თუ მე არა ჩემთვის, მაშინ ვინ? მაგრამ თუ მე მხოლოდ ჩემთვის, მაშინ რა ვარ მე? და თუ ახლა არა, მაშინ როდის?
რაბი ჰილელი
(ჩემი უხეში თარგმანი)
ჟურნალისტის დიპლომი მაქვს და კიდევ ქალების სემინარიის. ვიცი, სასწაული რეზიუმის ადამიანი გამოვდივარ. ჯერ ჩე გევარაზე ვწერდი, მერე დავით მეფესა და მის ფსალმუნებზე. ჩემი ბებია ფემინისტი და კომუნისტი იყო, 5 შვილი გააჩინა და ცხოვრების ბოლომდე მუშაობდა (რუსულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა). მე კიდევ - სხვა ქვეყანაში წავედი. მსოფლიოში ყველაზე სევდიანი ისტორიის მქონე ერს შევუერთდი და ყველაზე ძველსახელიანი შვილები მყავს, და მჯერა, დიასახლისობაზე ძლიერი პროფესია არ არსებობს ამქვეყნად.
ჰოდა, რამდენიმე ხნის წინ რომ მთხოვეს, კვირაში ერთხელ ახალგაზრდებთან რელიგიასა და ფილოსოფიაზე მესაუბრა, სხვა რა უნდა ამერჩია, თუ არა "პირკეი ავოტის" სწავლება.
"პირკეი ავოტი" ქართულად როგორც "მამათა სწავლება" ითარგმნება. თალმუდის ერთერთი ნაწილია, რომელსაც ქალებიც სწავლობენ და რომელიც ჩემი უსაყვარლესი საგანი იყო მიდრაშაში. ამიტომაც გავბედე, რომ სხვებისთვის გამეზიარებინა ის ცოდნა, რაც მეტ-ნაკლებად, მე თვითონ მაქვს, წყაროებიც მომეპოვება და რაც მთავარია, მიყვარს.
თავიდან საკმაოდ ბევრი ვიფიქრე, ღირდა თუ არა დავთანხმებულიყავი, იმიტომ რომ სწავლება არ არის ადვილი. ერთია, რაღაცის ცოდნა და მეორე, ამის სხვებისთვის გადაცემა. მე კიდევ რატომღაც მგონია, განსაკუთრებული ორატორული ნიჭით არ გამოვირჩევი. ანუ შემიძლია მოვყვე რაღაც, იმპროვიზაციაც გამომდის ხანდახან, მაგრამ ვერასოდეს ვსაუბრობ ისე ენამახვილურად, როგორც ზოგიერთი.
ბოლოს ისევ ჩემმა იდეალისტურმა ხასიათმა იმძლავრა და ვიფიქრე, რახან შემომთავაზეს, ესე იგი, ძალაც შემწევს და ვინ იცის, იქნებ ადამიანებს ძალიანაც სჭირდებათ და გამოადგეთ ჩემი ცოდნა-მეთქი.
ასე ჩავიფელი სწავლასა და სწავლებაში. კითხვა ბავშვობიდან მიყვარდა, მით უმეტეს ფილოსოფია და ეთიკა ისეთი რამეა, რასაც, ვფიქრობ, ჩემი გონება კარგად ითვისებს.
"პირკეი ავოტი" კიდევ ზუსტად თალმუდის ეთიკურ ნაწილად ითვლება, სადაც საუბარია ადამიანების საკუთარ თავთან, ერთმანეთსა და ღმ-ერთთან ურთიერთობაზე.
ფოტოეპიგრაფი სწორედ ამ სწავლების ერთერთი ყველაზე ცნობილი ტრაქტატია, რომელიც ძველებრაელ ბრძენ ჰილელს ეკუთვნის.
ტექსტზე საუბარს არ მოვყვები, რადგან ერთ პოსტში არ ჩაეტევა და ჩემი მიზანი ამაზე წერა არც არის ამჟამად. უბრალოდ, მაინტერესებს ჩემი მკითხველი როგორ აღიქვამს ამ ტრაქტატს, როგორ ახსნის და დაეხმარება თუ არა რამეში.
იმიტომ, რომ მართლაც - თუ ახლა არა, მაშ როდის? დრო ხომ არასოდეს დგას ადგილზე და კაციშვილმა არ იცის, კიდევ გვექნება თუ არა იმის შანსი, რაც ზუსტად ამ მომენტში გვაქვს. თუნდაც უბრალოდ, ამ წუთას თუ შეგვიძლია სიკეთის გაკეთება, ან ახლობელი ადამიანისთვის თბილი სიტყვის თქმა, დამესიჯება, ან გაღიმება და ყავის/ჩაის მოდუღება.
ბედნიერ კვირადღეს გისურვებთ!!!
აქ კი ტრადიციულად ჩემი კვირის ფავორიტი პოსტები:
ჩემს უძველეს ბლოგომეგობარს პატარა ვიკინგი ეყოლა. გილოცავ, ტომა!!! ჯანმრთელები და ბედნიერები იყავით შენ და შენი ბიჭები! :-)
ჩემი საყვარელი ბლოგერის ასევე უძველესსახელიანი ლამაზი გოგო კიდევ 2 წლის გახდა!!!
სიხარულების გარდა, ცხოვრებაში სევდიანი და რთული ამბებიც ხდება. ვფიქრობ, ჩემი საყვარელი ბლოგერი როდე ამას ძალიან კარგად უმკლავდება. ძლიერი ხარ, როდე!!!
ირის ძალიან სევდიანი და შემოდგომური, ამ დროს ტკბილი და პიტნისსურნელიანი პოსტი.
მერცანაბლუმი? არ ვიცი, ეს სახელი საიდან მოიგონა, ფაქტია, რომ საქართველოში დღეს ასეთი გენი(ი)ს სხვა არავინ მეგულება.
და ბოლოს, როგორც ყოველთვის, უცხოური ბლოგი. ჩემი საყვარელი ფოტოგრაფის, რომელიც ყველაფერთან ერთად, უსაყვარლესი ადამიანია, სასწაულად პოზიტიური, თბილი და მხიარული.




11 comments:
ძალიან საინტერესოა, წარმატებებს გისურვებ სოფი, ახალგაზრდებთან ურთიერთობა მოგცემს საშუალებას კიდე უფრო გაიზარდო საკუთარ თავში. შენი გასაოცარი დადებითი ენერგია კი მჯერა ყველა მათგანს დაეხმარება იპოვონ საკუთარი თავი, ერთმანეთ და ღმერთი.
kargia rom miige shemotavazeba sofi. uaris tkma koveltvis sheidelba, magram uaris tkma ise rom ar scado ar girs.
madloba molocvisatvis Ö= imedia "cnobili" Erikebivit didi gaizrdeba chemi certili shvili Ö=
ირი, დიდი მადლობა. იმედია, ასე იქნება. ისეთ პერიოდში ვცხოვრობთ, რომ ადამიანებს ჰაერივით სჭირდებათ სულიერება, სიკეთე, პატიოსნება, რადგან ამაზე არავინ საუბრობს და ლამის სასაცილოდაც იგდებენ მსგავს ცნებებს.
ტომა, მეც ასე მგონია და იმედია, ყველაფერი კარგად წავა.
არაფრის. ასეც იქნება, ეჭვი არ მეპარება.
და თუ მე არა ყველასთვის ახლა? თითქოს გადავწყვიტე პრობლემა ))
კარგი რამ იყო, პირველად ვნახე მსგავსად წამოჭრა ამ თემის.
შენ კი წარმატებები სოფი, მგონია, რომ ძალიან კარგი წამოწყებაა. ვუერთდები შენი მეგობრების (მო)თხოვნას და გირჩევ, არ თქვა უარი ამ ყველასთვის სასიკეთო საქმზე.
შენს საყვარელ პოსტებს მეც გადავავლე თვალი და მიხარია ხოლმე შენგან ამდენი საყვარელი დედა-ბლოგერების შესახებ რომ ვიგებ <3
მერც ანნა ბლუმს რაც შეეხება, "An Anna Blume" ვინმე გერმანელი კურტ შვიტერის 1919 წელს შექმნილი პოემაა. თუმცა , მე არ წამიკითხავს და დანარჩენი თავად თიკოს უკეთ ეცოდინება ^_^
სოფი,ძალიან საინტერესო იქნება!მეც სიამოვნებით დავესწრებოდი!ვიღაცისთვის რამის სწავლა ნამდვილად რთულია,მაგრამ როცა ადამიანს შრომა არ ეზარება ყველაფერი გამოვა!დღეს ძალიან მძიმე ხასიათზე ვარ და შენი ძველი წერილების კითხვა დავიწყე!2008 წლის რა საინტერესო წერილები არ მქონია წაკითხული!და როგორ მეხმარება!
საინტერესო შემოთავაზება გქონია, - საშენო. პერიოდულად მოგვიყევი იქაური ამბები, გვაინტერესებს. პირადული ჩანაწერებიც გვაკლია ქართველებს.
რა საინტერესოდ ფიქრობ თურმე ჩემზე :> დაჯიმ კარგად აღნიშნა, - ანა ბლუმი ჩემთვის ვინტაჟია. მინდოდა გასული საუკუნის ანარქისტებისგან დასაცინად გამოგონილი მუზა ბლოგის საშუალებით ამემეტყველებინა, რითიც მეთქვა, რომ მუზასაც შეუძლია წერა))
დაჯი, მიხარია :დ დიდი მადლობა. იმედია, კარგად წავა ყველაფერი და ახალგაზრდებსაც მოვეწონები. ისე, იმ "ახალგაზრდებში" რამდენიმე ჩემზე დიდიცაა :ლოლ:
თორნიკე, მადლობა დადებითი მოტივაციისთვის, შენგან მოწერილი ყოველთვის მახარებს. სწავლება მართლა რთულია ძალიან, თან პასუხისმგებლობიანი საქმე, რადგან სულ კითხვები ჩნდება და ამისთვის მე უფრო მეტი უნდა ვიკითხო და ვისწავლო, რომ პასუხის გაცემა შევძლო.
რა კარგია, თუ ასეა და გეხმარება ჩემი ძველი წერილები.
თიკო, საინტერესოა ნამდვილად. ვეცდები, დავწერო ხოლმე აქაც რაღაც ნაწყვეტები.
:-)
პირველად გავიგე ანა ბლუმზე და ძალიან დამაინტერესა.
მუზა!!! აი, ზუსტად. მართლა ამის შეგრძნება მაქვს სულ შენს ბლოგზე როცა შემოვდივარ, რა უცნაურია, თითქოს ნამდვილი ხელშესახები ადამიანი კი არა, უცნაური სული წერდეს :-)
სოფი, ძალიან კარგად მოიქეცი, რომ დათანხმდი. უკან დასახევი გზა ყოველთვის არსებობს და თუ არ მოგეწონება, წამოსვლა შეგეძლება ნებისმიერ დროს.
წარმატებებს გისურვებ! და ველოდები შემდგომ განვითარების შესახებ ამბებს აქ :)
ნატალია, მეც ასე მგონია. დიდი მადლობა!!! მჭირდება კეთილი სურვილები და ენერგია ნამდვილად :დ
სწორი აქცენტებია - იზრუნო და განავითარო საკუთარი თავი, იზრუნო გარშემომყოფებზე და გარემოზე, კონცენტრირდე აწმყოზე და ყოველთვის გახსოვდეს დროის წარმავალობა. ეს რელსები ყველას გვჭირდება :)
ბაბისა, ზუსტად!!! რა მაგრად დაინახე ყველაფერი. ზუსტად ასეთი აქცენტები გავაკეთეთ ლექციაზეც. მიხარია. მადლობა :-)
Post a Comment