Saturday, February 28, 2009

"ჩვენიანები"

(მოთხრობა პირველად ქვეყნდება ქართულ ენაზე ავტორის, რაბი მეირ ლევინის, თანხმობით [სოფი გორელაშვილის თარგმანი])

ეს ამბავი ორმოცი წლის წინ მოხდა.
მე და ჩემი დეიდაშვილი ალიკ ბრაცლავსკი ავტობუსის გაჩერებაზე ჩავდივართ. მისი დის დაბადების დღეზე მივდიოდით. დეიდაჩემი პროდუქტების საწყობში მუშაობდა, ამიტომ დიდი ნადიმი იყო მოსალოდნელი. განსაკუთრებით, ღვინო იქნებოდა კარგი. მოსკოვში აყენებდნენ იმ ღვინოს, "ცეკა კპსს"-ში. ისე რომ, მე და ნიკიტა სერგეევიჩი ერთი ქვევრიდან ვსვამდით, თუმცა მისას წყალს ურევდნენ, ხრუშჩოვის დეიდა ხომ საწყობში არ მუშაობდა.
მე და ალიკი ვიცინით, ვხუმრობთ, უცებ ერთი ოცდაათიოდე წლის კაცი შევამჩნიე, ხეს ეხვევა და თავისთვის ლაპარაკობს. როცა მივუახლოვდით, უცებ, თავისი ხე მიატოვა და მე ჩამეხუტა. დეიდაშვილს შეეშინდა, საშველად მომვარდა.
კაცს, რომელსაც, დავუშვათ, გოგი მჟავანაძე ერქვა, ენა ებმოდა:
__ ბიჭებო, ჩემს მეგობარს ვაჟი შეეძინა. ექვსი ბოთლი შამპანური დავლიეთ... არცერთი მანქანა არ მიჩერებს, მომეხმარეთ რა, ვინმე ნაძირალა არ გეგონოთ, უფროსი ინჟინერი ვარ, აი. – თან ხელებში რაღაც მოწმობას მაჩეჩებდა.
__ არ არის საჭირო, - ვუთხარი.
უცებ გოგი ბეჭებში გასწორდა და თითით მიწაზე მიუთითა:
__ უკვე, დიდი ხანია, წამოვწვებოდი, მაგრამ გაივლის ვინმე რუსი და იტყვის, აი, ქართველი დამთვრალა და სად დაწოლილაო.
მე და ჩემმა დეიდაშვილმა ერთმანეთს გადავხედეთ. მე გოგის ვიჭერდი, ალიკმა - ტაქსი გააჩერა. მძღოლი დიდად კმაყოფილი არ იყო ნასვამი მგზავრით, მაგრამ გოგის სიტყვა რომ მოისმინა, პატივისცემით გადმოგვხედა. გზაში გოგი გამოფხიზლდა და სამივეს, მძღოლის ჩათვლით, გვეხვეწებოდა, სახლში წავყოლოდით სტუმრად. მერე არც ფულის გადახდა დაგვანება. მძღოლიც უარზე იდგა.
ამ შემთხვევის შემდეგ ცხოვრებას ბევრჯერ იმაზე მეტად დავუთვრივარ, ვიდრე ექვს ბოთლ შამპანურს. ხშირად ისიც მომსურვებია, სადმე თხრილში ჩავწოლილიყავი... მაგრამ ყოველთვის გოგი მიდგებოდა თვალწინ და საკუთარ თავს ვახსენებდი: "ვინმე გაივლის და იტყვის, აი, ებრაელი თხრილში ჩაწოლილაო..."
თალმუდში წერია, რომ ადამიანი სამ რაღაცაში იცნობა: ფულის ხარჯვა, თავშეკავებულობასა და სასმელში. ცნობილი ფენომენია, რომ ყველაზე უკულტურო ქართველიც კი არ დაეცემა ცხოველის მდგომარეობამდე და ქუჩაში არ დაწვება. შეიძლება იმიტომაც, რომ ღვინოს სვამენ და არა – არაყს. მაგრამ დალევა მათთვის თვითმიზანს არ წარმოადგენს. სმასთან ერთად უამრავ ლამაზ სიტყვას ამბობენ, – მშობლებზე, მანდილოსნებსა და ქვეყანაზე. თუნდაც ყოველთვის გულწრფელად არა. ალბათ, მაინც ეს სიტყვები აკავებდნენ გოგი მჟავანაძეს იმ საღამოს, რომ მიწაზე არ დაცემულიყო და ჩემთვის თავმოყვარეობის ნათელ მაგალითად ქცეულიყო.
მას შემდეგ ძალიან დიდი დრო გავიდა. ახლა სრულიად სხვა მიზნები და ცხოვრებისეული ფასეულობები მაქვს, მაგრამ უცებ ძალიან მომინდა, მომინდა... გოგი მჟავანაძესთან ერთად დალევა. ჩამოდი, გოგი, გენაცვალე! დავლიოთ ჩვენი ახალგაზრდობისა და მრავალჭირნახული სამშობლოების სადღეგრძელო, მშვიდობა ყოფილიყოს ჩვენს ოჯახებში! ჩამოდი აზიზ-ჯან! ნუ გრცხვენია, ყველანი ჩვენიანები ვართ!

14 comments:

Anonymous said...

კარგი იყო. როგორც მოთხრობა, ასევე თარგმანიც.

Toma said...

გული ამიჩუყდა, და ჩემში რაღაც პატრიოტულმა გაიღვიძა განსაკუთრებით კი აი ამ სიტყვების შემდეგ ”უკვე, დიდი ხანია, წამოვწვებოდი, მაგრამ გაივლის ვინმე რუსი და იტყვის, აი, ქართველი დამთვრალა და სად დაწოლილაო..”

Toma said...

პ.ს. კიდევ თუ დადებ მსგავს მოთხრობებს ძაალიან გამეხარდება.

Sophie שרה Golden said...

დიდი მადლობა, ვერ წარმოიდგენთ, როგორი შიშით დავდე, არ ვიცოდი, ერთ ადამიანს მაინც თუ მოეწონებოდა.
Katten, შევეცდები კიდევ დავდო რამდენიმე მოთხრობა, მთლიან წიგნს ვთარგმნი და ვიმედოვნებ, მალე ყველას შეეძლება მეირ ლევინის უკეთილშობილესი წიგნის შეძენა.

Anonymous said...

ძალიან მაგარია : )

მამაჩემს ვანახე შენი ბლოგი, ეხლა წირვის ჩასატარებლად არის წასული და რომ მოვა მგონი მთლიანად წაიკითხავს ისე მოეწონა :დ

Anonymous said...

სოფი, ძალიან კარგია.
და რომ თარგმნას შეეჭიდე ესეც – საპასუხისმგებლო და რთული საქმე მგონია. სხვა მოთხრობებსაც დაველოდები! :)

Anonymous said...

სასიამოვნო წასაკითხია

Lika Kakiashvili said...

კრასივო! ოჩენ დაჟ, ვოტ!
ერთი მთარგმნელს მეგობრული რჩევა მეორეს - თვითპატივისცემის ნაცვლად თავმოყვარეობა რო იყოს, არა?! რა ვიცი, მოჟეტ ი ნეტ! :)
ა ვ ოსტალნომ, პრეკრასნაია მარკიზა, ვსიო ხოროშო, ვსიო ხოროშო!

Lika Kakiashvili said...

P.S.ხრუშჩოვის დეიდა ხომ საწყობში არ მუშაობდა. ეს გლეჯს! :):)

Sophie שרה Golden said...

დიდი მადლობა ყველას :)

ლეიდიქროუ, მიხარია, თუ ასე მოეწონება მამაშენს.

ლიკა, მადლობა რჩევისთვის!

Sophie שרה Golden said...

ახლახან ველაპარაკე ავტორს, რაბ მეირ ლევინს, და მისგან რამდენიმე შენიშვნა მივიღე, რაც ჩავასწორე კიდეც მოთხრობაში. კიდევ უდიდესი მადლობა მას თარგმნის უფლება რომ მომცა!!!

ასევე მადლობა ლიკა კაკიაშვილს, რადგან მის მიერ მოწოდებული "თავმოყვარეობით" შევცვალე "თვითპატივისცემა". მადლობა, ლიკა, ყველანი ჩვენიანები ვართ ;)

Anonymous said...

რა თბილი მოთხრობაა :)))
და მაგარი სიტყვები ”უკვე, დიდი ხანია, წამოვწვებოდი, მაგრამ გაივლის ვინმე რუსი და იტყვის, აი, ქართველი დამთვრალა და სად დაწოლილაო..”
:))))))
გმადლობ სოფ

Unknown said...

კარგია. მომეწონა
მადლობა

Anonymous said...

MOMECONA :) VISIAMOVNE :)
BRAVO