ჩემი შეხედულება ტრადიციულ მასმედიაზე, მეტ-ნაკლებად, უკვე იცის ჩემმა მკითხველმა, განსაკუთრებით ძველმა, ვისაც ეს პოსტი ახსოვს.
რამდენადაც ამ პროფესიას კარგა ხანია ჩამოვშორდი და არც "ჰიპოკრატეს ფიცი" დამიდევს ოდესმე (არც არსებობს მსგავსი რამ, მაგრამ ისე :დ ), კიდევ ერთხელ გეტყვით, როგორ ვერ ვიტან მედიას. არ არსებობს მიუკერძოებელი მედია და ალბათ, შეუძლებელიც იქნებოდა, რომ არსებობდეს. იქაც ადამიანები მუშაობენ, რომელთაც თავისი (რედაქტორის, შეფის) აზრი გააჩნიათ და ის უნდა თქვან/აჩვენონ/, რაც მათთვის (პროდიუსერისთვის, შეფისთვის) მისაღებია.
მაგრამ პოსტი არ ეხება ჟურნალისტიკას, როგორც ასეთს (არ გიყვართ, ლექტორები ასე რომ საუბრობენ? ან რეფერატებში რომ წერდით სტუდენტობის დროს, გვერდი რომ შეგევსოთ, ზედმეტ სიტყვებს? :დ მე ვწერდი: როგორც ასეთი, მაშასადამე, ესე იგი, ასე შემდეგ, რამდენადაც, ვინაიდან... ), არამედ თავად ტელევიზიასა და იმ ღირებულებებს, რაც დღეს მსოფლიოში არსებობს.
იმ დღეს ნათესავთან ვიყავით, რომელსაც უზარმაზარი ტელევიზორი აქვს და ისე მოხდა, რომ რუსული "კომედი კლაბის" არხზე ჰქონდა ჩართული და რაც უნდა მეცადა, თვალი და ყური ვერ მოვაცილე.
არ ვიცი, მე გავხდი ასეთი პურიტანი თუ უბრალოდ, ახლა დაიწყეს ასეთი საშინელი ხუმრობები.
არა, რა ხუმრობა. ეს არ არის იუმორი!!! საშინელებაა: აბსოლუტურად ყოველი მეორე ხუმრობა, შეფარული თუ ღია, ქალებზე, ორალურ სექსსა და ჰომოსექსუალისტებზე იყო.
სახლში როცა დავბრუნდით, ბავშვები დავაძინე და ფიქრისთვის მოვიცალე, სულ ეს მახსენდებოდა და ადგილს ვერ ვპოულობდი. გასაგებია, მეორე დღეს უკვე გადამავიწყდა, მაგრამ ბავშვს, რომელმაც მნიშვნელობა არ იცის, მაგრამ ინტუიციით გრძნობს, "რაზეცაა" საუბარი, ცნობიერებაში ისე ჩაებეჭდება და წარმოდგენები შეექმნება, რომ ჩვენ ვერც კი მივხვდებით.
აბა, გაიხსენეთ თქვენს ბავშვობაში მომხდარი მსგავსი რაღაცები. აუცილებლად ტელევიზორში ნანახი არა, ისე, ქუჩაში გაგონილი, დაწერილი...
გახსოვთ, ჰოლდენ კოლფილდი როგორ განიცდიდა, ცუდი სიტყვა რომ დაეწერა ვიღაცას კედელზე და ფიბი ან ვინმე პატარა ბავშვი რომ წაიკითხავს, დაინტერესდება რას ნიშნავს, მერე ვინმე აუხსნის და გული დასწყდებათო.
მე ვარ მარადიული ჰოლდენ კოლფილდი.
ჩვენ ტელევიზორი არ გვაქვს.
ვფიქრობთ, რომ არ გვჭირდება. ჩემი ქმარი ისეთი დაკავებულია, ტელევიზორი კი არა, თუ თავისუფალი წუთი გამოგვიჩნდა, გვირჩევნია ერთად გავატაროთ, ბავშვები გაასეირნოს, თორა ისწავლოს... მე კიდევ, გარდა იმისა, რომ ტელევიზორზე დიდად არასოდეს ვგიჟდებოდი, განსაკუთრებით ინტერნეტის აღმოჩენის შემდეგ, ახლა რაც ორი ბურთულა მომაბარა ღმ-ერთმა, მირჩევნია მათთან გავატარო დრო, ვითამაშოთ, დავხატოთ, საპნის ბუშტები გავუშვათ, ეზოში ვირბინოთ, ორცხობილები გამოვაცხოთ...
ეზრას დღეში მაქსიმუმ 20 წუთს ვაყურებინებთ მულტფილმებს და საბავშვო გადაცემებს. ესეც ყოველდღე არა. აქედან ირიცხება პარასკევი, შაბათი და კვირა, როცა ჩვენი დასვენების დღეებია და ამ დროს ყველანი ერთად ვატარებთ დროს.
აარონი რომ დაიბადა, თავიდან ძალიან რთული პერიოდი გვქონდა. ჩემმა ქმარმა მხოლოდ ერთი კვირა შეძლო შვებულების აღება, ასევე მეორე კვირა ეზრას ბებიამ. ყველაზე ძნელი პერიოდი კიდევ, როგორც წესი, ბავშვის დაბადებიდან ორი-სამი კვირის შემდეგ იწყება.
თანაც აარონის ლეგენდარული კოლიკები ვის დაავიწყდება. პირველი სამი-ოთხი თვე სულ ხელში გვეჭირა, ღამით ჩემზე ეძინა და თავის საწოლში 5 თვიდან გადავიდა.
შესაბამისად, ეზრა ძალიან ბრაზობდა, რომ აარონი სულ ხელში მყავდა და მას იმდენ დროს ვერ ვუთმობდი, როგორც ადრე. ამიტომაც ვურთავდი ხოლმე იუთუბზე მულტფილმებს, საბავშვო ვიდეოებს და მე აარონის დამშვიდება/დაძინებას ვცდილობდი.
ერთხელაც ეზრამ მიამბო ერთი დეიდის შესახებ, რომელიც ჭიქაში ბანაობდა და თვალს უკრავდა.
პაკო რაბანის რომელიღაც სუნამოს რეკლამა აღმოჩნდა, რომელიც იუთუბზე "წკაპუნის" შედეგად ჩაერთო, სანამ მე დაკავებული ვიყავი.
შეიძლება ჩვენი დღევანდელი სამყაროს დანგრეული ფსიქიკის ადამიანებისთვის (მათ შორის მეც ვარ), არაფერს ნიშნავდეს მარტინის ფუჟერში მოცურავე ნახევრადშიშველი ქალი, მაგრამ პატარა ბავშვის გონებისთვის საკმაოდ არასასიამოვნო სურათია. ჩამთვალეთ ფანატიკოსად, მაგრამ მე არ მინდა ჩემს შვილებს ისეთი არასწორი შეხედულება ჰქონდეთ ქალებზე, როგორიც მსოფლიოს 95%-ს აქვს დღეს, სადაც ყველაფერი (გულისამრევად) სექსუალურია, რაც მოძრაობს, ან უნდა იყოს. სადაც ყველაფრის რეკლამას ქალების იმიჯი აქვს, სადაც ყველას მკერდი უნდა ჰქონდეს მოშიშვლებული, თვალს გიკრავდეს და გიზიდავდეს.
მე მინდა, ჩემს შვილებს მხოლოდ თავიანთი მომავალი ცოლები იზიდავდეთ, პატივს სცემდნენ და მხოლოდ ისინი უნდოდეთ.
ერთმა ახლობელმა მითხრა, ყველაფრისგან ვერ დაიცავ ბავშვებსო და არც ცდება, მაგრამ იმ ასაკში, როცა პატარას არ შეუძლია ინფორმაციის გაფილტვრა-გაანალიზება, იმისთვის ჰყავს მშობლები, რომ მათ მიაწოდონ ან შეუზღუდონ ესა თუ ის ინფორმაცია.
როცა იმ ფასეულობებით გაიზრდებიან, რასაც ოჯახში ხედავდნენ, როგორც დედ-მამა იქცეოდნენ, უკვე შეეძლება გარედან შემოსული (ლამის შემოვარდნილი) ინფორმაციის აღქმა და შესაბამისად მიღება, ან სულაც უარყოფა.
შეუზღუდავი ინფორმაცია იქნება ეს თუ საერთოდ, უსაზღვრო თავისუფლება (გალაკტიონი როგორ ამბობდა, ჩემს სულს ისე სწყურიხარ, ვითა საზღვარი უსაზღვროებასო, ხო, თუ მეშლება?), მიუღებელია ჩემთვის, რადგან ადამიანმა ნელ-ნელა უნდა მიიღოს ცოდნა მისი ასაკის შესაბამისად.
ამაზე ყოველთვის მახსენდება, როგორ მითხრა დედაჩემმა, თუ საიდან ჩნდებიან ბავშვები (ახლა ვერაფრით ვიპოვე ის უძველესი პოსტი, სადაც ამაზე მიწერია).
როგორც თორის (ბიბლია) ძველი ებრაელი კომენტატორები ამბობენ, ადამის სამოთხიდან გამოგდების მიზეზი ზუსტად ის იყო, რომ ინფორმაცია მანამდე მიიღო, ვიდრე ამისთვის მზად იქნებოდა.
ადამსა და ევას კიდევ, პატარა ბავშვებივით მოთმინება არ ეყოთ და იმ ხის ნაყოფი გასინჯეს, რომელიც ცოტა ხანში ისედაც მათი იქნებოდა, უბრალოდ ჯერ ამის დრო არ იყო მოსული.
ასევე ჩვენი შვილებიც, მოვა დრო და ყველაფრის ნახვას მოესწრებიან, ცხოვრებაში ბლომად ექნებათ გამოცდა, სიხარული, გულისტკენა, აღმაფრენა, იმედგაცრუება, წარმატება... მანამდე კიდევ, მინდა, სანამ პატარები არიან, იყვნენ ლაღები, უდარდელები, ბედნიერები და მხოლოდ სიკეთეს ხედავდნენ გარშემო!!!
ბედნიერ დარჩენილ კვირას გისურვებთ ყველას! სიყვარულს, სიხარულს და ფაფუკ ზამთარს!




8 comments:
სოფიეე შენი პოსტი ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე, (როგორც ყოველთვის) მაგრამ ეხლა განსაკუთრებით რადგან მეგონა ჩემს აზრებს ვკითხულობდი :) ხშირად ვსაუბრობთ მე და ირინა ირი, რომ ტელევიზია, მასმედია ძალიან გაშიშვლდა, ქალის სხეულით მანიპულაცია გააქტიურდა, ყველგან სიშიშვლეა, უხამსი იუმორი... მაგრამ მეც დედა ვარ, და ვცდილობ ჩემი შვილი ამ მასმედიისგან ამ ეტაპზე დავიცვა მერე კი მართლაც მოვა თავისი დრო და გიგებს ყველაფერს, მაგრამ გაიგებს უფრო აზრიანად ვიდრე ეხლა...
მადლობა ასეთი კარგი პოსტისთვის :)
ხატია, დიდი მადლობა. ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთი (და იმედი მაქვს, კიდევ ბევრი) დედაც ასე ფიქრობ, როგორც მე და ზრუნავს თავისი შვილის სულის სიჯანსაღეზე.
სალამი სოფი...როგორი გულახდილი და დედური ბლოგპოსტი იყო :) ახლა გამახსენდა ჩემი ორი თვის დისშვილი როგორ მეკავა ცალ ხელში და ცალი ხელით კლავიატურაზე ვწკაპუნობდი )) ბავშვიც მონიტორს იყო მიშტერებული ამდენ სისულელეებს და უცებ მივხვდი, რომ ასეთ თოთო ბავშვს უკვე რაღაცისადმი დამოკიდებულს ვხდი და ცხადია, ამას მე რომ მოგვიანებით ვხვდები ის ერთი ციდა საერთოდ რას უნდა ხვდებოდეს :დ :D
ფაქტია, რომ ეს ყველაფერი უკვე ილექება მის ცნობიერებაში...მოკლედ, ძალიან ბევრ რამეში გეთანხმები---რომ ამდენ გაუფილტრავ ინფორმაციებში არ უნდა მოვამწყვდიოთ ბავშვები, რომლებიც ყოველი მხრიდან გვატყდება თავს-ტელევიზია, ინტერნეტი, ქუჩებში სარეკლამო ბანერები და კიდევ ათასი რამ...
ჩემი აზრით სწორად იქცევი სოფი, როცა შვილებს არიდებ სრულიად უსარგებლო ინფორმაციას და ემოციას, ბავშვობა ულამაზესი პერიოდია და ჯობია სწორი ემოციები გაუჩნდეთ, საქართველოში მაგ მხრივ საშნელი მდგომარეობაა,მე შვილი არ მყავს და ჩემი ნაცნობ-მეგობრების შვილების მაგალითზე თუ ვიტყვი, ისინი საერთოდ ვერ ახერხებენ, რომ ბავშვებს უკონტროლონ კომპიუტერთან თუ ტელევიზორთან ურთოერთობა. პირიქითაც ხდება, სვამენ კომპიუტერთან და თვითნ ამ დროით სარგებლობენ. კომპიუტერთან ურთიერთობის დროს კი განუსაზღვრელიც შეიძება იყოს. საინტერესო და ძალიან აქტიუალური საკითხია, ნადმვილად ღირს ყველა დაფიქრდეს. ტელევიზორი კი პირადად ჩემთვის კარგა ხანია მეორე ხარისხოვანი გახდა.
სოფი, რა კარგი პოსტია!!! მართალია, მე შვილი არ მყავს, მაგრამ ამ ბოლო დროს სამსახურიდან გამომდინარე ბავშვებთან ურთიერთობა მიწევს და ძალიან კარგად ვხედავ მართლა რამხელა გავლენა აქვს ზუსტადაც რომ ტელევიზიას :) და მიხარია, რომ ჩემი სამსახური გარკვეულწილად ამის გაქრობას ვერა, მაგრამ სასიკეთოდ შემობრუნებას ემსახურება :)
arc chven gvaqvs televizori, samagierod gvaqvs BEEEVRI kompiuteri.
sxvatashoris or wlamde saertod ar uweven rekomendaacias chventan ro televizors uyuros bavsvma. ori wlidan xutamde mxolod 20 cuTi dgeshi. kompiuterzec igive rekeomendaiciebia. ratmaunda im 20 cutsac mshoblis kontroli unda.
ტელევიზორი არც ჩემთანაა სახლში, არც ბავშვობაში, უშუქობის დროს ვუყურებდი აქტიურად. ერთი პერიოდი საერთოდ არ ვუყურებდი (ახლა გინდა არ გინდა სოციალური ქსელებიდან იგებ რა ხდება ტვ-ში) და ამის გამო ბევრი იმდროინდელი ფილმი თუ გადაცემა არ მაქვს ნანახი. ასევე რადგანაც იმ დროს ტვ იყო ინფორმაციის მიწოდების ერთერთი ყველაზე დიდი (თუ არა ერთადერთი) საშუალება, ბევრი იმდროინდელი ამბის შესახებ ახლა ვიგებ :) არ ვიცი, რას ავცდი და რამდენად კარგია, რომ რაღაცები გამოვტოვე, მაგრამ ხანდახან მენატრება ხოლმე ტვ.
მაგა, ცნობიერების დონეზე ვერ ხვდები, მაგრამ გონებაში იმდენი უვარგისი ინფორმაცია ილექება, ადამიანებს ამიტომ გვიჩნდება ბევრი პრობლემა მერე.
შენ კიდევ ჭკვიანი გოგო ხარ, რომ მალე მიხვდი :დ აი, ამ სარეკლამო ბანერებს როგორ ავარიდო ჩემი თავი თუ ჩემი შვილები, ეგ უკვე აღარ ვიცი :-( უბრალო პიცის რეკლამასაც რომ ტუჩებდაბერილი, თვალებმილულული ქალი აკეთებს, რა უნდა ვთქვა იმ საცოდავ სამყაროზე.
ირი, ნამდვილად. ისე ლამაზად თქვი, მეც ვერ დავწერე ასე პოსტში, მგონი. საქართველოში კიდევ ეგეთი სიტაუცია რომაა, ძალიან მწყდება გული. ერთი მეგობარი მეუბნება, გენიოსი შვილი ჰყავსო (მეორე ნაცნობზე), სულ ზეპირად იცის ტელეფონი, აიფედი, აიფოდი თუ კომპიუტერის ფუნქციებიო. არაფერი მითქვამს, მაგრამ გენიოსობა კი არა, მშობლებიც უყურადღებობაზე მეტყველებს ეგ. სადღაც წავიკითხე, რაც უფრო კარგად ესმის ბავშვს თანამედროვე ტექნიკა, მით უფრო უყურადღებო მშობლები ჰყავსო :-(
თამთა, მადლობა, რომ ასე პოზიტიურ რამეებს დამიწერ ხოლმე და მიხარია, ესე იგი მოსაწყენად არ ვწერ და მათაც აინტერესებთ, ვისაც ჯერ შვილები არ ჰყავთ.
ტომა, იმედი მაქვს, თქვენ კარგად მოახერხებთ ერიკს ზედმეტად არ აყურებინოთ კომპიუტერებს :-)
მარ, მერწმუნე, საერთოდ, აი ს ა ე რ თ ო დ არაფერი დაგიკარგავს, თუ ბევრი გადაცემა და სერიალი არ გინახავს ბავშვობაში, რაც ბევრს თავს ჰქონდა მოხვეული. ჩემი კლასელი ბავშვები ისეთი გატაცებით ჰყვებოდნენ ხოლმე მექსიკური სერიალის ამბებს, გაოცებული ვიყავი.
უშუქობამ მე წიგნები შემაყვარა და ინგლისური ასე ვისწავლე :ლოლ: ვიჯექი და ლამპის შუქზე ვაკეთებდი სავარჯიშოებს და ჩემი საყვარელი ჯგუფების სიმღერებს ვთარგმნიდი :დ
Post a Comment