Tuesday, June 10, 2014

ზაფხულის მშვიდი საღამო - სოფის ბლოგო-პროექტი 2014

მიუხედავად იმისა, რომ ახლა ზუსტად ამ ფოტო-მემესავით ვარ, ჩემმა მეგობარმა რომ გააზიარა ტვიტერზე, ვიფიქრე, არ დავნებდები და პოსტს დავწერ-მეთქი.


პოსტს იმაზე, რაზეც ბევრმა ჩემმა საყვარელმა ბლოგერმა უკვე იცის და ზოგიც - მალე მიიღებს წერილს :-)

შარშან, ზუსტად ამ პერიოდში ვიფიქრე, რომ ქართველი ბლოგერი ქალები გამეერთიანებინა და მათი ისტორიები გამეზიარებინა ჩემს ბებერ ბლოგზე. პროექტი ძალიან წარმატებული გამოდგა მართლა, რადგან ვიზიტების რაოდენობამ სასწაულად მაღალ რიცხვს მიაღწია.
მაგრამ რაც ყველაზე მთავარი იყო, ჩემი საყვარელი ბლოგერი ქალები უკეთ გავიცანი და ძალიან დიდი მადლობელი ვარ, თავიანთი ისტორიები რომ გაიმეტეს და თანაც ისე ლამაზად დაწერეს ჩემი ბლოგისთვის.

წელს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პოსტპარტუმ გონება ისევ პიკშია (აარონი სულ რაღაც 4 თვისაა), ვიფიქრე კიდევ გამეკეთებინა მსგავსი პროექტი, ოღონდ არა მხოლოდ ქალების ისტორიების, არამედ პატარა სხარტი კითხვა-პასუხები იმ ბლოგერებთან, ვისაც სიამოვნებით ვკითხულობ და რომელთაც შეიძლება თქვენ ჯერ არ იცნობდეთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ძალიან მოგეწონებათ.
ცხოვრება რთული და დამღლელია, ვიცი, ახლა ჩემი გაჩეჩილი თავი, გოთივით გათხაპნილი ტუშიანი თვალები და აარონის კოცნებით გალამაზებული მაისური რომ განახათ, ზუსტად ის პრანჭია ქალები გაგახსენდებოდათ, ჩემნაირ არაპრანჭიებს რომ დასცინიან, რადგან ბავშვების ამოსლოკინებული მაიკებით დადიან და მათი შხაპიც სულ რაღაც ორი წუთი გრძელდება. მაგრამ პოსტი ამას არ ეხება ;-)


პირდაპირ გადავალ იმ შეკითხვებზე, რომლებსაც ბლოგერები უპასუხებენ, ამ პერიოდისთვის მათი სულიერი მდგომარეობის გამომხატველ ფოტოებს (თუ სურვილი აქვთ საკუთარ ფოტოებს) დაურთავენ და ზუსტად ისეთი სტილით დაწერენ, ლაღად და თავისუფლად, თითქოს საკუთარი ბლოგისთვის წერდნენ.
პასუხების გამოგზავნა შეგიძლიათ დღეიდან ივნისის ბოლომდე. სტილი იქნება 100%-ით დაცული და თქვენი ნებისმიერი აზრი და კომენტარი პატივისცემით მიღებული.
პოსტებს გამოვაქვეყნებ კვირაში რამდენჯერმე და დავურთავ ჩემებურ აღწერას თქვენი ბლოგისა.
ხოლო ჩემს იმ მკითხველებს, ვისაც ბლოგი არ აქვთ, მაგრამ კითხვებზე პასუხი მაინც მოუნდებათ, შეუძლია უპრობლემოდ გამოიყენონ კომენტარების ველი და იქ მომწერონ.
გელოდებით.

პროექტს ჩემი პოსტით გავხსნი.

მაშ ასე, სოფის 2014 წლის ბლოგო-პროექტი სახელწოდებით, "ზაფხულის მშვიდი საღამო" :-)

პირველი პოსტი:

სოფის ჭორფლიანი ვერხვები


ასე:

1. როდის შექმენი ბლოგი და რა იყო ამის მიზეზი?

2008 წლის აპრილში. უნივერსიტეტში გავდიოდი კურსს "ინტერნეტჟურნალისტიკა" და ლექტორმა მარინა ხიზანიშვილმა "გაგვიმხილა", რომ არსებობდა ასეთი ხილი, ბლოგი, რომელიც იგივე პირადი საიტი იყო და ჩვენი მოპოვებული ან ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება შეგვეძლო. თავიდან ძალიან სასაცილო პოსტები მქონდა, სანამ 2008 წლის ზაფხულში დოდკამ არ იპოვა ჩემი ბლოგი ამ პოსტით და პირველი კომენტარი დამიწერა. იმ პერიოდში დოდკა და სვითი იყვნენ ბლოგინგის დივები, თან ერთმანეთს კბენდნენ, მაგრამ ვფიქრობ, ძალიან მაგარი გოგოები იყვნენ (არიან კიდეც, long live!) და ქართული ბლოგინგის წინსვლისთვის ბევრს ცდილობდნენ.
ასე წავედი და წავედი ბლოგოსფეროში.
2008 წლის შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, როგორც იტყვიან, სოციალისტი და ფემინისტი ინტროვერტიდან იუდაისტად გადავიქეცი, მერე ბერლინში წავედი და ბოლოს მორალისტიც გავხდი.
მოიცა, აშკარად გადავუხვიე თემას. შემდეგი შეკითხვა! :-P

2. რისთვის/ვისთვის განაგრძობ დღემდე წერას?

ჩემთვის, პირველ რიგში, ალბათ. ჩემზე მეტად ვის სჭირდება ჩემივე ამბების კითხვა :ლოლ:
რა თქმა უნდა ჩემი საყვარელი მკითხველებისა და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თუნდაც შემთხვევით გადაეყრებიან ამ ბლოგს და ოდნავ მოეშვებათ გულზე, კარგ ხასიათზე დადგებიან, ან სულაც დაფიქრდებიან სხვადასხვა რამეზე და ჩემზე ბევრად კარგი ადამიანები გახდებიან.

3. შენი საყვარელი ადგილი საქართველოში, საზღვარგარეთ და მერე, სად წახვიდოდი სამოგზაუროდ და ზუსტად ისე დაისვენებდი, როგორც წარმოგიდგენია?

თიანეთი :-) ჩემი ბავშვობაა თიანეთში, განსაკუთრებით მის (ასევე მსოფლიოს) ყველაზე ლამაზ სოფელში, სადაც საღამოობით ვერხვები ისე შრიალებენ, არცერთი სიმღერა და იავნანა რომ არ შეედრებათ. გამთენიისას კი ბაყაყები რომ დაიწყებენ საყვარელ ყიყინს, მაშინ ვიცი, რომ სახლში ვარ... ანუ ვიყავი ბავშვობაში.
საზღვარგარეთ?.. ვერ ვიტყვი საყვარელი ადგილი მქონდეს. ვენეციაზე ვოცნებობდი და პრაღაზე. ალბათ ეს ორი ადგილი ყველაზე მეტად მომწონს და თავის დროზე შეეფერებოდა ჩემს სულიერ განწყობას. ახლა იერუსალიმში მინდა, რადგან ჩემი ბევრი მეგობარია იქ და კიდევ მზე და ეზრასნაირი სახელიანი ბავშვები.

4. პირადული შეკითხვა, გყავს თუ არა მეგობარი ბიჭი/გოგო/ქმარი/ცოლი და რა არის თქვენი ურთიერთობების მასაზრდოებელი წყარო, თუ თავისუფალი ხარ, როგორია შენი კრიტერიუმი (ჰაჰა, მგონი, საკაიფო პუნქტ-შეკითხვაა, ცოტა "საპაემნოს" ჰგავს)?

ქმარი მყავს ( :-D მეცინება საკუთარ შეკითხვებზე, მაგრამ რაც არის, არის). თორა!!! ანუ ძველი აღთქმა, ანუ ათი მცნება, ანუ ერთმანეთის პატივისცემა და იმის არდავიწყება, რომ ღვთის სახებად ვართ შექმნილები.
ახალგაზრდებისთვის შეიძლება სასაცილოდ ჟღერდეს ჩემი პასუხი, მაგრამ 30-ს მიკაკუნებული ჭორფლიანი big mamaსთვის ზემოთ ნახსენები ცნებები და მცნებები ყველაზე მთავარია, იმიტომ რომ ქორწინება და ურთიერთობები ძალიან რთულია. უბრალოდ, უკან უნდა გადადო სიამაყეები, ზოგიერთი პრინციპი და ყოველთვის დადებითად განსაჯო შენი მეორე ნახევარი, განსაკუთრებით მაშინ, როცა შვილები გყავთ და ძალიან ხშირად ის რომანტიკული ნაპერწკლები და ვნებები დამღლელ ყოველდღიურობაში იზრდება, როცა ძილის მეტი არაფერი გენატრება.

5. აქ კი შეგიძლია ის დაწერო, რისი თქმაც გინდა, რაც გაწუხებს, ან უბრალოდ, არაფერი დაწერო და ბედნიერი დღე უსურვო ჩვენს მკითხველს.

არა, უნდა დავწერო რამე, ძლივს დრო მომიხელთებია (ვგიჟდები ასეთ სიტყვებზე "მომიხელთებია", მაგალითად).
ამ ბოლო დღეებში სულ ჩემი ბავშვობა მესიზმრება, ზაფხული, მდინარე იორი, ვერხვები და ფილტვებს რომ სიცოცხლით გივსებს, ისეთი ჰაერი... ხოდა, მინდა, საქართველოში ყოველთვის იყოს ისეთი სილამაზე და სილაღე, როგორიც ჩემს ბავშვობაში იყო! მინდა, ყველა ბავშვს ჰქონდეს ბედნიერი და თავისუფალი მოგონებები, როცა გაიზრდება. ყოველთვის გრძნობდეს სიყვარულს და სიმშვიდეს!!!
მშვიდობა იყოს მუდამ და სიკეთე!
ახლა ამ ყველაფერს, წესით, ქართული ღვინით სავსე ფიალით უნდა ვწერდე, მაგრამ არა მგონია, აარონს ღვინიანი რძე ესიამოვნოს :-D

ბედნიერ ზაფხულის საღამოებს გისურვებთ!!!

პოსტი კი განსაკუთრებული მონატრებით ეძღვნება თიანეთს და ჩემი ბავშვობის მეგობრებს!

15 comments:

Kate said...

ფაქტიურად იდეა მომპარე :))
უფრო სწორად, ნასტასია არის პირველწყარო. ის ანთავსებდა ამ ინტერვიუებს თავის ბლოგზე.
შემდეგ მე ნასტასიას ვთხოვე, რომ თუ წინააღმდეგი არ იქნები, მე გავაგრძელებ-მეთქი ჩემთან. არა, რა სისულელეა. მიყვარს ეს პროექტი და გააგრძელეო. ხოდა ასე გადავიბარე მე.

ხოდა გააგრძელე ახლა შენ.

Sophie שרה Golden said...

ქეით, ამირან გულში მღეროდა ჰქვია იმას, რაც შენ ახლა დაწერე: როგორ "მოგპარე" იდეა, თუ ნასტასიას ჰქონდა (ვითომ?) მსგავსი პროექტი? სანამ ადამიანს რაღაცას ეტყვი, კარგად უნდა დაფიქრდე, ხო იცი ;-)
დამილინკე ბარემ ნასტასიას მსგავსი პროექტის ლინკები, გთხოვ, მაინტერესებს ძალიან.
მადლობა!

დაჯი said...

სოფი, ახლა წავიკითხე ეს ბლოგ-პოსტი.და ქეითის კომენტარიც. სიმართლე გითხრა აზრზე არ ვარ რა გადაბარ-გადმობარებაზეა საუბარი , ძალიან შორს ვარ მსგავსი დამოკიდებულებებისგან და ალბათ მაგიტომაც არ მიცნობს არავინ, რომ მსგავს რაღაცეებში არ ვერევი (სიმყუდროვისადმი მიდრეკილების "ბრალია").
მაგრამ ვიცი ის,რომ მსგავსი პროექტის შესახებ შენგან გავიგე პირველად და არც მსგავსი გულმოდგინება მინახავს სხვაგან. აღფრთოვანებული და სასიამოვნოდ გაოგნებული ვარ ამ იდეით (თან თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ზოგადად ძნელია ჩემი გაოცება:D ), ხოდა მადლობა , რომ გოგოებზე "ზრუნავ" ისე, როგორც შეგიძლია ვირტუალური სამყაროს შესაძლებლობების გათვალიწინებით და მადლობა იმისთვისაც, რომ მეილზე შემეხმიანე, იმის გათვალიწინებით, რომ არც თუ ისე დიდიხანია, რაც ერთმანეთს "ვიცნობთ".

Keti said...

ნებისმიერს შეიძლება მოუვიდეს თავში ბლიც–ინტერვიუს იდეა, მათ შორის ბლოგერს – ბლოგების ირგვლივ. სანერვიულო რა არის ან სანებართვო. ის კი არა, ლექსები აქვთ ადამიანებს ერთნაირი (ერთ თემაზე და მსგავსი მეტაფორებით) ისეთ ადამიანებს, ცხოვრებაში რომ არ შეხვედრილან და არც ერთმანეთის პოეზიას იცნობენ.

სოფი, მომწონს და თანაც მეადვილება, რადგან რაიმე თემაზე წერა უფრო მიჭირს ხოლმე განწყობის გარეშე. აქ კი კითხვებია. ჩავერთვები, ოღონდ მომდევნო კვირის ბოლოს :*

Sophie שרה Golden said...

მაგა, ვერც მე მივხვდი "გადაბარება-გადმობარებას" :-D აი, ქეთიმ მშვენივრად დაწერა ქვემოთ, იდეები ბევრს შეიძლება ერთნაირი მოუვიდეს.
თუ მოგივიდა იდეა, ადექი და განახორციელე. სხვებისთვის რაღაცების გადაბრალება საერთოდ ყველაზე იოლია, ყველამ ვიცით.

დიდი მადლობა შენ.

ქეთი, ძალიან მიხარია, რომ მოგეწონა და ველოდები შენს პასუხებს.

Kate said...

Jesus, ხატზე რომ არ ვარ გადაცემული, უკვე მადლობა. თორემ კომენტარები ისეთი დამხვდა, შევშფოთდი :D

ახლა შევხედე ჩემს პირველ კომენტარს და ორი სიტყვა აშკარად მიწერია:
1) ფაქტიურად.
2) უფრო სწორად.
ამ ორი სიტყვის (ნუ "უფრო სწორად" ერთ სიტყვაში გავიყვანე, თორემ ისე სამი სიტყვა გამოდის :D ) არსი ზუსტად ისაა, რომ ზუსტად მაქვს ახსნილი რა და როგორ ვიგულისხმე. ზუსტად რომ დავფიქრდი, იმიტომაც დავწერე ისე, როგორც დავწერე :D შეგიძლია ნასტასიას ჰკითხო.
"ამირან გულში მღეროდა" არ გამოვიდა, რადგან ზუსტად ავხსენი, რა ვიგულისხმე.
ხოდა კიდევ ერთხელ დავწერ:
ხოდა გააგრძელე ახლა შენ.

nastasia-ს რას შეეხება, აგერაა მისი ეს პროექტი.
და აგერაა ლინკები:
1) http://embrioni.blogspot.com/2009/10/blog-post_23.html
2) http://embrioni.blogspot.com/2010/05/blog-post_11.html
3) http://embrioni.blogspot.com/2010/04/blog-post_17.html
4) http://embrioni.blogspot.com/2010/03/blog-post.html
5) http://embrioni.blogspot.com/2010/02/blog-post_06.html
6) http://embrioni.blogspot.com/2009/12/blog-post_15.html
7) http://embrioni.blogspot.com/2009/11/blog-post_20.html
მგონი საკმარისია.
ინებე, არაფრის.

Kate said...

ანუ http://embrioni.blogspot.com/search/label/interwiu ამ ლინკზეა თითქმის ყველა.

Natalia said...

ნუ, ჩემი აზრით, ნასტასიას და სოფი პროექტები საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისგან, ერთი შეხედვითაც ჩანს.

ხოდა ქეით, რომ არ მიგეღო საპასუხოდ ასეთი კომენტარები, არც უნდა დაგეწერა ის, რაც დაწერე ;)

დაჯი said...

გადაბარ-გადმობარების გარეშეც შეიძლება ყველამ გააკეთოს მსგავსი მშვენიერი პროექტები, რაც მეტი-მით უკეთესი. ალბათ ყველას უნდა უხაროდეს ^_^ რა მნიშვნელობა აქვს საიდან მოდის იდეა, მთავარია განხორციელება და ამ იდეის სისრულეში მოყვანა.
აი, როგორც მოსიარულე წიგნების შემთხვევაში მოხდა, ეს სულაც არ იყო ქართველების იდეა, მაგრამ როცა განხორციელდა გახდა ქართული პროექტიც და გავიხარეთ ყველამ ერთად იპოვა-არიპოვას მიუხედევად. კეთილი იდეის მოპარვა პირიქით მადლია ხალხნო )))

საერთოდ რაშია პრობლემა?

ალბათ პირველი და იმედია, უკნასკნელია მსგავს აბსურდულ დისკუსიაში რომ ვერთვები :D ძალიან დავიძაბე რაღაც, არც ერთს არ ვიცნობ პირადად, მაგრამ არც სოფოს მინდოდა სწყენოდა ეს "გადაბარ-გადმობარების" ამბავი და არც ქეითს ჩვენი სამართლიანი გაოცება თუ რაც იყო...არ ღირს ეს ამად. გოგოებს უკეთ უნდა გვესმოდეს ერთმანეთის და უფრო სერიოზულ თემებზე უნდა ვკამათობდეთ )):*

irina iri said...

სიამოვნებით ჩავერთე ამ პროექტში, სოფი შენს ნაწერებს ყოველთვის სიამოვნებით ვკითხულობ,ეს იდეა ძალიან საინტერესოა, მე დიდი ინტერესით ველოდები გაგრძელებას.
მაილზე ბევრი მადლობები მოგწერე და კიდე გეტყვი მადლობა :)

Toma said...

sofi, ki mivigeb monacileobas.

Sophie שרה Golden said...

დარწმუნებული ვარ, არავის არავისი წყენინება არ უნდოდა, უბრალოდ ასე გამოვიდა.

დიდი მადლობა ყველას და ველოდები თქვენს პასუხებს!!!

ბედნიერ დასვენების დღეებს გისურვებთ!!!

Rode said...

სოფი, ვწერ!
ბოდიში მაილზე ვეღარ შეგეხმიანე.

Anonymous said...

სოფი სიამოვნებით შემოგიერთდებით. I'm honored :)

თუ შეგიძლია, მეილი დამიფორვარდე?!

geoblonde@live.com

Kate said...

მია,
ეს ფრაზა ამოვიკითხე "რომ არ მიგეღო საპასუხოდ ასეთი კომენტარები, არც უნდა დაგეწერა ის, რაც დაწერე ;)"

ხოდა მაპატიეთ, რომ სიმართლე დავწერე :D ანუ რაც მოხდა, ის რომ დავწერე. :D

თან მე არც არავის საწყენად არ დამიწერია ეს ყველაფერი და არც ის დამიწერია სოფისთვის, ნწ ნწ ნწ ნწ როგორ ბედავ-მეთქი :D მე უბრალოდ დავწერე რა და როგორ მოხდა. ეს იყო და ეს.


მაგა, შენ ნუ ნერვიულობ. ყველაზე ნაკლებად რაც მინდოდა მომხდარიყო ისაა, რომ შენ და შენნაირები უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილიყვნენ :*

ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ ჩემს კომენტარს ასეთი ამბები მოჰყვებოდა. რომ მცოდნოდა, არ დავწერდი. ვითომ? არა, მაინც დავწერდი. ყველგან ასე ვარ, თუ რამე მაქვს სათქმელი, მაინც ვამბობ. მაგრამ არსებობს საწყენად სათქმელი და არსებობს იმის თქმა, რაც რეალურად მოხდა. რა ვქნა, პირდაპირი ადამიანი ვარ და არ მახასიათებს თავის შეკავება. დედაჩემი მეუბნება ხოლმე, დიპლომატია გაკლიაო. მე კი ვთვლი, რომ გულში არ უნდა ჩავიდო ის, რისი თქმაც მინდა. ბოლობოლო ხომ ყველა ამას ვაკეთებთ საკუთარ ბლოგებზე.

სოფი, "დარწმუნებული ვარ, არავის არავისი წყენინება არ უნდოდა, უბრალოდ ასე გამოვიდა."
yes!!

"დიდი მადლობა ყველას და ველოდები თქვენს პასუხებს!!!"
ჩემსასაც?

"ბედნიერ დასვენების დღეებს გისურვებთ!!!" u 2.