდი, რომ ჩემში ბევრი რაღაც შეიცვალა.
ადრე ჩემს მეგობარს ვეუბნებოდი კიდეც, როცა ადამიანი არ იცვლება და წლების განმავლობაში ერთ ადგილს ტკეპნის, წინ არ მიდის, მიჭირს მასთან ურთიერთობა–მეთქი, ალბათ საკუთარ თავსაც ვგულისხმობდი. ამ ბოლო პერიოდში მეტს ვფიქრობ საკუთარ ხასიათზე, ცხოვრებაზე, არჩევანზე და მიხარია, რომ იმ ადამიანად არ დავრჩი, რამდენიმე წლის წინ რომ ვიყავი. ძალიან მოსაწყენი ვიქნებოდი საკუთარი თავისთვის და სწორედ აქედან იწყება პრობლემები, მე თუ მკითხავ, საკუთარ თავთან დისჰარმონიით.
ერთი საინტერესო ქალი ამბობდა, როცა შენ კარგად ხარ, ყველა კარგადაა შენ გარშემოო და ამაზე დიდი სიმართლე არსად მომისმენია. აქ კარგად, შეიძლება ზედსართავი სახელითაც შეიცვალოს და როცა მე კარგი ვარ, სხვებიც კარგები არიან, სხვანაირად თითქმის არ არსებობს...
მოკლედ,
ყოველ კვირა დღეს საინტერესო ბლოგს ვიპოვი ხოლმე და მერე მთელი კვირის განმავლობაში ვკითხულობ. არ ვიცი, მსგავსი ქართული ბლოგები ძალიან ცოტაა და უმეტესობა თავიდან ბოლომდე გადაკითხული მაქვს, მაგალითად ანუშკას ბლოგი, რომელიც ჩემთვის დღემდე ფენომენად რჩება, რადგან მთელი ღამე გავათენე მის კითხვაში.

ბიოლოგიური ცვლილებები რა მაქვს ამ პერიოდში?
- მარჯვენა ხელზე თითის წვერები, მგონი, ბალიშებს ეძახიან, მიბუჟდება ხანდახან. ორგანიზმში ბევრი სითხეა, მათ შორის სისხლი და მისი მიმოქცევა ზოგჯერ რთულდება. ამიტომ ხელის მასაჟი და მოძრაობაა რეკომენდებული.
- ზოგს ჰგონია, რადგან ბევრი სითხე აქვს, ნაკლები წყალი უნდა დალიოს. პირიქით, ფეხმძიმობისას, დღეში 3 ლიტრამდე წყალი უნდა მიიღო და შესაბამისად, ტუალეტშიც ხშირად ირბინო, მაგრამ სუფთა თირკმელები, უკვე დადებით ანალიზს ნიშნავს, რაც დედისთვისაც კარგია და ბავშვისთვისაც.
- ხშირი ოფლიანობა, დღეში სამჯერ ვიცვლი ტანსაცმელს. ესეც ორგანიზმში არსებული სითხის გამო.
- ხშირად მშია და სწრაფად ვიმატებ წონაში. ვცდილობ, ნაკლები ტკბილეული და მეტი ჯანსაღი საკვები მივიღო; მაგრამ ფეხმძიმობის პირველი თვეებისგან განსხვავებით, სულ აღარ მინდება მწვანე სალათები და ხილის ჩირები, მხოლოდ შოკოლადები და ნამცხვრები მახარებს.
- კუჭის სპაზმები დამეწყო ღამღამობით, რაც ექიმის თქმით, ორგანიზმის მშობიარობისადმი მომზადების დაწყებას ნიშნავს. სასწაული მექანიზმია ადამიანი, მე აღტაცება–აღტყინებას ისევ ვერ ვმალავ.
- ენერგიის უეცარი მომატება და ვარდნა. ზოგჯერ შემიძლია მთელი დღე არ დავჯდე, მილიონი კიბე ავირბინო, ზოგჯერ კიდევ (განსაკუთრებით შაბათს, ერთგვარი ფსიქოლოგიური მოვლენაცაა ალბათ) – მთელი დღე ძილი მინდა, თან ისე, ემბრიონივით, სახეზე ხელი დავიფარო და ვიძინო იქამდე, სანამ მარკესის გმირივით თევზები არ გამაღვიძებენ.
არც ისე მზიანი პოსტია, მე თუ მკითხავ, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი (თუ რაც ჰქვია) ცოტა გულისგამხეთქავია ქალებისთვის, რომლებიც ოდესმე ბავშვის გაჩენას აპირებენ. სინამდვილეში არაფერია ძნელი და ყველაზე კარგი რჩევაა, საკუთარი თავის შეცოდება არ დაიწყო და თავი ავადმყოფად არ ჩათვალო. თუ ყველაფერი კარგად მიდის, პატარა სირთულეებს მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ყველა ქალს შეუძლია მათთან გამკლავება. ზემოთ როგორც დავწერე, თუ შენ კარგად ხარ, ბავშვიც კარგად იქნება. დადებით ენერგიას სასწაულად დიდი ძალა აქვს, შესაბამისად, უარყოფითსაც და ამიტომ ზოგჯერ საკუთარ თავთან შებრძოლებაა საჭირო, ეს უკანასკნელი რომ არ მოგერიოს.
სტერეოტიპი: ფეხმძიმე ქალი, რომელიც წუწუნით დგება, სულ წელზე უკავია ხელი და სახე მოღუშული აქვს – მართლა სტერეოტიპია. კარგად რომ დაფიქრდე, არც ისე ძნელია ადგომა (ზოგჯერ არის, თუ ძალიან რბილ სავარძელში ხარ ჩაფლული), მოძრაობა უფრო სწრაფადაცაა შესაძლებელი და წელზე ხელიც ფილმებიდან გვაქვს ნასწავლი, როგორც ყველაფერი სხვა "კლიშეული".
ბედნიერ კვირას გისურვებთ!



4 comments:
eg "celze xeli" me exla mchirdeba, mteli ghame 15 cutshi ertxel ro vdgebi ro dudas cyali davalevino, gadavatrialo, soska movudzebno da ase shemdeg. amdeni adgoma-dacolisgan amtkivda celi, miuxedavad imisa, rom xelshi cheras michveuli araa da uchemod idzinebs, mainc. mokled, eto eshe cvetoshki, dadebitic da rtuli nacilic ))) gamagrdi grrrl. we are born to do THAT stuff.
მეც სულ ამას ვამბობ – ადამიანი წლების მანძილზე ერთ ადგილს არ უნდა ტკეპნიდეს. კარგია ცვლილებები :)
დღეს გნახე, ძალიან საყვარელი ხარ, სოფი :*
@ანუშკა, მადლობა, ასეთი რაღაცების თქმა მჭირდება ხოლმე, ადამიანური და პრაქტიკული :)
@ქეთი, მადლობა. თავიდან გავბრაზდი, რომ დადეს, მაგრამ 21–ე საუკუნეში, ვის დაემალები :დ
"სწორედ აქედან იწყება პრობლემები, მე თუ მკითხავ, საკუთარ თავთან დისჰარმონიით" -EXACTLY!
Post a Comment