
დღეს ბერლინში ისეთი ამინდია, როგორიც თბილისში იყო მთელი ამ კვირების განმავლობაში. საშინლად ცივა და გადაუღებლად წვიმს. ხან ქარი დაუბერავს გიჟივით და წვიმაც წყდება. ზუსტად ასეთ დროს დავაპირე გასეირნება. ისე შემცივდა და გული დამიმძიმდა, რომ ორი ნაბიჯი გავიარე და უკან დავბრუნდი.
ამინდი ჩემზე იშვიათად, მაგრამ მაინც მოქმედებს. ასეთ ამინდში მგონია ხოლმე, რომ რაღაც ცხოველი ვარ, რომელიც ძალით გამოაგდეს თავისი ბუნაგიდან და ადამიანად ყოფნა უბრძანეს.
Bat For Lashes-ს ვუსმენ, უხდება წვიმას და ქარს. გალაკტიონის ლექსს ვიხსენებ წვიმაზე, ქარზე და ოთახში ისეთი სიმშვიდეა, მგონია, მთელი სამყარო ეტევა.
ახალი ოთახის მეზობელი მყავს. გამოიცანით, ვინ? :) უფრო სწორად, როგორი... მსოფლიოში ყველაზე ფორთოხლისფერი გოგო ლიორა, რომელიც შარშან ნოემბერში გავიცანი და ისე ვაშტერდებოდი თმაზე, გაკვირვებული მიყურებდა და რაც შეეძლო, შორს "გარბოდა" ჩემგან. მერე ფეისბუქიდან დავმეგობრდით. ისიც, ჩემსავით, ახლა ჩამოვიდა სხვა ქალაქიდან და სურვილი გამოთქვა, ჩემს ოთახში ეცხოვრა. მე მარტო ცხოვრება მიყვარს, you know, ჩემებური "ხუშტურები" მაქვს და ამიტომ, სხვებს, ყველას, უარს ვეუბნებოდი. ამ გოგოს ვერ ვუთხარი, იმდენად მშვიდი, თბილი და წითელთმიანია; არა, წითელთმიანი მე ვარ, ეს პირდაპირ ფორთოხლისფერთმიანია, ასეთივე ჭორფლებით და პაჭუა ცხვირით, ოღონდ პეპის კი არა, ანდერსენის რომელიმე ზღაპრის გმირს უფრო ჰგავს.
კიდევ ერთი საყვარელი გოგო სწავლობს ჩვენთან, მეირა, რომელიც მარტო საღამოობით მოდის ხოლმე. დღეს საღამოს არ გვქონდა გაკვეთილები, არ სცოდნია და მოვიდა გაწუწული, გათოშილი. შემოვიდა კლასში და მარტო მე ვიჯექი ჩემს კომპიუტერთან, ლამის ტირილი დაიწყო. ისეთი დედობრივი ინსტინქტები გამიჩნდა, მეთქი, წამოდი ახლავე, ჩაი დავლიოთ. გავედით სამზარეულოში, გემრიელი ლიმონიანი ჩაი დავლიეთ და სასიამოვნოდ ვისაუბრეთ.
ასეთი პატარა რაღაცები როგორ მშველის, იცით? დღეს კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ სხვებზე ზრუნვა და გახარება მასულდგმულებს. ცხოვრებაში საკმაოდ ბევრი რაღაც მაქვს ნანახი და ხშირად ძალიან რთული რაღაცებიც გადამიტანია და მაშინ არც ჩაი დაულევინებია ვინმეს ჩემთვის და არც - ერთი წუთი გამოუყვია სასაუბროდ. ამ ყველაფრის შემდეგ, მე თვითონ მივხვდი, რომ არასოდეს მოვექცევი სხვებს ისე, როგორც მე მომექცნენ ოდესღაც. ყურადღებას მივაქცევ, ჩაისაც ავუდუღებ და მერე ჭიქასაც გავურეცხავ. ამიტომ, თუ ოდესმე ვინმე ქართულ სტუმართმოყვარეობაზე ცუდს იტყვის, თვალით არ დამენახოს. სტუმართმოყვარეობა ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა ადამიანში და მე ჯერ კიდევ ვსწავლობ, როგორ ვიყო კარგი მასპინძელი.
ვინც რა უნდა თქვას (ჩემი თავის ჩათვლით), დღეს ვიგრძენი, რომ სამყარო ჩემთვის შეიქმნა, ასეთი ამინდიც იმიტომ გამოვიდა და დილით მარტოობას იმიტომ ვგრძნობდი, რომ მერე იმ საყვარელი გოგოსთვის მიმეცა მთელი სითბო და ღიმილი, რაც "მაწუხებდა". სასწაული შეგრძნებაა. თქვენც სცადეთ.




12 comments:
გავთბი, ის ჭიქა ჩაი და სითბო ყველაზე გადმოვა, ვინც ამ პოსტს წაიკითხავს. ბედნიერებაა, როცა ცხოვრებაში ისეთი ადამიანები გხვდებიან, რომლებსაც შენი გახარება უნდათ : )
ასეთი თბილი პოსტი დიდი ხანია არ წამიკითხავს.. რატომღაც დღეს ვფიქრობდი სხვების მიმართ სითბოს გაცემაზე [ჩემსა და შენს შორის უხილავი და ჯადოსნური კავშირები გაიხსენე, სოფი :)] და გავიხსენე, მე თუ როდესმე ვინმესთვის გამიცია. ერთი პაციენტი გამახსენდა და რატომღაც, კმაყოფილების გრძნობამ შემიპყრო :)
სხვებზე ზრუნვაზე მნიშვნელოვანი არაფერია! სტუდენტობის პერიოდში ერთ გოგოსთან ერთად ვცხოვრობდი. ის გვიანობამდე მუშაობდა. ვერც წარმოიდგენ, როგორ მსიამოვნებდა ყოველ საღამოს მისთვის დალაგებული სახლის და ვახშმის დახვედრება! :) საბოლოოდ, არცთუ კარგად დავშორდით, მაგრამ ეს ნაწილი აღარაა საინტერესო.
"მთბილა" ^_^
♥ nice nice POst
აუ სოფ მაგარი ხარ ;)
შენ აუცილელად უნდა დაწერო წიგნი ადამიანების ბედნიერებაზე;) იფიქრე ამაზე.
@ ნატალია, ჩვენს უხილავ კავშირებს რა დამავიწყებს :)
@ უნაამარგა, კარგია, რომ ცუდად დაშორებას აღარ იხსენებ.
@ როდრიგო, აუცილებლად. ვფიქრობ ამაზე ;)
ფორთოხალი მომინდა :)
ძალიან გავრცელებული კომენტარია სიტყვა "მომინდა", მაგრამ ახლა მეტის მოფიქრება მეზარება :*
ფორთოხლისფერი, წითელი, ჟანგისფერი და საერთოდ, ყველანაირი მიმსგავსებული ფერის თმა ჩემი ოცნება იყო ყოველთვის...
და ყველა ასეთი ადამიანი ჩემთვის წვიმიან დღეს თბილ ჭიქა ჩაისთან ასოცირდება.
მადლობა, რომ არსებობთ!
ყველაზე პოზიტოურფერიანი სიტყვები. მე მიყვარს ეს ფერი :)
Sofush:):) ra sakvareli postia:):)dzaan mixaria rom es gogo cxovrobs exla shentan:):) dzaan sakvarelia!!! sxvebze zrunva martlac dzaan didi ramea, sofush shen es magrad gamogdis! rom chamovedi da udziluri loginze vocnebobdi am momentshi shen daxvedrebul logins araferi merchivna!! es aris namdvili stumris migebis micva!! da sxvatashoris dzaan didi madlia!!
gaixare sofush da dzaaaan mikvarxar:) Lea
დღეს კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ სხვებზე ზრუნვა და გახარება მასულდგმულებს.
ამაზე მეტი რა უნდოდეს ადამიანს, რცა მის გულში ამხელა სითბოა :*
Post a Comment