Saturday, December 18, 2010

სნობების საყოველთაო დღე

ეს გიჟური მოთხრობა (ვითომ მოთხრობაა?) თებერვალში დავწერე, თბილისში და დღემდე კაციშვილს არ წაუკითხავს. ლინტონმა შთამაგონა, გამომექვეყნებინა. ჩემს ბლოგზე უკეთეს ადგილს სად ვნახავ.


როცა 2 თებერვალი მსოფლიოს სნობების საყოველთაო დღედ აქციეს, უკვე 25 წლის ვიყავი. უმუშევარი, მარტოხელა, თმა შესაღები მქონდა, ფრჩხილები მოკლედ დაჭრილი და ინტერნეტიც ყოველ წამს მეთიშებოდა.
ჩემი ცხოვრება თებერვლიდან თებერვლამდე იცვლებოდა, მიუხედავად იმისა, რომ სნობებთან იშვიათად ვურთიერთობდი და ჩემი მეგობრობა რელიგიურ ადამიანებთან შემოიფარგლებოდა.
იმ 2 თებერვლის დილაც არაფრით განსხვავდებოდა, თუნდაც, 1 თებერვლის, ან 31 იანვრისგან. მზე ანათებდა, მაგრამ ციოდა. მაცივარში დამპალი გოგრა და არაჟანი მქონდა, მაგიდაზე - დაჭრილი ლიმონი და ჩაიდანი.
სადაც არ უნდა მიგეხედ-მოგეხედა, ვერაფერს დაინახავდი 70-იანებში აშენებული კორპუსებისა და მაღაზიების გარდა, რომლებიც ჩემი უბნის ყველა კუთხეში იყო გახსნილი. ორი-სამი დღე წაიმუშავებდნენ და მერე იკეტებოდა. მერე ახალს ხსნიდნენ და მალე იმასაც კეტავდნენ.

2 თებერვალი დიდხანს გაგრძელდა, თითქმის მთელი დღე.

ჩემი 25 წლის თავი და ტანი სტაფილოსფერ დივანზე ისხდნენ და ინტერნეტში შესვლას ცდილობდნენ. თავი დასაბანი მქონდა, მწვანე ჟაკეტი გახუნებული და ადგილ-ადგილ გამოხეული იყო, ტანზე რომ დავიხედე, ყველაფერი სტაფილოსფერი მეცვა – კუბოკრული ბოლოკაბა, ჯემპრი; ხელი რომ მედო, ის ბალიშიც კი სტაფილოსფერი იყო. შეიძლება ზოგმა ნარინჯისფერი დაარქვას, მაგრამ მე არასოდეს მინახავს ნარინჯი და არ ვიცი მისი ფერი.

2 თებერვალს მივხვდი, რომ მყავს მეგობრები, რომლებიც სინამდვილეში არ მყავს. ეს ნიშნავს, რომ უმეტესობა მათგანს მხოლოდ მაშინ ვახსენდები, როცა ჩემგან რამე სჭირდებათ, ან ნერვების დამშვიდება და თავიანთი ენერგიის ჩემთან დაცლა სურთ. ჩემზე კარგი დამცლელი კი არსად იშოვება. ჩემთან შეგიძლია ილაპარაკო ყველაფერზე, იჩხუბო, იტირო, იწუწუნო, მოიტყუო, მე არაფერს გიპასუხებ, უბრალოდ მოგისმენ და მთელი ჩემი 25 წლის ცისფერ-ნაცრისფერი თვალებით მოგისმენ. მერე შეგიძლია წახვიდე და საერთოდ, არ დაინტერესდე, მე თვითონ როგორ ვარ და რას ვგრძნობ.

მე 2 თებერვალს არდაბადებული მონსტრი ვარ.

ბორის ვიანი ოცნებობდა ჩემთან ერთად სირბილზე ყოველ დილით და მე კიდევ ვფიქრობდი, რომ მასაც თავისი ნევროზების ჩემთვის მოხვევა და დაცლა უნდოდა. ან არ ვფიქრობდი და თავს ვიტყუებდი, რომ ვიანი ჩემი მეგობარია, რომელიც მენდობა, ყველაფერს მიზიარებს და ჩემი აზრი აინტერესებს. სინამდვილეში, ალბათ ისიც იტირებდა, იწუწუნებდა, თავაზიანობისთვის მკითხავდა, ჩემკენ რა ხდებოდა და დაიჟინებდა, მისთვის მომეყოლა ჩემი ამბები. მერე კი ჩაეძინებოდა, ან გზაში დაიკარგებოდა.
მე მძულს 2 თებერვალი და ის, რომ 25 წლის ვარ და ჯერ კიდევ სულელი. მიხარია სხვების სიხარული და მჯერა, რომ სხვებსაც ასევე ვუხარივარ. სინამდვილეში არავის, ღმ-ერთის გარდა, ისიც იმალება და იმალება. მოვკიდებ ხელს და დავდივარ, ხან მავიწყდება, სად არის და რატომ არ მესაუბრება, მაგრამ მახსენდება, რომ ღმ-ერთი ჩემი "მეგობარი" არ არის, რომელიც დაჯდება და თავის პრობლემებს თავზე დამაყრის. ჩემს პრობლემებთან გამკლავებას მაცდის და თვითონ დადის, დადის. ოჰ, ღმ-ერთო, რატომ მაინცდამაინც ეს 2 თებერვალი?

2 თებერვალი გრძელდებოდა, როცა მივხვდი, ტაფა უნდა გამეხეხა. არადა, ისე ჰქონდა ზეთი მიმწვარი, იმის გარეცხვა სასწაული უნდა ყოფილიყო. ბოლოს, გადავწყვიტე გამეხეხა, დედაჩემის ნაყიდი ტაფა იყო და დედაჩემის ნაჩუქარ-ხელმონაკიდ ნივთებს, როგორც წმინდა გრაალს, ისე ვეპყრობოდი. ავიღე სახეხი, ჩავიმუხლე და ტირილით გავხეხე. გაიხეხა. სასწაულად გაპრიალდა და მეც გავიღიმე, თურმე კარგი ვქენი, ხელი რომ არ ჩავიქნიე, არადა თავიდან იმ ტაფის გადაგდებას ვაპირებდი.
ღმ-ერთმა ისევ მაგრად ჩამკიდა ხელი და მე ტირილი დავიწყე. ოღონდ უკვე სიხარულისგან, რომ ტაფა გამახეხინა და მიმახვედრა, ცხოვრება უნდა გამეგრძელებინა, მიუხედავად იმისა, რომ 25 წლის ვიყავი და იმ დღეს მსოფლიო სნობების დღე, 2 თებერვალი, იყო.
შეიძლება, ყველაფერი მეჩვენება, არც ტაფა არსებობს, არც სახეხი და ღმ-ერთიც არ მკიდებს ხელს. უბრალოდ, ნესტიანი წიწიბურა ვჭამე და ახლა გული მერევა. დღე კი გრძელდება და მე ამას ვეღარ ვიტან.

იზაბელა, სოლომონი და გერასიმე მოვიდნენ ჩემთან, მაგრამ უარი ვუთხარი, კარებს ვერ გაგიღებთ-მეთქი. ვიჯექი და ადგომა მეზარებოდა. იზაბელა მაშინვე წავიდა, გული დამწყვიტე, შენთან საუბარი მინდოდაო, გერასიმემ მხოლოდ ამოიხვნეშა, მუნჯი იყო და რას მეტყოდა. სოლომონი იქვე ჩამოჯდა და სანამ არ ადგები, არც მე ავდგებიო. სოლომონი ჩემი მომავალი საქმრო იყო, ასე კარებებიდან ველაპარაკებოდით ერთმანეთს და ამიტომ სჯეროდა, რომ მე ქერა თმა მქონდა და სტაფილოსფერი არ მიყვარდა. არაფერს ამბობდა თავის შესახებ, გარდა იმისა, რომ გიჟური ცეკვები უყვარდა. სახლში მარტო რჩებოდა ხოლმე და ხელებს, ფეხებს იქნევდა, მერე სიცილით კვდებოდა და კარებიდან მიყვიროდა, ადექიო.
ესეც 2 თებერვალს მოხდა. მაშინ გამოაცხადა "ბიბისიმ", რომ მსოფლიო სნობების საყოველთაო დღეა და გთხოვთ, ყველამ წუთიერი დუმილით მიაგოთ პატივიო. სოლომონიც ჩემს კართან იდგა ჩუმად.

21 comments:

Agasfer said...

ფინალმა დაგლიჯა, რა მოულოდნელი იყო ))))

გოგლიკა said...

"2 თებერვალს მივხვდი, რომ მყავს მეგობრები, რომლებიც სინამდვილეში არ მყავს. ეს ნიშნავს, რომ უმეტესობა მათგანს მხოლოდ მაშინ ვახსენდები, როცა ჩემგან რამე სჭირდებათ, ან ნერვების დამშვიდება და თავიანთი ენერგიის ჩემთან დაცლა სურთ. ჩემზე კარგი დამცლელი კი არსად იშოვება. ჩემთან შეგიძლია ილაპარაკო ყველაფერზე, იჩხუბო, იტირო, იწუწუნო, მოიტყუო, მე არაფერს გიპასუხებ, უბრალოდ მოგისმენ და მთელი ჩემი 25 წლის ცისფერ-ნაცრისფერი თვალებით მოგისმენ. მერე შეგიძლია წახვიდე და საერთოდ, არ დაინტერესდე, მე თვითონ როგორ ვარ და რას ვგრძნობ." dzalian nacnobi situaciaa!!! sashinlad momewona!!

said...

სტაფილოსფერი არ მიყვარს და სოლომონი არ მყავს, თორემ ვიფიქრებდი რომ ჩემზეა :)

ძალიან მომეწონა, კარგია რომ გამოაქვეყნე :)

nastasia said...

ჰმ,ჰმ, მეგემრიელა და რამდენიმე დღის წინ მივხვდი, რომ სტაფილოსფერი ფრჩხილების ლაქი გულის ამაჩუყებლად მოქმედებდა ჩემზე...
და მეც იშვიათად ვამბობ ხოლმე ნარინჯისფერს :)

Keti said...

ზედა კომენტარის ავტორი Keti მე არ ვარ, მაგრამ ვეთანხმები – კარგია, რომ გამოაქვეყნე, სოფი! კიდევ გამოაჩინე შენი მოთხრობები..

პ.ს. სნობი ადამიანები ყოველთვის მაღიზიანებდნენ.

Nina Gorecki said...

ბორის ვიანის მუსიკა არ მიყვარს

მაგრამ ეს ჩანახატი მაგრად მომეწონა :)

Sophie שרה Golden said...

@აგასფერ, :))))

@გოგლიკა, ხო, მაშინ ასე ვგრძნობდი, მაგრამ ახლა საკმაოდ გავიზარდე იმ თებერვლიდან :)

@ქეთი, მიხარია.

@ნასტასია, მადლობა. ხო, ცხოვრებაში ნარინჯისფერი არ მითქვამს, არადა ბევრი ასე ეძახის.

@ქეთი, რომელსაც ყველასგან გამოვარჩევ, სურათი რომ არ ჰქონდა, მივხვდი, სხვა ქეთი იყო :)

@ნინა, ბორის ვიანი მწერალია.

Anonymous said...

მიყვარს, ვგიჟდები შენს ბლოგზე..

Agasfer said...

სოფი, ვიანი მწერალიცაა და მუსიკოსიც, მაგრამ, როგორც ჩანს, ნინას მისი მუსიკალური გატაცებები არ ხიბლავს ))
თორემ მწერალი ვიანი ძალიან უყვარს, ვიცი, განსაკუთრებით "წითელი ბალახი" :)

სოფი שרה Golden said...

@ქრისტინე, მადლობა. მეც ისე მიყვარს შენი ბლოგი. მიხარია, შენ კიდევ ჩემი გიყვარს :)

@აგასფერ. უპს. არ ვიცოდი ვიანის მუსიკოსობის შესახებ. წავიდე, დავგუგლო :)

Anonymous said...

ვაჰ შთაგონების წყარო! რა კარგი ქენი რომ გაგვიზიარე და რა კარგია რომ ბლოგი გაქვს და ისეთ რამეს გამოაქვეყნებ, რაზეც არასოდეს გიფიქრია.

მშვენიერი ჩანახატია, რამდენი ფრაზა გვე–ჩვენა ყველას...
ღმ–ერთი –ს აღმოჩენამ გამახარა, აქამდე არ შემიხედავს ამდაგავარად სიტყვისთის :)

Natalia said...

რა კარგი იყო, აი უცებ ჩავიკითხე. მადლობა როდრიგოს, რომ სტიმული მოგცა, გამოგექვეყნებინა :)
გერასიმე და სოლომონი მივხვდი [მგონი] და იზაბელა ვინ იყო, ვერ :)

burbushela said...

რა კარგი არის :))). კიდევ გამოაქვეყნე რაა თუ გაქვს რამე დაწერილი :))

babisa said...

მომეწონა როგორ :)))

Zurriuss said...

არაჰ, დღეს აქ არ უნდა დამეკაკუნებინა :დ

Sophie שרה Golden said...

@ანდან, ახლა ხომ შეხედე :)

@ნატალია, მადლობა. იზაბელა მარკესის რომელიღაც მოთხრობის პერსონაჟია, თვითონაც არ მახსოვს, ზუსტად რომელი.

@ბურბუშელა, განწყობაზე თუ ვიქნები, აუცილებლად. :)

@ბაბისა, :)

@ზურიუს, რახან დააკაკუნე, გაიღო ხო? :პ

Clown said...

ეხლა ნამდვილად არ ვიცი რაზე უნდა ვიფიქრო, მაგრამ სოფი, შემიყვარდა შენთან ყოფნა, იმის მიუხედავად რომ ერთხელ მყავხარ ნანახი ^_^

ზუსტადაც სტაფილოსფერი ხარ, იმიტომ რომ მაგ ფერზე ვგიჟდები <3

Anonymous said...

მე მაპატიეთ მოულოდნელი შემოჭრისთვის, მაგრამ ამ სტაფილოსფერ გოგონას დაბადების დღე მინდა მივულოცო :) მიყვარხარ და იცი როგოც... patara-taxvi :P :*

Sophie שרה Golden said...

@კლოუნიკო, გიყვარს და იყავი, რამდენი ხანიც გინდა :)

@პატარა თახვო, მადლობა. ჰა ჰა!!! მომენატრე უზომოდ!!!

Anonymous said...

ძალიან კარგი პსოტია :) მართლაც რომ... 25 წელი ეტო ეშო ნე სროკ )))) მეც ვხვდები მალე და მაინც მიმაჩNია თავი პატარა თინეიჯერად...

Anonymous said...

ჯერ კიდევ 25 წლის ვარ და ზუსტად ახლა და ამ დროს უნდა წამეკითხა ეს პოსტი ალბათ... ყველაზე უცნაური და სასიამოვნო განცდაა რომ რაღაცას კითხულობ, იცი რომ სხვისია და მაინც გგონია რომ შენია,რომ სადღაც რომელიღაც წერტილ–მძიმეში ხარ დამალული... და სირცხვილით თავი ვერ გამოგიყვია, ასე როგორ ამოგიცნეს...