Wednesday, April 18, 2012

ეზრა

მოსწყინდა, რომ მასზე როგორც ანონიმურ პერსონაჟზე, ისე ვსაუბრობდი.
მოსწყინდა, რომ მხოლოდ წერილებს ვწერდი.
მოსწყინდა, რომ მოცარტი მხოლოდ ერთხელ მოვასმენინე, სამაგიეროდ მაიაკოვსკის ლექსებს ვუკითხავდი.
ყველა დიდ დღესასწაულზე მუცელში ჯდომა მოუწია და ესეც მოსწყინდა, ამიტომ ადგა და პირდაპირ პესახამდე ორი დღით ადრე გადაწყვიტა დაბადება.

მშობიარობა ამქვეყნად ყველაზე მტკივნეული რამეა. ყველა კბილს რომ ერთად გაძრობდნენ, ან ტვინში ნემსებს გიყრიდნენ, ალბათ ასეთი სტრესული არ იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი სასწაულად სწრაფად გავაჩინე, თავის გამოსვლის მომენტში, მეგონა, რომ არასოდეს დამთავრდებოდა ეს წამება და დარჩებოდა ასე ჩემში გაჭედილი და იმ ოთახიდანაც აღარასოდეს გამოვიდოდი. ბუნებრივია, რაც მეტი კუნდერა გაქვს წაკითხული, მით უფრო გამძაფრებული გაქვს შეგრძნებები; გამახსენდა, რადგან ქალი ვარ, შესაბამისად, ასეთი ტკივილები უნდა მსიამოვნებდეს–მეთქი, ამის გახსენება და თავთან ერთად, ბავშვის ტანი უკვე უადვილესად გამოსრიალდა. დეტალების მოყოლა დიდად სასიამოვნო არ არის, ალბათ, მაგრამ ზემოთ კუნდერა ვახსენე, რომელიც წერს ქალებს თავის მშობიარობაზე საუბარი სიამოვნებას ანიჭებთო და ამაზე დიდი ჭეშმარიტება კაციშვილს არ უთქვამს.
ძალიან რთულია მშობიარობა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში უარს არ ვიტყოდი ამ ტკივილებზე კიდევ ერთხელ, მერე იმდენად სასიამოვნოა თბილ–თბილ, ჭუჭყიან და ფართხალა არსებას რომ გულზე დაგიწვენენ, რომელიც ჯერ თვალებსაც ვერ ახელს და შენ ხან გეცინება, ხან – გეტირება იმაზე, რომ შენი შვილია, შენში იჯდა ამდენი ხანი და მაინც ვერასოდეს წარმოიდგენდი, თუ ყველაფერი ასეთი სასწაული იყო.

ახლა ეზრა უკვე სახლშია, ორი კვირისაა, თვალებსაც ახელს, მაგრამ ჩემს გულზე წოლა ისევ ისე მოსწონს, როგორც ახალდაბადებულ, თბილ–თბილ და ჭუჭყიანს მოსწონდა.
ღამით, როცა არ ეძინება, ქართულად ვუმღერი და მერე გულაჩუყებული ტირილს ვიწყებ, ნამდვილი "მიმინოს" სესიები მაქვს; სიმღერებიდან მხოლოდ "დიდი მინდორი დანამა" მახსენდება.

დედობრივი სიყვარული მაშინვე არ მოდის, სიმართლე გითხრათ. მშობიარობის მერე, განსაკუთრებით სახლში დაბრუნების პირველ დღეებში უცნაური სევდა გამიჩნდა, რომელსაც თურმე babyblues–ს ეძახიან. ვითომ ყველაფერი ძველებურად უნდა ყოფილიყო და უცებ მივხვდი, რომ აღარაფერი იქნებოდა ისე, როგორც ადრე. ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა და სამუდამო პასუხისმგებლობა გამიჩნდა, რომელიც ამქვეყნად სხვა არაფერს ჰგავს.
თურმე ქალი იმდენად ეჩვევა ფეხმძიმობას და მასზე "მიბმულ" ბავშვს, რომ უკვე დაბადებულ და ცალკე პიროვნებად "ნაქცევთან" შეჩვევა უჭირს, ამიტომ იმ სამშობიაროში, სადაც მე გავაჩინე, ბავშვი პირველივე დღიდან დედასთან რჩება, მასთან სძინავს, თავიდანვე აჩვევენ ძუძუს წოვას, რომ skin to skin კონტაქტის მეშვეობით, დედას გაუადვილდეს შვილთან ურთიერთობა.
მაინც რთული იყო. პირველ დღეებში გული სასწაულად მიჩუყდებოდა და იმის გაგებას ვცდილობდი, მე ვინ ვიყავი, ახლა ვინ გავხდი და მომავალში რა იქნებოდა.
ნელ–ნელა ვიგებ ამ ყველაფერს. მომავლის ჯერ არაფერი ვიცი.

მხოლოდ ის ვიცი, რომ ეზრა უკვე აქ არის.
კეთილი იყოს შენი მოსვლა, ეზრა!

22 comments:

green said...

გილოცავ. ძალიან ძალიან მომეწონა სახელი ეზრა.

Keti said...

სოფი სოფი <3
ამ ერთი ჩანაწერით იმდენი რამ გადმოეცი! ქალები ძირითადად არ წერენ ხოლმე, რომ ძალიან მტკივნეულია... მიხარია, რომ გულახდილი ხარ, როგორც ყოველთვის...
დამაფიქრე იმ ცვლილებაზე, რაც სახლში დაბრუნების მერე შეიძლება იგრძნო. დედის საუკეთესო პოსტია :)
სახელი ეზრა კი მეც ძალიან მომწონს. გამორჩეულია, გამოკვეთილად ჟღერს და უბრალოდ, სხვა არაფერი რომ ვთქვა, ლამაზია! ბევრი სიხარული და სიმშვიდე შენს ოჯახს :*

Keti said...

p.s. გული ამიჩუყდა – ქართულად ვუმღერიო....

Unknown said...

ra nacnobia es yvelaferi, da ra individualuri da privatuli :)

ketili iyos sheni mobrdzaneba Ezra!!!

Rode said...

გილოცავ სოფი! ძალიან გამიხარდა! მთელი სულით და გულით ვუსურვებ ეზრას ბედნიერებას და ჯანმრთელობას!

ძალიან ლამაზი და მაგარი სახელია. :*

Katiee.Ge said...

გილოცავ, არაჩვეულებრივად აღწერე, გავიაზრე და ვიგრძენი ყველაფერი.

გაგიზარდოს ღმერთმა! :)))

Agasfer said...

სოფი, შემაშინა ამ პასუხისმგებლობის გააზრებამ. არადა სწორედ გუშინ ვფიქრობდი, აბსოლუტურად მზად ვარ, მამა გავხდე-მეთქი :დ მგონი გადავიფიქრე :D
კეთილი იყოს ეზრას მობრძანება. სახელიც ძალიან მომეწონა და ეს პოსტიც :)

ნან said...

რა ლამაზი სახელია <3

Anonymous said...

ზოგჯერ თიტქოს ჩემს ფიქრებს ვკითხულობდი.. :) პირველი შვილის დაბადების მერე, რაღც პერიოდის მანძილზე დღე არ გავიდოდა დეტალურად არ გამეხსენებია მშობიარობის ყველაზე მტკივნეული წუთები.. თან, ამ პროცესისას, ვცდილობდი ფხიზელი თვალით დავკვირვებოდი მთელ პროცესს, ჩემი მშობიარობა, პირველი მშობიარობა იყო, რომელსაც ვესწრებოდი, ამიტომ, მინდოდა არაფერი გამომრჩენოდა.. და ამ საშინელი ტკივილების მერე, ეს თბილი და ჭუჭყიან, როგორც შენ წერ - მოგეწებება და უყურებ და ისეთი ბედნიერებაა, გულით და სულით ვუთანაგრძნობ მამაკაცებს, რომ ამის განცდა არ შეუძლიათ.. მეორე ბავშვის დაბადება კიდევ უფრო საინტერესო იყო, ჩემთვის, როგორც დედისთვის, უკეთ დავაკვირდი და ბედნიერების და სიამოვნების მიღებაც უფრო შევძელი.. და მინდა სულ მცირე ორჯერ კიდევ გამოვცადო ეს სიამოვნება, ბავშვის გულის ქვეშ ტარებიდან დაწყებული, მისი მშობიარობით და სხვა ყველაფერით დამთავრებული.. :)
და ხო, რაც შეეხება მშობიარობის შემდეგ დეპრესიას - პირველ შვილზე საშინელი სტრესი მქონდა, ის, რომ თვლი, აღარასდროს იქნება ცხოვრება ისეთი, როგორიც იყო ბავშვის დაბადებამდე - ეს მართალია.. მორჩა, დედებს არდადეგები არ აქვთ, შვებულება არ აქვთ :)))
სადაც არ უნდა წახვიდე და რა დროც არ უნდა გავიდეს, ის მაინც შენი გულის ქვეშ რჩება..
მოკლედ, გილოცავ! :)

Lasha Gabunia said...

გილოცავ! ღმერთმა ბედნიერი გაგიზარდოს! :)

Toma said...

სოფი გილოცავ!
ჯანმრთელი და ბედნიერი ყოფილიყოს შენი ეზრა!!

სიმღერაზე გამახსენდა- მზე შინა და მზე გარეთაც სასიამოვნოდ იმღერება, და მშვიდი ჩანს :)

vasasi said...

ვაიმე, სოფი. დაიბადაა?? :*

გილოცავ, გილოცავ.. <3

:ჯუმპ:

აი, არც კი ვიცი, რა გითხრა. ძალიან ძალიან გამიხარდა.. :))) :*

პერწკლი said...

გილოცავ < 3

Kate said...

გილოცავ სოფი, კიდევ ერთხელ. დედობა მართლა არაჩვეულებრივი რამეა.

ეზრა ებრაული სახელია??? რას ნიშნავს???

unaamarga said...

გილოცავ, სოფი! ღმერთმა ჯანმრთელი და ბედნიერი გიმყოფოს!

Sophie שרה Golden said...

@გრინ, მადლობა :)

@ქეთი, ხო, უმეტესობა არ წერს, მართალი ხარ და მეც დიდხანს ვიფიქრე, ვაითუ ბევრი შევაშინო და დედობა გადავაფიქრებინო–მეთქი, მაგრამ იმედია, ცოტა პოზიტიური გამოვიდა :) დიდი მადლობა!!!

@ანუშკა, ანუშკა!!!

@ჰარეტონ, მადლობა, ჩემო კარგო!

@Katiee, დიდი მადლობა, ძალიან მიხარია.

@აგასფერ, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, ძალიან. სანამ არ გავაჩინე, მანამდე ვერც წარმოვიდგენდი.

@ნან, ხო, ძალიან :)

@ანონიმუს, ისეთი საინტერესო და ლამაზი კომენტარი დამიტოვე, დიდი მადლობა!

@ერმონია, გმადლობ!

@ტომა, მადლობა. კარგი რამე გამახსენე.

@ვასასი, ხო, დაიბადა :) არაფერი, რა უნდა მითხრა, მიხარია, რომ გიხარია :)))

@პერწკლი, მადლობა.

@ქეით, ჩემო ქეით, კი ებრაული სახელია და ნიშნავს: "ღმ–ერთი ეხმარება", G-tt hilft - როგორც ჩვენთან იტყვიან :) ჰოდა, კარგია დედობა, ოღონდ ხან ისე მეძინება და ვიღლები, მაშინ მავიწყდება და შენი ეს კომენტარი უნდა ამოვიბეჭდო და საწოლთან დავიკიდო :ლოლ:

@უნაამარგა, დიდი მადლობა.

Anonymous said...

კი, მართალი ხარ.
მაგრამ მაინც არაჩვეულებრივი რამეა დედობა..
მაგრამ პირველი 1,5 წელი სასწაულად გაწამდები.

Sophie שרה Golden said...

@ქეით, პირველი 1,5? მგონი, იმის მერე რაც ბავშვს აჩენ, დამთავრდა ძველი თავისუფლება და ყველაფერი :დ

Anonymous said...

ნუ ეგ თავისთავად :D
მაგრამ აი გამოძინებებს რაც შეეხება, მაგ 1,5-ის შემდეგ ცოტას მოხუჭავ თვალს.

ვაიმე, ახლა რომ მახსენდება ჩემი დის ტანჯვა-წამებები და გიორგის წივილ-კივილები მთელი ღამე :D კოშმარი იყო :დდდ
ახლა გიორგი 2 წლის ხდება 1-ში და უკვე თვითონ გვეუბნება აქეთ ნანა-ო ანუ დამაძინეთო :D

sofo said...

გილოცავ სოფი, ბედნიერ დედობას გსურვებ!

Anonymous said...

SOPHIE GILOCAV EZRAS !!!

ANA

Sophie שרה Golden said...

@სოფო, ანა, დიდი მადლობა!