Monday, October 17, 2011

დივანზე მოკალათებული შოკოლადის კანფეტებით

დღეს გამახსენდა, როგორი წიგნების და ისტორიების კითხვა მიყვარდა ადრე: ისეთების, თბილად რომ მოკალათდები პატარა დივანზე, მწვანე პლედს ფეხებზე მოიხვევ და თავჩარგული იმდენს იკითხავ, ვერ გაიგებ, როდის თენდება და ღამდება.
უცებ მომინდა, მეც დამეწერა ამის მსგავსი რამ, თუნდაც პოსტი, რომელსაც ადამიანები წაიკითხავენ და მსგავსი შეგრძნებები გაუჩნდებათ. ძნელია ასე წერა, მთელ გულსა და სულს უნდა დებდე მასში.

გუშინ გვიანობამდე ვიჯექი და ფეისბუქზე ვიღაცებს ვუმტკიცებდი, რომ არც ისე გონივრულია, ყველა ქუჩას, სკვერს თუ პარკს, რომელსაც "არადემოკრატი" საზოგადო მოღვაწის, ან რუსი მეფის, პოეტის სახელი ჰქვია, ამერიკის პრეზიდენტის სახელი გადაარქვა, ან ფრანგის, ვიცი, ახლა ფრანგებია მოდაში.
მერე უცებ მივხვდი, ან გამახსენდა, რომ მე მანდ აღარ ვცხოვრობ და მხოლოდ ფორმალურად თუ მივეკუთვნები საქართველოს (იმას არ აქვს მნიშვნელობა, ჩემი სული რომ იქაურობას ეკუთვნის). არჩევნებშიც არასოდეს მიმიღია მონაწილეობა, რადგან დემოკრატიის არასოდეს მჯეროდა, საქართველოში როცა ვცხოვრობდი; არც ახლა
მჯერა დიდად, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ორ წელზე მეტია აღმოსავლეთში ვცხოვრობ და აქ სოციალიზმი უფროა, ვიდრე მმართველობის სხვა რომელიმე ფორმა. ანუ სახელმწიფო უკეთებს ყველაფერს ხალხს, შესაბამისად, ხალხიც ემორჩილება კანონებს და უვლის სამშობლოს. ჩემი აზრით, უმადურობა იქნება, ვინმე თუ გერმანიის სახელმწიფო მმართველობის უკმაყოფილოა.

დივანზე მოკალათებულ ადამიანს, ისევ სკამზე გადაჯდომა რომ არ მოუნდეს, გეტყვით, დღეს სუპერმარკეტის დღე გვქონდა. ორ კვირაში ერთხელ მივდივართ ხოლმე უზარმაზარ სუპერმარკეტში, რომელიც ჩვენს მეზობელ რაიონშია და თითქმის 2 საათს იქ ვატარებთ.
დღეს შევამჩნიე, რომ უკვე საშობაო საჩუქრები და უამრავზე უამრავი, ლამაზად შეფუთული შოკოლადები გამოუფენიათ. ბავშვობიდან, განსაკუთრებულად, მიყვარს "კინდერის" შოკოლადები და დღეს ისეთი აღტაცებით ვუყურებდი, დამავიწყდა, რომ ჯერ ოქტომბერია და დილაობით მზე ისევ თბილად მომანათებს ხოლმე ფანჯარაში; წარმოვიდგინე, რომ უკვე ზამთარია, ჩემი საყვარელი დეკემბრის დასასრული, თოვლს ველოდები და ფანჯრის რაფა შოკოლადის კანფეტებით მაქვს მოფენილი...


განსაკუთრებით შარშანდელი დეკემბრის დასასრული და იანვარი ყველაზე რომანტიკული იყო ჩემთვის. ლილუსაც ვუყვებოდი, როგორ მუსიკას (Tom Waits–ს და Gotan project–ს, სასწაული კონტრასტია) ვუსმენდი, რა ფილმებს ვნახულობდი და მერე რომი შნაიდერსა და ალენ დელონს მსოფლიოს ულამაზეს წყვილად ვთვლიდი.
ახლა კი უკვე ოქტომბერია, ლაიპციგში ისევ ცივა, ოღონდ ისე ძალიან არა, როგორც გასულ კვირას. ჩემი გერმანული უკვე ენას ემსგავსება და მაინტერესებს, როდის შევძლებ კარგად წერას. შოკოლადებიც გვაქვს, ოღონდ კარადაში, ფანჯრის რაფაზე წიგნები აწყვია და რომი და დელონი ყველაზე კარგ წყვილად აღარ მიმაჩნია.

ესეც ორშაბათი.
ბედნიერ სამუშაო კვირას გისურვებთ!

6 comments:

sofo said...

როგორ მიყვარს სოფი შენი ბლოგი, დიდი სითბო და სიყვარული იგრძნობა, ყოველთვის მოუთმენლად ველოდები შენს პოსტებს. :)

Natalia said...

მიყვარს მრავლობითში რომ წერ :) ”შოკოლადი გვაქვს” და ა.შ :)

Keti said...

"ახლა ფრანგებია მოდაში" :))
დღეს ვკითხულობდი, რომ ბუშის დაკავებას მოითხოვენ და ვეჭვობ, მისი სახელობის ქუჩისთვის სახელის გადარქმევა მოგვიწევს :)

თბილი პოსტია, თანაც შოკოლადი მომანდომა და წიგნით ხელში მყუდროდ მოკალათება...

ასევე ბედნიერ დღეებს გისურვებ, სოფი!

Sophie שרה Golden said...

@სოფო, მადლობა. ძალიან გამიხარდა :)

@ნატალია, ჰო.

@ქეთი, ბუშზე არ ვიცოდი, მაგრამ არაუშავს, ფრანგები ხომ ბლომად არიან. დიდი მადლობა. ბედნიერ კვირას გისურვებ!!!

ana said...

Tom waitsi da Gotan project, yvelaze metad am sityvebma gamaxara am postshi,ukargesi archevani, sulis musika <3

მოხეტიალე said...

რამდენი ხანია შენთან აღარ შემოვსულვარ. დილიდან შევყევი და ახლა რედაქტორის ზარმა გამომაფხიზლა, რომელიც ნიუსებს მთხოვს. მაგრამ მე ნიუსები არ მაქვს,თუმცა მაქვს სითბო, რომელიც შენი პოსტებიდან ავიღე და რომელიც მთელ დღეს მეყოფა.
წავედი, ვიმუშავე.
ამ საღამოს ბევრ შოკოლადს ვიყიდი.დივანზე მოვიკალათებ, ერთი კვირის წინ ნაყიდ ორუელის "1984"-ს მტვერს გადავწმენდ და ადამიანურ ცხოვრებას დავუბრუნდები.
წამები მაქვს და რამდენი რამის დაწერა მინდა ამ წამებში, მაგრამ როგორმე სხვა დროს... :)))