ბავშვი რომ მშობლებისა და თავისი ოჯახის სარკეა, ხომ ყველამ ვიცით.
ეზრა ჯერჯერობით დიდად არ ლაპარაკობს, შეიძლება ითქვას, სულ რამდენიმე სიტყვას ამბობს გასაგებად და დანარჩენს - თავის ენაზე. ზოგმა მითხრა, ეგ იმიტომ, რომ ბიჭია და ბიჭები კიდევ ნელა აკეთებენ ყველაფერსო, ზოგმა - რამდენიმე ენაზე რომ ესაუბრებით, ამიტომ აგვიანებს ენის ადგმასო და მე როგორც sunny დედა, ვფიქრობ, გენეტიკის ამბავი უნდა იყოს. ჩემს ქმარსა და მის ძმასაც გვიან დაუწყიათ ლაპარაკი.
მოკლედ,
ეზრამ იცის, როცა მამა ლოცვას ამბობს და ამთავრებს, ვამბობთ - ამენ! როცა კარგ რაღაცებს ვუსურვებთ ერთმანეთს, ვპასუხობთ - ამენ!
ჰოდა, გუშინ სამზარეულოში ძალიან გულით რომ მეხმარებოდა, სკამი ნიჟარასთან მოადგა და ჭურჭლის დარეცხვა მოინდომა, ფეხი გაუსხლტა და კატასავით, ისე სწრაფად დავიჭირე ჰაერში, რომ ორივეს გული ამოვარდნაზე გვქონდა.
მეთქი, ეზრა, დედას გარეშე არ შეიძლება სკამზე ასვლა, გადმოვარდები და რამეს იტკენ, ღმ-ერთმა დაგიფაროს!
ამენ! - მეუბნება ეზრა სერიოზული სახით.
არ შემეძლო, გაბრაზების მიუხედავად, არ გამეცინა.
მაგრამ პოსტი მხოლოდ ეზრას საყვარელ სიტყვას არ ეხება.
გუშინ ახალ ამბებს ვუყურებდი საღამოს ინტერნეტ-სტრიმინგით რაღაც რუსულ არხზე, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში მიმდინარე ამბებს, მერე ქეთის ეს პოსტი გამახსენდა და სასწაულად დამიმძიმდა გული. ახალი ამბების შემდეგ პატარა გადაცემა იყო ყირიმზე და უკვე ისე აჩვენებდნენ, როგორც რუსეთის ნაწილს, ვითომ არაფერი მომხდარიყოს...
იყო დრო, პოლიტიკა მაინტერესებდა, სოციალურ-საზოგადოებრივი ამბებიც და ვწერდი კიდეც ამაზე, ახალგაზრდა ვიყავი, სტუდენტი და მეტი რა მინდოდა. ახლა კი ვუყურებ საინფორმაციოს, ვკითხულობ სხვადასხვა სტატიებს და საშინლად ვღიზიანდები, ხმამაღალი, წიკვინა ჟურნალისტებით და კიდევ უარესი "მწერლებით", იმიტომ რომ სინამდვილეში არავის არაფერი აინტერესებს და როგორც ყოველთვის, უბრალო ხალხი იტანჯება.
შეიძლება ითქვას, რომ აღარ არსებობს უკრაინა, როგორც სახელმწიფო.
ყველას თავისი ადარდებს, ხომ იცით; ვერ ვიტყვი, უკრაინა ძალიან მიყვარს-მეთქი, განსაკუთრებით მისი ნაციონალისტი დასავლეთი ნაწილი, სადაც სისხლისმსმელ ბანდერას და ხმელნიცკის გმირებად თვლიან, უბრალოდ უკრაინაში ზუსტად იგივე განმეორდა, რაც ჩვენთან, აფხაზეთის წართმევისას და ამაზე მწყდება გული. ყირიმელებს იმაში მაინც გაუმართლათ, რომ თავისი სახლებიდან არავინ გამოყრის და მთელი ცხოვრება შემაწუხებელი ლტოლვილის სტატუსი არ ექნებათ.
ამენ-ით რატომ დავიწყე, აღარ მახსოვს, თანაც 2 პატარა ბავშვის დედას, რომლის უფროს შვილსაც ერთი კვირის წინ 2 წელი შეუსრულდა და მეორე პატარას კიდევ - 2 თვე, ლოგიკა არ მოეკითხება. იმას კი, ვინც დაღლილ დედებს, ქალებს და საერთოდ, ადამიანების გრძნობებს დასცინებს, შეუძლია ისევ გაიარ-გამოიაროს :P
მშვიდობა გვქონოდეს ყველას! სულიერი მშვიდობა არ კმარა თურმე, ფიზიკურიც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რაც უნდა მშვიდი იყო, თუ შენ გარშემო ომი, ტკივილი, გაჭირვება და უსამართლობა იქნება, მაინც იმოქმედებს შენზე; განსაკუთრებით მაშინ, როცა უკვე შვილები გყავს და ეს სამყარო მათთვის და მათი თანატოლებისთვის გინდა. სამყაროს კი მშვიდობა და სიკეთე სჭირდება, რომ ბავშვებიც ასეთები გაიზარდონ.
მშვიდობა თქვენდა, ჩემო საყვარელო მკითხველებო, როგორც ძალიან გონიერი და ქარიზმატული ღმერთის შვილი იტყოდა.
ბედნიერ შაბათ-კვირას გისურვებთ!!!
სიკეთე, სიყვარული, ჯანმრთელობა და ბედნიერება ჩემს ყველა მკითხველს.
ამენ!
განსაკუთრებული თბილი მოკითხვა თის!
ასევე განსაკუთრებული სიყვარული და თბილი, მზიანი ჩახუტებები მაყვლისფერთვალება პატარა გოგოს დედას პეპის სამშობლოში და დიდი მადლობა წერილისთვის!!! ძალიან დიდი მადლობა!
მუდამ თქვენი
Sunny Mama სოფი :)
ყვავილების ლათინური სახელების შესწავლა
4 weeks ago




7 comments:
ახლა ჩემს ორგანიზაციას აქვს რაღაც პროექტი, რომლის ფარგლებშიც ჩამოსულები არიან უკრაინიდან და გუშინ ჰქონდათ ზუსტად ერთგვარი პრეზენტაცია ამ ამბების შესახებ... ძალიან მძიმე და ემოციური იყო. ეს გოგოები უშუალოდ იყვნენ მონაწილეები, ერთ მომენტში გამოჩნდა ახალგაზრდა ბიჭის სურათი და უცბად ტირილი დაიწყო პრეზენტატორმა, რადგან აღმოჩნდა, რომ ეს ბიჭი მათი მეგობარი იყო და სწორედ ამ შეტაკებების დროს დაიღუპა.
თუმცა თქვეს, რომ დღეს შედარებით უკეთესი სიტუაციაა და იმედი აქვთ, რომ მალე ყველაფერი კარგად იქნება.
ამინ!
საყვარელი ეზრა :დ <3
ბედნიერება და მშვიდობა მსოფლიოში! ამინ!
Sunny Mama <3 დიდი მადლობა შენი (თავს უფლებას ვაძლევს) პოსტებისთვის
პოსტის კითხვა რომ დავამთავრე, თავისთავად ვთქვი: "ამენ!"
ძალიან გულდასაწყვეტი ამბები ხდება ირგვლივ – საქართველოშიც, უკრაინაშიც... თითქმის ყველგან, სადაც გაიხედავ. ხანდახან ვცდილობ ხოლმე, აღარ გავეცნო ინფორმაციას, იმდენად მთრგუნავს.
აქ კი, შენთან, ისეთი თბილი და მყუდრო კუთხე მეგულება! აი, ახლაც შემოვედი და თბილი ღიმილით დავტოვებ ბლოგს..
სიკეთე, სიყვარული, ჯანმრთელობა, ყოველივე კარგი მინდა გისურვოთ სოფი, შენ და შენს ოჯახს! <3 :*
თამთა, უჰ ღმერთმა ქნას, გამოსწორდეს სიტუაცია, თორემ საინფორმაციო ისეთ რაღაცებს აჩვენებს :(
ბექა, ხო საყვარელი ცელქუნა.
ზანდუკი, დიდი მადლობა შენ, რომ მათ კითხულობ.
ქეთი, ძალიან მძიმე სურათია მთელ მსოფლიოში და ჩვენი სამშობლოს ამბები კიდევ უფრო მასევდიანებს.
დიდი მადლობა! ბედნიერი და ნათელი აღდგომა დაგდგომოდეს!
სოფი :))
გულითადი მოკითხვა შენ და შენს საყვარელ ბიჭებს! პოსტი ძალიან მომეწონა. მოკითხვამ გული გამითბო...
მე და შენ ეხლა დაახლოებით ერთ მდგომარეობაში ვართ :)
მინდა პოსტი დავწერო და იმედია მოვახერხებ...
გკოცნით :*
თი, დიდი მადლობა!!! მოგწერ მეც მალე :-*
Post a Comment