არ ვიცი, კუდას ბლოგს "აბდაუბდა" რატომ ჰქვია (ერქვა?), როცა სასწაულად დალაგებულ პოსტებს წერს და თანაც ისე ორიგინალურად და სასაცილოდ, გინდა, შენც ისე წერდე. სერიოზულად, კუდას ძველ პოსტებში ვიქექებოდი, რომ თქვენთვის გამეცნო და ისეთები ვიპოვე, ძლივს ავარჩიე ერთი. შეიძლება "ჩვენი ყოფილი" მიშა ისეთი აქტუალური აღარ არის, მაგრამ ამ მიშას ისტორია, მგონი, ძალიან მოგეწონებათ.
აქ კი პასუხები. იუჰუუუუ! :-)
ზაფხულის მშვიდი საღამო - კუდაუბდა და ამბები
1. როდის შექმენი ბლოგი და რა იყო ამის მიზეზი?
არ მახსოვს რომელი წელი იყო, 2005? 2006? ალბათ უფრო ექვსი. Yahoo მესენჯერი რომ მესენჯერობდა, ის პერიოდი. ჩემს რამდენიმე მეგობარს ბლოგი ჰქონდა 360°-ზე. მომეწონა და მეც გავაკეთე. არ მახსოვს ზუსტად რას ვწერდი, მაგრამ მახსოვს, შავი ფონი ჰქონდა, დეპრესიული და ალბათ პოსტებიც ასეთივე იყო. მოგვიანებით გამოჩნდა ბლოგსპოტი და მეც იქით გადავბარგდი. პირველი პოსტი - 2007 წლის მარტით თარიღდება. შემდეგი რამდენიმე ძველი ბლოგიდან მაქვს გადმოტანილი.
2. რისთვის/ვისთვის განაგრძობ დღემდე წერას?
ცვალებადი პერიოდები მაქვს ხოლმე. ზოგჯერ ვწერ ვწერ ვწერ ისტერიულად, ზოგჯერ შეიძლება თვეობით არ შემოვიხედო. ვწერ ყოველთვის ჩემი თავისთვის, ცოტას სხვებისთვისაც. როცა ძველ პოსტებს ვკითხულობ, მეღიმება იმ განცდებზე და იმ ემოციებზე, პოსტში რომ მაქვს ჩადებული და ალბათ მარტო ჩემთვის არის გასაგები.
3. შენი საყვარელი ადგილი საქართველოში, საზღვარგარეთ და მერე, სად წახვიდოდი სამოგზაუროდ და ზუსტად ისე დაისვენებდი, როგორც წარმოგიდგენია?
საყვარელი ადგილი საქართველოში? ახალციხე. მაგრამ ეს უფრო პირადულია. დასასვენებლად? აბასთუმანი და ბახმარო. საზღვრებს გარეთ სიარულით განებივრებული არ ვარ, თუმცა სადაც ვყოფილვარ, ყველაზე მეტად ბერლინი მომეწონა. რაღაცნაირად დიდი და ცივია და ყველას ყველა ფეხებზე ჰკიდია და ეს თავისუფლების და მარტოობის შეგრძნება მომეწონა ალბათ. რომ შემეძლოს, ვიმოგზაურებდი ყველგან და საფუძვლიანად. წელს რაღაც "happy hippie holidays" ვგეგმავ. ძალიან მინდა სადმე ტყიან და წყლიან ადგილზე დავცეთ მეგობრებმა ბანაკი, მთელი დღეები ვიუსაქმუროთ, ვითამაშოთ, ვიკითხოთ, ვიცურაოთ და საღამოს ცეცხლთან გავერთოთ. მგონი გამოვა.
4. პირადული შეკითხვა, გყავს თუ არა მეგობარი ბიჭი/გოგო/ქმარი/ცოლი და რა არის თქვენი ურთიერთობების მასაზრდოებელი წყარო, თუ თავისუფალი ხარ, როგორია შენი კრიტერიუმი (ჰაჰა, მგონი, საკაიფო პუნქტ-შეკითხვაა, ცოტა "საპაემნოს" ჰგავს)?
2007 წელს შემიყვარდა პირველად ცხოვრებაში. 2010-ში ცოლად გავყევი. აგერ, მეშვიდე წელია ერთად ვართ. ხშირად გვეუბნებიან ხოლმე, ისევ შეყვარებულებს გავხართო და ძალიან მიკვირს, არ უნდა ვგავდეთ? ბრრ.. საიდუმლო? ჩვენი სიყვარულის ფორმულა ალბათ ის არის, რომ ერთმანეთისთვის საუკეთესო მეგობრებიც ვართ და ინტერესებიც ხშირად იკვეთება ხოლმე.
5. აქ კი შეგიძლია ის დაწერო, რისი თქმაც გინდა, რაც გაწუხებს, ან უბრალოდ, არაფერი დაწერო და ბედნიერი დღე უსურვო ჩვენს მკითხველს.
აი, რა მაკლია, იცი? ბლოგ რიდერში რომ შევალ, ქართული პოსტები მაკლია. მინდა, ერთ დღესაც რომ შევალ, ბევრი ფერადი და მხიარული პოსტი დამხვდეს.




7 comments:
ესეც ფერადი იყო ერთობ :) თან როგორ შეეფერებოდა სურათს...
Kudaaaa <3
მე პირობა მაქვს კუდასთვის მიცემული რომ ჩემს რომელიმე შვილს კუდა უნდა დავარქვა და იმედი მაქვს მასავით სათნო და საყვარელი იქნება, სახელს ხომ აქვს გავლენა რაღაცნაირი მაინც ^^
მიყვარს მე კუდა და მისი პატარა ოჯახიც <3
აი, ხო ვიცოდი, რომ დადებდი ბლოგზე, მარა უცებ ჩემი თავის დანახვამ ძალიან გამახარა :)) მადლობა, სოფი <3
La Maga Rayuela :)
ლილიან, შე გადარეულო <3
მაგა, ხო ძალიან ფერადი და სასაცილო ფოტო :-D
ჩორვენ, ჰაჰა, პირდაპირ კუდას არქმევ თუ მის ნამდვილ სახელს? :-P
კუდა, მეც ძალიან მიხარია, რომ გიხარია :-)
სოფი - კუდას რა თქმა უნდა : )))
რა კარგი პროექტია სოფი.
მე მხოლოდ ერთ კითხვას გავცემ პასუხს თუ შეიძლება. ჩემი საყვარელი ადგილი საქართველოში არის გერგეთი - ყაზბეგი, იმიტომ რომ იქ გავიზარდე და იქაურობა ყველაზე ახლობელია ჩემთვის და სულ მენატრება იქაურობა, ხშირად მესიზმრება კიდეც.
მოუბეზრებელი ადამიანი <3
ფორუმიდან მოყოლებული რომ მიყვარს, ა ის ადამიანი <3
2006 წელს რომ გავიცანი და ნუ მოკლედ <3
Post a Comment