ამ დროს მახსენდება ყველა დედლაინი.
ამ დროს მიშლიან ადამიანები ნერვებს, განსაკუთრებით ვითომ გონებამახვილი გოიმები.
მოკლედ, რთული პერიოდია.
აპრილში ეზრას პირველი დაბადების დღეა და უკვე რამდენი ხანია, მისთვის "სკრეპბუქის" გაკეთებას ვაპირებ, სახელწოდებით: "პატარა ბაყაყუნადან პატარა უფლისწულამდე", ეს იმიტომ, როგორც კი გავაჩინე და სისხლიან–გაწებილი გულზე დამიწვინეს, პირველი რაც ვიფიქრე, იყო, ბაყაყს ჰგავს–მეთქი (ისე, ხომ იცით ჩემი სიყვარული ბაყაყებისადმი).
სკრეპბუქი კი ის არის, როგორც ჩვენს ბავშვობაში სურათების ალბომი იყო, ადამიანური, ქაღალდის და სურათების ჩამაგრება შეიძლებოდა. ახლაც იგივეა, სურათების გარდა, ტექსტიც ჩაწერაც შეგიძლია და სხვადასხვა სიმბოლური ნივთის ჩაწებება–მიმაგრება.
მე, მაგალითად, პარკინგის ბილეთის ჩაკვრასაც კი ვაპირებ და შენახული მაქვს, სადაც წერია ზუსტი დრო და რიცხვი, როცა მანქანა სამშობიაროსთან დავაყენეთ და არც ველოდით, რომ ეზრა ასე სწრაფად გაჩნდებოდა ქვეყანაზე.
აქ ძალიან მოდაშია ციფრული ალბომები, ანუ სურათებს კი აღარ ბეჭდავ, პირდაპირ კომპიუტერში ირჩევ ალბომის დიზაინს, ფოტოებს და მერე მთლიან წიგნს, ე.წ. Fotobuch–ს ბეჭდავ. ჩვენი ქორწილის ალბომი გაგვიკეთეს ასე და ლამაზიც გამოვიდა, მაგრამ რაღაცნაირია, ხელს ვერ ახებ სურათებს და წიგნს ჰგავს (რაც არის კიდეც მისი არსი). გულს არ მითბობს.
დილას კიდევ ეზრას დაბადების დეტალურ ისტორიას ვიხსენებდი და ვწერდი, რომელსაც ასევე ამ სკრეპბუქში შევინახავ. გაიზრდება და წაიკითხავს, როგორი ემოციები და განცდები ჰქონდათ მის მშობლებს აპრილის იმ წვიმიან დღეს, როცა სპონტანურად გადაწყვიტა ჩვენი განცვიფრება (ეს ზმნა 100%–ით შეეფერება ჩვენს მაშინდელ ემოციას).
კარგი რამეა განცვიფრების უნარი რომ გვაქვს ადამიანებს. მაგალითად, ახალდაბადებულ, თოთო ბავშვებს რომ ვხედავ, მიკვირს, მშობლებს როგორ უჭირავთ ეს რბილი არსებები. ჩემი მეგობარი მეუბნებოდა, რომელმაც მესამე ბავშვი ორი თვის წინ გააჩინა, ღმ–ერთი სპეციალურად გვავიწყებს ჩვენი შვილები პატარები როგორები იყვნენ, რომ ყოველი ახალი ბავშვი სასწაულად მოგვაჩვენოს და გაგვაკვირვოსო. ნამდვილად.
როცა ადამიანი ამ ემოციას კარგავს და აღარაფერი ანცვიფრებს (ჩემი
სკრეპბუქით დავიწყე და საით წავედი... ოჰ, სოფი.
- სკრეპბუქი აპრილისთვის – შესაბამისად, უნდა დავბეჭდო ეზრას სურათები, ტექსტები ამოვბეჭდო, წებო და ფლომასტერები/ფანქრები ვიყიდო. ასევე დავბეჭდო ეზრას საყვარელი სათამაშოების და ცხოველების სურათები, მერე გამოვჭრა და ასე ჩავაწებო ალბომში.
- ეზრას პასპორტის სურათი გადავუღო – მალე 11 თვის იქნება და საქსონიას არ გასცილებია. Not fair.
- ვარჯიში გავაგრძელო.
- 6–ის მერე აღარ ვჭამო.
- პესახისთვის (იგივე პასექი) მომზადება დავიწყო. ჯერ ფსიქოლოგიურად მაინც (გუშინ ეზრას რომ ვუცვლიდი და სახელოებიდან "პეჩენიის" ნაფხვენები გადმოსცვივდა, მივხვდი, იმ დედების კლუბს შევუერთდი, პესახის წინ პანიკა რომ იპყრობთ). უფრო ზუსტად ამაზე მერე მოგიყვებით.
- DON'T LET THE SYSTEM GET YOU DOWN! – ამას ვეუბნები ჩემს თავს მას შემდეგ, რაც ჩემი პოლიტიკური ორიენტაცია ჩამოვაყალიბე. ხან გამომდის, ხან – ვერა, მაგრამ ცდა ბედის მონახევრეაო.
ჯერჯერობით სულ ეს იყო :)
წარმატებულ სამუშაო კვირას გისურვებთ!!!




8 comments:
სოფი, ასეთი წიგნის(თუ ალბომის)ყიდვას ვაპირებ უახლოეს დღეებში. პირველი დამოუკიდებელი ფოტო, პირველი ფოტო მშობლებთან და ა.შ ... Очень трогательно!
ყველაფერს მოასწრებ დარწმუნებული ვარ. მე 2013 წლის გეგმა მაქვს ჩამოწერილი და მივყვები ეტაპობრივად , მთავარია გეგმა და დროის სწორი გადანაწილება და ყველაფერი გამოვა.
რაც შეეხება პოლიტიკურ შეხედულებებს, პროტესტს,და ა.შ იმდენი რამე მინდა დავწერო, არამარტო პოლიტიკურ შეხედულებებზე არამედ სამოქალაქო საზოგადოებაზე (ამ შემთხვევაში კონკრეტულად საქართველოში), რომ არ ვიცი საიდან დავიწყო. ასევე საშინელი პროტესტი მიჩნდება ძალიან ბევრი ადამიანისა და მოვლენის მიმართ, მერე ჩემი თავი მახსენდება მანკიერებებით და ვფიქრობ რომ ალბათ მეც ,,ვუჩენ" ვინმეს პროტესტს. მერე გადავიფიქრებ ხოლმე რაიმეს გამოხატვას. მგონი ,,გარდატეხის ასაკი" თავიდან დამეწყო.
ბედნიერ კვირას გისურვებ!
წარმომიდგენია,როგორ გაუხარდება ეზრას ამ ალბომს რომ დაათვალიერებს!წარმატებები,სოფი!:)
ძალიან კარგი იდეაა! დარწმუნებული ვარ, არნახული სქრეფბუქი გამოგივა! :)
სოფი, უკვე ორი-სამი წელი იქნება შენს ბლოგს ვკითხულობ. პრაქტიკულად, არცერთი პოსტი გამომიტოვებია და ამავდროულად, არც კომენტარი დამიტოვებია ოდესმე. აგრეთვე, NOT FAIR! :) ახლახანს, ბლოგი შევქმენი და გავაცნობიერე, რა დიდი მნიშვნელობა აქვს ბლოგერისთვის კომენტარებს _ კარგი იქნება ისინი თუ ცუდი. მოკლედ, იმის თქმა მინდოდა, რომ ჩემთვის იმდენად ახლობელი ხარ მთელი შენი სამყაროთი, ახლობელი ადამიანებით თუ მსოფლმხედველობით, ვერც კი წარმოგიდგენია (და ასე ალბათ კიდევ ძალიან ბევრი შენი სხვა მკითხველისთვის). თბილი სხივი შემოგაქვს ჩვენს ცხოვრებაში. მართლაც მზიანი გოგო ხარ და მზიან ცხოვრებას გისურვებ, სოფი! შეიძლება სხვა კომენტარი არც აღარასდროს დავტოვო ბლოგზე, მაგრამ რატომღაც მინდოდა, რომ გცოდნოდა _ შენს ბლოგს ყოველთვის წავიკითხავ.
მეც ვაპირებ სკრეპბუქის გაკეთებას და ვერ დავადგი საშველი :)) სასიამოვნო საქმე გელის წინ :)
@nobodyt, რა კარგია, რომ მიჰყვები გეგმას, მე ყოველთვის მიჭირს და მეშინია გეგმების.
გარდატეხის ასაკი კი არ დაგეწყო, პირიქით, ძალიან გაიზარდე ალბათ და უფრო კარგად ხედავ და აფასებ ყველაფერს, ვიდრე მანამდე. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვარწმუნებ ჩემს თავს და ვინ იცის, იქნებ, მეც გარდატეხის ასაკში დავბრუნდი.
დიდი მადლობა!!!
@თორნიკე, ჯერ რამდენიმე წელი, ალბათ, დამალული მექნება, რომ არ "შემიჭამოს", ახლა ყველანაირი წიგნის ღეჭვა მოსწონს და მერე გაუხარდება ნამდვილად :))))
@თინიტა, ამენ!
@geoblonde, დიდი მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის. შენს ბლოგზეც ხომ მოგწერე, მიხარია, კომენტარი რომ დამიტოვე და ასე შენი ბლოგიც ვიცი უკვე. კარგად წერ და სიამოვნებით წაგიკითხავ ამიერიდან.
@ბაბისა, ხო, რა ძნელია თავის მოყრა ყველაფრისთვის და გაკეთება რა :|
სკრეპბუქი და ეს ბლოგი – შესანიშნავი საშუალებაა, რომ უკვე დიდმა ეზრამ გაიგოს, რა ხდებოდა მის ირგვლივ იმ დროს, რომელიც არ ახსოვს :)
@ქეთი, მეც ასე მგონია და იმედია, ასეც იქნება :)
Post a Comment