კვირადღემშვიდობისა!!!
იმედია, სასიამოვნო დასვენების დღეები გქონდათ.
ზაფხულის მშვიდი საღამოების პროექტი გრძელდება და მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის საღამოსთვის ვერ ვახერხებ პოსტების გამოქვეყნებას, იმედია, თქვენ ზოგჯერ კითხულობთ საღამოობით და მოგწონთ ჩვენი ბლოგერების ბლიც-კითხვა-პასუხები.
დღევანდელი გესტ-პოსტი როდეს ეკუთვნის, რომელიც ამ ბოლო დროს მხოლოდ წერტილების დასმით გამოხატავს საკუთარ განწყობას და მიხარია, რომ ჩემი ბლოგისთვის ასეთი გულწრფელი პასუხები გაიმეტა.
პროექტის წინა პოსტები იხილეთ ამ ლინკზე.
წვიმის მეფე საკუთარი თავის ძებნაში
1. როდის შექმენი ბლოგი და რა იყო ამის მიზეზი?
პირველი პოსტი ბლოგზე დავწერე 2009 წლის 29 იანვარს. 29 იანვრამდე რას ვაკეთებდი ინტერნეტში ან მაინცადამაინც ამ 29 იანვარს რა მოხდა ჩემს თავს, სრულიად არ მახსოვს. ადრე, რაღაცა ამბავი მოვყევი, როცა მკითხეს, ბლოგის გაკეთება რატომ და როდის გადაწყვიტეო. ამიტომ, ახლა გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი, რომ წარმოდგენა არ მაქვს ამ ამბავზე. მახსოვს ის, რომ აღარ მაკმაყოფილებდა სხვადასხვა ფორუმებზე დაწერილი პოსტები და აქტიურობა, მინდოდა რაიმე საკუთარი ტერიტორია შემექმნა, რომლის მოდერატორი და მმართველი მხოლოდ მე ვიქნებოდი. ბლოგის იდეა, ყველაზე მეტად სწორედ ამიტომ მომწონს - მის შინაარს მთლიანად თავად განვაგებ.
რაც შეეხება თემატიკას, ხელოვნება ჩემი აღფრთოვანება იყო ბავშვობიდან. შემდეგ, ნელ-ნელა გავიაზრე რომ ხელოვნებას მხოლოდ სიამოვნება და ბედნიერება არ მოაქვს ადამიანისთვის. უფრო მეტად ის რეალობის სარკეა. ამ სარკეში ჩახედვა კი ძალიან ბევრს არ სურს და მტკივნეულია, რომ ხელოვნება თავისი არსით არის მახე ადამიანის სულისთვის. ბლოგზე, მსურდა ადამიანები მახეში გამება. სიტყვა ყველაზე დიდი მახეა. საბოლოოდ, ამ გადმოსახედიდან ისე გამოვიდა, რომ ყველაზე მეტად თავად აღმოვჩნდი გამახული.
6 წლის თავზე ანუ წელს, 2014 წელს, ძალიან შემაშინეს სხვადასხვა სოციალურ ქსელებსა თუ საიტებზე არსებულმა ჩემმა პროფილ-ავატარებმა. უმეტესი მათგანი წავშალე. დესტრუქცია ჩემი ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა. ივნისის თვე, ბლოგზე "დიდი შესვენების" თვედ გამოვაცხადე. ამ პერიოდში კარგად უნდა გავიაზრო, თუ როგორ უნდა განვაგრძო ბლოგზე წერა და ზოგადად, რა დამოკიდებულებით უნდა გავაგრძელო ცხოვრება. საბოლოოდ, ბლოგი უნდა გარდავქმნა და მოვირგო ჩემს კომფორტულ ქურქად, ჩემს კანად.
რამდენს ვლაპარაკობ, მაპატიე სოფი, შენი ბლოგის სივრცეს ასე ეგოისტურად რომ ვექცევი. ყველა მკითხველმა მომიტევეთ. ყველაზე უარესი კი ისაა, რომ ახლა, სოლ ბელოუს რომანს, "ჰენდერსონი, წვიმის მეფე" ვკითხულობ, და როდესაც ძალიან კარგ წიგნს ვკითხულობ, მინდა ხოლმე რომ ან ძალიან ბევრი ვილაპარაკო, ან სრულიად დავდუმდე. წიგნში, ჰენდერსონი მყოფობასა და ჩამოყალიბებას შორის აკეთებს არჩევანს. არჩევანს არა, უფრო სწორად, იაზრებს ამ ორი სიტყვის არსს და მათ ცხოვრებასთან მიმართებას. ის, რაც ახლა მჭირდება მე. ამიტომ მერე ამ წიგნზე, აუცილებლად დავწერ მიმოხილვას.
2. რისთვის/ვისთვის განაგრძობ დღემდე წერას?
ყოველთვის ჩემი თავისთვის ვწერდი. მერე ჩემი მსგავსი ადამიანებისთვის, მერე ძალიან შემრცხვა და ვწერდი ყველა ადამიანისთვის, ვინც კი ინტერნეტში არსებობს, ასაკის, სქესის და მდგომარეობის მიუხედავად. მერე მივხვდი, რომ არ იყო, მთლად სწორი. ყველასთვის კეთილი, კარგი და სასიამოვნო ვერ იქნები. ხელოვნების მახე რაღაც ძალიან გაურკვეველ შთაბეჭდილებას ტოვებდა, ზოგჯერ სრულიდ გაუგებარი და შეუფერებელი პოსტებით. მერე ისე გავაკეთე, რომ შევეცადე ისეთი ენით მეწერა, რაც ყველასთვის გასაგები იქნებოდა. ხოლო ზოგჯერ, ისე ვწერდი, რომ პოსტის არსი მხოლოდ მე მესმოდა. თუმცა დამეთანხმებით, ყველაზე უკეთ თქვენივე პოსტების ხომ მხოლოდ თქვენვე გესმით. ეს ბედნიერებაა და სასიამოვნო განცდაა. მით უმეტეს, როდესაც პირადი ტიპის პოსტებზე მიდგება საქმე.
როგორც აღმოჩნდა, ყველაზე მეტად წიგნებზე, ნახატებზე, ფილმებზე და პირად ამბებზე ვწერ, და რატომ არ უნდა დარჩეს ასევე ეს მომავალშიც? უცებ თუ გამოხტება უგულწრფელო პოსტი, იმას აუცილებლად წავშლი. ახლაც, თვალს ვავლებ პოსტებს და ყველა ურწმუნო და უგულწრფელო ამბავს, დაუნანებლად ვშლი.
ვირტუალურ სამყაროში ამ ორი თვისების დაცვა და გამოხატვა ყველაზე რთულია. სულაც არაა აუცილებელი, რაღაც ღირებულებათა კოდექსი შეიმუშავო და მთელი ცხოვრება ამ კოდექსის დაცვით განვლო, მაგრამ არის რაღაც თვისებები, რასაც ყველაზე მედატ ვაფასებთ ხოლმე.
ჰენდერსონი აფრიკაში წავა, და იქ წვიმის მეფედ იქცევა. ისეთი არაჩვეულებრივი ამბავია, გაგიჟდებით. ალბათ, ცხოვრებაში ჩვენ ყველანი რაღაცის და ვიღაცის მეფეებად უნდა ვიქცეთ, ეს არის ჩვენი დანიშნულება. ოღონდ სხვების დასანახად კი არა, შენთვის, პირველ რიგში. ამ ერთფეროვან ციკლს ხომ უნდა დავაღწიოთ თავი? ვითომ, რატომ არ უნდა უნდოდეს ადამინას, ჩაიდინოს რაიმე სიგიჟე? რას სჯობს სიგიჟეებს? დინი ამერიკის გზებზე რომ დაჰქროდა, ხომ შლეგი იყო? რატომ უნდა დავუტოვოთ მხოლოდ წიგნის პერსონაჟებს ეს სიგიჟეები?
3. შენი საყვარელი ადგილი საქართველოში, საზღვარგარეთ და მერე,სად წახვიდოდი სამოგზაუროდ და ზუსტად ისე დაისვენებდი,როგორც წარმოგიდგენია?
25 წლის ვარ, მაგრამ საქართველოს გარდა ჯერ არსად ვყოფილვარ. ჩემი ქვეყნის უმეტესი მხარე მოვიარე, ბავშვობის უმეტესობა კი სოფლად მაქვს გატარებული. ხომ იცით, ადგილს მისი ლამაზი სახლები და ტყეები კი არ განსაზღვრავს, არამედ ის მოგონებები, რაც იმ ადგილთან გვაკავშირებს. ასეთი ადგილი ჩემთვის სოფელი ალგეთია. სრულიად ჩვეულებრივი, პატარა, მყუდრო ხეობა მანგლისთან ახლოს, მაგრამ ჩემთვის ძალიან ძვირფასი.
აუცილებლად დავათვალიერებ რაჭას, აჭარას და თუშეთს. ზოგადად კავკასიის ქედს მთელს სიგრძეზე, იქით და აქეთ, აფხაზეთისკენ და კასპიის ზღვისკენ, ძალიან ბევრი ლამაზი ადგილია და თუ შესაძლებლობა მომეცემა, ვნახო ეს ადგილები, წავალ.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ძალიან მიტაცებს კუნძულოვანი ქვეყნები. ისლანდია, ახალი ზელანდია, იაპონია და ავსტრალია არიან პირველები რაც თავში მომდის. ვფიქრობ, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილი საინტერესო იქნება სანახავად. დედამიწაზე უკვე ბეზრდება ხალხს, ახლა კოსმოსის ათვისების ჯერია. იქნებ, მარსზეც გავფრენილიყავი?
4. პირადული შეკითხვა, გყავს თუ არა მეგობარი ბიჭი/გოგო/ქმარი/ცოლი და რა არის თქვენი ურთიერთობების მასაზრდოებელი წყარო,თუ თავისუფალი ხარ, როგორია შენი კრიტერიუმი (ჰაჰა, მგონი,საკაიფო პუნქტ-შეკითხვაა, ცოტა "საპაემნოს" ჰგავს)?
ამჟამად არც მეგობარი გოგო მყავს და არც მეგობარი ბიჭი. ინტიმურ საკითხში საერთოდ არანაირი კრიტერიუმი არ გამაჩნია. როდესაც ადამიანს ვიცნობ, არ მაქვს წინასწარ შემუშავებული ჩარჩოები და გეგმები. ჩემთვის ძალიან ბევრი საგულისხმო ადამიანი ხელოვნებაში, მეუბნება, რომ სიყვარული არსებობს. მე ჯერ მსგავსი გრძნობა არ მწვევია. მიმაჩნია, რომ აი, იმ ნამდვილ, დიდ, საოცარ, არაამქვეყნიურ გრძნობას არც სქესი აქვს, არც ეროვნება, არც სოციალური სტატუსი, მოკლედ, ამ გრძნობას ვერაფერი აფერხებს. სამწუხაროდ, ჩემს ირგვლივ, ძალიან მცირე კარგი მაგალითი მაქვს. ოჯახის ამბავსაც ეჭვის თვალით ვუყურებ და ზოგადად მსგავს საკითხებში, ძალიან ინგმარ ბერგმანი ვარ. რა ვქნა აბა? "შემოდგომის სონატა" მგონია ყველასთან. არც ის მესმის, როგორ უნდა შეინარჩუნონ ადამიანებმა ეს დიდი გრძნობა და იმაშიც ეჭვი მეპარება, რომ ასეთი გრძნობა ხანგრძლივობაში მყოფობდეს.
როგორი ეგოისტი და ცუდი ადამიანი უნდა ვიყო, შენ შესანიშნავ ბლოგზე სოფი, შენ შესანიშნავ ოჯახთან, მსგავს რაღაცებს რომ ვამბობ. მაგრამ მე ხომ გულწრფელობას შეგპირდით. მე მჯერა, როდესაც ადამიანები მეუბნებიან, რომ ჩვენ ბედნიერები ვართო. მე მჯერა, როდესაც ამას ვხედავ კიდეც. ამიტომ მე მჯერა შენი ბედნიერი ოჯახის სოფი.
5. აქ კი შეგიძლია ის დაწერო, რისი თქმაც გინდა, რაც გაწუხებს, ანუბრალოდ, არაფერი დაწერო და ბედნიერი დღე უსურვო ჩვენსმკითხველს.
მადლობა, სოფი სან სუპერ დედა გოლდენო, ასეთი შესანიშნავი ბლოგო-სერიისთვის. ყველა შენს მკითხველს და ყველა პროექტში მონაწილეს ვუსურვებ ბედნიერებას და გაზაფხულის შესანიშნავად გატარებას!




8 comments:
როდრიგოს (რა ვქნა, მე ასე გავიცანი და სულ ასე ვეძახი) ბლოგი ძალიან მიყვარს, ბევრ ახალს და საინტერესოს ვიგებ და ამიტომ დიდი ინტერესით ვკითხულობ ხოლმე, თუმცა, მისი პოსტებიდან გამომდინარე, ყოველთვის ვერ ვკითხულობ, რაღაც განწყობა მჭირდება.
აჰ, და კიდევ, როდრიგო, ჩემს სოფელთან ახლო გქონია შენც სოფელი და რატომ არ ვიცოდი აქამდე ეს? ძალიან გამიხარდა, ეგ მხარე ჩემთვისაც ძალიან მშობლიური და ათასი მოგონებით სავსეა :)
მადლობა შენ და სოფის, ამ კარგი პოსტისთვის :)
Natalia, მეც როდრიგოთი გავიცანი, დაჟე როდრიგო სანტოროს ფოტო ეყენა, მგონი, მაშინ ავატარად და მეთქი, ჭკვიანი ბიჭია :D მშვენიერი ჭკვიანის კრიტერიუმი მქონდა, ვერაფერს იტყვი :ლოლ:
ნატალია
ხო, მახსოვს სულ ადრე როდრიგო სანტორო ვიყავი, მერე როდრიგო და და მერე სულ შევკვეცე :დ
ძალიან მიხარია, რომ ამ ძველი ბლოგერებიდან კვლავ ვადევნებთ ხოლმე ერთმანეთს თვალს და გულს :)
მართლა? რა მაგარია. ალგეთში 2 წელი ვცხოვრობდი, მპირველ კლასში მანგლისის რუსულ სკოლაში მივედი :დდ რავიცი, იქნებ როშაში გვერდითაც კი ჩამივლია შენთვის?
სოფი,
აი, ხომ ხედავთ, თქვენ ჩემზე მეტი რამეები გახსოვთ :დ
მშვენიერი კრიტერიუმია <3
მგონია, რომ ცნობისმოყვარე არ ვარ, მაგრამ ძალიან მაინტერესებს რითი დამთავრდება როდეს თვითგამორკვევის მცდელობანი. როცა მის ბლოგ-პოსტებს ვკითხულობ, სწორედ ამ პროცესის ურცხვი მაყურებელი მგონია ხოლმე ჩემი თავი )) რაც მთავარია,ეს ძალიან საინტერესოა.
მიყვარს მე როდე.
აი ისე წიგნის გმირები რომ გვიყვარს ხოლმე : ) მიუხედავად იმისა რომ ვიცნობ, მაინც მგონია რომ უბრალოდ სადღაც გაჩენილი გმირია, რომელიც მერე მთელმა სამყარომ გაიცნო : )) და თანაც გაცნობის მერე ყველა თავის ნაწილაკს ხედავს მასში და ყველასთვის ახლოა რაღაცნაირად : ))
მოკლედ როდე ისევე მიყვარს როგორც პეპი, როგორც ჩორვენი, როგორც მილედი, როგორც კიდევ ბევრი გონებაში და გულში ჩაბეჭდილი გმირი :>
მაგა, მეც ძალიან მაინტერსებს როგორ დამთავრდება და მიხარია რომ გაგიცანი ინტერნეტში და აღმოვაჩინე შენი ბლოგი.
ჩორვენ, ასეთ საინტერესო შეფასებას, ვერც კი წარმოვიდგენდი! <3 მადლობა ყველაფრისთვის და მთელი ამ წლებისთვის რაც ვიცნობთ ერთმანეთს ვირტუალურად თუ ისე.
♥♥♥
მიას ვეთანხმები. მეც როდრიგოთი გავიცანი და ხანდახან როდეს ვეძახი. ფბ-ზე ხან რას ირქმევდა და ხან რას. ჩემთვის ის სულ როდრიგო სანტოროსთან არის ასოცირებული. თანაც ეგ მსახიობი ძალიან მიყვარს.
მის პოსტებს მეც ვერ ვკითხულობ ყოველთვის. განწყობაა საჭირო.
ძალიან კარგ ბლოგერად ჩამოყალიბდა და ეს მე, როგორც ძველ ბლოგერს, ძალიან მახარებს.
ძალიან კარგი ადამიანია და მის მიმართ წლებია რაღაცნაირი სიახლოვე მაქვს მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს გვინახავს ერთმანეთი. ტვიტერზე ვადევნებ თვალს და სადღაც რომ არის, მიხარია. მინდა, რომ სულ წერდეს ჩემთვის, თავისთვის და ბევრი სხვისთვის.
Post a Comment