Friday, July 6, 2012

აღზრდა, გაზრდა და სხვა ამბები


 დილას ეზრამ 8 საათზე გაიღვიძა და ყველა დედა დამეთანხმება, ეს რამხელა ბედნიერებაა. სამაგიეროდ, გუშინ დილის 5 საათიდან აღარ უნდოდა ძილი, ჭყიპინებდა და ჩემს საწოლში უნდოდა გადმოძვრომა, მე კიდევ ზუსტად ამ დროს მეძინება ხოლმე ყველაზე მეტად; ჩემი ქმარიც ერთ საათში უნდა ადგეს და უნდა ცოტა გამოძინება კიდევ მოასწროს.
ეზრა უკვე 3 თვისაა, დამოუკიდებლად დაძინებას სწავლობს, სათამაშოებისთვის ხელისჩავლებას "ვარჯიშობს" და მუცლიდან ზურგზე სასაცილოდ კოტრიალდება.
არ მახსოვს, სად წავიკითხე, ბავშვის აღზრდა პირველივე დღიდან უნდა დაიწყოო, ერთი კვირის ბავშის დედას რომ უთხრა ვიღაც ბრძენმა (თუ ნიუტონი იყო?), შენ უკვე დაგაგვიანდაო. მოკლედ, მე ეზრას აღზრდას 3 თვიდან ვიწყებ. აქამდე (და ხანდახან ახლაც) კოლიკები ჰქონდა, რაც ნიშნავს მუცლის შემობერვას, გაზებს და შესაბამისად, როცა ტკივილი წამოუვლიდა, საშინლად ტიროდა და სულ ხელში უნდოდა ჭერა. ამიტომ, ხელში იძინებდა და მერე ვაწვენდით საწოლში. დედაჩემი სანამ აქ იყო, კარგ დროს ვატარებდი, სულ იმას ეკავა, აძინებდა, არწევდა... თვენახევრის შემდეგ ეზრას ბებო წავიდა და მაშინ ვიგრძენი, თურმე რა ძნელია დედობა.

ახლა უკვე თვეზე მეტია, რაც დამოუკიდებლად ვუვლით ბავშვს და ნელ–ნელა ყველაფერი გაიოლდა. ჩემი დაკვირვებით, რაც მეტი დამხმარე გყავს, მით უფრო ძნელია ბავშვის გაზრდა, მარტო კი – ბევრად მობილიზებული და ორგანიზებული ხარ, შენს შვილსაც კარგად ეცნობი და საკუთარ თავსაც. ზუსტად ასე ვარ ახლა.
მოკლედ, მე და ეზრა ძალიან დავმეგობრდით. ახლა უკვე იცის, როცა ჭამს და გამოიცვლის, თავის საწოლში უნდა ჩაწვეს; მუსიკალურ სათამაშოს ჩავურთავ და ძილსაც იწყებს. ბუნებრივია, ყველაფერი ასე მარტივად არ არის; ყოველთვის (საკმაოდ ხშირად), არ უნდა ძილი, მიუხედავად იმისა, რომ ამთქნარებს და თვალებს იჭიჭყნის, რაც მერე ცხვირის ჩამოკაწვრით მთავრდება, წუწუნს იწყებს და თუ ძალიან ძლიერ ტირილში არ იზრდება, ვტოვებ და გამოვდივარ.

 ეზრას დაბადებიდან თავის საწოლში სძინავს, მაგრამ ხანდახან, გამთენიისას რომ იღვიძებს, ვეღარ ისვენებს თავისთან, მაშინ ვიყვან და ჩემთან ვაწვენ. მერე დილამდე ტკბილად გვძინავს ერთად. "ტკბილად" ეზრას და მე – ცალ გვერდზე და ცალი თვალით, სულ მეშინია, არ გავჭყლიტო. ყველა დედამ იცის, ბავშვის გაჩენის მერე რომ მთავრდება ღრმა და ტკბილი ძილი, ასევე მთავრდება გრძელი და სასიამოვნო აბაზანები და შხაპების მიღება; ზოგჯერ შეიძლება საერთოდ ვერ მოასწრო დაბანა და საღამოს ისეთი დაქანცული მილასლასდე საწოლთან, ერთი სული გქონდეს, დაწვე და ამ დროს ბეჭები ისე გტკივა, არ იცი მოხერხებული ადგილი როგორ იპოვო.

არ მჯერა "ლეგენდების", რომ ბავშვი ხელში არ უნდა აიყვანო, შენთან არ ჩაიწვინო, ძუძუ სამ საათში ერთხელ მოაწოვო და ასე შემდეგ. რამდენ ხანს იქნება ასეთი პატარა? ახლავე უნდა იგრძნოს, რომ უსაფრთხოდაა, რომ სამყარო საშიში არ არის, თავდაჯერებული და მშვიდი იყოს. ბავშვს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რაღაც გრაფიკი, შეეძლოს მარტო დარჩენა და თამაში, დროულად დაძინება. ჩვენი ექიმიც ამბობს, არ არსებობს "უნდა", ყველა ბავშვი ინდივიდუალურია დაბადებიდან, უკვე გააჩნია ტემპერამენტი და მშობელმა ეს უნდა დაინახოს და დაეხმაროს ამ ხასიათის განვითარებასა და უკეთესად წარმართვაში.

ახლა უკვე 11 საათი ხდება, სანამ ეზრას ეძინა და მერე ცოტა ხანს სათამაშოებით ერთობოდა, მე მოვასწარი აჯაფსანდალის გაკეთება, ლიმონის კექსის გამოცხობა და ამ პოსტის დაწერა; მერე რა, რომ რძიანი ყავა გამიცივდა და წყლის მაცივარში შედგმაც დამავიწყდა. ცხოვრება მაინც ისეთი საინტერესო და კაი ტიპია, როგორც საყვარელი სცენარისტი.
ბედნიერ შაბათ–კვირას გისურვებთ!!!

Shabbat Shalom!!!

4 comments:

Unknown said...

<3 წინ მელის ხვალ და ზეგ, ბედნიერი შაბათ კვირა დუდანასტან ერთად და უკვე პრედვკუშაიუ ))) რა ბედნიერებაა, რა კარგია!

remonti2013.ge said...

მომეწონა "არ არსებობს "უნდა" " :) ვეთანხმები. მეც ასე ვგრძნობ.

babisa said...

ცხოვრება და თემატიკა კი იცვლება, მაგრამ შენ მაინც საინტერესოდ წერ :)

Anonymous said...

წარმომიდგენია, რა ბედნიერებაა პატარა <3 უსაყვარლესი იქნება <3 (მე ბავშვებზე ვაბოდებ და.. :დ)
სოფი, მიხარია ხოლმე, ახალ პოსტსრომ ვხედავ შენს ბლოგზე! <3