Wednesday, May 23, 2012

მეექვსე კვირა

ეზრა 6 კვირაზე ცოტა მეტისაა და გადაწყვიტა, რომ ძილი ამ ეტაპზე არ სჭირდება. ასევე გადაწყვიტეს ჩვენმა მეზობლებმა და ტყუპები გააჩინეს; ამიტომ, როგორც იქნა დამდგარი ზაფხულის გამო, ყველა ფანჯარა რომ ღია გვაქვს სახლში, ისე მგონია, სამი ბავშვი გვყავს. ერთი ეზრა, რომელიც უკვე 6 კვირაზე მეტი ასაკის ბავშვივით ღრიალებს და კიდევ ორი კნუტი.

დედაჩემი ეზრას დამშვიდებას ცდილობს, მე – პოსტის დაწერას და ჩემი ქმარი ფიქრობს, რომ ქალები ბევრად უგულოები და სასტიკები ვართ, ვიდრე კაცები. თვითონ ბავშვის ერთ წამოკნავლებაზე მასთან გარბის, მე კიდევ ფეისბუქს ვსკროლავ და ავსტრალიურ ბლოგებს ვკითხულობ. რა ვქნა, რომ ფეთიანი დედა არა ვარ. მხიარული დედა ვარ: ეზრას სულ სასაცილო რაღაცებს ვუყვები და ვამხიარულებ.

დედობა ძნელი ყოფილა და თანაც როგორ. ამაში ალბათ კიდევ უფრო მაშინ დავრწმუნდები, დედაჩემი რომ წავა და ეზრა ახალბედა მშობლებს მარტოებს მოგვიხელთებს. არადა, კარგი ბავშვია, უბრალოდ, ყოველდღე იცვლება და ხასიათი უყალიბდება.
გარეგნობით უცნაურია, დიდად არცერთ მშობელს გვგავს, უბრალოდ მუქი ლურჯი თვალები აქვს და ჩემნაირი ცხვირი. ყველაზე სასაცილო ისაა, დედაჩემი ჩემს ქმარს ამსგავსებს და ჩემი ქმრის მშობლები და ძმა ფიქრობენ, რომ მე მგავს.

ხანდახან უცნაური სევდა შემომაწვება ხოლმე, სიმართლე გითხრათ, ჩემი ქართველი მეგობრები სასწაულად მენატრებიან და ისე მინდა, გავიდე გარეთ და ისინი დავინახო ამ უცხვირპირო გერმანელების მაგივრად; ან ეზრა "კენგურუში" ჩავსვა და ყავის დასალევად სადმე წავიდეთ (ჯერჯერობით საშინლად რომ სძულს ეს კენგურუ, არ ითვლება). ზაფხულობით ეს ნოსტალგია უფრო ძლიერი იმიტომ ხდება, რომ სოფელში მინდა ხოლმე წასვლა და მთის სუფთა ჰაერის ჩაყლაპვა, მდინარეში ცურვა და კარტოფილის ხინკალი. ლილუ მენატრება და ყველა გამვლელ–გამომვლელი, რომლებიც, მნიშვნელობა არა აქვს, გიცნობენ თუ არა, გესალმებიან და გამოგელაპარაკებიან.

ახლა ვოცნებობ, ეზრა როდის გაიზრდება, საქართველოში რომ წავიდეთ და იმდენი ითამაშოს თავის მომავალ ბიძაშვილ–დეიდაშვილებთან, რამდენსაც მე ვთამაშობდი და ბედნიერი ვიყავი.

მომავალ შაბათ–კვირას შავუოთის დღესასწაულია. ეზრას პირველი შავუოთი და თორის მიღება. ვერასოდეს ავხსნი და ალბათ, არც უნდა ავხსნა, რას ვგრძნობ, როცა მსგავსი დღესასწაულები დგება, მე უკვე შვილი მყავს და ზრდასრული ქალი მქვია, რომელსაც უფრო მეტი მოეთხოვება წელს, ვიდრე შარშან. მოეთხოვება რა, სხვა პასუხისმგებლობა და მიზნები გაუჩნდა.

ეზრა ისევ ტირის. ოჰ, ეს კრიზისული მეექვსე კვირა.
ვიცი, რომ ესეც გაივლის, თან ძალიან სწრაფად და მერე ბებიაც უცებ გავხდები. ბლოგერი ბებია, ღმ–ერთმა იცის, უკვე რომელიც ქვეყნიდან.

4 comments:

Anonymous said...

mec erti suli maqvs rodis gaizrdeva chemi dishvili da rodis ecveva diad saqartvelos.rodis chavikrav gulshi :( ara raa.aseti shishore zaan rtulia.zlivs ertad erti dishvili myavs da isic....:( martalia nnuli deidasavit fetiani deda ver iqnebi shensop magram samagierot darcmunebuli var rom umagresi dediko xar da iqnebi yoveltvis.xoda droze chamodit rom mec minda viyo msoplioshi yvelaze umagresi deida :D miyvarxart :* Nz

piccolina said...

ფეთიანი მშობლობა არ ამართლებს, მე თუ მკითხავ :))
ბავშვი უფრო ჭიჭყინა იქნებოდა შენ რომ ფეთიანი იყო :))

Keti said...

მომწონს, ასეთი დედა რომ ხარ :)
ჩვილები ყოველდღიურად იცვლებიან და ჯერ ალბათ გადაჭრით თქმა ძნელი იქნება, ვის ჰგავს ეზრა, თუმცა ხშირად ბიჭები დედებს ემსგავსებიან ხოლმე :)
სოფი, შენი პოსტებიდან ვგრძნობ, როგორ გენატრება საქართველო <3

Kate said...

ფეთიანი არ გახდე არავითარ შემთხვევაში. იყავი ყურადღებიანი, მაგრამ არა ფეთიანი. ფეთიანები ჩვენს არ ვართ.

ხო გეუბნები, აი ეს რამდენიმე თვე არის ძნელი, თორემ მერე მიდის შედარებით მარტივად.

ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი ამდენი ხნით უცხო ქვეყანაში, შენ საღოლ ქართველების გარეშე.
ამდენ ებრაულ დღესასწაულს რომ ახსენებ და ჩემთვის არცერთი რომ არაა ფასეული, არაუშავს ხო???