
ძალიან მიყვარს რძე. ჩემს ყოველდღიურ საუზმეს ამზიანებ-არძიანებს. ყავასაც მხოლოდ რძით ვსვამ და კარაქიან–ყველიან პურს ვაყოლებ (ამაზე გემრიელი საუზმე არ არსებობს მსოფლიოში). გერმანიაში ხომ უგემრიელესი პური იყიდება, ყველანაირი ფორმის, ზომის, ხარისხისა და ფერის. მართალია, ჩვენი კოშერი კვების გამო, პურს უმეტესად სახლში ვაცხობ (საცხობში ერთი პური 2,50 ევრო ღირს, ja genau, კაპიტალიზმს ხომ ვერსად გაექცევი!), მზესუმზირას ვურევ და ისეთივე გამოდის, როგორიც ცნობილი გერმანული პურები. როგორც ყველაფერს, აქაც ხარისხის მიხედვით აქვს პურს ფასი. სუპერმარკეტში, რა თქმა უნდა, პური ყველაზე იაფია, Bäckerei–ში ორჯერ ძვირი, სამაგიეროდ ისეთი სურნელის და გემოსი, რომ ვერაფერი შეედრება.
პურზე საუბარს საერთოდ არ ვაპირებდი, უბრალოდ, საუზმეზე საუბარს მოჰყვა. რძეზე მინდოდა მომეყოლა. დღეს სახლში წიგნი ვიპოვე რძის პროდუქტებზე და ძალიან გამიტაცა. თუმცა, ბევრი ისეთი რამე გავიგე, რასაც დიდად არ გავუხარებივარ. თურმე ჰომოგენიზირებულსა და პასტერიზებულ რძეში, რომელსაც უმეტესობა ვსვამთ, არავითარი ვიტამინი აღარ არის და "ერთი მკვდარი საკვები პროდუქტიაო", ეწერა. თუმცა ინტერნეტი და პრესა ასეთ რძეს საკმაოდ აქებს და ორსულებსაც ურჩევს, რადგან ყველანაირი ბაქტერია დახოცილია. ახალმოწველილ რძეზე ეწერა, რომ აუდუღებლად მისი დალევა არ შეიძლება. მახსოვს, პატარა რომ ვიყავი, სოფელში, ვგიჟდებოდი რძის მოწველის პროცესზე და ზუსტად ის ქაფმორეული და ვედროში ახალჩაჩუხჩუხებული მომწონდა, მაგრამ დალევას გვიშლიდნენ; ადუღებული და თავზე ნაღებმოდებული რძე კიდევ – გულს მირევდა. სამაგიეროდ, ახლა ვსვამ ბევრ, მუყაოს პაკეტში გამომწყვდეულ რძეს, რომელშიც იმდენი დანამატია (და დანაკლისი კიდევ), რომ ვინ იცის, საბოლოოდ რისი დალევა გამომდის. მაგრამ მაინც ვიმედოვნებ, რომ საჭირო ვიტამინებსა და ქიმიურ ნივთიერებებს მაინც ვიღებ. ბოლოს და ბოლოს, მთელი ჩვენი ცხოვრება ქიმიაა და ეს სიტყვა ყველას ასე რატომ გვაშინებს, არ ვიცი. თუნდაც, საყვარელი წყალი ქიმიური ელემენტი არაა? H2O, nice to meet you.
გერმანიაში მილიონნაირი რძეა: Vollmilch, იგივე მოუხდელი რძე, ზემოთ ნახსენები ჰომოგენიზირებულ–პასტერიზებული, ცხიმის ძალიან მაღალი და დაბალი შემცველობებით; მოკლედ, საბოლოო არჩევანი უმეტესად ფასსა და ფირმაზე რჩება. აღმოვაჩინეთ, რომ "ჩვენი" ადგილობრივი "საქსონიის რძე", ნაცისტური პარტიის ლობისტია პარლამენტში, შესაბამისად მათი კარაქის შეძენა შევწყვიტეთ, არადა, სიმართლე უნდა ითქვას, ძალიან გემრიელი იყო და ახლა უკეთესი კარაქის ძებნაში ვარ. შეიძლება ცოტა სასაცილოდაც მოგეჩვენოთ, მაგრამ ასეთი პოლიტიკურ–პრინციპული რაღაცები ადამიანებს გვჭირდება ცხოვრებაში და მე მნიშვნელოვნად მიმაჩნია. მაგალითად, ჩემს აფროამერიკელ ჯგუფელ გოგოს საღამოობით ლაიპციგის რამდენიმე რაიონში მარტო გავლის ეშინია, რადგან ცნობილია, რომ ნაცისტები ცხოვრობენ, ამის შემდეგ, რატომ უნდა ვიყიდო იმ მარკის პროდუქცია, რომელიც ასეთ გონებაშეზღუდულ ხალხს ლობირებს.
სიამოვნებით წავიკითხავდი პოსტს ქართულ რძესა და მის პროდუქციაზე, საერთოდაც, მომენატრა ისეთი კარგი ბლოგი, სადაც "აღზევებული" თემების გარდა, მატერიალურ–სოციალურ–ეკონომიკურ–სამომხმარებლოც იქნება და უკვე იმ ასაკის ადამიანებს, რომლებსაც მე მივეკუთვნები, დააინტერესებს.
ვიცი, ამ ბოლო დროს ორსულობის, ბავშვების, რძეების და ჯანსაღი კვების მეტი აღარაფერი მაინტერესებს და ჩემი ბლოგიც ამ მიმართულებით მიდის.
მომწონს კიდეც, ცხოვრება უნდა იცვლებოდეს და ეს ბლოგი კიდევ ხომ ჩემი ცხოვრების ნაწილია, 2008 წლიდან რომ დაიწყო და იქით წავიდა, საითაც საყვარელმა სცენარისტმა წაიყვანა.





8 comments:
მე მომწონს ასე რომ იქცევით – აღარ ყიდულობთ იმ რძეს. პროტესტის ასეთ ფორმებს ძალიან ვამართლებ და ვაფასებ. მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა. და მგონი, თუ ბევრი ადამიანი ჩაერთვება პროტესტის გამოხატვის ასეთ აქციებში, ეს უკვე მნიშვნელოვან შედეგებსაც მოიტანს. თუმცა, მანამდე კარგია, რომ თქვენი ოჯახი (და ყველა ასეთი ადამიანი) თავს კარგად გრძნობს ამ ნაბიჯით + გამოხატავს მხარდაჭერას იმ ხალხის მიმართ, ვისაც უსამართლოდ ექცევიან.
მართლა კარგი იქნებოდა ჩვენთანაც იყოს ასეთი თემატური ბლოგები. ან როგორც შენ დაწერე, ისე სხვებსაც მოუნდეთ გამოცდილების გაზიარება.
როგორც ვიცი, გერმანიაში "ბიო" პოდუქტების მაღაზიებიც არის, სადაც ჩვენ რომ "სოფლის" პროდუქტს ვეძახით, ისეთი ნატურალური რამეები იყიდება. მაგრამ ძვირიაო..
მეც ძირითადად პასტერიზებულ რძეს ვსვამ და სულ ვფიქრობ ხოლმე, ახლა ამან რა სარგებლობა უნდა მომიტანოს-მეთქი :) ამიტომ ხშირად არ ვყიდულობ. თუმცა გემოთი არა უშავს, მაგალითად სანტეს რძეს.
p.s. სოფი, ახლა წავიკითხე ქართულ სამედიცინო საიტზე, რომ სტერილიზებულ რძეს თურმე პასტერიზებული სჯობია, რადგან ვიტამინების და მიკროორგანიზმების დიდ ნაწილს ინარჩუნებს :)
მე არ მომწონს საქართველოში წარმოებული რძე, „სგუშონკის" გემო აქვს, არაბუნებრივი. არადა მეც მიყვარს საუზმეზე, ერთი ჭიქა ცივი რძე და შავი პური :)
ბავშვობაში სოფელში გვყავდა თეთრი ძროხა, ვგიჟდებოდი ისე მომწონდა მეც წველის პროცესის ყურება, ჩხრიალი ვედროში, სუნი, წინასამზადისი - ვედრო მიმქონდა საზეიმოდ მე. ყველის ამოყვანა ხომ საერთოდ, საოცარი სანახავია დაბალ ცეცხლზე შედგმული ქვაბიდან როგორ იბადება ყველი. მერე ამას რომ ვუყურებდი, საათობით ვფიქრობდი, ვინ იყო ის ადამიანი, ყველის გაკეთება რომ მოიფიქრა :) ბავშვობა ჩემთვის არის ზაფხულის მზიანი დილა და საუზმეზე ცხელი რძით სავსე ფინჯანი. სულ კარ რამეებს მახსენებ ხოლმე <3
@ქეთი, კი, აქ ხალხს აქვს ასეთი "სიგიჟე", რომ ან სუპერმარკეტში ყიდულობენ ყველაფერს, სადაც, მგონი, ევროპის მასშტაბით პროდუქტი ყველაზე იაფია, ან ბიომაღაზიებში, სადაც სამჯერ და მეტჯერაც ძვირი ღირს საკვები და არა მარტო, ასევე ქაღალდის ნაწარმი, მაგალითად, ხელსაწმენდები, ტუალეტის ქაღალდები, ბევრჯერ გადამუშავებული და 100%–ით კიდევ გადამუშავებადი რომ არის.
მადლობა ინფორმაციისთვის.
@ნან, ყველის ამოყვანის პროცესის ყურება მეც მიყვარდა, მაგრამ აი, კარაქის შედღვება გიცდია? ყველაზე ძნელი რამეა, მე თუ მკითხავ, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში :დ
მე მომწონს თქვენი ბლოგი და ხშირად ვკითხულობ , რძე საერთოთ არ მიყვარს და არ ვსვამ , მაგრამ ბლოგი რძეზე მაინც ძალიან საინტერესო იყოო
@ირინა_ირი, დიდი მადლობა, ძალიან მიხარია :)
ვისვენებ შენს პოსტებს რომ ვკითხულობ :)
რძის პროდუქტებს რაც შეეხება, უზომოდ ვჭამ და მგონი კალციუმის გადაჭარბებული დოზა მექნება ორგანიზმში :) იოგურტების, ხაჭოს, ყველის და ცივი რძის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია <3
მთავარია რძე ფტორირებული არ იყოს, წამიკითხავს, რომ არც ისე სასარგებლოა
@ნინა, მადლობა :) კალციუმის გადაჭარბება არ არსებობს, ამაზე კარგი ქიმიური ელემენტი არ არსებობს, მგონი, ბუნებაში, რკინას თუ არ ჩავთვლით :)
Post a Comment