Monday, March 21, 2011

ამოყვინთვა


დილის 2:19 საათია.
არ მეძინება. შეიძლება მეძინება კიდეც.
ამას ვუსმენ და ცურვა მინდა. ლურჯ, ულურჯეს ზღვაში. ზემოთ რომ აიხედავ და მზე დგას წყლის ზედაპირზე.
მერე ამოყვინთავ, თვალებს ვერ ახელ, რადგან წყალში დიდხანს გქონდა გახელილი და მზეს უყურებდი.

უკვე 2:22 საათია.
ვერ ვცურავ დიდხანს.

სამაგიეროდ, დღეს ბევრი ვიარე. მეტროთი დავბრუნდი სახლში, დაღამებულ ფანჯარაში ვიყურებოდი და უცებ მივხვდი, რომ ცხოვრება აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც დღეს იყო, გუშინზე ხომ არაფერს ვამბობ. ისევე როგორც, მეც ვერასოდეს გავხდები სხვა ადამიანი და ვერცერთ ენაზე ვიფიქრებ ისე, როგორც ქართულად. ვერასოდეს გავიცინებ ისე, როგორც ბავშვობაში ვიცინოდი ჩემს დეიდაშვილთან ერთად. განა იმიტომ, რომ სიცილი შემეცვალა, უბრალოდ, ის აღარ არის.

დღეს მეგობარს ვეუბნებოდი, რომ არაფრის მეშინია და მან კიდევ მითხრა – ყველაფრის გეშინია, პირველ რიგში, საკუთარი თავისო. დიდხანს ვისაუბრეთ და როცა წამოვედი, დავჯექი, მოთხრობა დავწერე და დრიუს ეს სურათი ვიპოვე; მერე ცურვაც მომინდა და ბოლოს დიდხანს რომ ვეღარ გავძელი, მზეზე ამოვყვინთე და დიდხანს, ძალიან დიდხანს ვიჯექი, სანამ მხრები არ დამეწვა და ცხვირის გარდა, ჭორფლები შუბლზეც დამემატა.
თურმე არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არასოდეს უფიქრიათ ჭორფლებზე. სამაგიეროდ, ფიქრობენ თითებზე...

2:28
წავალ უკვე.

7 comments:

Anonymous said...

და ჩვენ არასოდეს ვიქნებით ისეთები, როგორებიც ახლა ვართ...

Keti said...

მე მგონია, მთავარი შიშების გადალახვაა. ჰოდა, ძალიან კარგი, თუ არაფრის გეშინია :*

Natalia said...

მე ყოველთვის მაშინებს ცვლილებები, რომლის შემდეგ არაფერი აღარ იქნება ისე, როგორც მანამდე იყო. მაგრამ, რომ ვუფიქრებდი, თუ დავბრუნდებოდი ისევ იმ სიტუაციაში, როგორიც იყო ბავშვობაში მაგალითად, არ ვიცი, თავს ისევ კარგად ვიგრძნობდი თუ არა. ყველაფერს თავის დრო აქვს და ერთადერთი, რაც მაშინებს, ის არის, რომ ამ 'ყველაფრის' თავის დროში გავლას ვერ მოვასწრებ, დავაგვიანებ. მაგალითად, თინეიჯერულ სიგიჟეებს არასდროს ექნება ისეთი 'გემო' როგორიც თინეიჯერობაში ჰქონდა :)

Clown said...

სოფი, მეც მაგას ვიძახი, რომ ისე ვერც ერთ ენაზე ვერ ვიაზროვნებ როგორც ქართულად ვაზროვნებ, მაგრამ არამგონია მთლად ასე იყოს :შ

პ.ს მე მიფიქრია ჭორფლებზე :)

Sophie שרה Golden said...

@weli, ნამდვილად. ვიქნებით უკეთესები :)

@ქეთი, გეთანხმები. მეშინია ხანდახან :)

@ნატალია, როგორ მესმის შენი... მაგრამ მერეც ბევრი რამის შეგრძნებაა შესაძლებელი, მთავარია გინდოდეს მთელი გულით და სულით. მართლა. ნუ გეშინია.

@კლოუნ, :* ვიცი, რომ შენ გიფიქრია, შაცი.

Anonymous said...

მე ის მაინტერესებს მოთხრობას როდის მივიღებ :) პირველი რეცენზენტის პრეტენზია მაქვს :)))

იმაზე რომ როგორც ახლა ვარ ისე აღარასოდეს ვიქნები, გამუდმებით ვფიქრობდი მესამე კურსის მეორე სემესტრში. ისე კარგად ვიყავი, მეშინოდა რომ ამაზე უკეთესად თავს ვეღარასდროს ვიგრძნობდი. ახლა გადამიარა, უბრალოდ მენატრება ხოლმე ის დრო

Zurriuss.GE - It's all about your heart said...

მუსიკით გაფორმებული პოსტი მაინც სულ სხვაა... ხომ იცი, მეც როგორ მიყვარს :)
ჰოდა, ბავშვობაში, როცა მეუბნებოდნენ, უი, სახე დაგეჭორფლაო, ნერვებზე ვიშლებოდი. ახლა კი მინდა, ცოტა მომემატოს. თმაში შეპარული ჭაღარა და ცოტაოდენი ჭორფლი ერთად ასწორებსსს ;)
იცი, მგონი, არ მინდა, დრიუს რომ შეხვდე. შეიძლება, იმედგაცრუება იგრძნო რაღაც-რაღაცებში. მართალია, რეალიზმის მიხედვით, ეს ასეც უნდა იყოს(გარკვეული დოზით), მაგრამ ძალიანაც არ მემეტები იმედგაცრუებისათვის.
that's where i stop for now ;)