
ჩემი ბოლო პერიოდის "სამაგიდე პოსტერი"
არ ვიცი, ადრეც ასე იყო, თუ 21–ე საუკუნის ბრალია, რომ ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი ისე სწრაფად ხდება, მოხედვასაც ვერ ვასწრებთ. მოხედვას კი არა, შეგრძნებას და დაგემოვნებას. დილით რომ ყველაფერი სასწაულად კარგად მიდის, შუადღისთვის იღრუბლება და მერე მთელი დღე ისეთი უფერულია, არ იცი, როგორ უნდა მოიქცე, ცოტა ხნით ისევ დილა რომ დააბრუნო.
დილას 8–ზე გავიღვიძე. დღემ შესამჩნევად მოიმატა, თან დილას მზე გამოვიდა თვეების მოღუშულობის შემდეგ და ოთახიც განათებული იყო. დილა ყოველთვის მიყვარდა და ადგომაც არასოდეს მეზარება. განსაკუთრებით, საუზმეა სასიამოვნო, ცხელი რძე და კარაქიანი ჭვავის პური, ან ბრინჯის ვაფლი (საქართველოში "ხლებცებს" რომ ეძახიან) გარგრის ჯემით.
დღეს რაღაც უცნაური, სიმინდის "ვაფლი" გვქონდა სახლში, უგემური გამოდგა, არადა შემადგენლობაში ეწერა მისი სასარგებლო თვისებები და ამის გამო ვიყიდე; როგორც ხშირად ხდება, სასარგებლო საჭმელი გემრიელის პირდაპირპროპორციული არ ყოფილა. მერე ჭვავის და თეთრი ფქვილი შევურიე ერთმანეთში და საკუთარი პურის გამოცხობა ვამჯობინე...
პოსტი სინამდვილეში საკვებს არ ეხება, არც პურს, არც ყველს, პირველი აბზაცია მნიშვნელოვანი. გერმანულ ბიუროკრატიასთან მაქვს პრობლემა და ამან გადაფარა დღეს მზე. რომ იცოდეთ, რამდენი წერილი მოდის ყოველი კვირის განმავლობაში, რომლებსაც უნდა უპასუხო, აუხსნა და ბუნებრივია, ხშირად ვერაფერს გააგებინებ, რადგან აქ თუ ფურცელზე რაღაც წერია, ესე იგი, ასეა და სანამ ვიღაც უფრო მაღალი თანამდებობის პირი არ აღმოაჩენს კანონს, რომ ისე სხვანაირადაც შეიძლება იყოს, არაფერი გამოვა. კანონმორჩილება და ეს მაღალი სამოქალაქო თვითშეგნება კარგი რამეა, მაგრამ ზომბირებამდე როცაა მისული, ხან ისეთი საშიშია, ხვდები, რატომ და როგორ მოახერხა ამ, მშვიდმა და უწყინარმა, ერმა ყველაზე სასტიკი სისტემის სახელის მოპოვება მსოფლიო ისტორიაში.
სანამ ნაციონალური ფსიქოლოგიის განხილვაზე გადავალ, ჩემი sunny ხასიათი იჩენს ხოლმე თავს და მზეც ისე უცებ გამოდის, როგორც ბუნებაში ხდება. მაღაზიიდან რომ ვბრუნდებოდი და ფიქრებით გატენილი თავი პატარა მდინარისკენ მივაბრუნე, ერთი პატარა იხვი ისე სასაცილოდ ჭყუმპალაობდა, გულიანად გამეცინა და ლამის ხელი დავუქნიე. ცოტა უფრო "ახალგაზრდა" რომ ვყოფილიყავი, დავუქნევდი კიდეც, მაგრამ წონაშევსებული და აშკარად გაზრდილი ქალის ფონზე, მომერიდა და გზა განვაგრძე. სიგიჟეა, შეიძლება, მაგრამ გამიხარდა, რომ შტერი იხვები და სამზარეულოს კედელზე გაბნეული მზის სხივები ისევ სიცილს მგვრის და ჭვავის პურიც კარგ სურნელს ტოვებს მთელ სახლში.



5 comments:
რა საშინელებაა ეს ბიუროკრატია, ყველა ქვეყანაში. გერმანელები ალბათ ორმაგად ბიუროკრატები არიან, მათი თვისებებიდან გამომდინარე (რაც გადმოცემით გამიგია).
ისე მინდა, ჩვენს ქალაქშიც იყოს არხები და ფრინველები. გერმანიაში, როგორც ვიცი, ხშირია ეს და მომწონს. უცებგაჩენილი ღრუბლების გადასაყრელად მშვენიერია – უყურებ, მშვიდდები, ხან გეცინება. აბა აქ ვერსად გაიხედები.
ცოტა უფრო "ახალგაზრდაო" :) :*
მეც მიყვარს ჭვავის პური:)
კი, საშინელებაა. თუმცა, ხან რომ ვფიქრობ, არაუშავს–მეთქი, სამაგიეროდ, კანონიც არსებობს და თავს დაჩაგრულად არ გრძნობ, როგორც მანდ :/
:)
ჰო, ეგ პლიუსი აქვს ევროპას
@ქეთი, ალბათ განსაკუთრებით, აღმოსავლეთ გერმანიას, აქ უმეტესობა ისე უბრალოდ ცხოვრობს, არც გემებივით ჯიპები ჰყავთ და არც თავხედები არიან და შესაბამისად, საშუალო ფენა როცა ხარ, თავს მშვიდად გრძნობ.
ბიუროკრატია კასასტროფული თემაა! აი, არაფერია იმაზე გამაღიზიანებელი და იმავდროულად, წყლისმნაყველი, როდესაც სისტემას უმტკიცებ თეთრზე თეთრიაო და ის კიდეც რომელიღაც დადგენილების დანართის 450-ე მუხლის „ჭ“ პუნქტს იშველიებს ქრონიკულად საპირისპიროს დასადასტურებლად!
Post a Comment