
მიყვარს კვირა. ხან არ მიყვარს, მაგრამ უმეტესწილად მიყვარს (უმეტესწილად – რა საყვარელი სიტყვაა, წ– ასო ისე მომწონს). მგონია, კვირას ყველა ჩემი ნაცნობი თუ მეგობარი სახლშია, გვიანობამდე სძინავს, მერე დგებიან, ცხელ ჩაის, რძიან ყავას ან კაკაოს სვამენ, კომპიუტერს მიუსხდებიან, ან ტელევიზორს ჩართავენ და უინტერესო ფილმებს, ან მულტფილმებს უყურებენ. აღარც მახსოვს, რა იყო ხოლმე კვირაობით ტელევიზორში.
სასწაულია, მაგრამ ბერლინში მზემ გამოანათა, ცა ისეა მოწმენდილი, გაფრენა მოგინდება, მაგრამ საშინლად ყინავს. ჩემი ლამაზი ქუჩა ისევ ცარიელია და თხუთმეტ წუთში ერთხელ, ტრამვაი თუ ჩაივლის. მოპირდაპირე სახლის სახურავიდან ბოლი ამოდის, ეტყობა ბუხარი აქვთ სახლში და მსიამოვნებს იმის წარმოდგენა, თითქოს იქ დიდი ოჯახი ცხოვრობს, ან შეიძლება არც ისე დიდი. უბრალოდ, საყვარელი ცოლ–ქმარი და ბავშვები, რომლებსაც მწვანე და სტაფილოსფერი ქურთუკები აქვთ, მშობლებს ეხვეწებიან, საციგაოდ წაგვიყვანეთო. გუშინ დავინახე, ერთი მამა ციგით მიასრიალებდა თავის მწვანექურთუკიან ბავშვს და წარმოვიდგინე, ზუსტად ესენი ცხოვრობენ იმ ბუხრიან ბინაში–მეთქი.
რაც თოვლი მოვიდა, ხშირად ვხედავ მშობლებს, სულ ციგებით დაჰყავთ შვილები ქუჩაში. ისეთი ლამაზია ყველაფერი, სურათების გადაღებაც არ მინდა, სიმყუდროვე რომ არ დავურღვიო და დრო არ დავკარგო. უბრალოდ, ვიგრძნო და გავიხარო იმით, რასაც ვხედავ.



9 comments:
მე ასე მგონია, წელს ზამთარს მარტო ევროპა უყვარს და აქეთკენ აღარც მოიხედავს.
ასე რომ, შენი პოსტებით გავიღიზიანებთ ხოლმე წარმოსახვას ციგურებიან და მწვანეპალტოიან ბავშვებზე.:))
რა რა ეგოისტური დამოკიდებულებაა სანი? სურათები უნდა გადაუღო და მერე ჩვენ გაგვიზიარო. აბა თბილისში თოვლი კი არა არც კი ყინავს :(( და საერთოდ ზამთრისა არაფერი ეტყობა :|
ასეთი ბედნიერებით ახალ წელს აგვისტოშიც აღვნიშნავდი : ) ხოდა ისა გაგვიზიარეეე გაგვიზიარეე ბევრი ქურთუკიანი ბავშვები ბედნიერების ციგებში ♥
უჰ ისე მეც ვიციგავებდი გულიანად ♥
ხანდახან, როცა საღამოობით ფანჯარასთან ვდგები და აციმციმებულ ფანჯრებს ვუყურებ, მეც წარმოვიდგენ ხოლმე – რა ხდება მათ მიღმა.
ძალიან მშვიდი პოსტი იყო, გადმომედო შენი საკვირაო განწყობა. საყვარელი იყო მწვანეპალტოიანი ბავშვი – თითქოს დავინახე ეს სცენა.. :)
ბედნიერი ახალი კვირა, სოფი! :*
@ანდან, მე საერთოდ მგონია, რომ ევროპა ყველას უყვარს, ზამთრის ჩათვლით :)
@ჩორვენ, მეზარება სურათების გადაღება. ასე თბილა მანდ?
@ქეთი, შენც ბედნიერი ახალი კვირა!!! :)
რა თბილი და მყუდრო პისტია ^_^
პ.ს საქართველოში მემგონი ზამთარს ვერ ვეღირსებით, გაზაფხულივით ცხელა შუადღით :შ
წასაკითხად და წარმოსადგენად არაჩვეულებრივი იყო, რამდენიმე დღით, საახალწლოდ თოვლი ალბათ ძალიან კარგი იქნებოდა, თუმცა ზამთარი იმდენად არ მიყვარს, რომ შობა-ახალი წლისა და ულამაზესი სანახაობის გულისთვისაც კი ვერ ვიოცნებებ მის დადგომაზე :)
პოსტი სამშაბათს სამუშაო დღის დაწყებამდე წავიკითხე და სასტიკად საკვირაო განწყობა გამოჩნდა :)
@კლოუნიკო, :) მადლობა
@ფინიკი, მე მიყვარს ზამთარი, მაგრამ გაზაფხულს და მზეს რომ წარმოვიდგენ, უფრო მეტად მიხარია :))) ხო, ძალიან საკვირაო პოსტია და არასამუშაო.
იცი რატომ მოგწონს კვირა?! იმიტომ რომ SUNday-ა! :)
@კანარიო, რა საკაიფო მიგნებაა :) შეიძლება ასეცაა.
Post a Comment