ეს პოსტი უფრო მეტად ჩემი, საკუთარი არქივისთვის მჭირდება, თანაც დიდი ხანია ეზრას ამბები არ დამიწერია, ანუ რა უყვარს ამ ეტაპზე, რას აკეთებს, რას ვაჭმევ და მე თვითონ სად ვარ, როგორც დედა; ამიტომ, არ მოგერიდოთ, წაკითხვა თუ არ მოგინდებათ და მოსაწყენად მოგეჩვენებათ :)
ადრე, სანამ მე თვითონ მეყოლებოდა ბავშვი, ნაცნობ ქალს ვკითხე, მისი უმცროსი შვილი რამდენი წლის იყო და მიპასუხა, 27 თვისო. მაშინ ვიფიქრე, რომ გიჟი იყო ის ქალი, ხომ შეეძლო ადამიანურად ეთქვა, 2 წლის და 3 თვის და თავი არ მემტვრია თვეების გამოთვლით.
ახლა კიდევ როცა მე მეკითხებიან, ხშირად "წამომცდება" ხოლმე, თუ რამდენი თვისაა ეზრა, რომელიც სინამდვილეში თვეების აღარ არის, 1 წლის და 8 თვისაა. მაგრამ ჩემთვის, დედისთვის, რომელიც ყველაფერს მაინც თვეებით თვლის, 20 თვისაა და ღმ–ერთის ძალით, 4 თვეში, როცა უკვე 2 წლის გახდება, აღარ დავთვლი თვეებს და უკვე წლებს შევეჩვევი.
მე ემილის ასაკში
სადღაც მეორე–მესამე კლასში ვიყავი, როცა ჩემმა უფროსმა დეიდაშვილმა, რომელიც უკვე ხუთი წელია აღარ არის, ასტრიდ ლინდგრენის წიგნი მაჩუქა, ნარინჯისფერ–ცისფერი ყდით, რომელშიც "ლიონებერგელი ემილი", "ბიულერბიუელი ბავშვები" და "ჩვენც სალტკროკელები ვართ" შედიან. ალბათ, ბევრ თქვენგანს აქვს ეს წიგნი, უკვე გაცრეცილი და ნატალიასი არ იყოს, გატკბილულფურცლებიანი, რადგან ალუბლიან მაჭკატებს მიირთმევდით კითხვისას (მე ალუბლისმურაბიან ალადიებს, რომლებსაც მაჭკატებად მივიჩნევ დღემდე).
ყველა გოგოს უყვარს ბიულერბიუელი ლიზი და ბავშვობაში მისნაირ ოთახზე ოცნებობდა, ცოტა რომ გაიზრდება ის გოგო, მერე სალტკროკაში დასასვენებლად წასული მზრუნველი უფროსი და მალინი უყვარდება, ან სულაც პუტკუნა უცნაური გოგო ჩორვენი და მისი ძაღლი...
მაგრამ მე ლიონებერგელ ემილზე მეტად ლინდგრენის არცერთი გმირი მყვარებია. იმიტომ, რომ ემილი ჩემი ბავშვობის პროტოტიპი იყო, უბრალოდ ის ბიჭი იყო და ჩემზე ქერა. ცელქზე ცელქი, სამართლიანი, უშიშარი და საკუჭნაოში დასჯილს, შეეძლო მთელი ზამთრის მარაგი ძეხვი შეეჭამა.
ერთერთი საყვარელი მომენტი, ემილი რომ წვნიანის ქოთანს თავზე ჩამოიცმევს და გაიჭედება
ახლა ლიონებერგელი ემილი აღარ ვარ კაი ხანია, სამაგიეროდ მყავს ლაიპციგელი ეზრა, რომელიც ასევე არ არის ქერა, სამაგიეროდ ბიჭია და ისეთივე ცელქი, როგორიც მე ბავშვობაში.
მხოლოდ ეზრას შეუძლია კარადებზე დადებული საკეტების გაღება, რომლებსაც, წესით, მისი ასაკის ბავშვები ვერ უნდა ხსნიდნენ, რადგან ჭურჭლის და სხვა მსხვრევადი ნივთების, სწორედ მათგან, დასაცავადაა მოგონილი. მხოლოდ ეზრას შეუძლია ერთ წამში მაგიდიდან ჭიქის გადმოგდება და სანამ მე ჰაერში ჭიქას ვიჭერ, უკვე შორეული უჯრის იატაკზე გადმოცლა; მხოლოდ ეზრას შეუძლია თავისი პატარა სწრაფი თითებით ელექტროღუმელის ტაიმერის არევა, ჩემი ანტიკური ლეპტოპის კლავიატურის ამოჩიჩქვნა და მერე ანგელოზივით გაღიმება.
სავარაუდოდ, ყველა დედის შვილს შეუძლია მხოლოდ ასეთი რაღაცები, მაგრამ ჩვენ ხომ გვჯერა, ჩვენს შვილს მაინც ყველაზე განსაკუთრებული ოინების ჩადენა შეუძლია.
- 20 თვის ასაკში ეზრას საყვარელი წიგნია "ისტორიები დავითზე", რომელიც ჩვენმა მეგობარმა აჩუქა.
ამ ბიბლიური ისტორიებით, მინდა, ეზრამ ისწავლოს თავისი ერის სიყვარული, სამართლიანობა და ადამიანების პატივისცემა, მათზე მზრუნველობა, რომ როგორც დავითი წავიდა თავისი ერთი დაკარგული კრავის საძებნელად და არაფრის შეეშინდა, ისევე უყვარდეს ეზრას ადამიანები და თითოეულს, როგორც ინდივიდს, აფასებდეს.
ვფიქრობ, ადამიანების სიყვარულიდან იწყება თავდაჯერებულობა, რომელიც ადამიანს ცხოვრებაში ძალიან სჭირდება. თუკი რაღაც შიშები და ეჭვებით გაიზრდება, მხოლოდ სხვებისადმი კი არ იქნება ცივი და უნდობელი, საკუთარ თავს უფრო მეტად ავნებს.
როგორც დედაჩემი მირჩევს ხოლმე, შვილი თავისუფლად უნდა გაზარდო, მაგრამ ამავე დროს საზღვრებით, უნდა ასწავლო ზრდილობა, კარგი ქცევები და აუცილებლად იცოდეს, ცხოვრებაში არის ლიმიტები და არის – ღია კარებები, რთული და მარტივი გზები, არჩევანის გაკეთება კი მასზეა დამოკიდებული, ბუნებრივია იმ აღზრდის მაგალითზე, რომელიც ოჯახიდან ექნება ნასწავლი.
- საყვარელი საჭმელი: გუფთა
- საყვარელი სასმელი: ვაშლისა და სტაფილოს კომპოტი
- ბოლოდროინდელი ჰობი: მამის ფეხსაცმელების ჩაცმა
- საყვარელი მუსიკალური ნაწარმოები: შოსტაკოვიჩის ვალსი
რაც შემეხება მე, იქით ვწერდი, რა ეტაპზეც ვარ.
დედობას რაც შეეხება, ეზრა მასწავლის მოთმინებას, მზრუნველობას და უანგარობას, იმიტომ, რომ შვილისადმი სიყვარული ზუსტად ამ სამი ძირითადი ცნებისგან შედგება.
ყველაზე საშიში კი მაინც ისაა, როცა აღმოაჩენ, ყველაზე მეტად გიყვარს შვილი ამქვეყნად და ყველაფერი/ყველა დანარჩენი ძალიან მეორეხარისხოვანია.




5 comments:
მე ყოველთვის სიამოვნებით ვკითხულობ შენს ბლოგს, რა თემაზეც არ უნდა დაწერო. მით უმეტეს, ადრეც გითხარი, რომ ძალიან მომწონს შენი დედობრივი პოსტებიც :)
ლინდგრენის პერსონაჟებიდან კი ჩემთვის ყველაზე საყვარელი პეპი იყო და მასთან ვაიგივებდი თავს, იმის მიუხედავად, რომ არც წითური თმა მქონია და არც ჭორფლები : ))
Lilac
სოფი,როგორი კარგი დდა ხარ, მგონი,მე არ შემიძლია ამდენი სნტიმენტები და რომანტიზმი შვილის ასაკთან,აღზრდასთან დაკავშირებით, დაქანცულობისგან არაფერზე საფქრელად მრჩება დრო და მითუმეტეს ამ ყველაფრის ასე ლამაზად აღქმისთვის
:)
sxvisi bavshvebi male izrdebiano. ra didi bichia ukve ezra.
ra sakvareli fotoa! super.
@ბოლობლოგი, მადლობა თამთა, მიხარია ძალიან.
პეპი მეც მიყვარდა რაღაც პერიოდი, განსაკუთრებით საწოლში უკუღმა რომ იძინებდა, ეგ მომწონდა :)))
@ბაბისა, ასე რომ არ ვუყურებდე, გავაფრენდი მეც უკვე დაღლილობისგან, წერა ძალიან მეხმარება.
@ტომა, ხო ასეა =))
@თიკო, :)))
Post a Comment