ერთ მკაცრ დედას ვიცნობ, რომელსაც ირლანდიურ-გერმანული ფესვები აქვს, 7 შვილი ჰყავს, 36 წლისაა და ჰოლივუდის მსახიობივით ტანწერწერტა. გასაგებია, ეს წერწეტობა მისი კარგი გენების დამსახურებაა და ალბათ იმისიც, ჩემგან განსხვავებით, ღამით შოკოლადებს რომ არ ჭამს, მაგრამ მე მაინც მის "სიმკაცრეზე" გავამახვილებ ყურადღებას, რადგან ძალიან მომწონს აღზრდის მისი რამდენიმე მეთოდი.
გეტყვით, ჩემთვის 7 შვილის დედა ბევრად უფრო ექსპერტია, ვიდრე ნებისმიერი პედიატრი თუ ბავშვის ფსიქოლოგი, განსაკუთრებით ის ფსიქოლოგები და ექიმები, რომლებიც კაცები არიან, შესაბამისად, ვერასოდეს გამოცდიან დედობა რას ნიშნავს და ერთი ჰორმონიც არ გააჩნიათ დედობრივი. ამიტომ მიყვარს დედები. არ ვიცი, 7 შვილამდე თუ გავქაჩავ ოდესმე, როცა უკვე 29 წლის ვარ და მაშინ ცოტა უფრო ადრე უნდა დამეწყო ამაზე ფიქრი :D
დღეს ერთ პუნქტს დავწერ და ჩემს პირად მაგალითსაც მოვიყვან, როგორც ეზრას დედის, რაც ნიშნავს, პირველი ბიჭის დედობას, ანუ - ჩემზე მოწებებული, ჯიუტი და ჭკუის კოლოფი ბავშვისა (ჭკუის კოლოფი ყველა დედის შვილია, ამას ძალიან ნუ მიაქცევთ ყურადღებას).
ეზრა რამდენიმე დღეში გახდება 22 თვის, ანუ წლისა და 10 თვის, სულ რაღაც ორი თვე რჩება ორ წლამდე.
მთელი ამ თვეების განმავლობაში, ვფიქრობ, ეს ბოლო 3-4 თვე ყველაზე რთულია მისი აღზრდის მხრივ, ვიდრე აქამდე ყოფილა.
შესაბამისად, დავიწყეთ ფიქრი იმაზე, რა შეიძლება მისი დისციპლინირებისთვის გავაკეთოთ, იქნება ეს დასჯა თუ დასაჩუქრება.
სავარაუდოდ, ამ ასაკში ბავშვებს არცერთი ამ კონცეპტის დიდად არ ესმით და ერთადერთი, რაც ჭრის, სიმკაცრე და პრინციპულობაა.
"მკაცრმა დედამ" გვირჩია, არასოდეს დაიხიოთ უკან და always mean what you say-ო. ანუ თუ ბავშვს უთხარი, რომ სამზარეულოს კარადიდან ჭურჭლის გამოლაგება არ შეიძლება - ყოველთვის ასე უნდა იყოს. დღეს არ გამოალაგებინოთ და ხვალ მთელი დანა-ჩანგალი მისცეთ სათამაშოდ, ეს უკვე მშობლის ავტორიტეტს სწევს დაბლა და ბავშვი კარგად ხვდება (სასწაულად გონივრები და ეშმაკები არიან, მერწმუნეთ, ამ ასაკში), დედას ნებისყოფა არ ჰქონია და იმის გაკეთება შეიძლება, რაც თავად მოუნდება.
ძნელია, ვიცი. ძალიან.
განსაკუთრებით მაშინ, როცა დაქანცული, დივანზე წამოწოლილი, ცოტას წათვლემ და გესმის ბრახა-ბრუხი, ეზრა უკვე მეათედ აღებს კარს და თეფშების ლაგებას იწყებს, ამ დროს უნდა ადგე და მკაცრად უთხრა, ცოტა ხმამაღლაც კი და თუ არ დაგიჯერა, ხელი მაგრად მოკიდო და "გამოაძუნძულო" აკრძალული ზონიდან.
ვერ გეტყვით, რომ 100%-იან შედეგს მივაღწიე და რასაც ვეუბნები, ყველაფერს მიჯერებს, ან აღარ იმეორებს, რის გაკეთებასაც ვუშლით, მაგრამ უკვე იცის რა შეიძლება, რა - არა; ერთ თქმაზე (დღის განმავლობაში მეათედ, მაგრამ ეს უკვე კარგი შედეგია ;) ) ხურავს კარადას და თავის სათამაშოებს უბრუნდება.
ვიღაცამ მითხრა, ბავშვები ამ ასაკში მშობლების მოთმინებასა და ნებისყოფას ცდიანო და ამაზე დიდი სიმართლე არსად გამიგია.
22 თვის ბავშვი უკვე იმდენად გონიერი და სასწაულად დაკვირვებულია, რომ თავის მშობლებს ლამის მათზე კარგად იცნობს, იცის მათი ხასიათი, სისუსტეები და შესაბამისად იქცევა კიდეც.
ისე ვწერ, თითქოს პატარა ყაჩაღზე ვწერდე და ასეცაა, ყველა პატარა ბავშვში ზის პატარა, ანგელოზისსახიანი ეგოისტი ეშმაკი, რომელიც მხოლოდ საკუთარ სიამოვნებასა და გართობაზე ფიქრობს (საშინელებაა, ზოგი ზრდასრულიც რომ ასეთ ბავშვობას განაგრძობს, მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა).
ბუნებრივია, რასაც მე ვწერ, ყველა დედას სულაც არ ეხება და არავინაა ვალდებული, ისე გაზარდოს/აღზარდოს შვილი, როგორც მე მიმაჩნია სწორად.
მე კი მიმაჩნია, რომ ბავშვს უნდა ჰქონდეს მშობლებისადმი დიდი სიყვარული და ამავე დროს უზარმაზარი პატივისცემა და ერთგვარი შიშიც, რომ ცხოვრებაში სწორი გზით იაროს, არ იყოს გათამამებული და ეგოისტი, რადგან ეს თვისებები მისთვისვე იქნება ცუდი.
სიჯიუტეს კი რაც შეეხება, ამ თვისების დადებითად გამოყენების და მოტრიალების შემთხვევაში, ადამიანი მხოლოდ მოიგებს, ამიტომ ეზრას სიჯიუტე დიდად არ მაღელვებს, პირიქით, მიხარია კიდეც. თავის დროზე და დღემდე, ჩემი სიჯიუტე, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მტანჯავდა, მასაში ინდივიდად დარჩენაში ძალიან მეხმარებოდა.
ბედნიერი კვირა გქონოდეთ!
და, დიახ, დედამ ყველაფერი ყველაზე უკეთ იცის ;)
ყვავილების ლათინური სახელების შესწავლა
4 weeks ago




17 comments:
ჯერ ისედაც ჰო, რაც თავი მახსოვს, შვილ(ებ)ი მინდა და აქ რომ შემოვდივარ საერთოდ ერთი სული მაქვს როდის ჩავერთვები მსგავს დისკუსიებში :)
ერთ ირლანდიელთან ვმუშაობდი და ნატვრით ამბობდა, ჩემს სოფელში ერთ ოჯახს ოცი ბავშვი ჰყავდაო. რა ჯობდა მათ ცქერას, დედა რომ სადილზე დაუძახებდა და ერთად დასხდებოდნენო. თვითონ ორი ჰყავდა. :)
თამთა, კაი რა, მე კიდევ სადღაც 25 წლიდან დავიწყე ამაზე ფიქრი, მანამდე საერთოდ ოჯახი და შვილები მაშინებდა :D
თიკო, 20 შვილი, ააა! წარმომიდგენია, რამხელა ქვაბში აკეთებდა მათი დედა სადილს :))) მე ერთი ნაცნობი ქართველი მღვდელი მყავს, რომელსაც ბოლოს როცა ვნახე, 13 შვილი ჰყავდა და შეიძლება ახლა უკვე მეტიც ჰყავს, ერთმანეთზე ლამაზი და საყვარელი, ზრდილობიანი ბავშვები. არაფერი ჯობდა მათ ყურებას მართლა.
ვაი, როგორ რთულდება ყველაფერი ნელნელა ჩვენთანაც... ეს პატარა ყაჩაღები მართლა <3
სოფი, მიხარია, რომ შენი ბლოგი არსებობს, ასე დაწვრილებით რომ წერ ყველაფერ დედურზე. მეხმარები ძალიან :)
მე შეცდომებს ვუშვებ ზოგჯერ ლეასთან, აი, ზუსტად ისე ვიქცევი, შენ რომ დაწერე, არ შეიძლებაო. ანუ შეიძლება დავუშალო რაღაც და რომ დამეჯღანება და გამიცინებს, მერე ნება დავრთო. ვებრძვი ჩემს ამ საშინელ ჩვევას. ბავშვმა ხომ უნდა გაარკვიოს ბოლოსდაბოლოს, რა შეიძლება და რა არა
არ მინდა, გავათავხედო და ჩემს ემოციებზე თამაშის ნება მივცე :დ მაგრამ ისეთი სასაცილოა , როცა ცელქობს )))
რაც დრო გადის უფრო და უფრო მეტს ვჭოჭმანობ მინდა თუ არა შვილის ყოლა. რომ დავფიქრდები რამხელა პასუხისმგებლობაა, ვაითუ ავად გამიხდეს, ან მე გავხდე ავად, ან ცუდი შვილი აღვზარდო. არადა დედაჩემი ყოველდღე შვილიშვილი მინდათი იწყებს და ამთავრებს ჩემთან ლაპარაკს :) ძალიან არ მინდა ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძო, მინდოდეს შვილის ყოლდა და გვიანი იყოს... მოკლედ ვფიქრობ და ვფიქრობ
მარი, ძალიან მიხარია, თუ ასეა და დიდი მადლობა შენ, რომ კითხულობ ჩემს ბლოგს.
ოჰ, ვიცი როგორი საყვარლებიც არიან და როგორი ძნელია სიმკაცრე და პრინციპულობა, მაგრამ მგონია, ისევ ბავშვისთვისაა უკეთესი. თუმცა ხან ვფიქრობ, ბავშვობაში მაინც აკეთოს ადამიანმა, რაც უნდა-მეთქი, მაგრამ მერე დიდობაში ძაან გაუჭირდება გამკლავება, როცა სიძნელეები შეხვდება და მხოლოდ ახლობელი, კეთილისმსურველი ადამიანები არ ეყოლება და ბრძოლა მოუწევს - სულიერი თუ ფიზიკური.
მზია, მე ერთხმად გეტყვი, რომ უნდა გააჩინო ბავშვი :) რახან ჭოჭმანობ, ესე იგი მზად ხარ და ყველაფერი.
ყველაფერი ძნელია ცხოვრებაში, ბავშვი კიდევ ბევრ რამეს გასწავლის, გაგზრდის და დაგამშვიდებს უმეტეს შემთხვევაში. ჩემი აზრით, ვისაც შვილი არ უნდა (ჩვენს ასაკში. სადღაც ჩემი ტოლი ან ალბათ უმცროსი მგონიხარ), ცოტა ეგოისტი და მშიშარა მგონია.
სოფი, მეც ასეთი ჭოჭმანის დროს მშიშარა და ეგოისტი მეჩვენება ჩემი თავი. რა კარგია თუ ფიქრობ რომ რახან ვჭოჭმანობ, ესე იგი მზად ვარ :) მგონი უფროსი ვარ, 29.5 წლის ყოყმანა არსება :)
სრულიად გეთანხმები პრინციპულობაში და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვს რამეს აკლებ. უბრალოდ ასწავლი როგორ უნდა იყოს უკეთესი
როგორც იქნება ასწავლი ბავშვს, რომ მიხუროს კარი და თავის სათამაშოებთან გააგრძელოს თამაში და მოდის მზრუნველი ბებია, ბავშვის ერთ ცრემლზე გული უჩუყდება, გამოულაგებს მთელ ჭურჭელს და ჩვენს ამდენ შრომას წყალში ყრის :))))
ნეტა როგორი იქნება ჩემი გოგო. ეხლა რასაც ვატყობ, კარგ დროს გავატარებთ :))) არ ჩერდება და მაიძულებს ვიჯდე, ვიწვე და ვიარო ისეთ პოზაში როგორიც მისთვისაა მოსახერხებელი :))) 2 თვეც... 2 თვეც... 2 თვეც... :))))))
ძალიან გეთანხმები, სოფი!
აუცილებელია პრინციპულობა.
და მგონია, რომ დედები ყვირილამდე არასდროს უნდა მივიდნენ, ეს უკვე მათ სისუსტეზე მიანიშნებს. მკაცრი ხმით ნათქვამი უკვე უნდა აგრძნობინებდეს პატარა ეგოისტს :), რომ უნდა შეჩერდეს...
ბედნიერ კვბირას გისურვებ, სოფი! :*
მზია, ტოლები ვყოფილვართ, თვეებს რა მნიშვნელობა აქვს.
კი, ასე მგონია. ბოლომდე არასოდეს ხარ ამისთვის ადამიანი მზად, სიძნელეები და სიურპრიზები ყოველთვის იქნება და გადადება არ ღირს.
ელიზა, აი ზუსტად :D დედაჩემს კიდევ ვეტყვი და ქმრის დედას, ხომ იცი, რთულია პირდაპირ უთხრა, ბავშვს ნუ მითამამებო, მაგრამ ხან ვფიქრობ, არაუშავს, ბებიები იმისთვის არიან, შვილიშვილი გაათამამონ და დედამ კიდევ სიმკაცრე გამოიჩინოს, მთლად სპარტანულად გაზრდისთვისაც ცოდოა.
ორი თვეც გაირბენს, მაგრამ ბოლო თვეებში გგონია საუკუნეა ორსულად ხარ, არა?
ქეთი, ნამდვილად. როცა დედა ყვირის, პატარა ეშმაკუნა ხვდება, რომ დედის ნერვებზე კარგად მოქმედებს და მერე სპეციალურად მოიქცევა ასე ყურადღების მისაქცევად.
დიდი მადლობა! შენც ასევე.
დიახ, ზოგჯერ დედამ ბევრ ექიმზე და ყოვლისმცოდნე მრჩეველებზე უკეთ იცის, რა ,როგორ, როდის არის საჭირო :) ეს მის ინსტიქტებშია და იმაში,რომ მის შვილს ყველაზე მეტად იცნობს და "მიუხვდება" :)
jer ver movibezre :)) rom agar ifutfutebs shignidan, ase mgonia momenatreba :))
ბაბისა, მშვენივრად თქვი ჩემზე მოკლედ, რასაც ვგულისხმობდი პოსტში :)
ელიზა, ვერასოდეს მოიბეზრებ. მგონი, ადრე ვწერდი, ეზრა რომ გავაჩინე და რამდენიმე საათში სააბაზანოში შევედი, ჩემი ჩაჩუტული მუცელი რომ დავინახე, ისეთ სიცარიელეს ვგრძნობდი, არ ვიცოდი რა მექნა.
მე როგორც "გამოცდილი" მაგ ამბავში სრულად გეთანხმები, არა ყოველთვის უნდა ნიშნავდეს არას. თანმიმდევრულობა ყველაზე კარგად მოქმედებს
ნატკ, წარმომიდგენია, მსოფლიოში ყველაზე საინტერესო დედა იქნები.
უნდა მოგიყვე გუშინ ვიყავი სოფისთან, ამბავს მიყვება თავის კლასელზე.ატირეს და დედა მოიყვანა, ის კი არ იცის მაგარი გოგოები პრობლემებს თვითონ რომ იგვარებენო. ეგ ვინ გითხრა მეთქი და რა ვიცი სულ მაგას არ მეუბნებოდიო?
ნატ, აბსოლუტურად ვეთანხმები შენს სოფის.
Post a Comment