Thursday, June 26, 2014

პოეტური დასაწყისიდან სამყაროს უკანასკნელ ბლოგამდე - 6

კარგა ხანს ვფიქრობდი, თამთას ბლოგის აღწერა როგორ გამეკეთებინა. ზუსტად ორი წუთის წინ მივხვდი, რომ მასში ერთგვარად ჩემს თავს ვხედავ (ახალგაზრდობაში :-D ), თავგადასავლების მაძიებელ მწერალს, რომელიც სულ "იმუქრება", რომ ფინიტა ლა კომედია და მაინც არ ასრულებს. ასე განაგრძე, თამთა, not all who wander are lost... პირიქით, ზოგი მერე big sunny mama-ც კი ხდება, როცა ამის დრო მოდის ;-)




პოეტური დასაწყისიდან სამყაროს უკანასკნელ ბლოგამდე


1. როდის შექმენი ბლოგი და რა იყო ამის მიზეზი?


ბლოგზე წერა 2009 წლის იანვრიდან დავიწყე. მაშინ 17 წლის ვიყავი, სკოლას ვამთავრებდი და ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ვემზადებოდი. მანამდე სხვა ბლოგებს ვკითხულობდი ხოლმე... მაშინ სვითი, დოდი, თინი და სხვები აქტიურად წერდნენ. ერთ დღეს გადავწყვიტე, რომ დრო იყო საკუთარი ბლოგიც მქონოდა. პრინციპში, ყველაფერი გაცილებით ადრე დაიწყო - წერის მიმართ ჩემს სიყვარულს ვგულისხმობ. მაგალითად, პირველი ლექსი წლინახევრის ასაკში „შევთხზი“ (და დედაჩემმა ჩაიწერა):
ზურიკო და თამთა
მიდიოდნენ გზაზე,
გადმოუხტათ მგელი,
გადახვიეს ხელი.

ასე დაიწყო ჩემი მწერლურ-პოეტური კარიერა. 7-8 წლიდან დაახლოებით 13-14 წლამდე, ალბათ, 20მდე რვეული მაინც მექნება გავსებული ჩემი ლექსებით, მოთხრობებით და ჩანახატებით.
თინეიჯერობის ასაკში დღიურების წერას მივყავი ხელი, რომელთაც საგულდაგულოდ ვმალავდი, მაგრამ ამ ეტაპმაც გაიარა და ბლოგზე გადმოვინაცვლე. უკვე 5 წელზე მეტია, მეტ-ნაკლებად აქტიურად ვწერ. რამდენჯერმე მომბეზრდა და შევწყვიტე, თუმცა, როგორც ხედავთ, დავუბრუნდი.

მოკლედ, იმის თქმა მინდოდა, რომ წერის მიმართ განსაკუთრებული ლტოლვა მაქვს. თუმცა ბლოგით, ალბათ, სხვა სურვილებსაც ვიკლავ - თვითგამოხატვის, საკუთარი აზრის დაფიქსირების, თავის დამკვიდრების და ა.შ.

 2. რისთვის/ვისთვის განაგრძობ დღემდე წერას?

ამ ყველაფრის მიუხედავად, რაც ზემოთ ჩამოვთვალე, ხანდახან მე თვითონაც ვეკითხები ხოლმე ჩემს თავს, ვისთვის ან რისთვის წერ-მეთქი? თავს ვერ გამოვიდებ, რომ მკითხველის დიდი არმია მყავს ჩასაფრებული...  ალბათ, პირველ რიგში, მართლა ჩემი თავისთვის ვწერ - არ ვიცი როგორ აგიხსნათ, მაგრამ მომწონს და მსიამოვნებს ეს პროცესი და შედეგიც... რაღაც დროის შემდეგ მე თვითონაც ვკითხულობ საკუთარ პოსტებს, ბევრი რამ მახსენდება და მეღიმება ხოლმე.  ახლა ცოტათი მაკომპლექსებს ის ფაქტი, რომ დედაჩემი და ხანდახან ჩემი ძმაც მკითხულობენ. დარწმუნებული ვარ, ეს ფაქტი რომ არა, კიდევ უფრო ღიად დავწერდი. შეიძლება ოდესმე გადავლახო ეს მომენტიც...

3. შენი საყვარელი ადგილი საქართველოში, საზღვარგარეთ და მერე, სად წახვიდოდი სამოგზაუროდ და ზუსტად ისე დაისვენებდი, როგორც წარმოგიდგენია?

ზუსტად ამას წინათ დავწერე facebook-ზე სტატუსი, ნურასოდეს მთხოვთ, რომ ერთი საყვარელი რამ დავასახელო მეთქი. ახლა, როცა თითქმის 1 წელია საქართველოდან წასული ვარ, ყველაზე მეტად ადგილებიდან თვითონ თბილისი მენატრება... ალბათ, იმიტომ რომ მოგონებების უმეტესი ნაწილი მასთან მაკავშირებს და იმ ადამიანთა უმრავლესობაც, ვინც მიყვარს, თბილისშია. კიდევ ძალიან მიყვარს ჩემი სოფელი სამეგრელოში. იქ 10 დღეზე მეტხანს კი ვერ ვჩერდები ხოლმე, მაგრამ აი ის 10 დღე თუ ბანძაში არ გავატარე, უდიდესი დანაკლისის გრძნობა მექნება... ჰო, ცოტა უცნაური სახელია, მაგრამ, ამბობენ ამ სახელს ებრაული წარმოშობა აქვს და გზაჯვარედინს ნიშნავსო. ბებიაჩემის ახალგაზრდობაში იქ თურმე ძალიან ბევრი ებრაელი ცხოვრობდა, მერე წავიდნენ ისრაელში... ვერ ვიტყვი განსაკუთრებული სილამაზით გამორჩეული ადგილია-მეთქი, მაგრამ თავისებური ხიბლი აქვს და, განსაკუთრებით, ჩემთვის... სხვათა შორის, ბებიაჩემს ბაბუაჩემთან პაემნებზე სიარული რომ დაუწყია, ერთხელ ზუსტად მსგავსი კითხვა დაუსვამს - აბა, რომელია საუკეთესო ადგილი მსოფლიოშიო... ბაბუას დიდხანს უფიქრია, თან ბებიაჩემი გეოგრაფია და არ უნდოდა თავი შეერცხვინა... ბოლოს უპასუხა რომელიღაც ქვეყნის რომელიღაც ქალაქი, ახლა ზუსტად არ მახსოვს, თუმცა ბებიაჩემს უთქვამს, - ცდები, ამ ქვეყნად ბანძას არაფერი შეედრებაო :D აი, ასე... : )

4. პირადული შეკითხვა, გყავს თუ არა მეგობარი ბიჭი/გოგო/ქმარი/ცოლი და რა არის თქვენი ურთიერთობების მასაზრდოებელი წყარო, თუ თავისუფალი ხარ, როგორია შენი კრიტერიუმი (ჰაჰა, მგონი, საკაიფო პუნქტ-შეკითხვაა, ცოტა "საპაემნოს" ჰგავს)?

შეიძლება ითქვას, რომ თავისუფალი ვარ... თუმცა აქ ყოფნის პერიოდში იყო რამდენიმე ბიჭი და ახლაც არის :D 10 დღეში საქართველოში ვბრუნდები - არ ვიცი, რა და როგორ გაგრძელდება ან საერთოდ გაგრძელდება თუ არა, ამიტომ ამ კითხვაზე პასუხისგან ამჟამად თავს შევიკავებ.

5. აქ კი შეგიძლია ის დაწერო, რისი თქმაც გინდა, რაც გაწუხებს, ან უბრალოდ, არაფერი დაწერო და ბედნიერი დღე უსურვო ჩვენს მკითხველს.

ბოლოს მინდა მადლობა გადავუხადო სოფის, რომ ასე ხშირად გვითმობს თავის ბლოგს. თქვენ კი სასიამოვნო დღეებს და თავგადასავლებს გისურვებთ :-) 



4 comments:

დაჯი said...

თამ-ზე პირველი რაც მახსენდება ფეხებია :D გრძელი, გრძელი ფეხები, რომელი სადღაც იწყება და სადღაც ძალიან იქით მთავრდება :D თამ , მაპატიე, რა ვქნა, მომწონს ))) :*

Lilac said...

აი, მეც მოვედი ^^
მაგა, საპატიებელი რა არის, ამას მხოლოდ და მხოლოდ კომპლიმენტად ვიღებ, რადგან არ მაქვს ჩემი გრძელი ფეხების კომპლექსი... ვიცი, რომ მათ გარდა სხვა ბევრი "ღირსებაც" გამაჩნია, თუმცა კი ჩემი სავიზიტო ბარათი ნამდვილად ჩემი ფეხებია (რა სასაცილოდ ჟღერს))))

სოფი, ახლა პოსტი რომ წავიკითხე, მივხვდი რომ სიჩქარეში ბევრი რამ გამომრჩა - მაგალითად, პასუხი იდეალურ დასვენებაზე, სასურველ პარტნიორზე და ა.შ....

აღწერას რაც შეეხება, მართლაც საინტერესოა მე სად წამიყვანს ეს ამდენი ხეტიალი და თავგადასავლების ძიება :)

Sophie שרה Golden said...

თამთა, რაც ჩემთან გამოგრჩა, შენს ბლოგზე შეგიძლია განავრცო, სიამოვნებით წავიკითხავ მე პირადად.

Kate said...

უიმე ამასაც გრძელი ფეხები აქვს ჩემსავით? :D

არა რა, ნამეტანი ბევრი დამთხვევა გვაქვს მე და თამარას. :D