Thursday, September 8, 2011

ჩემი სევდიანი კრეპები


გუშინ ლილას ველაპარაკებოდი სკაიპში, როცა ბავშვობის მეგობარმა დაურეკა, გამოგივლი სახლში, თუ გცალიაო. ლილამ უთხრა, სიამოვნებითო. მერე ჩვენ ერთი საათი კიდევ ვილაპარაკეთ და ამასობაში მისი მეგობარიც მივიდა ტკბილეულით და მე დავემშვიდობე, რომ ყავა დაელიათ და ეჭორავათ.
უცებ ისე დამწყდა გული, ვერ აგიხსნით.
არა, აგიხსნით, ოღონდ მოგვიანებით.

გუშინ ჩემს ძველ პოსტებს გადავხედე და იმდენი საინტერესო რაღაც აღმოვაჩინე. სასწაულად შევცვლილვარ და არ ვიცოდი. ეს ამოვარჩიე, თქვენც რომ ნახოთ, რა პრობლემები მაწუხებდა 2009–ში. გარდა იმისა, რომ იქ მოთხრობილ ამბებზე საუკუნეა აღარ მიფიქრია, ინგლისური ეპიგრაფი ნამდვილად ამიხდა: დავამთავრე თუ არა ბაკალავრიატი, ავიღე მართლაც ჩემი მწვანე გახუნებული ზურგჩანთა, 20 კილოიანი შავი ჩემოდანი და წავედი... ბერლინში კიევის გავლით, ვენეციაში მილანის, ანტვერპენში ბრიუსელის, მერე იყო იანვრის გაყინული პრაღა, უნდა ყოფილიყო გაზაფხულის კულტურული ვენა, რომელზეც მე უარი ვთქვი და ლაიპციგი ვარჩიე. ანუშკას უწერია ერთგან, be careful of what you wish-ო... მე არ ვიყავი ფრთხილად, როგორც ჩანს. ხან ჩემს ცხოვრებას რომ გადავხედავ, მგონია, იმ მოთხრობის გმირი ვარ, მე თვითონ რომ ვწერდი ბავშვობაში – ხვეული წითური თმა ჰქონდა, სასწაულად დიდი, სამყაროთი სავსე თვალები და ძველი ყავისფერი ბათინკები ეცვა. Sunny ერქვა, ბუნებრივია და მსოფლიოს გარშემო უვლიდა. მერე გერმანიის გათოშილ ქალაქში გაჩერდა, იმიტომ, რომ იქ ყველაზე მეტად გაუთბა გული.
დარჩა, დარჩა და დილაობით კრეპების გამოცხობა დაიწყო...

პირველ აბზაცს ლოგიკურად მივყვები;
გული იმიტომ დამწყდა, რომ მომენატრა ჩემი ლილა და ის რამდენიმე მეგობარი, ვისი სტუმრობაც ყოველთვის მახარებდა. სანამ ერთერთი მათგანი, ყველაზე გამხდარი 10კილოიან საზამთროს ჩემს ულიფტო სახლში ამოათრევდა, მე "მაჭკატებს" ვაცხობდი და გიჟურად დახვედრის იდეებს ვიგონებდი. გუშინ გამახსენდა, რომ ასე ძალიან დიდი ხანია აღარავის სტუმრობა გამხარებია, არავისთან მისაუბრია ისე უშუალოდ და დაძაბულობის გარეშე, როცა ჩემი ძველი სპორტული შარვალი და წითელი მაისური მეცვა, მშვიდობის ნიშნით მკერდზე. არადა, პაციფისტი არასოდეს ვყოფილვარ.
ან იქნებ ვიყავი და აღარ მახსოვს.

ნატალიას ვირუსი რომ აქვს, ესეც გამახსენდა და გული დამწყდა, ამით ხომ კიდევ უფრო მცირდება იმის შანსი, რომ მესტუმროს და ჩემი კრეპები გასინჯოს, თანაც მარწყვის ჯემით.

მეგობრები მენატრება.
ადამიანი ასე, ალბათ, 20 წლის შემდეგ უკვე ვეღარავის დაუახლოვდები.
კრეპებს ჩემს გულის გამთბობთან ერთად მივირთმევ, ჩაიში ლიმონს ვწურავ და შევხედავ, დავინახავ, რომ მის თვალებშია ყველაფერი, რაც მენატრება, მაკლია და ცოტა ხნით გადამივლის სევდა.
დიდი ხნით არასოდეს უნდა გაიაროს სევდამ, თორემ ცხოვრება იმაზე მოსაწყენი გახდება, ვიდრე დაბრმავებული ბუენდიასი იყო.

7 comments:

ნატა said...

რომ წახვედი ვფიქრობდი, რატომ უნდა დაბრუნდეს, აქ რა დარჩენია-მეთქი. ახლაც ვაპირებდი მომეწერა კაი რა რა გენატრება მეთქი. მერე გამახსენდა წერილს რომ გწერდი რა გრძნობა მქონდა, ხოდა ჩამოდი რა, ცოტა ხნით მაინც

Natalia said...

სოფი, პირველი პოსტი წავიკითხე [ბექლინკებიდან პირველი] და ძველი სოფი გამახსენდა :) ჭვავის ყანაში მოთამაშე.

ხანდახან ისეთი ძნელია იმის გაცნობიერება, რომ ცხოვრება შეიცვალა და რაღაცები ძველებურად აღარ იქნება.

მთავარია, რომ გყავს ვიღაც, ვისაც თვალებში ჩახედავ და იქ სითბოს იპოვი.

პ.ს მალე ჩემი დაბადების დღე მოდის და ისე მინდა, რომ აქ იყო :)

Keti said...

სოფი, ემოციები გადმომედო. ხშირად მიფიქრია მათზე (მათ შორის შენზე), ვინც მიდის ჩვენი ქვეყნიდან. მათ სევდაზე, მონატრებაზე, რას უნდა განიცდიდნენ, ოჯახის წევრებზე – რომლებსაც სხვადასხვა ქვეყნებში უწევთ ცხოვრება. ამ დროს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი იმ თბილი ადამიანის პოვნაა, ვინც სევდას დაგავიწყებს... და მიხარია, რომ ასეთი ადამიანი იპოვე და ასეთი სითბოთი წერ მასზე. იმედია, ხანდახან ჩამოხვალთ ხოლმე საქართველოში, რომ შენი მონატრება ძალიან მძაფრი არ იყოს :) :* ისე კი მართალია, უსევდოდაც მოსაწყენია ცხოვრება, სხვაგვარად ვერ დააფასებ სიხარულს...

სოფი, მართლა შეიცვალე, მე ამას ვგრძნობ, რადგან მგონი ყველა შენი პოსტი მაქვს წაკითხული :) რაც მთავარია, როგორც არ უნდა შეიცვალო, მაინც მზიანი რჩები...

babisa said...

ბოლო სიტყვები როგორი ჭეშმარიტებაა :))

Unknown said...

სოფი, შენი ეს განწყობა უფრო ცოტა დოზით, მაგრამ მაინც დავიჭირე იმ პოსტში, საქართველოს საელჩოში რომ იყავი... პირადად არ გიცნობ, მაგრამ მენატრები ხოლმე, გჯერა? მართლა რაღაცნაირი შეგრძნება მაქვს, ასე მგონია, ოდესღაც შეგხვედრივარ, ჩაგხუტებივარ და იმის მერე შენი თითოეული პოსტი უფრო და უფრო ხდება საჩემო...

გკოცნი და გეხუტები შორიდან...
შენი კანარიო <3

tamara said...

ჩემი ლეტიცია რა სევდიანია ამ ფოტოში :(

unaamarga said...

მეც გადავავლე თვალი რამდენიმე შენს ძველს პოსტს! მართლა როგორ შეცვლილხარ!