აქ ისევ ცივა და თოვლია. კიდევ უფრო ცივა, ვიდრე ზამთარში. მთელი ზამთარი ერთი ჯემპრი მყოფნიდა და გუშინ მეორეც ჩავიცვი ზემოდან. ეზრას კიდევ ხელები ძლივს გავუთბე.
გუშინ განწყობაც საშინელი მქონდა, დაუსრულებელ ზამთარში მოხვედრილი ადამიანის, რომელსაც ჰგონია ამდენი სუფთა, თოვლიანი ჰაერით ფილტვები ეყინება და ნელ–ნელა მაღალი, გამხდარი და ქერათმიანი "არიელი" ხდება ;)
თან ყავა გაგვითავდა გუშინ და ვერ მოვახერხეთ ყიდვა, ამანაც იმოქმედა. მიუხედავად იმისა, რომ დღეში ლამის 7 ჭიქამდე ჩაის ვსვამ, თუ ერთხელ მაინც არ დავლიე რძიანი ყავა, ის დღე საშინლად იწელება და იღრუბლება.
მომავალ ორშაბათ საღამოს უკვე პესახი/პასექი დაიწყება და ჩვენ ნელ–ნელა ვემზადებით. პესახი ერთ კვირას გრძელდება და მთელი ამ დღეების განმავლობაში პურეული ნაწარმის მიღება არ შეიძლება, ასევე სახლშიც არ უნდა გქონდეს პური, ნამცხვარი, ფქვილი, ხორბალზე დამზადებული ალკოჰოლური სასმელები და ა.შ. წლების წინ, მგონი, დეტალურად უნდა მქონდეს დაწერილი, აღარ მახსოვს. პესახი ის დღესასწაულია, რომელიც ებრაელების ეგვიპტის მონობიდან გათავისუფლებას აღნიშნავს. ღმ–ერთმა ძალიან სპონტანურად გაუშვა ებრაელები ეგვიპტიდან და მათმა პურმა აფუება ვერ მოასწრო, ამიტომაც გახდა მაცა – უფუარი პური – ამ პერიოდის საკვები.
მაცასა და ებრაელებზე რომ სასწაული ჭორები დადის საუკუნეებია, ალბათ თქვენც გექნებათ გაგონილი (თუმცა, დარწმუნებული ვარ, ჩემს ინტელექტუალურ მკითხველებს სასაცილოდაც არ ყოფნით). ვითომ მაცაში რომ ქრისტიანების სისხლს ურევენ და ასე აცხობენ. ეს საშინელი ჭორი ერთმა ძალიან ახლობელმა ადამიანმა ისე მითხრა, აშკარად მომესმა მის ხმაში, რომ სულ ოდნავ სჯეროდა, რასაც ამბობდა. მერე ავუხსენი კოშერი/ქაშრუთის წესები, რომ ჩვენთვის ცხოველის სისხლიანი ხორციც კი მიუღებელია, არათუ ადამიანის.
ეს "ლეგენდა", რამდენადაც ვიცი, ევროპელი ანტისემიტების მოგონილია შუა საუკუნეებში, რომელიც საკმაოდ ეფექტური იყო ხოლმე, განსაკუთრებით, აღდგომის წინაპერიოდში (ზუსტად პესახზე) და შემდეგ ნელ–ნელა აღმოსავლეთშიც გადმოინაცვლა. საქართველო რომ ყოველთვის სასწაულად ტოლერანტული იყო ებრაელებისადმი, იქაც სადღაც მე–18 საუკუნის ბოლოს ქუთაისში მოხდა შემთხვევა, რომ ერთ ებრაელ კაცს ქრისტიანი ბავშვის მოკვლა დააბრალეს. შემდეგ, მსოფლიოში ერთადერთი პრეცედენტიც აქ მოხდა, სასამართლო ჩატარდა და ის კაცი გაამართლეს, რადგან გამოძიებამ დაამტკიცა, რომ ბავშვი მდინარეში ჩავარდნილიყო. პრეცედენტი იმიტომ, რომ არცერთ სხვა ქვეყანაში შეუწუხებიათ თავი სასამართლო პროცესებით და მაშინვე სიკვდილით სჯიდნენ ებრაელებს და არა მხოლოდ ერთს, ვითომ დამნაშავეს, არამედ ყველას, ვისაც მასთან კავშირი ჰქონდა.
როგორც უმეტეს შემთხვევაში, ევროპაში დიადი ვატიკანი და მისი პაპ–კარდინალები იყვნენ ასეთი ჭორების გამავრცელებლები და სამწუხაროდ, ხშირად ისეც ხდებოდა, წმინდა ეკლესიის მსახურები ხოცავდნენ გლეხების ბავშვებს და მერე ებრაელებს აბრალებდნენ. ებრაელების იმდროინდელ უუფლებობას თუ გავიხსენებთ, ძნელი არ იყო მათი დამნაშავეობად ცნობა და სიკვდილით დასჯა.
არა, ეს საშინელი ისტორიები რატომ გავიხსენე, არ ვიცი, ანასთვისაც ჰამანის ყურების რეცეპტი უნდა დამეწერა მხოლოდ.
ესე იგი:
1/2 ჭიქა მარგარინი (1 ჭიქა = 250 მლ)
1 ჭიქა შაქარი
1 დიდი კვერცხი
1/3 ჭიქა ფორთოხლის წვენი
1 ჩაის კოვზი ვანილი
3 ჭიქა თეთრი ფქვილი
2 ჩაის კოვზი baking powder, რომელსაც მე ვთარგმნი "საცხობ ფხვნილად", ამის მაგივრად შეიძლება 1,5 ჩაის კოვზი ჩვეულებრივი სოდა
1/2 ჩაის კოვზი მარილი
მარგარინს მიქსერის საშუალო სიჩქარეზე ვთქვეფთ, სანამ კრემივით არ გახდება. ნელ–ნელა ვუმატებთ შაქარს და კარგად თქვეფას ვაგრძელებთ. ვუმატებთ კვერცხს, ფორთოხლის წვენსა და ვანილს.
ცალკე (ღრმა თეფშში, ჯამში) ერთმანეთში ვურევთ ფქვილს, საცხობ ფხვნილს/სოდას და მარილს და ცოტ–ცოტას ვურევთ მარგარინის მასაში, რაც აქამდე გავთქვიფეთ. ცომი უნდა იყოს რბილი, მაგრამ კარგად იკვრებოდეს გუნდად. ვახვევთ პოლიეთილენში და ვდებთ მაცივარში მინიმუმ ნახევარი საათით (შეიძლება ორი დღით ადრე გააკეთო ცომი და მერე გამოაცხო, უფრო გემრიელი გამოდის).
გაციებულ ცომს თხლად ვაბრტყელებთ დაფაზე, სადღაც 3–4 სმ–ის სისქეზე და მინის ჭიქით რგოლებს გამოვჭრით.
ამ რგოლებს სულ ოდნავ ვაბრტყელებთ და ცენტრში ვუდებთ 1/2 ჩაის კოვზ ნებისმიერ ხილფაფას/ჯემს. ვაძლევთ სამკუთხედის ფორმას და ვაწყობთ გამოსაცხობ ლანგარზე (მომიტევეთ, თუ მხოლოდ ძალიან ანტიკური სიტყვები მახსენდება).
ღუმელს ვაცხელებთ 175–180 გრადუსზე და "ყურებს" ვაცხობთ 20 წუთი, რომ ძალიან არ გამოშრეს და არც გამოუცხობი დარჩეს.
Bon appetit!
ყვავილების ლათინური სახელების შესწავლა
4 weeks ago



6 comments:
უყავო დღე მართლა ვერაა კარგი! :) მეც როგორ მიყვარს რძიანი ყავა! ჩაისაც სიამოვნებით გეახლები, უფრო მწვანეს. ჩვენთან "ჩაიმანიაა" მაღაზიების ქსელი და გერმანიიდან ჩამოაქვთ ასაწონი ჩაი, სულ ნაირ–ნაირი.
ეჰ, ქუთაისში იყვნენ თუ იყვნენ ებრაელები! სულ გამოჩენილი ხალხი იყო, ცენტრალურ უბნებში, საკუთარ სახლებში ცხოვრობდნენ, ექიმები, ადვოკატები ... დამოუკიდებლობის პირველ წლებში ქალაქის მოძველებული სატელეფონო სისტემის განახლება დააფინანსეს...თვითონ მასიურად წავიდნენ ისრაელში გაჭირვების წლებში და იქედან ეხმარებოდნენ ახლობელ ქართულ ოჯახებს! ქუთაისში ხუმრობდნენ, ახალი წასული ებრაელები ამბობენო, აქ არაფერი არ გვიხარია, წყალიც გვაქვს, შუქიც და გაზიცო. მანდ შუქი რომ მოვიდოდა, ზეიმი გვქონდაო :)))
რეზო გაბრიაძის სპექტაკლშია ("ჩემი გაზაფხულის შემოდგომა") ერთი ძალიან მაგარი პერსონაჟი, ქუთაისელი ებრაელი. რომ გაიგებს, ახლობელს უჭირს, აგერ ერთი თხა მყავს და წაიყვანეო, ეუბნება. ჩვენი ერების მეგობრობა მემგონი ძალიან იშვიათი და მისაბაძია მსოფლიოსთვის.
ბოლომდე რომ გაგამხიარულო, გაგახსენებ SATC ერთ ეპიზოდს. თუ გახსოვს, შარლოტა რომ მოექცევა იუდაიზმზე და ყველაფერს გულდასმით სწავლობს. მერე რომ დიდხანს ამზადებს შაბათის სადილს. ჰარი რომ მოვა და ცალი თვალით ბეიზბოლის მატჩს უყურებს... შარლოტა თვალდახუჭული მღერის დასალოც საგალობელს და რომ შეამჩნევს, ჰარი ტელევიზორს უყურებს, გაცეცხლდება და ეტყვის, იცი შენ, ამ მაცას რამდენხანს ვაცხობდიო? ამ კვირაში ყოველდღე დავდიოდი სპეციალურ მაღაზიაში და სამჯერ გამოვაცხვე მაცა, რომ საჭირო ზომის გამოსულიყოო. :)))) ჰარი რომ გადაირევა და გაიქცევა :))))
რა რთულია ამ ტრადიციების ზედმიწევნით დაცვა, ალბათ
ეს პროდუქტები მიზანმიმართულად უნდა გახარჯო პასეხამდე, თუ გადაყარო უნდა?
ეს ყურები ძაან მიმზიდველად გამოი-ყურებ-ა :)) მითუმეტეს ჩემთვის, ყველა ტკბილეული რომ ავკრზალე და სამაგიეროდ მათ ლამის სიზმარში ვხედავ :)))
sofii ugrmesiii madloba!! Ise megemrieleba, vegar vitmen rodis gavaketeb da suratsac mogawodeb rogori gamomiva))) chavamtavreb tu ara iki kviras gamocdebs, davikapiweb xelebs da davepatronebi samzareulos!)))
P.s ra cudia ase rom civa, arc aket gamotba wesierad( yvelaze metad ezras gayinulma tatebma shemawuxa, sayvareli burtula(( amas winat parizi maxsendeboda da menatreboda , magram yinva yinvaa( ianvarshI viyavi da yinvisgan guli micherdeboda..(( imedia male gamotbeba yvelgan) bednier pasexs gisurveb sofi:*
@ტინიტა, კი ქუთაისში ნამდვილად ბევრი ებრაელი ცხოვრობდა საუკუნეების მანძილზე. დღემდე ასეა, ჯერ არ მინახავს საქართველოდან წასული ებრაელი, რომელსაც საქართველოს ოდნავ ცუდად მაინც გახსენებოდეს. არსად უგვრძნიათ ებრაელებს თავი სამშობლოში, საქართველოს გარდა და დღემდე ასე მიაჩნიათ/მიგვაჩნია – შეიძლება პათეტიკურად ჟღერს და ჩემს ევროპელ ებრაელ მეგობრებს დაუჯერებლადაც მიაჩნიათ, მაგრამ ასეა.
"მიმინოშიც" გახსოვს ის მომენტი "თელავი – თელ ავივზე"? :)
სიმართლე გითხრა სულ რამდენიმე სერია მაქვს ნანახი და ვერაფრით ჩამითრია =)) ეგ ეპიზოდი არ მინახავს.
@ბაბისა, კი, ხშირად რთულია და თან თანამედროვე სოციუმში რომ ცხოვრობ, ისეთი ეჭვები გიპყრობს, აღარ შეგიძლია, მაგრამ მერე გახსენდება, რომ შენი მთავარი პრინციპი ცხოვრებაში რაღაც წესის მხოლოდ დაცვა კი არა, ადამიანობა და კეთილად ცხოვრებაა. ხოდა მერე ყველაფერი იოლდება :)
ცომეულ–პურეული ნაწარმი უნდა გახარჯო და რასაც ვერ "მოერევი", ყრი. ჩვენ უკვე მოვერიეთ და დღეს უკვე სახლში არაფერი ცომეული აღარ გაგვაჩნდა და სამზარეულოს კარადებს მილიონჯერ ვაღებდით, რამე რომ გვეპოვა. ხომ იცი ეს მომენტი, მაცივარს და ან ტკბილეულის უჯრას მილიონჯერ რომ აღებს, მიუხედავად იმისა, კარგად იცი, იქ არაფერი აღარ დაგხვდება =))
ყოჩაღ, გაუძელი აუცილებლად, იმიტომ რომ მერე ინანებ. მე დღემდე ვნანობ, რომ ბევრ ცდუნებას ვერ გავუძელი ორსულობისას და დღემდე ვერ დავბრუნებულვარ ძველ ფორმაში.
@ანა, არაფრის. ისიამოვნე!!! აუცილებლად მომაწოდე სურათი, ძალიან მაინტერესებს, როგორი გამოგივა. თუ პირველად ისეთი არ გამოგივა, როგორიც სურათზე ჩანს ან რაღაც შეგეშლება, არაფერია, მე რამდენიმე ცდა დამჭირდა, რომ ლამაზი, ფაფუკი და გემრიელი "ყურები" გამომეცხო.
ხო, როდის დათბება, უკვე მგონია მარადიული ზამთარი დადგა, გლობალური დათბობის მაგივრად :(
წარმატებებს გისურვებ გამოცდებში!!!
სოვიეტ უნიონ, ტე-ლა-ვი! :) ხიდი ააშენესო, რომ ეკითხება :)))
მადლობა სოფი :*ნუ როგორც ყოველთვის დედასაც დავიხმარებ და იმედია გამომივა, გამოგიგზავნი სურათს :* <3
Post a Comment