Monday, June 18, 2012

იჯექი და იყავი შენთვის, დათა თუთაშხია

როცა რაღაცაზე გავბრაზდები, ჩემს თავს ვეტყვი ხოლმე, მაშინ გაჩუმდი და შენთვის იჯექი, სადაც ზიხარ–მეთქი.
გიფიქრიათ, რომ ფეისბუქი რეალურ ცხოვრებაზე უარესი რამეა? დაწერ სტატუსს, ათი კაცი დაგიწერს კომენტარს და იქიდან რვა ნერვებს მოგიშლის თავისი რჩევებით ან სულელური შეკითხვებით. ზუსტად ასეთ დროს ვეუბნები ხოლმე ჩემს თავს, სოფი, თუ სხვისი აზრის გაგება არ გინდა, მაშინ ნურაფერს წერ და თუ წერ, მაშინ ნებისმიერი აზრის მოსმენა/წაკითხვა მოგიწევს–მეთქი.
დიდად არ მშველის.
მაგალითად, იმ დღეს, ეზრა პაუნდზე დავდე ლინკი, რომელიც ცნობილი ამერიკელი პოეტი იყო, თავისებური იდეალები ჰქონდა, ჰემინგუეის წიგნების გამოცემაში ეხმარებოდა, მოსოციალისტო იყო ვითომ, მერე ადგა და რუზველტი რომ ნერვებს უშლიდა, ევროპაში წავიდა, სადაც მუსოლინის და ჰიტლერს დაუმეგობრდა.
მოკლედ, ებრაელები სძულდა და ორივე ომის დაწყების მიზეზად კაპიტალიზმს თვლიდა.
არის რაღაცები, რაშიც ვეთანხმები და კაპიტალიზმი რომ იყო ყველა ბოროტების სათავე, ამაშიც არის სიმართლის მარცვალი. მაგრამ ჰიტლერთან მეგობრობა და მისი პოლიტიკის მოწონება როგორ შეიძლებოდა, ამას ვერასოდეს გავიგებ.

ეზრა პაუნდზე სასაუბროდ არ "მოვსულვარ", უბრალოდ, იქ დამიწერა ერთმა ქალმა, რომელსაც გავლით ვიცნობ/მიცნობს, შენი შვილისთვის სხვა მაგალითი უნდა მოძებნოო.
ტაში!
რა მაგალითი, ადამიანო, ბოლომდე წაიკითხე, რას ვწერ.
ცხოვრებაში არ მიფიქრია, რომ ჩემი ეზრას მაგალითი პაუნდი გახდებოდა, როცა ეს სახელი სულაც იბნ ეზრას და ეზრა ჰა–სოფერის გავლენით დავარქვით.
რატომ გავბრაზდი?
არ ვიცი.
არა, ვიცი.
იმიტომ, რომ იმ შტერმა ქალმა ვერ გაიგო, რას ვგულისხმობდი. მარტო ის ქალი არ არის საქმე, ადამიანებს ისე აქვთ დახშული გონება, გაგიჟდები.
რა მნიშვნელობა აქვს, რა დაგიცობს გონებას, ფაშიზმი თუ რომელიმე სხვა, ვითომ ნაკლებად საზიანო, –იზმი.
დაცული აქვს ხალხს ტვინი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაქტი სამყაროსავით ძველია, მაინც ახლიდან აღმოაჩენს ხოლმე თითოეული ჩვენგანი და ამაზე დიდხანს შფოთავს. მე ვშფოთავ.

დღეს ეზრას ორი საათი ვაძინებდი. ბანაობის მერე ადვილად იძინებს ხოლმე, მაგრამ დღეს არაფრით უნდოდა დაძინება.
ძალიან რომ ავღელდი, ჩემს თავს ვუთხარი, როცა მშვიდადაა, იცინის, დივანზე კოტრიალობს და პატარა გაქუცულ ყავისფერ ცუგას უყურებს თავისი ღილებივით თვალებით (ერთადერთი სათამაშო, რასაც ყურადღებას აქცევს), მაშინ ხომ შენც ბედნიერი ხარ და რა კარგი ბავშვიაო, ამბობ; როცა აღელვებულია, ვერ იძინებს, იკლაკნება და ჭირვეულობს, მაშინ შენც ბრაზობ, ღმ–ერთო, ეს რა ბავშვია, ჩქარა დააძინე, ნერვიულობ, უსამართლობაა ბავშვის მიმართ და ამიტომ ახლავე დამშვიდდი–მეთქი!
დავმშვიდდი.
ხომ ვიპოვე თვითდაწყნარების სასწაული მეთოდი? :)

ლაიპციგში გრილა. დღისით შეიძლება 25 გრადუსამდე ავიდეს, დილაობით კი ისე ცივა სახლში, ეზრას ქუდს ვაფარებ.
დილაობით, სანამ ეზრა თავის გაქუცულ ცუგას რაღაცებს ეჭყიპინება, მე სადილს ვამზადებ ხოლმე. კენგურუთი ჯერ ერთხელ გავასეირნე, ექიმმა გვითხრა, ბავშვის ხერხემლისთვის არ არის კარგი, სამ თვემდე მოიცადეთო. არადა მოეწონა, აქეთ–იქით იყურებოდა, ეტლი კიდევ არ მოსწონს, რომ წევს და ცის მეტს ვერაფერს ხედავს. ჩვენი ეტლით სეირნობა ბოლოს იმით მთავრდება, ეტლი ცალკე მოგვყავს და ეზრა – ხელში აყვანილი.
კიდევ რა?
მშობიარობიდან თითქმის 2,5 თვე გავიდა, 10 კილო დავიკელი და ერთი ამდენი კიდევ მჭირდება, მაგრამ დიეტას არ/ვერ ვიცავ. ისე ვიღლები და იმდენი ენერგია მეცლება, სულ მშია და ვჭამ. ის 10 კილოც, ალბათ, სულ წყალი იყო, იმდენი წყლით გავიჭყიპე ფეხმძიმობისას. არ დალიოთ ამდენი წყალი და საერთოდ, ყველაფერს ნუ მოისმენთ, რასაც ექიმი გეტყვით. ჩემი ვერდიქტით, საკუთარ სხეულს უფრო უნდა უგდოთ ყური (რა ფრაზებით ვსაუბრობ!) და დედას, რომელსაც მეტი გამოცილება აქვს და ამქვეყნად ყველაზე მეტად უყვარხართ.

რა კარგია ბლოგი. რამდენი ვწერე და ისეთი შეგრძნება მაქვს, ჩემს საუკეთესო მეგობრებს ვესაუბრები, თუმცა ისიც ხომ ვიცი, ისინიც წაიკითხავენ, აი ფეისბუქზე ნერვებს რომ მიშლიან თავისი გონებადახშულობით. მაგრამ მაინც, ჩემი მკითხველის უმეტესობა უკვე ახლობელია ჩემთვის და ვიცი, იმიტომ კითხულობენ ჩემს პოსტებს, რომ მართლა ესმით.

წარმატებულ კვირას გისურვებთ!!!

8 comments:

Lasha Gabunia said...

ფეისბუქის გარეშე თავს მშვენივრად ვგრძნობ. უფრო მეტიც, ცხოვრება გაცილებით საინტერესოა და რაც მთავარია, ცოცხალი ადამიანებისთვის, წიგნებისთვის და თუნდაც ინტერნეტისთვის ისევ მრჩება საკმარისი დრო. უკვე წელიწადნახევარია პირწიგნაკს შევეშვი. ნოსტალგია ნამდვილად არ მჭამს. ხშირად მეუბნებიან, საქმისთვის მაინც გამოგადგებაო. თუმცა უფეისბუქობას ჩემი საქმეებისთვის ხელი ნამდვილად არ შეუშლია...

ეზრას და მთელს შენს ოჯახს კი ჯანმრთელობას და სიმშვიდეს გისურვებთ. :)

P.S. არ ვიცი იცი თუ არა, მარა რეგინამ ბულატ ოკუჯავას სიმღერები სინგლად გამოუშვა. აი, ერთი სიმღერა: http://www.youtube.com/watch?v=Cf4yVGa7zqY

Rode said...

ღმ-ერთო, ზოგჯერ როგორ იციან ხოლმე.
ხომ ვამბობ, ვირტუალურ სივრცეში გაცილებით ჭირს ადამიანებთან "საუბარი" და რამის გაგებინება.
თუმცა აქაცაა გამონაკლისები.

ჰომ, ეზრას სახელი ისე ძალიან მომწონს.
სულ მშვიდობიანი დღეები შენსკენ.

რა საინტერესოა, ის დღე რომ დადგება, ეზრას შენს ბლოგზე რომ მოუყვები!

Sophie שרה Golden said...

@ერმონია, ამ ბოლო დროს მეც ვფიქრობ, ფეისბუქის გარეშე ცხოვრება უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ჯერ ვყოყმანობ წაშლას.

დიდი მადლობა! შენს ოჯახსაც ბედნიერება და სიხარული, თუ სწორად მახსოვს, შარშან პატარა შეგეძინა :)

არ ვიცოდი და დიდი მადლობა, რომ გამიზიარე. მომწონს რეგინას შესრულებითაც.

@როდე, ყველგან ჭირს და იქ ხომ საერთოდ :/ თან სწორ სმაილს თუ არ დაურთავ, დაღუპული ხარ :)))

მადლობა, მეც მომწონს, თუმცა ხან მგონია, რომ ზედმეტად იშვიათია და ნეტავ, თვითონ როგორ მოეწონება...

ხო, წარმოიდგინე, რას იტყვის :დ

ნატა said...

მორჩა, ხვალ დავწერ უსტარს :)

remonti2013.ge said...

სოფი, სულ გკითხულობ, იშვიათად ვწერ კომენტს, სორი.

<3 ძალიან მომწონხარ <3

Dato trapaidze said...

ერთხელ მოვიწყვე არდადეგები ფეისბუკის გარეშე. მშვენიერი რამ აღმოჩნდა. მალე ისევ ვაპირებ.კომენტარებს და ზოგიერთების ისტერიკებს რაც შეეხება - ერთი რამ ვისწავლე, არ უნდა აყვე, უბრალოდ "ნავთი დაასხა" და თვითონვე მოშიშვანგება მისივე ისტერიკაში. ოდნავ პროვოკატორობაც სასარგებლოა საკუთარი ფსიქიკისთვის ;)

აი შენი პაწუკელას ამბები კი ძალიან მხიბლავს :) სულ მალე მობეზრდება ეგ ცუგაც და აი მერე დაიწყება ახალი აღმოჩენების დიიიდი ეპოქა <3

Keti said...

ადრე ეზრას რამდენიმე ლექსი ვთარგმნე. არასდროს ვანიჭებდი გადამწყვეტ მნიშვნელობას ხელოვანების პოლიტიკურ შეხედულეებებს, ჩემთვის წინ მათი შემოქმედება იდგა...
იმ არამკითხესა და მისთანების გამო ნერვებს ნუ აიშლი, სოფი. სამწუხაროდ, ადამიანები ხშირად აძლევენ თავს უფლებას, მიუთითონ სხვებს თუნდაც ისეთი ინტიმური რამეები, როგორიც შვილისთვის სახელის შერჩევაა...

მშვიდ და ნათელ დღეებს გისურვებ! პატარა ეზრას – ტკბილ ძილს და ღიმილიან ცხადს :*

Kate said...

@როდრიგო - შენც დაიწყე "ღმერთის" ტირეთი წერა??? :)


@სოფი - არადა ჯერ სად ხარ??? დღეს ეგ ქალი იყო, ხვალ ვინმე სასწაული გადაგეყრება, რომელიც უფრო ცუდად გეტყვის რამეს. ასე რომ შენ მზად უნდა იყო. ყველა ადამიანი არის შენი მასწავლებელი. ცხოვრების მასწავლებელი. მთავარია მშვიდად იყო. არადა მე ვერ ვარ ხოლმე მშვიდი, მაგრამ სულ ვცდილობ. იმას თავისი აზრი აქვს რაღაცასთან დაკავშირებით, შენ - შენი. ყველას ვერ მოერგები და შენც ყველა ვერ მოგერგება. და ეს არ არის საწყენი, ეს არის ბუნებრივი მომენტი. ვიცი ძნელია. მეც ხშირად მეუბნებიან არასასიამოვნო რაღაცეებს და მეც მიჭირს გამკლავება. მერე ვფიქრობ, რაზე ვიშლი ნერვებს, ერთი მაგის დედაც. თქვა - თქვას, რა ვქნა.