Monday, December 2, 2013

ეზრას ხანუკა

დღეს ხანუკის მეხუთე დღეა, ცოტაღა დარჩა.
საღამოს უკვე 6 სანთელს ავანთებთ.
წინა პოსტში დაგპირდით, ეზრას ხანუკაზე გიამბობდით.
დიდ სიამოვნებას ახლაც არ იღებს დღესასწაულებისგან (შაბათის გარდა, რომელიც სასწაულად უყვარს და ამაზე მერე ცალკე დავწერ). სავარაუდოდ, ამ ასაკის ბრალია, როცა უნდა ყველაფერს ხელი მოკიდოს, თვითონ გააკეთოს, შედეგად კი, აფუჭებს, ყრის და მერე ბრაზობს. ასეა სანთლების ანთებაზეც, მამას არ აცდის, ხან რას გამოართმევს, ხან – რას. მერე თვითონაც იღებს წიგნებს და მამასავით ცდილობს წაიკითხოს, რაც ძალიან სასაცილოდ გამოსდის.
სანთლების ანთების შემდეგ კი მაგიდაზე "დრეიდელებს" ვაბზრიალებთ ხოლმე, ესეც ხანუკის ტრადიციაა, თუმცა ეზრას ბზრიალზე მეტად მათი დაშლა და აწყობა უყვარს (ზუსტად ასეთი დრეიდელები გვაქვს, როგორიც ფოტოზე და სახურავი ეხდებათ, მათ ახდა–დაფარებაში იგულისხმება "დაშლა–აწყობა"). სასწაული ასაკია, ხომ გეუბნებით.

 დრეიდელი და ხანუკა გელდი

ვფიქრობდით, როგორ უნდა შევაყვაროთ ხანუკა და სხვა ებრაული დღესასწაულები–მეთქი, განსაკუთრებით კი ხანუკა, რომელიც ზუსტად ადვენტს ემთხვევა და მთელი მაღაზიები, ასევე ჩვენი მეზობლის კარები და ფანჯრები ნათურებითაა მორთული. რა იტაცებს ბავშვის თვალს, ბრჭყვიალა სათამაშოები თუ ზეითუნის ზეთზე დანთებული ხანუკის სანთლები, რომლებიც ისეთი თვალისმომჭრელი ვერ არის, როგორიც საშობაო–საახალწლო სათამაშოები.
ტრადიციების შეყვარება დაძალებით და ტყუილებით არ არსებობს, მივედით ამ დასკვნამდე და ყველაზე კარგი გამოსავალი მაგალითში ვნახეთ. ანუ როცა ბავშვი ხედავს მშობლებს, რომლებსაც უყვართ ხანუკა და სხვა დღესასწაულები, როცა ელოდებიან და სიხარულით ემზადებიან, მაშინ შვილებსაც აუცილებლად შეუყვარდებათ ტრადიციები. ვისაც შვილები ჰყავს, დამეთანხმება, როგორი ოჯახის სარკეა ბავშვი; სასწაულად დაკვირვებულები არიან და მშობლების, უფროსების ყოველ მიმიკას ისე იმახსოვრებენ და ითვისებენ, ვერასოდეს წარმოიდგენ ზრდასრული ადამიანი, თუ რამხელა გავლენა გაქვს პატარებზე.

ჩემი წლევანდელი სუფგანიოტები ანუ სახანუკო ფუნთუშები/"პონჩიკი"

ბავშვების უმეტესობას უყვარს ის, რაც მის მშობლებს, განსაკუთრებით – დედას. ერთი მეგობარი მყავს, რომელსაც ბავშვობაში დედამ უთხრა, რომ ქლიავის ჩირი უგემურია და დღემდე ვერ დააჯერებ სხვანაირად. უკვე დიდი კაცია და მისი მეუღლე ვერაფრით არწმუნებს, რომ ძალიანაც გემრიელია და განსაკუთრებით კარგად მომზადებულ ხორცის სოუსს უხდება.
მეც მაქვს მსგავსი "ტრავმა". დედაჩემს სასწაულად უყვარს ელტონ ჯონის სიმღერები და ისე გავიზარდე, რომ სულ მესმოდა, მისი პირადი ცხოვრება არავის ეხება, მთავარია მისი ნიჭიერებაო და დღემდე მეც სხვანაირად ვერ ვფიქრობ. ცხოვრებაში ელტონ ჯონს არ ვუსმენ, მაგრამ მასზე ცუდს მაინც ვერ მათქმევინებ :ლოლ:

ისევ ხანუკას და ეზრას ვუბრუნდებით.
ხანუკის პირველ საღამოს ჩვენი, ლაიპციგის, რაბინის ბენდის კონცერტი და ვახშამი იყო და იქ წავედით. საერთოდ, ეზრა არსად მიგვყავს ასე გვიან ხოლმე (ეზრასთვის გვიანია 19:00), მაგრამ დღესასწაული მისთვისაც ხომ დღესასწაული უნდა ყოფილიყო და ამიტომ წავიყვანეთ. თავიდან ძალიან გაოცდა ჩაბნელებულ დარბაზში ხმამაღალი მუსიკა და ბრჭყვიალა ნათურები რომ დაგვხვდა და სადღაც ნახევარ საათზე მეტი კალთაში მეჯდა და არ ინძრეოდა. მერე უკვე ისე მიეჩვია, ყველა მოხუც ბებოსთან ჩამოჯდა, იცეკვა და ფერად პროჟექტორებსაც ვერ ვაცილებდით (ამ ბოლო დროს ნათურებზე, ლამპებზე, ფანრებზე და ნებისმიერ სანათებელ საშუალებებზე გიჟდება). ბოლოს საჩუქრად "ხანუკა გელდი" მიიღო ანუ შოკოლადის მონეტები, რომლებიც ჩვენ შევუჭამეთ, რადგან ჯერ შოკოლადს არ ვაძლევთ; წინააღმდეგი არ ყოფილა, რადგან გემო ჯერ არ იცის, ადვილად გვიყოფს.
21:00–ზე დავბრუნდით სახლში და მეშინოდა, რომ საღამოსგან აღტაცებულ ეზრას ვერ დავაძინებდი, მაგრამ სასწაული მოხდა და ორ წუთში ჩაეძინა, მთელი ღამე კარგად ეძინა, ანუ მეც გემრიელად გამოვიძინე. გამოძინებული დედა კიდევ უდრის ბედნიერ, მშვიდ, თმადაწყობილ დედას :)))
ყველა გზა დედასთან და მის ბედნიერებასთან მიდის, არა? განა ეგოიზმია, უბრალოდ დედის ბლოგია და მე კიდევ ასეთი დედა, გამოძინება რომ ჰაერივით სჭირდება, თუ უნდა ადამიანად იგრძნოს თავი.

[პოსტი დაღლილ–დაქანცულ დედაზე, რომელსაც ეჩვენება, მისი შრომა საკადრისად არ ფასდება, იხილეთ მომავალში ;–) ]

10 comments:

Anonymous said...

პირველ რიგში გილოცავ. ვკითხულობდი და ჩემი ბავშვობის ერთი მოგონება გამახსენდა, უბრალოდ შენ უნდა გამარკვიო, რამდენად იყო ეს ხანუკასთან კავშირში. ჩემი პირველი ინგლისურის მასწავლებელი, რომელსაც გამართულ პრონანსს ვუმადლი, იყო ერთი ქალი : ვერა ბაბალიკაშვილი. ებრაელი. მასთან მისულს, აღარ მახსოვს, როდის მაგრამ რაღაც დღესასწაულზე მაჭმევდა ,,მაცას"(თუ სწორად ვამბობ სახელს) მაშინ ყველაზე გემრიელ პურად მეჩვენებოდა. ხრატუნა, თხელი... თქვენც აცხობთ? თუ ის სხვა დღესასწაულია? ეხლა ძალიან დავინტერესდი, ხვალ ვაპირებ ყველაფერი წავიკითხო ხანუკას შესახებ :))))

ეჰ , მეც მაგას არ ვამბობ? დედის სუბიექტური გავლენით ცხოვრობს შვილი. ჩემი ქმარი ამბობდა რომ რობერტ დენიროს ვერ იტანდა. რატომ მეთქი? ვერ ვიტანო რავიციო. მერე დედამისი გავიცანი და მითხრა რომ რობერტ დენიროს ვერ იტანს. მაშინ არ მომერიდა და ვუთხარი: აი თურმე რატომ არ უყვარს ჩემს ქმარს დენირო თქო :))))) ზუსტად ასეა.

Rode said...

რა გემრიელად გამოიყურებიან სახანუკო ფუნთუშები <3

Tina Nadiradze said...

ვერა მეც მასწავლიდა :))) ჩვენ ურჩი ჯგუფი ვიყავით, მაგრამ კარგი მომენტებივ გვქონდა. კოხტად გამოწყობილი მოდიოდა ლექციებზე. :)))

ეს გავლენის თემა მართლაც მეტაფიზიკურია. ვერაფერს იზამ.

Toma said...

bavsVi mshoblisagan iscavlis sakutari dgesascaulebis pativiscemas Ö= da adventis tvalismomchreli shuki verafers gaxdeba ojaxis tracdiciebis cnaamdeg. ai cota rom gaizrdeba, pubertatshi sheidleba sheicvalos.

erza ki normaluri bavshviti iqceva, mase unda vitardeboses, cnomismokvarea, garemos shecnobs scdilobs, jansagi bavsvhia.

funtushebi momecona!

Sophie שרה Golden said...

თი, რა კარგი მოგონება გქონია :) ეგ პესახის, იგივე პასექის დღესასწაულია, როცა მაცას ანუ უფუარ პურს ვჭამთ; ეგ დღესასწაული გაზაფხულზეა ხოლმე.
არა, ჩვენ არ ვაცხობთ, ვყიდულობთ და არასოდეს შეედრება იმ გემოს, რასაც ჩემს ბავშვობაში, თბილისში ჰქონდა. საქართველოში ყველაფერი განსაკუთრებულად გემრიელია, ხომ იცი.
კი, ზუსტად. მეც ვეუბნები ხოლმე ჩემი ქმრის დედას, როცა უამრავ ასეთ საერთოდ აღმოვუჩენ ჩემს ქმართან :) ცოლმა შეიძლება ოდნავ შეამსუბუქო ქმრის მსგავსი ბავშვობის სტერეოტიპები, მაგრამ ბოლომდე დამსხვრევა არ არსებობს, ამ დასკვნამდე მივედი :ლოლ:

@როდე, არა მხოლოდ გამოიყურება, გემო უნდა გენახა... იფ! :დ

@თიკო, კოხტადო, რა კარგად თქვი :)
ნამდვილად ვერაფერს.

@ტომა, ასეა, გეთანხმები და მოზარდობის ასაკში, ეჭვიც არ მეპარება, რომ ეზრასაც გაუჩნდეს შეკითხვები, პროტესტები და ბევრი რამე რელიგიასთან დაკავშირებით, როგორც ყველა მსგავს მოზარდს.
მადლობა. შენ რომ მოგეწონა, გამიხარდა, ვიცი რა კარგი მცხობელი ხარ.

Anonymous said...

გილოცავთ :)

აუ, გავლენებზე ვშფოთავ მაგრად. მე და ირაკლი ძალიან ემოციურები ვართ, შფოთიანი კამათები ვიცით :დ და ამის მეშინია, ჩვენთვის არაფერია, მაგრამ ლეამ ხმამაღალი ლაპარაკი არ ისწავლოს ((( იმედია, თავს მოვთოკავთ ხოლმე

Sophie שרה Golden said...

დიდი მადლობა, მარი.
მე ვიცი ხმამაღალი ლაპარაკი და სიცილი, არადა საქართველოში ძალიან ნორმალური ვიყავი =)) მაგრამ გერმანიაში, სადაც ხალხი სასწაულად ხმადაბლა საუბრობს და თითქმის არ იცინის, ძალიან ხმამაღალი გამოვდივარ, ჰოდა ბუნებრივია, ეზრაც ჩემსავით ხმაურიანია.
თუმცა, ეს აქსიომა არ არის, შეიძლება ლეა ძალიანაც არახმაურიანი გაიზარდოს ხმამაღლა მოლაპარაკე მშობლების ყურებაში :)))

Keti said...

სოფი, მეც ასე მგონია, მშობლებისგან იღებს ბავშვი მაგალითს და ცოტა რომ მოიზრდება, უკვე გამოამჟღავნებს ამას. შეიძლება რაღაც გააპროტესტოს, შეიძლება შეიყვაროს. მაგრამ ერთი რამის მჯერა, თუ დედას რაიმეს მიმართ აქვს სიყვარული და პატივისცემა, შვილი აუცილებლად აითვისებს ამას და თავადაც, ქვეცნობიერად ექნება იგივე დამოკიდებულება.

ჰოდა, თქვენ რომ გულწრფელი სიხარულით დღესასწაულობთ, როგორ შეიძება ეზრას ეს არ "გადაედოს"? :)


ფუნთუშები ძალიან მადისაღმძვრელია!

თორნიკე said...

რელიგიური დღესასაწაულებისა და ზოგადად რელიგიის შესახებ ისეთი აღმაფრენითა და თან ისე სადად წერ რომ კითხვისას თითქოს შენც მისი მონაწილე ხდები.მეც ასეთი შეგრძნება მქონდა.წარმოვიდგინე განათებული დარბაზი და მეც მომინდა ასეთი გელდის მიღება.ეზრას ძალიან გაუმართლა.როცა კითხვები გაუჩნდება და თუნდაც პროტესტი რელიგიის მხრივ ეს ბლოგი ალბათ ბევრ რამეში დაეხმარება.მთავარია ადამიანმა გაიაზროს ამა თუ იმ გზას რატომ ირჩევს.ჩემი რელიგიური ცხოვრების გამოცდილებიდან და დღეს არსებული სულიერი კრიზისიდან და გაურკვევლობიდან გამომდინარე(ალბათ არც ეს ორია ახლა.უბრალოდ აღარ ვფიქრობ ამ მიმართულებით)ალბათ ყველაზე რთულია ეს აღმაფრენა და სისადავე შეინარჩუნო.და კიდევ ზომიერება დაიცვა.რომ არ გაუფასურდეს შემდეგ...დღეს დღესასწაულებს(რელიგიურს თუ საეროს)ვეღარ ვგრძნობ.უფრო მამძიმებს მგონი.ალბათ ესეც გაივლის.:)

Sophie שרה Golden said...

ქეთი, ნამდვილად ასეა, მიხარია, ერთნაირად რომ ვფიქრობთ ამ საკითხზე.
მადლობა :) საკმაოდ გემრიელები გამოვიდა.

თორნიკე, მადლობა შენი აზრის გაზიარებისთვის, რომელიც ყოველთვის ძალიან ღრმა და საინტერესოა ხოლმე.
იმედი მაქვს, დაეხმარება ეს ბლოგი ეზრას დიდობაში, თუ დააინტერესა, რა თქმა უნდა, რას გაიგებ, იქნებ მოსაწყენადაც კი მოეჩვენოს.
სულიერ კრიზისს რაც შეეხება, ძალიან რთულია. განსაკუთრებით, საქართველოში ძალიან დაბალია რელიგიური განათლება (ისევე როგორც საერო) და ადამიანები ამიტომაც ყველანაირ სიხარულს მოკლებულები ხვდებიან დღესასწაულებს და ყველაფერს.
გაივლის მალე, იმედია და თავს შენც მშვიდად, შენს გზაზე იგრძნობ აუცილებლად.