Thursday, February 3, 2011

ისევ იქიდან

ორჰან ფამუქის "თეთრი კოშკი" წავიკითხე პრაღიდან ბერლინში რომ ვბრუნდებოდი მატარებლით. ჩემს გვერდით ერთი სლოვაკი ბიჭი იჯდა და ის კიდევ ჯონ დარვინის "თემურ ლენგის შემდეგ"–ს კითხულობდა. ისეთი უცნაური იყო. წარმოიდგინეთ, ყველა ადამიანს თავისი წიგნი რომ უკეთესი ჰგონია და უკვირს, როგორ შეიძლება, მე აქ ფამუქის ფილოსოფიურ წიგნს ვკითხულობდე და ვიღაც – მშრალ ისტორიას, თანაც თემურ ლენგზე. იმ ბიჭის სლოვაკობა მაშინ გავიგე, როცა კონტროლიორს ბილეთი აჩვენა და ჩანთა გახსნილი დატოვა. რა თქმა უნდა, დავინტერესდი და ჩავიჭყიტე იმის ჩანთაში. მერე წარმოვიდგინე, როგორ ცხოვრობს თავის სლოვაკეთში, ან შეიძლება ახლა უკვე ჩეხეთში, სადაც ბევრი სლოვაკი ცხოვრობს; რისთვის მოდის ბერლინში და რას აკეთებს. უცებ წარმოვიდგინე, რომ მეც ასე ვარ იმ ბიჭივით, დავდივარ და დავდივარ. რა უცნაურია, ზოგჯერ სხვა ადამიანს რომ შეხედავ და შენს თავს ხედავ, ან გინდა, ხედავდე.

იმდენი წიგნის მაღაზია იყო პრაღაში და მე მხოლოდ ერთი წიგნი ვიყიდე. კუნდერას წიგნები აღარ მინდოდა, მაინც ყველა მაქვს თბილისში. კაფკაც მაქვს და მხოლოდ იოზეფ შკვორეცკის "მშიშრები" მომინდა. მერე გამახსენდა, რომ ეს წიგნი, ისევე როგორც პრაღა, თბილისს, საქართველოს მაგონებს; ადამიანებს, რომლებსაც ეშინიათ, მხოლოდ აზრის თავისუფლად გამოხატვისა არა, ხვალინდელი დღის და საერთოდ, ცხოვრების. ჩემი მეგობარი მწერს ხოლმე წერილებს და მახსენებს იმ რეალობას, რაც არის საქართველოში, მე მაინც ხანდახან მავიწყდება. მაგალითად ის, რომ საღამოს 9 საათის შემდეგ საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოვნა ძნელია და მხოლოდ ტაქსები დადიან; ერთი კილო შაქარი უკვე 3 ლარი ღირს და ყველა ქვეყნიდან გაქცევაზე ფიქრობს. ოღონდ ისიც არ იციან, სად შეიძლება გაიქცნენ და გერმანიის საელჩოს აფარებენ თავს (იმასაც თუ შეფარება ჰქვია)...

მერე თავს ვახსენებ, რომ შორს ვარ და სულ არ არის საჭირო ამდენი ფიქრი და განცდა. ჩემთან ხომ ტრამვაი ღამის 3 საათამდე დადის და შაქარი აქაც არ ღირს 3 ლარზე მეტი. ხვალისაც არ მეშინია, მაგრამ ის საზიზღარი მეფე ხომ არ ვარ, რომელიც ამბობდა, apres moi le deluge–ო, საწყალ სულხან–საბას, კიდევ, იმედი ჰქონდა ("მისი" ლუი, XIV იყო, მაგრამ რა განსხვავებაა). ამას ვერასოდეს ვიტყვი.

პრაღამ ისე გამიღვიძა მიძინებული ნოსტალგია და სევდა. ისე ჰგავს თბილისს, მასაც ორ ნაწილად ჰყოფს მდინარე და სანაპიროც ჰგავს რიყეს. ქუჩაში ბევრი მათხოვარი ზის, ზოგი მოდის და გიყვება, რომ სლოვაკეთიდან, ხორვატიიდანაა...
ლამაზი ადამიანები ცხოვრობენ პრაღაში, ლამაზად აცვიათ და მშვიდად საუბრობენ, ქუჩაში კითხულობენ და ცოტას ეწევიან... რუსულიც უმეტესობას ესმის, მაგრამ სიხარულით არ საუბრობენ. ისეთი შეგრძნება მქონდა, ყველა ძალიან ცდილობს საბჭოთა კავშირის დავიწყებას და ევროპასთან "განსხეულებას", თან რაც შეიძლება სწრაფად და უკანმოუხედავად.
თუმცა, თბილისისგან განსხვავებით, პრაღაში ლამაზი ტრამვაი დადის. მე ძველი, მრგვალი, წითელი ტრამვაი მომეწონა, მოქსოვილქუდიანი მოხუცები რომ სხედან ფანჯარასთან და ახალგაზრდებს ათვალიერებენ, ან სუსნაობენ. მიყვარს, მოხუცებს კანფეტები რომ უყვართ...

დღეს მეც ჩემს "თეთრ კოშკში" ვზივარ ფამუქის გმირივით, მუსიკას ვუსმენ, ვწერ, ვკითხულობ და ვცდილობ, ბევრი არ ვიფიქრო, არც პრაღაზე, არც თბილისზე, ბერლინიც დავივიწყო, მაგრამ არ გამომდის.
ეს პოსტიც იმის ნიშანია, რომ არ გამომდის.

8 comments:

babisa said...

როცა შენს პოსტებს ვკითხულობ, ბოლოდროინდესლ, სულ მგონია აქ აღარ დაბრუნდება და ამ განწყობით წერსმეთქი.
კარგად იკიტხება, კიდევ მინდოდა გაგრძელებულიყო :)

Keti said...

"რა თქმა უნდა, დავინტერესდი და ჩავიჭყიტე იმის ჩანთაში" ") :*


ერთ პოსტში იმდენი ემოცია ჩატიე, სოფი! ძალიან მინდა ამ თბილისის მსგავს პრაღაში :)

მიუხედავად ცხოვრების გაძვირებისა და გაძნელებისა, ქვეყნიდან გაქცევაზე არ ვფიქრობ. სადაც არ ვართ, უკეთესი გვგონია ხოლმე. მხოლოდ სამოგზაუროდ წავიდოდი, მაგალითად პრაღაში :)

Sophie שרה Golden said...

@ბაბისა, მეც არ ვიცი, სიმართლე გითხრა. რეალურად, ალბათ არ ვფიქრობ და იმიტომ.

@ქეთი, მადლობა. მიხარია, თუ ასეა. ჩემი კურსელების და ნაცნობების უმეტესობა პირიქით ფიქრობს :(

Natalia said...

აჰ, სოფი, ნეტა წიგნს დაწერდე, მაგალითად პრაღაზე. რა სიამოვნებით წავიკითხავდი :)

Carrie said...

აუ სოფი ისე მართლა უნდა დაწერო ოდესმე ერთი კარგი წიგნი შენს მოგზაურობაზე ან რაზეც გინდა, ან უბრალოდ ეს პოსტები შეკრიბე და გამოეცი. ოღონდ აუცილებლად სქელ ყდაში ჩასვი და თეთრი ფურცლები ჰქონდეს, ილუსტრაციებიც მოყვეს.... მმმ ისე გემრიელად წავიკითხავდი!:)

Clown said...

რამდენი ემოციაა ერთ პოსტში ^_^

ნინო said...

უცნობ სლოვაკ ბიჭზე გამახსენდა..
http://lib.ge/body_text.php?9316

Sophie שרה Golden said...

@ნატალია, მეც ვფიქრობ ამაზე. უჰ, არ ვიცი, როდის, მაგრამ აუცილებლად დავწერ ოდესმე.

@ენია, კი, კი, ზუსტად ასეთი იქნება, ილუსტრაციებით და განსაკუთრებული სუნითაც :) :*

@კლოუნ, ერთი პოსტი კი არა, მთელი ჩემი გულია ამაში :)

@ნინო, დიდი მადლობა!!!