Tuesday, January 14, 2014

მონატრებული პარადოქსები და ქართული მეტყველების სნობური შიშები

მოზარდი რომ ვიყავი და კიდევ მერე, ჩვენი დედაუნივერსიტეტის სტუდენტი, რამდენიმე ხანს მეგონა, თანამედროვე და პროგრესული იდენტური ცნებები იყო, თანაც ზუსტად ისეთი, როგორც მე ვაზროვნებდი და ვფიქრობდი.
დღეს, 29 წლის ასაკში კიდევ, როცა მენდელსონის მშობლიურ ქალაქში ვცხოვრობ, ვხვდები, ყველაფერი ახალი და თანამედროვე პროგრესულს სულაც არ ნიშნავს. ანუ პროგრესი წინსვლაა, მაგრამ ისე წინ სვლა არა, როგორც უმეტესობას, და მათ შორის მეც, მეგონა.

ფილოსოფია დაივიწყეთ, "ჩემი ცოლის დაქალებზე" უნდა დავწერო :D

მანდ ალბათ უკვე მილიონჯერ დაწერეს და კიდეც დაივიწყეს, მაგრამ მე ახლა დავიწყე ყურება.
არა, მთლად ახლა არა, ეზრაზე რომ ვიყავი ფეხმძიმედ, მაშინ ვნახე პირველი სერიები და მერე გადამავიწყდა. გუშინწინ კიდევ იუთუბმა "ამომიგდო" ახალი სერია და დავინტერესდი. მერე სხვა სერიაზე გადავედი და ბოლოს, სერიოზულად, აღარ ვიცოდი, მეცინა თუ მეტირა.

მაინც რატომ ვუყურებ სერიალებისა თუ შოუების მოძულე ადამიანი "ჩემი ცოლის დაქალებს"? უბრალოდ ქართულია და იმიტომ. მენატრება ქართული პარადოქსები ეტყობა, საუბარი და ადამიანები, ის ამბები, რაც ჩემთვის ბავშვობიდან ნაცნობია და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რაღაც შეიძლება არ მომწონს, მაინც ვთვლი, საქართველოზე უნიკალური ქვეყანა არ არსებობს თავისი ხასიათებით.
თანაც, ეს ამერიკული შოუები საზიზღრობაა, არ შემიძლია, მე, სოციალისტმა ფემინისტმა, სილიკონიან ქალებს ვუყურო, რომლებიც მილიონებს იღებენ და რაღაც იმიჯებს მახვევენ თავზე.
გაუმარჯოს ადგილობრივ, ამ შემთხვევაში, ქართულ პროდუქციას!!!

ამ სერიას ვუყურე, რომ მიხვდეთ, რას ვგულისხმობ. ადრე სადღაც ვწერდი, ყველა ტყუილს რატომ იღებს ქართულ ფილმებში-მეთქი: არასოდეს არსად ჩანს გაუბედურებული უბნები, ჩამონგრეული და დაბინძურებული სადარბაზოები (ცოცხალი მაგალითისთვის, ერთი მეზობელი მყავდა თბილისში, რომელსაც თავისი პუდელი გამოჰყავდა და სადარბაზოში აფსმევინებდა, მერე წყლით გადარეცხავდა და სახლში შევიდოდა :/ ეს წყლით გადარეცხილი ძაღლის შარდი კიდევ უფრო სურნელოვანი ხდებოდა ზაფხულის კაშკაშა დღეებში და კაციშვილს არ უთქვამს, ქალბატონო, რას აკეთებო! იქნებ მე უნდა მეთქვა, მაგრამ ისედაც ვერ მიტანდა ის ქალი და თავს ვიკავებდი); მოკლედ, არასოდეს აჩვენებენ ცელოფნის პაკეტებით მორთულ გარეუბნებს, ნაგავსაყრელებს და არც ფენოვანი ხაჭაპურის გამყიდველ ქალებს, რომელთა ასაკსაც ვერასოდეს გამოიცნობ.

მე უკვე სამ წელზე მეტია საქართველოში აღარ ვყოფილვარ და შეიძლება ყველაფერი ზემოთ ნახსენები აღარ არსებობს და იდეალურ ქვეყნად იქცა ჩვენი სამშობლო, თბილისი კიდევ უფრო მოდურ/პროგრესულად და მაშინ ამ პოსტის წერასაც აზრი აღარ ჰქონია, ნუ წაიკითხავთ.

"ჩემი ცოლის დაქალებს" მივუბრუნდეთ.
იმაზე არ ვისაუბრებ, თუ რა ფასეულობები დევს ამ სერიალში.
მხოლოდ იმას დავწერ, რა მომეწონა და რა - არა.
ის მომეწონა, რომ ბევრი რეალური ადამიანი დავინახე, ბევრი ჩემი ნაცნობი აღმოვაჩინე და ბევრიც ისეთი სიტუაცია, რომელიც კარგად მეცნობა.
არ მომეწონა:
თინას პერსონაჟი - თავისი ანტი-ოჯახური მანიით/ფობიით და კიდევ მისი პეტრე, რომელიც საერთოდ არ შეესაბამება იმ გმირს, ვისაც თამაშობს. სახეზე ეტყობა როგორ უყვარს დალევა, მოლხენა და ცხოვრებაში თინასნაირ ქალთან რომ არ გაივლის.
არ მომეწონა (ისევე როგორც რეალურ ცხოვრებაში ვერ ვიტან), თუ როგორ საუბრობენ ეს ადამიანები და მომკალი! სასწაულად გაწელილი სიტყვებით, საშინელი აქცენტით, ჩემი ჭკვიანი ლექტორი ვაკე-ვერის ჰიბრიდს რომ უწოდებდა, ზესტაფონური ნაზავით (არაფერი პირადული ზესტაფონთან!).
რა ვქნა, მილიონ ნამდვილ თბილისელს ვიცნობ და კაციშვილი არ საუბრობს ასე. ხან მგონია, რაღაც კომპლექსი ჩამოუყალიბა მედიამ ადამიანებს და ასე ამიტომ "უქცევენ". თუმცა, ჯერ ზუსტად არ ვიცი ამ კომპლექსის დასახელება, სავარაუდოდ სნობიზმი უნდა იყოს. ხომ იცით თბილისში ჩამოსულებს და გარეუბნელებს როგორ "უცნაურად" უყურებენ ხოლმე და მერე ეს ადამიანები ისე იბნევიან, ახალ აქცენტებს იგონებენ და სიტყვებს ახლებურად წელავენ. მერე ყველა ამ გავლენის ქვეშ ექცევა, ვაითუ საკმარისად ქალაქურად ვერ ვამბობ ლ-სო. გეუბნებით, რამდენიმე მსგავს ადამიანს ვიცნობ, სულ ოფლში ცურავდნენ საუბრისას, ისეთი ლ რომ არ გაპარვოდათ და არ დაღუპულიყვნენ :D
არ ვიცი, ოდესმე ვინმე თუ ეტყვის მათ, რომ როგორც ისეთი ლ-ა ულამაზო, ეს გაწელილი და გატყლაპული - კიდევ უარესია და ამას პირველი ჯობია მილიონჯერ.
მეტყველების ექსპერტი არ ვარ, უბრალოდ ქართული ენის ყველაზე დიდი მოყვარული ვარ მსოფლიოში (ვგიჟდები, რა ფანატიკოსივით ვწერ :D ).
არ მომეწონა ნინას დედამთილი - საშინელი ქალია და მსახიობადაც არ უქნია ღმერთს. მაგრამ "იდეალური" დედამთილია, ამას ვაღიარებ. მისი მსგავსი ბევრი ნაცნობი მყავს საქართველოში.


მომეწონა:
ტასო - ამ სერიალის ყველაზე საყვარელი გმირი. კარგი ბავშვია, ბუნებრივად იღიმება, გემრიელად იცინის და მისი გამოჩენით სერიალი ბევრად ხალისიანი ხდება.
კატო - გაპრანჭული გოგო, ძალიან ლამაზი მწვანე თვალებით. ვფიქრობ, თავის როლს კარგად ასრულებს და თან ლამაზიცაა. რაც უნდა ვთქვათ, სერიალში/ფილმში ლამაზი ადამიანები აუცილებელია, იმიტომ რომ დანარჩენი ქალები საშუალოზე დაბალი მიმზიდველობის არიან (თინას დედის გამოკლებით, რომელიც ძალიან სიმპათიურ ქალად მეჩვენება).



კიდევ რა?
სერიალის გმირ კაცებზე რა დავწერო, არ ვიცი.
საშინელებაა, თუ დღევანდელი ქართველი კაცის სახე ასეთია - ცოლის მოღალატე, ძველი ბიჭი, არასერიოზული "ვითომ ხელოვანი" და არაფერი უკეთესი. გული დაგწყდება ადამიანს.
მითხარით, რომ ასე არ არის.


ნინო მუმლაძის ერთობ sexy-შმექსი ფოტო ბონუსად, როგორი ლამაზი გოგო ყოფილა, არა? ხუმრობა იქით იყოს და თვალები მართლაც ლამაზი აქვს :) ნამდვილად თვალებს ვგულისხმობ.

დღეს ძალიან კეთილი ვარ და ჩემი უსაყვარლესი სიმღერის არევ-დარევასაც ვაპატიებ ამ ჯგუფს. არც ისე ცუდად ასრულებენ და იმიტომ, კარგი? :D ყველაფერი თანამედროვე და პროგრესული განა ცუდია ;)

ბედნიერი კვირა გქონდეთ!!!


11 comments:

Anonymous said...

მე ამ სერიალის ერთგული მაყურებელი ვარ, მაგრამ აი, იცი კიდევ ერთი რა არ მომწონს? უფრო სწორად, მსახიობ კაცებს ვაკვირდები და არც ერთი არ არის კარგ ფიზიკურ ფორმაში. საერთოდ არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას, მარტო გარეგნობით რომ აფასებენ ადამიანებს, მაგრამ დააკვირდი და ნახავ. თუნდაც სადაც ცოტათი გახდილი სცენები იყო, რანაირი სხეულები აქვთ...

Natalia said...

თამთას შენიშვნა სწორი იყო, ყველა კაცი (მაგ სერიალში), საშინელ ფიზიკურ ფორმაშია. ზოგადად ქართველი ხალხის პრობლემაა მგონი, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა და მოშვებული კუნთები.
მაგრამ კაცებზე ბევრად უფრო ცუდად ჩანს, ვიდრე ქალებზე.
თინას პერსონაჟი ძალიან ხელოვნურია, ეგეთი ქალები არ არსებობენ (საქართველოში, ყოველ შემთხვევაში). იმის თქმა მინდა, რომ აზროვნებით ეგეთი ქალები ბევრია (მეც ვეთანხმები რაღაც საკიტხებში), მაგრამ ეგრე ყველგან და უადგილო ადგილებში არ გაყვირიან თავის აზრებს :))
მოკლედ, ცალკე პოსტი რომ არ გამომივიდეს მეც, თუ რამეა, შემდეგ კომენტარებში განვავრცობ :))

Tina Nadiradze said...

ძველი კატო იყო, თუ იყო! მისი გულისთვის ვუყურებდი. სუპერ.

რეალობასთან ახლოს რომ იყოს, ალბათ იმიტომ გამოიყვანეს არასპორტული მსახიობი კაცები. მე ის ზაზა მიშლის ნერვებს, მეზობელი რომაა. ისეთი აზრები აქვს, იფ იფ :))) გაჩუმდი, სანამ მორიგ სისულელეს იტყვიო, ასე ელაპარაკება ცოლს. მშობლები აღმერთებენ. :)

Sophie שרה Golden said...

თამთა, არ დავკვირვებივარ, სულ რამდენიმე სერია ვნახე ჯერჯერობით. თინიტას ვეთანხმები, რეალობასთან ახლოს რომ არის, ალბათ ზუსტად ამიტომ გამოიყვანეს მომელოტო და უკუნთო კაცები :D

ნატალია, კი, აი ზუსტად მაგის თქმა მინდოდა. თავისი საწყალ ლამაზ დედას როგორ ექცევა, ძაან უჟმური გოგოა რა.

თინიტა, ახლა უნდა ვნახო ძველი სერიები ძველი კატოს გამო, სხვებისგანაც გავიგე, რომ ძალიან მოსწონდათ.
ის ბიჭი და მისი მშობლები ხომ საერთოდ. კიდევ ერთი ჭეშმარიტება ქართული ოჯახური რეალობის, "სულელი" ცოლი და გაღმერთებული დედისერთა ბიჭი :(

Rode said...

არ ვუყურებ სერიალს, უბრალოდ საკმარისი დრო ვერ გამოვნახე. ბევრი კარგი მესმის და შენი პოსტი მაინც წავიკითხე ინტერესით.
ჰოდა, მე კიდე ხშირად მავიწყდება სად და როგორ ქალაქში ვცხოვრობ -_-

Keti said...

თითქმის ყველაფერში გეთანხმები, სოფი

მეც ძველი კატო მერჩივნა, თინიტასი არ იყოს. მესამე სეზონის მერე აღარ ვუყურებ სერიალს, ძალიან მომაბეზრებელი გახდა ჩემთვის.

და განსაკუთრებით გარეუბნებზე და ა.შ. გეთანხმები. სერიალის შემქმნელებს აქვთ პრეტენზია, რომ რეალობას იღებენ და მათი რეალობა ცენტრალურ უბნებს ვერ გასცდა.

ნინო მუმლაძე რეალობაში გაცილებით კარგი გარეგნობის არის, ვიდრე ფილმში.

Sophie שרה Golden said...

როდე, მესმის შენი მშვენივრად, მეც მქონდა თბილისში ცხოვრებისას ეგეთი პერიოდები, რომ აზრზე არ ვიყავი ან არ მინდოდა, ვყოფილიყავი, როგორ ქალაქში ვცხოვრობდი, მაგრამ ქუჩაში როგორც კი გამოხვალ, სად გაქცევი რეალობას? :/ მე ვერ გავურბოდი.

ქეთი, მადლობა.
ხო, როგორი ლამაზი გოგოა მართლა, ძალიან ეშხიანი, როგორც ჩვენთან იტყვიან. ბევრ უცხოელ მსახიობს ჯობია, მე თუ მკითხავ. სტანდარტული ქალები მოსაბეზრებელი გახდა უკვე.

Dato trapaidze said...

ქართულ ბაზარზე საუკეთესო პროდუქტია. მე ასე ვიტყოდი. რეალობიდან ნაკარნახევი. კი, ბევრი რამ მეც არ მომწონს. თუმცა აქ არის სამი რამ რის გამოც ვუყურებ. 1. დღევანდელობაა, ის რაც ხდება ჩვენს ირგვლივ (გადამლაშებული თუ შელამაზებული - დღევანდელობაა) 2. ტასო - ყველაზე გემრიელი სათვალეებიანი გოგუცუნა.. და ყველაზე ნამდვილი. 3. გამოუვალი მდგომარეობა. ავად თუ კარგად მაგრამ აქ შესძლეს სიმღერების შეფუთვა, გადამღერება, ქავერების დაწერა. სამწუხაროდ ძალიან ბევრს ეს სიმღერები ახალდაწერილი გონია (ნუ, მე ქავერებზე ვამბობ) თუმცა ეგეც კარგია... ვოკალისტს კი გამოცვლიდა კაცი. მაგრამ... ნელინელ მივეჩვიეთ მაგასაც :)

Sophie שרה Golden said...

დათო, მადლობა კომენტარისთვის.
იდეალური არაფერი არსებობს, ხომ იცი, ამიტომ რაც არის - არის :)
ბენდის ვოკალისტზე მართალი ხარ, მაგრამ უარესებიც გვინახავს ჩვენს ქვეყანაში და მის გარეთ.

Dreamar said...

ვერ ვუყურებ სერიალებს, უფრო სწორედ მეზარება, ვერ ვუჯდები. "ჩემი ცოლის დაქალების" რამდენიმე მომენტისთვის მომიკრავს თვალი, მგონი კარგი უნდა იყოს: რეალობის შესაბამისია :)

Sophie שרה Golden said...

მარ, მეც ვერ ვუყურებ სერიალებს და შენი არ იყოს, ჩაჯდომა საერთოდ არ შემიძლია და მთელი სეზონების ყურება, მაგრამ ქართული რომ იყო, დამაინტერესდა. საკმაოდ ნორმალური სერიალია და ბევრ უცხოურს არ ჩამოუვარდება, მინდა გითხრა.