Wednesday, October 14, 2015

პირველი თოვლი

დღეს საბავშვო ბაღში წრეში ვისხედით მე და ჩემი ბავშვები, რომ თოვლი წამოვიდა და 5 წლის ლუისმა მკითხა, კიდევ რამდენი წუთი დაგვრჩა, თოვლში მინდა სირბილიო.

გუშინ სილამაზეზე ვსაუბრობდი და თოვლზე მეტად ლამაზი რა უნდა იყოს. ან კიდევ 5 წლის ბავშვის გულწრფელობაზე, რომელსაც მოთმენა აღარ შეეძლო, ისე უნდოდა თოვლის ნახვა.

თოვა მალე შეწყდა და წვიმად გადაიქცა, ძველი კეთილი სიმღერასავით, მაგრამ იმდენად თბილი მომენტი იყო, მინდოდა აქ ჩამეწერა და არ დამვიწყებოდა.

არ დამვიწყებოდა:

როგორ ჩამიდო თავი პატარა ჰანამ კალთაში და მერე კიკინის გასწორება მთხოვა.
როგორ გამიზიარა ოთხი წლის იასმინმა, რომ ის ადრე დედიკოს მუცელში ეჯდა თურმე.
სამი წლის მიხაელმა მითხრა, რომ უკვე ძალიან დიდი და ძლიერია, ბუნებრივია მისი "მუსკულების" მოწმობით.
...

მერე ეზრამ შემახსენა, უკვე ჩემი სახლში წასვლის დრო იყო.


ეზრა უკვე სამწლინახევრისაა. დიდზე დიდი. თავისი აზრებით და განცდებით სავსე. თვალებში რომ ჩავხედავ, საკუთარი სულის ანარეკლს ვხედავ და ხან ისე მაშინებს, ისე, არ ვიცი, რა ვქნა. მიუხედავად იმისა, რომ გარეგნობით სულ მამას ჰგავს, ასე მგონია, სულის ნაწილი მომატეხეს და მასში ჩასვეს.
ოჰ, ეზრა!

აარონი - ზუსტად ისეთი ბავშვია, როგორიც ბიბლიური აარონი უნდა ყოფილიყო: მხიარული, თბილი და მშვიდობისმყოფელი.
წლინახევრისაა და ზუსტად ისე იქცევა, როგორც ყველა მისი ასაკის ბავშვი, დარბის, დახტის, მერე ეცემა და კოპებს ისვამს. ხშირად პოულობს და აგემოვნებს საგნებს, რაც საკვები არ არის, "ალაგებს" კარადებს და ა.შ.
იმ ეტაპზეა, როცა არას თქმა ტრაგედიის და ბოლო ხმაზე ტირილის ტოლფასია, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რასაც ვამბობთ, ვგულისხმობთ, რაც ხშირად ძნელია, მაგრამ შესაძლებელი.

...

ბედნიერი ოთხშაბათი გქონოდეთ!!!

5 comments:

Kate said...

გილოცავ პირველ ლაიფციგურ თოვლს.
დუსელდორფშიც ძალიან ცივა და იმედი მაქვს, არ მოთოვს ჯერ.

irina iri said...

რა კარგია ბავშვებთან ურთიერთობა, ბევრ დადებითს იღებ მათგან და ასევე ბევრი რამის სწავლაც შეიძელება მათგან...

Natalia said...

სოფი, აქაც საშილად აცივდა, მოთოვას არაფერი უკლია. თან უცებ ამოვყავით თავი ზაფხულიდან ზამთარში და ამიტომ ყველა გაციებული დადის :))

Anonymous said...

ბაშვებთან ურთიერთობა ნამდვილი ნიჭია, განსაკუთრებით ისეთი ურთიერთობა როცა სრულიად იხსნებიან შენთან და ბავშვური გულწრფელობით განდობენ თავიანთ "საიდუმლოებს" :) რა კარგი ბარტყები გყავს :) როგორ მიყვარს მათზე რომ წერ :)

Lilac said...

სოფი, როგორ მომენატრა შენს ბლოგის კითხვა.
ბავშვებთან ურთიერთობაც ძალიან მომენატრა.
იმედია, კარგად ხარ და მალე ახალ პოსტსაც გამოაქვეყნებ :)