ეზრა უკვე 1 თვისაა და მიუხედავად იმისა, რომ არ მინდა იმ ქალებს დავემსგავსო, მხოლოდ თავის შვილებზე რომ საუბრობენ, სხვანაირად მაინც არ გამომდის. თითქოს მთელი სამყარო გაჩერებულია და ჩემი ტემპით მიდის. ჩემი ტემპი კიდევ ეზრას ტემპია, მისი დაძინება, გაღვიძება, ჭამა, გამოცვლა, ბანაობა და მერე ისევ ყველაფერი თავიდან.
ჩემმა მეგობრებმა წიგნები გამომიგზავნეს თბილისიდან და ეზრას როცა ვაჭმევდი, მაშინ ვკითხულობდი, მერე თავი დავანებე, რადგან უსამართლოდ მომეჩვენა სხვების ამბების წაკითხვა, როცა ჩემი "ამბავი" ჭამდა და ჩემგან ემოციურად მასთან ყოფნა სჭირდებოდა.
ახლა ვესაუბრები. ქართულად ძალიან სასაცილო რაღაცებს ვუყვები, ამ დროს დედაჩემი ცდილობს, მისი სახელი მოფერებით შეკვეცოს და ჯერჯერობით არ გამოსდის, ამიტომ, "ჩემი პატარა ლამაზი ბიჭით" შემოიფარგლება და სახელის შეკვეცის მაგივრად, საბანს მაგრად უკეცავს და უნდა, ჩათბუნული მყავდეს.
ზოგჯერ მოსაწყენია ყველაფერი. თანაც ძალიან. ზოგჯერ მგონია, რომ დავიღალე და მერე მახსენდება, ჯერ რა დროს დაღლაა, როცა ყველაფერი სულ ახლახან დაიწყო.
უცნაურია დედობა.
ხშირად მეძინება.
ბოლო დროს ნაკლებად მახსენდება მშობიარობის ტკივილები, როცა ძალიან დავიღლები ან გამოუძინებელი ვარ, გულიც მხოლოდ მაშინ მიჩუყდება.
მინდა, ისე ძალიან დათბეს, ეზრას თბილად აღარ ჩავაცვა და ქუჩაშიც უქუდოდ ვასეირნო, რომ მზემ მოუღუტუნოს პატარა, რბილ თავზე. მეც მინდა, მზე ისევ მადგეს სახეზე და მაღიმებდეს, როგორც აქამდე იყო ხოლმე და საერთოდ, რაც უფრო ვიზრდები, მით უფრო მეტი რამე მინდა და განსაკუთრებით მზისგან ვითხოვ ხოლმე ამ ყველაფერს: სითბოს, სიხარულს და სიცილებს.
დღეს ეზრას რაღაცები ვუყიდე და სახლში რომ მოვდიოდი, ჩემს თავს ვუთხარი, სოფი, თითქოს ისევ იგივე ადამიანი ხარ, როგორიც აქამდე იყავი, უსამართლობა გძულს და ის ტენდენციები, ადამიანები ერთმანეთს რომ დასცინიან, გულს წყვეტენ და საკუთარი თავის გამოჩენა უნდათ, ყველაზე შტერულ რაღაცებზე ისევ გემრიელად გეცინება და დრიუ ბერიმორის სიხარულიც საკუთარივით გიხარია; მაგრამ მაინც, მაინც, მაინც, სოფი, შენი ცხოვრება ძალიან შეიცვალა და ახლა სახლში გეჩქარება, რადგან ეზრა გელოდება, რომელიც ჯერ მხოლოდ რძის სუნით გცნობს და შენ თავი იმ ზღაპრის გმირი გგონია, თავისი ბეკეკებისთვის რომ საჭმელი მიაქვს სახლში და ისინიც კარს მხოლოდ ასე უღებენ.
ეზრა ჯერ კარს ვერ მიღებს, სივრცეში იცინის თავისი უკბილო პირით და მაშინ ვიცი, რომ ცხოვრება კი არ იცვლება, ჩვენ ვცვლით, არჩევანს ვაკეთებთ ცხოვრებაში და როცა რაღაც ძალიან გვინდა, აუცილებლად მოდის ჩვენთან.




7 comments:
მინდა, რომ ჩემთანაც მოვიდეს ის, რაც ძალიან მინდა..
და ძალიან ბევრი რამ მინდა ცხოვრებაში. უბრალოდ, ადამიანური ბედნერებისათვის.
მგონია, რომ მთავარი ეს არის, დანარჩენი, უბრალოდ, დამატებებია. :)
ველოდი პატარა გმირის ამბავს :)
როცა ვკითხულობ შენს პოსტებს, რატომღაც სულ ისეთი განცდა მაქვს, რომ ვხედავ როგორ ცხოვრობ, როგორ ეფერები ეზრას, იღიმები... თან ძალიან ხელშესახებია ხოლმე ემოციები. მიყვარს აქ შემოხედვა!
იცი, გეთანხმები: რაც დრო გადის, მეტად მჭირდება მეც მზე, სითბო და სიცილი. სულ მათ ძებნაში ვარ.
და კიდევ, მეც მჯერა, თუ ძალიან გინდა რაღაც, აუცილებლად გექნება.
მზიან განწყობას გისურვებ, სოფი! <3
მჯერა, რომ ჩემთანაც მოვა...
რა კარგი იქნება ეზრასთან.
რანაირია ოჯახის შეგრძნება.
საინტერესოა ეს ყველაფერი.
dzneli da kargi periodi )))) dzalian male gaivlis, da enjoy.
:) მოვა, მოვააა... საად წავააა!!! :)
უ, რა სითბო ვიგრძენი :) კითხვის დროს მეც მეღიმებოდა ! მომიკითხე პატარა ადამიანი. ეგ ახლა გადის დრო ნელა თორე, მალე დაწერ "ეს ხომ გუშინ იყო"ვო :) გაიხარე !!! შესწორება - გაიხარეთ
როგორც ყოველთვის, საოცარი სითბონარევი ამბები გაქვს... ეზრას ყელში უყნოსე ჩემ მაგივრად...
პატარებისადმი სიყვარული ყელში ყნოსვით და მერე შეჟრჟოლებით შემიძლია ხოლმე გამოვხატო <3
ეგრეა გენაცვალე. რომ თხოდებოდი, რა გეგონა :დდდდ
ცოტაც მოითმინე და და 2 წლამდე რომ ავა, უკვე გაადვილდება ბევრი რამე.
Post a Comment