Thursday, July 11, 2013

"ქალების ოთახი" – მეთორმეტე პოსტი

ჩემი ცხოვრების საუნდტრეკები

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში ერთი იმედგაცრუება მაინც არ ენახოს. ბავშვობიდან ხშირად მესმის, რომ ვიღაცა კარიერას გადაჰყვა და პირადი ცხოვრებისათვის ვერ მოიცალა, ან ადრე გათხოვდა (ეს პრობლემა ხომ, ძირითადად, ქალებს აწუხებთ) და კარიერისათვის ვერ მოიცალა..

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ერთდროულად, კარიერასა და პირად ცხოვრებაში წარმატებული ადამიანები იშვიათად არიან. თუმცა, ხანდახან ისეც ხდება, რომ შენი პირადი ძალისხმევის გარეშე, ან ერთი გეწყობა, ან მეორე.

ბავშვობიდან მოყოლებული, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ხდება -  მხოლოდ ერთი, კარიერული მიმართულებით. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, აქ ყოველთვის იმედგაცრუება მაქვს ხოლმე.

მაგალითად, ბიჭი, რომელიც პირველად შემიყვარდა და ექვსი წელი მიყვარდა, ამ პერიოდში ჩემს საუკეთესო მეგობრად იქცა (არა იმიტომ, რომ მე მინდოდა, უბრალოდ, ასე გამოვიდა). მას მერე შეყვარების ისე მეშინოდა, რომ კარგა ხანი გავიდა, სანამ ვინმე მომეწონებოდა..

ადამიანურ ურთიერთობებს ყოველთვის მოაქვს საერთო ემოციები, საგნები, მუსიკა, შემთხვევები, ადამიანები, ადგილები, რომლებიც დროის გასვლის შემდეგაც, იმ პერიოდს გახსენებს და გულგრილად ვერ უვლი გვერდს. ჩემთვის მათ შორის, ყველაზე დასამახსოვრებელი, ჩემთვის მაინც მუსიკაა. მუსიკა და სიმღერები, რომლებიც ერთად გვაქვს მოსმენილი, ერთმანეთს მოვასმენინეთ და ა.შ. და ა.შ.  

საოცარია, მაგრამ ყოველი ურთიერთობის დასრულების შემდეგ ვხვდები, რომ ჩემს ცხოვრებას მორიგი საუნდტრეკი შეემატა.

ბოლო ასეთი საუნდტრეკი Placebo-ს “special need”-ია. ამ ჯგუფის არსებობის შესახებ არაფერი ვიცოდი მანამ, სანამ სხვა სიმღერებსა და ჯგუფებთან ერთად, ეგეც არ მომასმენინა. მას შემდეგ, ეს ჯგუფი ჩემთვის ისეთივე საყვარელი გახდა, როგორც „ბითლზი“. მაგრამ, ყოველი მოსმენისას, ტკბილ-მწარე ემოციები მიჩნდება. ალბათ, იმიტომ, რომ ეს  ყველაზე საინტერესო, სასიამოვნო, ადრენალინით სავსე, მაგრამ ამავდროულად, აბსურდული და გაურკვეველი ურთიერთობა იყო ჩემს ცხოვრებაში და რომელმაც ასე ძალიან მატკინა გული.

არ ვიცი, დამთხვევა იყო თუ არა, მაგრამ ამ ურთიერთობის გარკვევიდან ორ დღეში, ჩემს ცხოვრებაში კარიერული თვალსაზრისით, ახალი ეტაპი დაიწყო. დავწინაურდი სამსახურში, ვიშოვე რამდენიმე დამატებითი სამსახური ერთად, რაც, ბუნებრივია, ჩემს ფინანსურ მდგომარეობაზეც აისახა. ამათან (თუ ვიზა მომცეს), ძალიან საინტერესო პროგრამაში შემარჩიეს და სექტემბრიდან გერმანიაში მივემგზავრები..

მოკლედ, ამ ურთიერთობის გამო, იმდენი დივიდენდი მივიღე, რომ ცოტა არ იყოს, მეშინია. მეშინია, ერთი შეცდომის გამო, რომლის პატიებისთვისაც ოთხი თვე დამჭირდა და ამ დროის მანძილზე ძალიან ბევრი რამე შემეშალა, ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობა ხომ არ დავკარგე?!.

P.S. ბევრი რამის მიუხედავად, I’m fine. მე მაინც ძალიან მაგარი ვარ, მაგრამ გოგო ვარ.

4 comments:

Keti said...

მუსიკა და, ჩემი აზრით, სურნელიც ალბათ ყველაზე უკეთ გვამახსოვრებს ჩვენი ცხოვრების პერიოდებს

მზია said...

უნივერსიტეტში მისაღებ გამოცდებს რომ ვაბარებდი ერთ სუნამოს ვხმარობდი, მერე მიმავიწყდა და ოთხი-ხუთი წლის შემდეგ ვიპოვე კარადაში. ვერ გავიხსენე უცებ ფლაკონი, დავყნოსე და თვალწინ დამიდგა მაღლივი კორპუსის წინ შეკრებილი მშობლები, ზაფხულის თაკარა მზე და მთელი ჩემი ნერვიულობები :) საოცარი შეგრძნება იყო, როგორ გააცოცხლა სურნელმა მოგონებები

ana said...

ძალიან კარგი პოსტია და თანაც ძალიან მართალი..
როდესაც ერთი ურთიერთობა დავასრულე,ეს პოსტი ჩავწერე. ალენ დელონის წერილი რომი შნაიდერს. ძალიან ჩემში იყო და თითქოს რომის სიყვარულივით ჩემი ამბავიც დავასრულე ამ ყველაფრით.
https://soundcloud.com/sparkygirly/lettre-damour-dalain-delon
სუნამო კი რომელიც უკვე 3 წელია მასხია და ძალიან დიდი ნაწილი გახდა ჩემი ურთიერთობის, ამ ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ვერიდები და აღარ ვისხამ... ავტომატურად მოხდა ასე.. არადა ეს ის სუნამოა რომელიც ჩემია, რომლის გამოისობით 3 წლის განმავლობაში ჩემს მიმართ აღფრთოვანებული დამოკიდებულება არ განელებულა..მუდამ კომპლიმენტები და განაბული სახეები, ჩემს გვერდით, და კითხვა : " რა გასხია?"..
იმედია გავა და დრო დავაუბრუნდები..
ადამიანის ცხოვრებაში ძალიან დიდ სურს თამაშობს სურნელი და მუსიკა, ორივე საოცარი რამაა, რაც მოგონებებს მართავენ.

Sophie שרה Golden said...

მე მგონია, რომ გოგოობა და მაგრობა ერთმანეთის წინააღმდეგობაში სულაც არ მოდიან ;)

მეც მქონდა რაღაც მუსიკები და ახლა რომ მახსენდება, მეცინება, რა პატარა და შტერი ვიყავი.
ყველა ურთიერთობა მნიშვნელოვანია ძალიან, გვზრდის და როგორც იტყვიან, რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს :)