გუშინ საღამოს კიდევ, ისე მოხდა, ვიჯექი ჩემთვის მშვიდად (სასწაულები ხდება) და იუთუბზე სხვადასხვა ვიდეოებს ვუყურებდი. არ ვიცი, საიდან სად წავედი (აშკარად გუგლის იმპერიალისტი აგენტურა იცნობს ჩემს სოციალისტურ მისწრაფებებს) და მაიკლ მურის ამ ფილმის კლიპს გადავეყარე, რომელიც აქამდე არ მქონდა ნანახი.
თავიდან ძალიან აღვფრთოვანდი და მეორე ნაწილზე, სადაც ალეიდა თავის მამაზე საუბრობს, ცრემლებიც წამომივიდა (გეუბნებით!), მაგრამ მერე გავიხსენე, ყველაფერი მაინც როგორი პოლიტიკაა და არაფერს აქვს ერთი მხარე.
მოკლედ, გვყავს ერთი მეგობარი, რომელიც ადრე, კვირაში ერთხელ ჩემთან ერთად დადიოდა თორის გაკვეთილებზე.
ჩვეულებრივი ბიჭია, პატარა ტანის, თეთრი, წაბლისფერი თმით და დიდი თაფლისფერი თვალებით, რომელიც მისი ოდესელი დედის ეროვნებას გასცემენ :) ეს ჩვენი ალექსი თავისუფლად საუბრობს თითქმის ხუთ უცხო ენაზე, განსაკუთრებით კი მაინც ესპანური უყვარს. დიდი ამბავი, დღეს უცხო ენები ვინ არ იცის, არასოდეს ჩავძიებივარ.
ერთხელაც, გერმანული შემოდგომის ცივ საღამოს, როცა ჩვენს თორა ცენტრში ვიყავით ვახშამზე, მოვიდა გარუჯული ალექსი, გაბრჭყვიალებული თვალებით, აღტაცებული.
ერთადერთი არ გაუმართლა, რომ ჩვენს გვერდით მოხვდა სუფრაზე (უფრო კონკრეტულად, ჩემში არ გაუმართლა) იმ საღამოს. იმდენი შეკითხვა დავაყარე, ნამდვილად არ ელოდა, მაგრამ ძალიანაც ესიამოვნა, ყველაფერი რომ მაინტერესებდა პოლიტიკურიდან დაწყებული, სოციალურ–კულტურული ამბებით დამთავრებული.
ეს ჩვენი თეთრი ბიჭი თურმე კუბაში/კუბაზე ყოფილა ორი კვირით, სადაც თავისი მამა და ნათესავები გაიცნო.
მოდი და ნუ აღტაცდები!
ერთი იმიტომ, ყოველთვის მეგონა კუბაში თეთრკანიანები მხოლოდ ფიდელ კასტრო და მისი ახლობლები არიან.
მეორე, ჩემნაირი wannabe მწერალიც ვერ მოიფიქრებდა, თუ 80–იანი წლების დასაწყისში სიმპათიური კუბელი სტუდენტი (მე წარმომიდგენია, როგორც ახალგაზრდა ფიდელი) ოდესაში ჩამოვიდოდა სასწავლებლად, იქ შავთვალა ებრაელ გოგოს გაიცნობდა და შედეგად, ლამაზი და ჭკვიანი ალექსი დაიბადებოდა. მერე ეს კუბელი სტუდენტი ისევ უკან დაბრუნდებოდა და მხოლოდ 25 წლის შემდეგ გაიცნობდა თავის შვილს, რომელიც არსებული ფესვების გამო ესპანურს სრულყოფილად დაეუფლებოდა.
ალექსმა მიამბო იმ საღამოს, რომ კუბაში, ჩემდა გასაკვირად, მოსახლეობის უმრავლესობა თეთრკანიანია და იმას, რასაც მედია აჩვენებს, ან მე მქონდა ნანახი, უმეტესად ჰავანის ქუჩებია, სადაც ფერადკანიანები ჭარბობენ, რადგანაც ისინი განათლების მიღებაზე თავს დიდად არ იკლავენ და ცეკვა–სიმღერა ურჩევნიათ. სამაგიეროდ, ინტელიგენციის უმეტესობა თეთრია (რაღაც უხეშად ჟღერს, მაგრამ ჩემი დაღლილი გონება მეტად ვერ იძაბება).
[ბუნებრივია, რასიზმში არ ჩამითვლით, თეთრკანიან–შავკანიანს რომ ვწერ, უბრალოდ, ის ამერიკული ფსევდოპოლიტ.კორექტულობა მძულს, ლამის 70–იან წლებამდე შავებს ავტობუსში თეთრების ადგილზე რომ არ სვამდნენ და ახლა ყველა ჰუმანისტი გახდა]
ისიც აღსანიშნავია, რომ კუბაში კრიმინალი ძალიან დაბალ დონეზეა და თუ შტერი ტურისტი არ ხარ, რომელიც დოლარების თვლას ქუჩაში დაიწყებს ან ოქროს სამკაულებით ასხმული ივლის საეჭვო უბნებში, კაციშვილი არ მოგეკარება და არც ღამე სიარულია საშიში.
კუბელები ძალიან მეგობრული ხალხია, მაგრამ როგორც ყველა ქვეყანაში, იქაც სასწაულად ცდილობენ ტურისტების მოტყუებას და მეტი ფულის გამორთმევას.
რელიგიურ უმცირესობებს რაც შეეხება, ნამდვილად ტოლერანტულები არიან ყველას მიმართ, არსებობს მოქმედი სინაგოგა, ეკლესია, მეჩეთი და არავის მოუვა აზრად ვინმეს შევიწროვება. თუმცა, ბუნებრივია, რელიგიაზე დიდად არც ღელავენ და უფრო ტრადიციის, გართობის სახე აქვსო, ალექსმა მითხრა.
კითხვაზე, როგორ ცხოვრობს კუბელი ერი, სად მუშაობს, რას აწარმოებს, ამაზე ზუსტად ის პასუხი ჰქონდა, რომელიც საბჭოთა კავშირში დაბადებულისთვის უცნაურად სულაც არ ჟღერდა, ყველა იპარავს, როგორც შეუძლიაო :/
როდამდე გასტანს ამდენი მოპარვა, კაცმა არ იცის, ისევე როგორც არავინ იცის, რამდენ ხანს იცოცხლებს დიდი ფიდელი. იცოცხლე, კომანდანტე, მტრების ჯინაზე, რატომაც არა!
ყველაზე უარესად მაინც გერმანიიდან ჩასულ ალექსს ის მოეჩვენა, რომ უხარისხო ტუალეტის ქაღალდი იყო კუბაში, ან საერთოდ არ მოიპოვებოდა და როგორც ძველ, კეთილ საბჭოთა დროს ხალხი სხვადასხვა ქაღალდს იყენებდა.
მერე ალექსმა თავის მამაზე გვიამბო, რომელიც ინჟინერია, მაგრამ აღარ მუშაობს და ჰავანის "განაპირას" ცხოვრობს თავის მეორე ოჯახთან ერთად, აქვს პატარა ფერმა და ბოსტანი. გვიამბო თავის კუბელ ბებიაზე, რომელსაც რევოლუცია ახსოვს და იმპერიალისტებისგან განმათავისუფლებელი ფიდელი და ჩე ძალიან უყვარს.
ყველანი კმაყოფილები არიანო, ღიმილით დაასრულა ალექსმა, ალბათ იმიტომ, რომ უკეთესი ცხოვრება არ უნახავთო.
მე კი გავიფიქრე, უბრალოდ, კუბას სხვანაირი, შინაგანი თავისუფლება აქვს–მეთქი.
როცა ერთი ადამიანის თავისუფლება მეორე ადამიანის ფიზიკურ თუ სულიერ ცხოვრებას ვნებს, იქ მთავრდება კიდეც ეს ცნება და იწყება კაპიტალიზმი, სამწუხაროდ. საქართველოსთვის კი, უფრო უარესი, მისი ჰიბრიდი, რომელიც საერთოდ ურეცხავს (დარჩენილ) ტვინს ადამიანებს, უსარგებლო განათლებით აშტერებს და ყველანაირი ფასეულობის წაშლას ცდილობს.
სრულიად ვეთანხმები იმას, რასაც ზემოთ, ვიდეოში, ჩემი საყვარელი მამის ქალიშვილი ამბობს; შეფარდებითია თავისუფლება, თანაც ძალიან შეფარდებითი. ყველაფრის თქმა, ყველაფრის ღიად კეთება თავისუფლებას და პროგრესს კი არა, ამორალურობას და ადამიანობის დაკარგვას ნიშნავს, იმიტომ რომ სრულიად თავისუფლები და "უკომპლექსოები" (ჩვენთან უყვართ ამ სიტყვის ხშირად თქმა დადებით კონტექსტში) მხოლოდ ცხოველები არიან.
განა ცხოველებს შეურაცხვყოფ, უბრალოდ, მათ არა აქვთ ისეთი გონება, როგორიც მხოლოდ თავისუფალი ნების მქონე ადამიანებს გვაქვს, არა აქვთ შესაძლებლობა მისი გამოყენების, რითიც ინსტინქტების შეკავებაა შესაძლებელი (სამწუხაროდ, ადამიანები დღესდღეობით
მოაზროვნე ადამიანური გონება ცხოველურ თავისუფლებას (მაგალითად, თავისზე სუსტის ჩაგვრა) ზღუდავს და ემოციებს თოკავს.
ზუსტად ამ მნიშვნელოვან იდეოლოგიაში ვერთიანდებით სოციალისტები და ბიბლიის მოყვარულები (რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს), ტოლერანტობაში, ადამიანების სიყვარულსა და ნებისყოფაში.
Hasta Siempre!!!



4 comments:
ra akrgi postia Sophie! neta Kubaze momaxvedra sanam axalgazrda var da cxelocnebebiani :)
კარგი პოსტია. თავისუფლება ქართულ ენაზე კარგად ჟღერს, ანუ ესაა მდგომარეობა, როცა საკუთარ თავს კარგად ფლობ, აკონტროლებ, როცა საკუთარი თავის უფალი ხარ, რაც აუცილებლად გამორიცხავს მხოლოდ რეფლექსებზე და მოთხოვნილებებზე 100%-იან დამოკიდებილებას, შესაბამისად სხვების დამცირებას ან შეურაცხყოფას. ;))
კუბაზე სულ „ბუენა ვისტა“ მახსენდება. ვიმ ვენდერსის ეს ფილმი ნანახი გექნება, სოფი. http://www.imdb.com/title/tt0186508/?ref_=nv_sr_1 თუ არადა, წინ სიამოვნება გელის. ;))
:)))
@ანუშკა, მადლობა. ეცადე, რომ მოხვდე რა აუცილებლად. იქნებ მეც მოვხვდე, თუნდაც ახალგაზრდა ნუ ვიქნები, ოცნებები ხომ ისევ მექნება :დ წესით უნდა მქონდეს.
@ლაშა, დიდი მადლობა. ქართულად მართლაც ყველაზე კარგად ჟღერს და ზუსტად იმას გამოხატავს, რასაც უნდა გამოხატავდეს და შენ მშვენივრად ჩამოაყალიბე.
ამ ფილმს ვერ ვიხსენებ, მადლობა გაზიარებისთვის, სიამოვნებით ვნახავ.
@მზია, მიხარია, რომ მიღიმი/მიცინი :)))
Post a Comment