ბლოგზე წერა მომენატრა და ვიფიქრე, კვირას ჩემს პოსტს დავუთმობ-მეთქი.
სანამ ფილოსოფიაზე გადავალ, მადლობა პროექტის ყველა მონაწილეს, ძალიან მიხარია, რომ ასე კარგად მიიღეს ჩემი კითხვები და პასუხის გაცემაც არ დაზარებიათ. წინ კიდევ ბევრი კარგი ბლოგერის გესტ-პოსტი გელით. ვაშა!!!
ეს რამდენიმე ხანია ვგრძნობ, რომ ჩემში ორი მე იბრძვის და რაღაცნაირად მტანჯავ-მღლის.
დღეს ტვიტერზე ერთი ქალის ფოტოებს ვათვალიერებდი და კიდევ უფრო დავრწმუნდი იმაში, რომ ხანდახან არ ვიცი, ვინ ვარ და სად ვარ (რა თქმა უნდა, არაპირდაპირი გაგებით).
თი წერს თავის ბოლო პოსტში, საშუალოსტატისტიკური დედა ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ასეთები მაღიზიანებენო.
მე კიდევ ამის წინააღმდეგ ვიბრძვი, რომ არ ვიყო საშუალოსტატისტიკური, რადგან არასოდეს ვყოფილვარ: სულ დავრბოდი და გავრბოდი (ესეც არაპირდაპირი გაგებით), მაგრამ ქმარი და შვილები როცა გახვევია, უკვე ძნელია სირბილი და სადღაც უნდა გაჩერდე, ფასეულობებს გადახედო და გადაწყვიტო, როგორ გინდა შენი შვილები გაზარდო და რისი გინდა, რომ მათ სჯეროდეთ.
ჩემი ქმარი ყოველთვის გაოცებულია, როგორ შემიძლია ვიყო ფემინისტი, სოციალისტი და ამავე დროს ღმ-ერთისაც მწამდეს. არ ვიცი, უბრალოდ შემიძლია. კაცებს უჭირთ ასეთი პასუხის გაგება და მიღება, რომ უბრალოდ შემიძლია, მაგრამ მართლა ასეა :-/
ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ეზრა რაღაცაზე წუწუნებდა და ჩვენმა ერთმა ახლობელმა უთხრა, რა გატირებს, გოგო ხომ არ ხარო! აი, ზუსტად მანდ გაიღვიძა ჩემმა მიძინებულმა წითელთმიანმა ფემინისტმა და ძალიან გავბრაზდი. მოიცა, რას ჰქვია გოგო? ისე უთხრა, თითქოს გოგოობა სირცხვილია, თითქოს გოგოები აუცილებლად უნდა წუწუნებდნენ და ტიროდნენ. საშინლად არ მომეწონა და ბუნებრივია, მაშინვე ვუთხარი იმ ადამიანს, ასე აღარასოდეს ეთქვა ეზრასთვის და საერთოდ, არცერთი ბიჭისთვის (მით უმეტეს ჩემი შვილებისთვის), რადგან მათ უნდა იცოდნენ, რომ ემოციებს ყველანი თანაბრად გამოვხატავთ სქესისადმი მიკუთვნებულობის გარეშე.
მერე ძილშიც კი გაბრაზებული ვიყავი და ვერ ვისვენებდი.
მინდა, რომ დედებმა საშუალოსტატისტიკურად არ გავზარდოთ ჩვენი შვილები, განსაკუთრებით ბიჭები, არ გავზარდოთ ისეთებად, როგორებიც ზემოთ ნახსენები ახლობელია, რომელსაც როგორც კი საშუალება მიეცემა გოგოებს დასცინის, როგორი სუსტები და წუწუნები არიან. მინდა, ბიჭებმა იცოდნენ, რომ მათი დედა პირველ რიგში გოგოა/ქალია, შესაბამისად ყველა გოგო რაღაც პროცენტით მას ჰგავს. ოღონდ იმას არ ვგულისხმობ, რომ შვილისთვის დედა პირდაპირ ხატივით იყოს და 40 წლამდე მასთან იცხოვროს. იმ შვილს, რომელსაც დედა მართლა უყვარს, არასოდეს მოუნდება სიცოცხლის ბოლომდე მასთან ცხოვრება, მხოლოდ ეგოისტი და ზარმაცი ვაჟიშვილები იქცევიან ასე, რომლებსაც დამოუკიდებლად არაფრის გაკეთება შეუძლიათ და ამ დროს, "სუსტ" სქესს დასცინიან (ეს ცნება "სუსტი სქესი" ჭირივით მძულს).
ვიმედოვნებ, შევძლებ ჩემი შვილები სტერეოტიპებისგან თავისუფლად გავზარდო და თუ ყველაფერი იდეალურად არ გამომივა, მასთან მიახლოებულად მაინც იყოს.
ვიღაცამ მკითხა, მინდა თუ არა ჩემი შვილებიც ფემინისტები იყვნენ და სავარაუდოდ, მინდა. ოღონდ კლასიკური ფემინისტები, რომლებიც ქალების თავისუფლებას არ იღაღადებენ იმისთვის, რომ ისინი მერე სექსუალურ ობიექტებად აქციონ, რასაც დღევანდელმა ფემინისტებმა "მიაღწიეს". არა, მე მინდა ჩემმა შვილებმა პატივი სცენ ქალებს, როგორც ჩვეულებრივ ინტელექტუალურ ადამიანებს, რომლებსაც მამაკაცებისგან განსხვავებით, კიდევ ბავშვების გაჩენაც შეუძლიათ.
კიდევ ბევრის დაწერა შემიძლია სქესთა თანასწორობაზე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვნად აღზრდა მიმაჩნია. როცა დედა სწორად გაზრდის თავის ვაჟს, ემოციებს არ შეაკავებინებს და ამ დროს არ დასცინებს, გოგო ხარო, თითქოს ეს სირცხვილი იყოს, ვფიქრობ, ზუსტად მაშინ შეიცვლება ყველაფერი უკეთესობისკენ, თუ არადა მამაკაცები ზუსტად ისეთები იქნებიან, როგორიც ბაბისას ამ პოსტში - ბავშვობიდანვე იმით გონებადაბინდული, რომ ქალები სუსტები და სულელები არიან, რომ კაცმა "თუ არ გაიარ-გამოიარა", ის რა კაცია და მსგავსი საშინელებები, რაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც გაგვიგონია ჩვენს პატარა, საწყალ სამშობლოში.
ნამდვილ საკითხავს რაც შეეხება, ნატას რეკომენდებულ წიგნს ვკითხულობ, ნორვეგიელი ერლენდ ლოეს (წესით, ლუს უნდა ვამბობდე) "გულუბრყვილოდ მაგარს" (ჩემი დიადი თარგმანი, ბუნებრივია, ისე "Naiv. Super." ჰქვია). კარგი წიგნია და მიყვარს სკანდინავიელები, ქალების არ ეშინიათ და იმიტომ, არც სუსტ სქესად თვლიან და დეკრეტშიც ერთად გადიან. ლოეს წიგნს კი რაც შეეხება, ვფიქრობ, 25 წლისას უფრო მომეწონებოდა, ახლა უბრალოდ ჩემს "წინა" ცხოვრებას მაგონებს და მეცინება. ვფიქრობ, 22-25 წლის ასაკის ადამიანებისთვის მისწრება წიგნი უნდა იყოს. იყო დრო მე "სნობების საყოველთაო დღეზე" ვწერდი ამ ასაკში. საკაიფოა, 25 წლის როცა ხარ და აზრზე არა ხარ, რა გინდა და რატომ გინდა. მე ხანდახან დღემდე ასე ვარ, მაგრამ work is in progress ;-)
ბედნიერი სამუშაო კვირა გქონდეთ!!! პროექტი კი გაგრძელდება, ისიამოვნეთ!
ყვავილების ლათინური სახელების შესწავლა
4 weeks ago




7 comments:
ვააა, როგორ გამეცინა სოფი ეხა შენ ვერც კი წარმოიდგენ.
ჩემი პირველი პოსტი ამ პაუზის შემდეგ სოწრედ ამ წიგნზეა :დ და შენ ცემი აღმაფრენა უნდა გენახა, როდესაც წიგნის გმირიც 25 წლისაა და მეც.
ხო ხვდები უკვე რაშიცაა საქმე :დ <3
ოო მაგ გამოთქმას მეც ვერ ვიტან. მესმის შენი ბრაზის და მიხარია რომ შენს ბიჭებს ემოციების ჩვეულებრივ გამოვლინების საშუალებას მისცემ <3
როდე, ვიცოდი, რომ საშენო წიგნი იქნებოდა. ველოდები შენს დაბრუნებას!!!
იმედია.
ნეტა მართლა აღზრდის ბრალია რომ ქალები ასეთები ვგონივართ? იმედია ასეა და იმედია ოდესმე გამოსწორდება ეს. გაცილებით ძლიერები, შორსმჭვრეტელები და ბრძენები ვართ. შეგვიძლია დამოუკიდებლად ცხოვრება და არ გვეშინია. ჩვენ მათ გამო შეგვიძლია დავტოვოთ ჩვენი სახლი და წავიდეთ მათთან ერთდ ცხოვრების გზაზე, მაგრამ რას ვიღებთ სანაცვლოდ? რამდენი რამის თქმა შეიძლება კიდევ ამ თემაზე...
ელიზა, ალბათ მხოლოდ აღზრდისაც არა, ქვეყნის გეოგრაფიულ მდებარეობასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ისტორიას, რაც უნდა გვინდოდეს ქართველებს, მაინც სასწაული გავლენა გვაქვს სპარსეთ-ოსმალეთისგან და უამრავი საერთო მათთან, ვიდრე ევროპასთან და მით უმეტეს, რუსეთთან. ამიტომაც "მოდის" ჩვენთან ქალების ჩაგვრა და მათი აზრისთვის ანგარიშის არგაწევა, ზუსტად მუსულმანური ქვეყნების მენტალიტეტია რა :-(
სოფი, მეც შენსავით ვბრაზდები, როცა პატარა ბიჭებს მსგავს რამეს ეუბნებიან. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ემოციების დათრგუნვა არ შეიძლება, მერე ეს სხვა მხრივ, სხვა აგრესიად იჩენს თავს, ჯანმრთელობის შერყევაზე რომ არაფერი ვთქვათ. თუ ეტირება, უნდა იტიროს ადამიანმა და არ ერიდებოდეს თავისი ემოციების გამოხატვა, მით უმეტეს ყველაზე ახლობლების გარემოცვაში.
ახლა კიდევ ერთხელ დავფიქრდი, რომ ძალიან მომწონხარ, როგორც დედა, ხშირად ემთხვევა ჩვენი შეხედულებები აღზრდასთან დაკავშირებით ერთმანეთს:)
ეს წიგნი არ წამიკითხავს, სათაური ჩვენთან "ნაივურ სუპერად" თარგმნეს:)
მართალია დედა არ ვარ (ამ მომენტისთვის) მაგრამ მგონია რომ სწორ გზას ადგახარ სოფ
თუმცა ისიც მგონია რომ კონტროლ ფრიკიც დიდწილად არსებობს შენში და ამას არ ნებდები :ტაკძერჟაწ:
ქეთი, ნამდვილად, გეთანხმები, რომ ემოციების შეკავება მერე აგრესიაში შეიძლება გადაიზარდოს.
მიხარია ძალიან. დიდი მადლობა შექებისათვის :-)
ჩორვენ, ჰაჰა! ჰო, ალბათ. როგორ არ ვიყო კონტროლ-ფრიკი, ტესტოსტერონითაა ჩემი სახლი გატენილი და ერთი ესტროგენი ვყავარ, ხომ ხელში უნდა მეჭიროს სიტუაცია :ლოლ:
Post a Comment