Tuesday, March 12, 2013

ჟ, ინდაური ლავაშით და თოვლი, ან პირიქით

ასე მგონია ეს ზამთარი არასოდეს დასრულდება. ისევ ყინვები და თოვლია აქ, მეორე დღეა თოვს და მე აღარ შემიძლია. მომბეზრდა სააბაზანოში გამშრალი სარეცხი, მომბეზრდა ძველი გერმანული ბინების დაორთქლილი ფანჯრები და კიდევ უფრო ჩაჟამებული სახეები.


წუხელ ღამით ვიჯექი და ნუტელას ვჭამდი, მანამდე, ვახშმად, შემწვარი კარტოფილი და თევზი გვქონდა არაჟნით. ეს არაჟანიც რა საზიზღარი სიტყვაა. ჟ – ასო არ მომწონდა არასოდეს.

 

ისე მგონია, ძალიან ბებერი ვარ და შეუფერებელი PMS მაქვს, უფრო სწორად, პ(ოსტ)მს.

19:19 საათია, ახლა დავხედე უცბად. ადრე მიყვარდა, როცა საათს დავხედავდი და ასეთი დრო იყო, რამეს ჩავიფიქრებდი და ვითომ, ამისრულდებოდა. Yeah, right.

მზე ისე მჭირდება, ვით უბინაოს ყოფნა ბინაში, ოსტაპ ბენდერის არ იყოს, გალაკტიონს რომ არ დაეწერა, მე დავწერდი ამ სტრიქონს.
გუშინ საზაფხულო სარაფანი ვიყიდე :| გამყიდველმა ღიმილით მითხრა, ნელა, მაგრამ გაზაფხული მაინც მოდისო, ხო... ასე როცა ცივა ხოლმე, აუცილებლად მჭირდება მზის და გაზაფხულის ერთი ნაგლეჯი და ამ შემთხვევაში ეს ნაგლეჯი ჩემი ახალი ნაცრისფერი სარაფანი აღმოჩნდა, უწვრილესი ვარდისფერი წერტილებით, თუ ყვავილებით.

[ეზრა კიდევ უკვე 11 თვისაა.
11.
გული მიჩქარდება, მალე ერთი წლის უნდა გახდეს და კიდევ უფრო ვღელდები, მისი გაჩენის მომენტი და შეგრძნებები რომ მახსენდება. უცნაური ისაა, ყველაზე გულისამაფანცქალებლად სულ სხვა რამ მახსენდება: სახლში რომ დავბრუნდით სამშობიაროდან, ეზრამ დაიძინა, მე სხვა ოთახში გავედი და ისეთი სიცარიელე ვიგრძენი სხეულში, არ ვიცოდი, რა მექნა. მაშინ მივხვდი, babyblues რა ყოფილა. ისე ეჩვევი მთელი 9 თვე სავსე რომ ხარ, მერე აღარ იცი რა ქნა და თავიდან ვერაფერს უგებ პატარა რბილ არსებას, უკვე ცალკე პიროვნება რომ გამხდარა.
ახლა წელიწადი რომ ახლოვდება, ყველა ემოცია ცოცხლდება იმდენად აშკარად, რომ ცოტა მეშინია კიდეც.]

ერთი ავსტრალიელი გოგოს ბლოგს ვკითხულობ, ადრეც ხომ გითხარით, ახლა პოსტპარტუმ დეპრესია აქვს და თან ისრაელშია სამოგზაუროდ ქმართან და 14 თვის შვილთან ერთად.
ეს გოგო იმიტომ გამახსენდა, რომ კარგად წერს და ჭკვიანია ძალიან, სურათებს იღებს ლამაზად და ავსტრალიელია, ჩემი ოცნების ქვეყნიდან. თან ეზრას ტოლი ბიჭი ჰყავს და იმასაც ებრაული სახელი ჰქვია. თან ისეთი გოგო უნდა იყოს, მზე რომ უყვარს ჩემსავით და გემრიელად ჭამა.

მართლა, დღეს სადილად ინდაურის ხორცი გვქონდა ლავაშით :) ლავაშს ვეძახი მე, უბრალოდ ფქვილს წყლით ვზელ და პიცის ცომივით უთხელესად ვაბრტყელებ, მერე ღუმელში ვაცხობ 200 გრადუსზე. მანამდე ინდაურის მოხარშულ ხორცს წვრილად ვფლეთ, ტაფაზე ვხრაკავ ხახვთან და ტომატთან ერთად (+ყველანაირი ქართული სუნელი, რასაც ვიპოვი) და ამას ვახვევთ ზემოხსენებულ ლავაშში. უგემრიელესია. აღმოსავლურარომატიანი.

ახლა თქვით, სადმე თუ გინახავთ ასეთი ჰოლდენკოლფილდური ბლოგი/პოსტი, სადაც ადამიანი ამინდზე წუწუნით იწყებს, მერე პოეზიას გამოურევს, ცოტას ეზრასა და ბეიბიბლუზზე დაწერს, ბოლოში კი ავსტრალიელი გოგოს ბლოგზე მოჰყვება, რომელსაც ინდაურის ხორციანი ლავაში დაასრულებს?

13 comments:

Tina Nadiradze said...

http://img802.imageshack.us/img802/1336/img0472lx.jpg

მცირეოდენ გაზაფხულს გიგზავნი თბილისიდან! :)

Sophie שרה Golden said...

მადლობა ტინიტა <3 ეს მზიურშია?

Tina Nadiradze said...

YESS !!! :) მალე დამდგარიყოს შენი ახალი კაბის ამინდი! :)

kuda said...

ახლა წარმოიდგინე, რომ მთელი პოსტი ამინდზე ან ინდაურზე დაგეწერა, ივარგებდა? არა :) :*
აქეთ უკვე გამოზაფხულდა, თხელ ქურთუკზე გადავედი.

Sophie שרה Golden said...

@ტინიტა, ამენ!!! :დ

@ნათი კუდა, ჰაჰა, რა ვიცი, ზოგის ვარგა ხოლმე მხოლოდ ინდაურზეც =))) რა კარგია გაზაფხული.

თორნიკე said...

არაჩვეულებრივი წერილია,რომლის წაკითხვის შემდეგ სერიოზულად დავფიქრდი რომელი დრო მიყვარს ყველაზე მეტად.მივხვდი,რომ განწყობის მიხედვით ვარჩევ რომელი დრო მინდა,რომ იყოს.ზოგადად კი მაინც ნისლიანი შემოდგომა მიყვარს ალბათ,რადგან სიმყუდროვე და სიმშვიდე მოაქვს.გუშინ თბილისში ცხელოდა...დღეს ქარიანი ამინდია.ასეთი ცვალებადი და ქაოსური დღეები არ მიყვარს,მაგრამ ჩემი დღევანდელი ფიქრების და განცდების ლოგიკური გაგრძელებაა.:)ეზრას,სალამი და მოკითხვა!:)

Unknown said...

mominda indauri lavasshi :D

Anonymous said...

მე ყ არ მიყვარს მასე. ალბათ, გასაგებია, რატომაც. ყოველთვის უხერხულად ვგრძნობ თავს რაღაც კონკრეტული სიტყვების გამოთქმისას )))

irina iri said...

მე მომწონს და ყოველთვის ვკითხულობა სოფი შენს ბლოგს და მსიამოვნებს ამიდის წუწუნით დაწყებული და ეზრას ამბებით დამთავრებბული ამბები, ბედნიერი მომავალი ჰქონოდეს შენს პატარას.

Sophie שרה Golden said...

@თორნიკე, რა ლამაზად ჩამოაყალიბე შენი განწყობა ამინდის მიმართ, პოსტზე ბევრად ლამაზად, მადლობა.

@ანუშკა, აუ ხო გემრიელია ძალიან.

@geoblonde, არადა ყ ბევრ ლამაზ სიტყვაშია - ყვავილი, ყაყაჩო, სიყვარული და კიდევ მილიონი და აი ჟ ნერვებისმომშლელია, თუმცა არა, ჟუჟუნა წვიმა <3

@ირინა-ირი, რა კარგია, მიხარია ძალიან, დიდი მადლობა.

unaamarga said...

ამ ბოლო დროს მივხვდი, რომ ჩემი ყველაზე საყვარელი ასოა - ყ(ყოველგვარი ბინძური კონტექსტის გარეშე), უცხოელები რომ ასე მწარედ იმტვრევენ ენას! :):)

Keti said...

მე კიდევ მომეწონა ეს მარტის ამინდივით პოსტი :)
დილას ვფიქრობდი, დღე რომ გადიდდა და მზემაც ცოტა მეტად გამოიხედა, უკეთ ვარ–მეთქი. მეც ისე მჭირდება მზე. არასდროსაა მეტი. ზამთრის გარეშე ბევრად კარგად ვიქნებოდი :)

Sophie שרה Golden said...

@უნაამარგა, ძალიან ლამაზი ასოა ყ, იშვიათი და ჟღერადი :)

@ქეთი, მიხარია, პოსტი რომ მოგეწონა. მზე არასოდესაა ზედმეტი, ლამაზი ფუმფულა თოვლი როცა დევს და უცებ მზე გამოანათებს, მაშინაც კი :)