Tuesday, March 15, 2011

ძალიან კარგი რამე


  • ძალიან კარგია
  • კარგია
  • ცუდია

"Facebook-მა რა ჰქმნა"–ში გამოქვეყნებული პოსტების ბოლო გვერდზე



არ ვიცი, წიგნის კრიტიკოსებმა თუ ნახეს ეს კრებული, ან რომელიმე ბლოგერმა თუ წაიკითხა თავიდან ბოლომდე, მაგრამ ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა შაბათის გასვლის შემდეგ, შავტუხა ლამაზთვალება იემენელმა გოგომ ფოსტა ოთახში ამომიტანა და მათ შორის იყო ერთი კონვერტიც, უამრავი საფოსტო მარკით გავსებული – საქართველოდან.

ბუნებრივია, როცა საქართველოდან მოგდის ფოსტა თავისი "ეგზოტიკური" საფოსტო მარკებითა და ხუჭუჭა ასოებით, ყველა გოგოს უნდა, მის თვალწინ გახსნა. მეც ვხსნი კონვერტს და ვაჩვენებ წიგნს, სადაც ჩემი პოსტი/მოთხრობაა გამოქვეყნებული. მართალია, გოგოები მხოლოდ ერთადერთ, უნივერსალურ, სიტყვას იგებენ: facebook, მაგრამ მაინც აღტაცებულები არიან: რომელია შენი მოთხრობა? თვალებანთებული მეკითხება 15 წლის მილა ოსნებრუკიდან, რომელსაც უნდა მგავდეს, მე კიდევ მეშინია. მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ გვერდს შემიძლია დავადო თითი, 132–ე გვერდზე ვფურცლავ და "სნობების საყოველთაო დღეს" ვაჩვენებ.

ორშაბათს, დილიდან ავად ვიყავი, მახველებდა, ცხვირი გამეჭედა, სუნთქვა არ მყოფნიდა და საღამოს ლექციების გაცდენა გადავწყვიტე. წარმოიდგინეთ, როგორ ვრჩები ჩემს ფორთოხლისფერ ოთახში, მწვანე პლედში ვეხვევი, გვერდით გემრიელად მომჟავო ალუბალ–ვაშლის წვენს ვიდგამ, ბლოგერების კრებულს მუხლებზე ვიდებ და ფანჯრიდან წვიმიან Kastanienallees–ს ვხედავ...

არ ვიცი, საიდან დავიწყო და როგორ შევაქო ყველა ბლოგერი, ვისი პოსტიც ამ წიგნში მოხვდა. ყველა იმ გაუგებრობის მიუხედავად, რაც კონტრაქტს და ფინანსურ ამბებს ეხებოდა, კრებული იმდენად კარგია, ერთ ამოსუნთქვად, სხაპასხუპით იკითხება, ხან გეცინება, ხან – გეტირება; გენატრება საქართველო, მერე სხვა პოსტს კითხულობ და დანახვაც არ გინდა. გიყვარდება ბლოგერები, ამავე დროს რამდენიმე ნერვებს გიშლის და ბოლოს, როცა სამ საათში ასრულებ წიგნს, გინდა, ისევ თავიდან დაიწყო და ყველას კომენტარები დაუწერო. ამიტომ დგები, იღებ ფანქარს და აღნიშნავ: "ძალიან კარგია", "კარგია", "ცუდია", მერე ეს არ გყოფნის და თვითონ ამატებ: "ისე რა", "გოიმურია" და "OK" =))
"გოიმური" მხოლოდ ერთი პოსტი იყო, "ისე რა" – რამდენიმე, "OK" – ორი–სამი, ბევრი "ძალიან კარგი", უფრო მეტი "კარგი" და "ცუდი", მგონი, მხოლოდ ორს დავუწერე.
კრებულის სათაურზეც დიდხანს ვიფიქრე, ხან "გოიმურად" მომეჩვენა, ხან "ცუდად", საბოლოოდ, მაინც ვერ შევთანხმდი საკუთარ თავთან.

ვერ ვიტყვი, რომელიმე ბლოგერი ჩემი განსაკუთრებული ფავორიტი გახდა, მაგრამ ზურა ალხანიშვილის "ჯო და ოცნების თავგადასავალი" ძალიან მაგარი იყო, ისეთი, რომელზეც ვიფიქრე, damn, ეს მე უნდა დამეწერა–მეთქი. მომეწონა დავით აბესაძის "***" (სამწუხაროდ, ბლოგი არა აქვს და ფეისბუქის ნოუთია, როგორც მივხვდი), სასაცილო იყო ირინა აბრამიშვილის "ლობსტერი ქვაბში", ყველაზე კარგად აგებული მოთხრობა, რომელზეც ვიცინოდი და ჩემი მეზობლები მახსენდებოდნენ.
ძალიან კარგია ქეთი გზირიშვილის "LIVE პოეზია", მაშინვე ის გავიფიქრე, როგორი საინტერესო იქნება რამდენიმე წლის შემდეგ, ქრონიკას ჰგავს და ჩვენს შვილებს ეცოდინებათ, როგორი ლიტერატურული ცხოვრება იყო მათი მშობლების პერიოდში.
სალომე შენგელიას "პაემანი პავიჩთან" – აუცილებლად წასაკითხი პოსტი, გონივრულად და მოკლედ დაწერილი. აკაა სინჯიკაშვილის "ჩინელი ბიჭის წერილი საქართველოდან", შეიძლება ცოტა გაცვეთილი მოეჩვენოს ზოგს, მაგრამ ისე კარგად აღწერს რეალობას, თან სასაცილოა, თან – სევდიანი და ნოდარ დუმბაძეს ჰგავს.
ისე, უნდა აღვნიშნო, რომ ბევრი პოსტი მაგონებდა დუმბაძის მოთხრობებს და ცოტა მიკვირდა კიდეც. მერე გადავწყვიტე, რომ, უბრალოდ, ქართული იუმორია ასეთი, რომელიც დუმბაძეს ჰქონდა და ახლა ბლოგერებსაც აღმოაჩნდათ.
ბოლო ორი, რომლებსაც "ძალიან კარგი" დავუწერე, მაკაგოგა დოლიძის "ზღაპარ იყო" და გიორგი ხერგიანის "მატრიცის ფილოსოფიაა". ორივე ანალიზია, ერთი ზღაპრების, მეორე – ფილმ "მატრიცის"; ისეთი სხვანაირი კუთხით აქვთ ყველაფერი დანახული, მინდოდა, კიდევ გაეგრძელებინათ.

რომ შემეძლოს, ყველა მოთხრობას (პოსტებს აღარ ვუწოდებ) სათითაოდ განვიხილავდი და მოგიყვებოდით, მაგრამ აუცილებლად უნდა წაიკითხოთ, თქვენებურად განიცადოთ და მერე, ყოველი მოთხრობის ბოლოს თავად აღნიშნოთ, ძალიან კარგი იყო, კარგი თუ გოიმური.

სულ სხვანაირი ყოფილა პოსტების ასე, წიგნის ფორმაში, წაკითხვა; ინტერნეტში მოკლე წერილები მირჩევნია ხოლმე და ზედმეტად დიდ პოსტებს იშვიათად ვკითხულობ, "იქ" კიდევ – მინდოდა, პოსტები არ დასრულებულიყო და ჩემს პოსტსაც რომ ვკითხულობდი, ჩემს თავს ვუთხარი, სოფი, თითქოს მოთხრობაა და თან არც არის, ამის მერე ცოტა გრძლად წერე და ამბები დაასრულე–მეთქი.

წიგნის დახურვის შემდეგ, იცით, როგორ განწყობაზე დავდექი? კმაყოფილი და ბედნიერი. თურმე რამდენი საინტერესო ბლოგი არსებობს, რა კარგად წერენ და ნამდვილ ახალ ლიტერატურას ქმნიან, რომელიც აჩვენებს საქართველოს ცხოვრებას, ახალგაზრდების ფიქრებს, 90–იანების გავლენას და პროტესტს, რომელიც ყველას თავისებურად ჰქონია სულში. არ ვიცი, როგორ გაიყიდება ეს კრებული, ან ვინ წაიკითხავს და რას იტყვიან, მაგრამ ვისაც უნდა, გაიგოს როგორ ვითარდება ქართული ბლოგოსფერო და ვინ წერს დღეს კარგად, აუცილებლად უნდა წაიკითხოს ეს წიგნი. ისევე როგორც, კიდევ უნდა გამოვიდეს მომდევნო კრებული და ამჯერად, ავტორებმა ჰონორარი მიიღონ.

უკვე სამშაბათია, გაციებამ გამიარა, ჩემს ქუჩაზეც აღარ წვიმს და ლექციების გაცდენა აღარ შეიძლება. ბლოგერების კრებული ჩემს ლეპტოპთან რჩება და როცა დავბრუნდები, ისევ აქ დამხვდება: უამრავმარკიან კონვერტით ჩამოსული და ეგზოტიკურასოებიანი: "Facebook–მა რა ჰქმნა?!"

11 comments:

Agasfer said...

ვაი, სოფი, როგორ გამიხარდა, ვერ წარმოიდგენ. იმ დღიდან, რაც გავიგე, რომ ეგ პოსტი შეირჩა, მოვსთქვამ და ვსტირი )))) თურმე სულ ტყუილად ))))
ჯაზ ფესტივალის ბლოგერი ვიყავი, ეგ პოსტი მაგისთვის დავწერე. ეგ მევალებოდა, შემსრულებლები უნდა "გამეშიშვლებინა", რომ მკითხველისთვის უფრო "შინაური" და მისაღები გამხდარიყო. პოსტი კი იმ აუდიტორიას წაეკითხა, რომელსაც, სავარაუდოდ, ჯაზი არც უყვარს.

მოკლედ, ძალიან გამიხარდა. :)

Katiee.Ge said...

100% ვეთანხმები ამ პოსტს. მეც არ მეგონა, რომ ასეთი საინტერესო იქნებოდა.
მე რომ ჩვეულებრივი მყიდველი ვიყო, აუცილებლად ვიყიდდი.
თან ზუსტად ეგ შეგრძნება მქონდა, გული მწყდებოდა, რომ მოკლე პოსტები იყო, დაბეჭდილს როცა კითხულობ, არასდროს არ გეჩქარება და არ გინდა მალე დამთავრდეს :)

პ.ს. ჰონორარს რაც შეეხება... ჯერ ეს გაიყიდოს :))

Anonymous said...

სურათს რომ შევხედე, ვიფიქრე, სოფიმ თბილისში ხომ არ ჩამოირბინა–მეთქი და აი, თურმე რა მომხდარა.

კარგია, რომ დადებითი ემოციები დატოვა :)
ჰონორარი აუცილებლად! ;)

Sophie שרה Golden said...

@აღასპერ, ჩათვალე, რომ შენი მისია შესრულებულია :)

@Katiee.Ge, შენი პოსტი იყო ერთერთი მათ შორის, რომელიც მინდოდა უფრო ვრცელი ყოფილიყო.

@როდე, არა, ჯერჯერობით არ ჩამომირბენია :)

Keti said...

უცებ მეც ვიფიქრე, რომ თბილისში დაბრუნდი! :)

სოფი, ისეთი პოზიტივია შენს პოსტში, რომ შემოგიერთდი ემოციურად...
მართლა კარგი წასაკითხი წიგნია :)

მიხარია, რომ მოგწონს ჩემი წერილი!
ალბათ, თუნდაც ჩემთვის იქნება საინტერესო, რომ წლების მერე შევადარო სიტუაციები...

პერწკლი said...

აუ რამაგარია მანდამდე რომ ჩამოვიდა ამანათი :მო: კიარადა არ წამიკითხავს ყიდვა მენანება :შ

Natalia said...

ეე, მანდ გამოგიგზავნეს სოფი? რა მაგარია! რამდენიმე დღის წინ ვფიქრობდი, ნეტავ მიაწვდინონ-მეთქი :)

იმაში კი გეთანხმები, რომ ფურცლებიდან პოსტები სულ სხვანაირი ჩანს. ჩემი პოსტი არ მომწონს, ყოველგვარი პრანჭვის გარეშე ვამბობ. უფრო სხვა მერჩივნა ყოფილიყო, მაგრამ რაც არის, არის. მაინც მიხარია :P

Anonymous said...

კარგები ხართ :) ვამაყობ თქვენით :)

Sophie שרה Golden said...

@ქეთი, :) :*

@პერწკლი, ხო, ფასი საკმაოდ ისეთი აქვს, დაგენანება ადამიანს საქართველოში :(

@ნატალია, მეც მგონია, რომ შენი სხვა პოსტი უნდა გაგეგზავნა. უფრო შოკოლადური და თბილი.

@ourlifegoeson, მადლობა :) ჩვენც. ალბათ :დ

ana said...
This comment has been removed by the author.
makdoli said...

ისეთი საინტერსო და ამომწურავი პოსტია, ვერაფერს ორგინალურს ვერ დავამატებ, მითუმეტეს, რომ ძირითადად ჩემს აზრსაც ემთხვევა :) უბრალოდ დიდი მადლობა დადებითი შეფასებისთვის :)