Wednesday, March 6, 2013

საშუალო კლასის ოთხშაბათი

ალბათ, ადამიანს რომ შეეძლოს, ყველაფერს უფასოდ მიიღებდა. აი, გაცემაზე დარწმუნებული არა ვარ.

საშუალო კლასის (=ჩემი) სიბრძნეებიდან


'Gimme your money, b***'

რამდენიმე თვის წინ ვწერდი, თუ გახსოვთ, საქართველოს საკონსულოზე, რაღაც საბუთი რომ მჭირდებოდა, ვრეკავდი და არავინ მპასუხობდა. მერე თვითონ დამირეკეს კვირადღეს და გამაოცეს. მოკლედ იმ ზარის და ჩვეულებრივი ცხოვრებისეული სასწაულის წყალობით, ისე მოხდა, რომ ყველაზე ჭკვიანი ფეხმძიმე გოგო გავიცანი.
საქმე იმაშია, რომ იმ საბუთის გაკეთებას აქამდე თავი ვერ მოვაბი.
ერთი ცნობის აღებას, თითქმის, ნახევარი დღე უნდება და მე თან ამ დროს ეზრას დღის რეჟიმს უნდა შევუთავსო ყველაფერი, რომ გამოიძინოს და დროზე ჭამოს კიდეც. რაც ამ ბოლო დღეებში სასწაულად აერია.
გუშინ ვიყავით Bürgeramt–ში, რასაც ალბათ სამოქალაქო სამსახური თუ რეესტრი ჰქვია ქართულად. ეზრას ბებიაც წამოგვყვა, რომ გავერთეთ, ყოველთვის დიდი რიგებია ხოლმე. ეზრას კიდევ უყვარს დიდი რიგები და რაც მეტი "მაყურებელია", მით უფრო მაიმუნობს. ახალგაზრდებს აქ ბავშვები არ აინტერესებთ, სამაგიეროდ 45–ს ზემოთ ასაკის ქალებს თავისი რიგიც კი ავიწყდებათ და ეზრას ეთამაშებიან. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ისეთი მშობლები არ ვართ, ბავშვები რომ ყველგან დაჰყავთ და ნებისმიერ გამვლელს შეუძლიათ მიაჩეჩონ, ეზრა მაინც ისეთი სასწაულად სოციალური ბავშვია, ვინ დაიჯერებს, მისი დედა დიდხანს რომ არავის ანახებდა.

არიან, მაგალითად, ლამაზი ბავშვები, ისეთები, პამპერსის რეკლამის: ფუმფულა ბურთები, თეთრი, ქერა ან ჟღალთმიანი კულულები რომ აქვთ და აფახულებენ თავის დიდ ცისფერ თვალებს. ეზრა ყველაფერ ამის საპირისპიროა =)) ჭამა არ უყვარს, სულ მოძრაობაშია და შესაბამისად, არც ფუმფულაა; თეთრი კია, მაგრამ ქერა თმა არ აქვს, ანუ თმა ჯერ, საერთოდ, ძალიან ცოტა აქვს :)) თვალებიც უცნაური ფერის უხდება დღითიდღე, მუქი ლურჯი ჰქონდა თავიდან, მწვანეში გადასული და ახლა თაფლისფერისკენ შეეცვალა. სარეკლამო ბავშვი არ არის, მაგრამ ოჰ, ისეთი ყურება იცის, მერე უცებ გაიცინებს და მთელი მსოფლიოს სევდას და ღრუბლებს ისე გადაყრის, როგორც იტყვიან, you just can't resist.
[ნამდვილი აჟიტირებული დედასავით ვწერ, მრცხვენია ცოტა]

სინამდვილეში, პოსტის მთავარი არსი იმაშია, რომ საკონსულო ძალიან ბევრ საბუთს თხოულობს. შესაბამისად, ყველა ცნობის აღებისთვის რაღაც თანხაა საჭირო, პლუს გადათარგმნა, აპოსტილი, დამოწმება და ისე გამოდის, რომ ხელფასიდან მნიშვნელოვან პროცენტს სახელმწიფო ორგანოებს უხდი, თითქოს ისე ადამიანს ნაკლებად გიწევდეს გადასახადების გადახდა.
ხო, ვიცი, რომ სხვანაირად სისტემა ვერ იმუშავებს და ყველა ერთმანეთს კვებავს, ხელს უწყობს, მაგრამ საშუალო კლასმა (=მე) რა ქნას, ვისთვისაც, ვითომ, არცთუ ისე დიდი თანხა ხელს უშლის ამაზონიდან მეტი წიგნის გამოიწეროს, ივ როშეს თავი დავანებოთ, მგონი, ამისგან ნელ–ნელა ვიკურნები.

ამ ყველაფერთან ერთად უგო ჩავესი მოკვდა. ვის შევჩივლო?

სხვა ყველაფერი კარგადაა. ლაიპციგში ისეთი მზეა უკვე მესამე დღეა, გინდა, ყველაფერი ზედმეტი გაიხადო და ველად მზეზე გაიჭრა.

Happy Wednesday, loves!

5 comments:

Tina Nadiradze said...

აჰ, ეს ფოტო! :)

ერთხელ მუზეუმის წინ ვიდექი რიგში. ერთ საყვარელ ბავშვს დავუწყე თამაში. (მშობლებმა გაიყვეს ბავშვები, სულ თოთო დედამ წაიყვანა, წინ იდგა რიგში, და მამამ უფროსი დაიტოვა) ბავშვს ძალიან გაუხარდა და იქამდე მივედით, ერთმა დარბაისელმა ასაკოვანმა ქალმა მითხრა: How old did you say you are? :))))

საერთოდ, არცერთ სიტუაციაში არ შემიძლია ბავშვი დავტოვო უყურადღებოდ.

Sophie שרה Golden said...

@თინიტა, რა კარგი ხარ. არც მე მესმის, როგორ შეიძლება ბავშვს ყურადღება არ მიაქციო და არ ეთამაშო. თან როცა ბავშვი ყურადღებას გაქცევს და შენთან თამაში უნდა.
აქ კი, პირიქით, ასაკოვანი ქალები უფრო ეთამაშებიან ბავშვებს.

Anonymous said...

სოფი, ისეთი მადლიერი ვარ როდესაც გაგახსენდები ხოლმე, რომ სიხარულისგან მართლა ვგიჟდები და იმ დღეს მიფერადებ.
სამწუხაროდ, მე და ჩემი მეუღლე როგორც იცი თბილისში დავბრუნდით, თორემ უდიდესი სიამოვნებით შევეცდებოდით დაგხმარებოდით ბიოროკრატიული სიძნელეების გადალახვაში, რაც ასე ძალიან ახასიათებს ჩვენს საკონსულოს გერმანიაში.
ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებ.

პ.ს მე კიდევ ორსულად ვარ, აგერ უკვე 40 კვირა დაიწყება 2 დღეში და მოთმინების ფიალაც მეწურება... :)))

Sophie שרה Golden said...

@nobodyt, ძალიან მიხარია, რომ ასეა, თავის დროზე შენც ზუსტად ასე გამახარე და მთელი დიდი პერიოდი გამიხალისე.
საკონსულოს მხრიდან დიდი სიძნელეები არ არის, უბრალოდ, იმდენი ცნობაა საჭირო სხვადასხვა გერმანული Amt–ებიდან თავისი გადათარგმნა–აპოსტილ–დამოწმებებით, რომ ეს მღლის.
უხ, ბოლო კვირები სასწაულად დამღლელი უნდა იყოს, ალბათ; ეზრას 40 კვირამდე არ მოუცდია. შენი პატარა გოგო ძალიან საყვარელი და ჭკვიანი იქნება.

Keti said...

დიდხანს რომ არავის აჩვენებდი, მგონი ეზრა დანაკლისს ინაზღაურებს :))
გადასახადები მკლავს, თუ წელს მწყვეტს. ყველგან ერთნაირი პრობლემებია :/