ამელი, პენელოპე და კუნდერას ქალები
რამდენიმე დღის წინ ერთ კარგ ფილმს ვუყურე - TwiceBorn - რომ დავამთავრე, ძალიან აღშფოთებული და აფორიაქებული ვიყავი. პოსტის წერაც დავიწყე, მაგრამ ხელები ისე მიკანკალებდა, აზრებს ვერ მოვუყარე თავი და შევწყვიტე.
ფეისბუქზე ფილმის პოსტერი დავდე და დავწერე, არ ვიცი, ამ წუთას კაცები უფრო მძულს თუ ომი-მეთქი. მეგონა, რომ ამ ფილმში ეს ორი რამე იყო საშინელი.
თუმცა, სრულიად მოულოდნელი გამოხმაურება მივიღე, თან მდედრობითი სქესის ფრენდებისგან. ისინი პირიქით, პენელოპეს პერსონაჟს ადანაშაულებდნენ ყველაფერში და მას შტერი ქალი უწოდეს. მე კი მთელი ფილმი ვიტანჯებოდი პენელოპეს გმირივით, რომელიც ძალიან ტრაგიკული პერსონაჟია და გული მომიკვდა, ასეთ დატანჯულ ქალს შტერი რომ უწოდეს. ასე მეგონა, მე მეძახდნენ იმ მომენტში ასე და კამათის სურვილიც დავკარგე, ისე ვდუღდი და ემოციებად გადმოვდიოდი. მუშტებშეკრული ვიჯექი და ცრემლებს ვყლაპავდი.
მერე დიდხანს ვფიქრობდი, როგორი იქნებოდა მსოფლიო, ძალაუფლება ქალების ხელში რომ ყოფილიყო [მოდით, შევთანხმდეთ, რომ სახელმწიფო ორგანოებში რამდენი ქალიც არ უნდა იყოს (და ყოველთვის ცოტანი არიან), სამყაროს მამაკაცები მართავენ].
შეიძლებოდა ყოფილიყო იდეალურად მოწესრიგებული და შეიძლება პირიქით, ქაოტური და ანარქიული. ალბათ, ორივე ერთად, ხან ისეთი და ხან - ასეთი.
* * *
ხანდახან, განსაკუთრებით მაშინ, როცა პმს მაქვს, ვფიქრობ, როგორი რთულია ქალობა. პმს-ზე ძალიან ბევრი შემიძლია ვწერო, იმაზე, თუ როგორი ცვლილებებია ამ დროს ორგანიზმში, როგორ შემიძლია ერთ წამს მუცლის ტკივილამდე ვიცინო, მეორე წუთში კი შევიდე აბაზანაში და სარკის წინ ბევრი და ძალიან გულიანად ვიტირო. მაგრამ ეგ მერე და სხვა ბლოგზე იყოს.
კუნდერას ქალები გამახსენდა, სევდიანები და ცოტა დაღლილები. ამ ეტაპზე მეც კუნდერას პერსონაჟი ვარ. ცოტა, არა, ძალიან დაღლილი. აი, მაგალითად ახლა, მინდა რომ ვიწვე, ფეხებს ვასვენებდე და თმაზე მეფერებოდეს ვინმე.
მინდა ვინმე ჩემს ადამიანთან ერთად ჩუმად ვიჯდე და ყავას ვსვამდე. ზოგჯერ ასე, ერთად ჩუმად ჯდომა უფრო დიდი ნუგეშია, ვიდრე გაუთავებლად, ისტერიულად ლაპარაკი იმაზე, რომ დაიღალე.
საბოლოოდ კი, ასეთი ყავების სმის დროს ხვდები, რომ ქალებს ერთმანეთის კი არა, საკუთარი თავისაც არ გვესმის :) ისღა დამრჩენია, სასოწარკვეთილმა (ეს სასოწარკვეთილებაც საოცარი განცდაა, როცა არც იცი, რატომ ხარ ასე, არც კი გამოხატავ გარეგნულად და შენს ამ განცდებთან ერთად დაიარები) წითელი პომადა წავისვა, სახლიდან გასვლისას სარკეში შევხედო ამელის დაღლილ თვალებს და გავეშურო ახალი დღის გასავლელად.
ამის ფონზე
(უბრალოდ, გერმანიაში ამ ვიდეოს არ ხსნის და embed–ით ვერ ვდებ).






5 comments:
"ორჯერ დაბადებული" მართლა სულისშემძვრელი ფილმია. მეც კარგა ხანს მოვდიოდი გონს მისი ნახვის შემდეგ. წინა პოსტიდანაც ძალიან კარგად ჩანს, როგორი ძლიერია ქალი, ყოველგვარ გარემოებებში და ყველა სიტუაციაში. პმს-ები და პრუტუნი ძალიან გვიხდება და გვალამაზებს, თორემ ამის გარეშე too perfect ვიქნებოდით! :)
ქალები ერთმანეთისადმი ძალიან ხშირად (უხშირესად) არასოლიდურები არიან, რაც ბავშვობიდან მაწუხებს და დიდ პრობლემად ვთვლი.
მეც მყავს მეგობრები, რომლებიც ასევე შტერად ჩათვლიან პენელოპეს და ბევრ სხვა გმირს, რომელიც მე ძალიან მიყვარს და თანავუგრძნობ :/
პ.ს. არასოლიდარულობა ვიგულისხმე, სოლიდურობა რა შუაშია, უკაცრავად.
ეს ფილმი მეც ვნახე და ძალიან ამაღელვა. ფილმის მერე განსაკუთრებით ბევრს ომის საშინელებაზე ვფიქრობდი და მერე უკვე მის ფონზე ნაჩვენებ ამბავზე.
ჩვენში რატომღაც გმირებს კრიტიკულად უყურებენ ხოლმე და თითქმის არასდროს თანაგრძნობით.
ჰო მეც ზუსტად. როგორ კარგავს ყველაფერი აზრს ომის ფონზე. სხვა პრობლემები არასერიოზულად გეჩვენება. დასანანია, რომ სოლიდარობა გვაკლია... პენელოპეს გმირზე რომ განსხვავებული აზრები არსებობს.
Post a Comment