Wednesday, September 23, 2009

ხუმრობა და ეროვნება

მეირ ლევინის ეს მოთხრობა, რომელსაც ახლა აქ ვდებ - დედაჩემის თხოვნით ვთარგმნე.
ნებისმიერი წიგნი, სიმღერა, ნახატი - ადამიანებს იმიტომ იზიდავთ, რომ მასში საკუთარ ანარეკლს ხედავენ; ზოგჯერ ეს აშკარაა, ზოგჯერ ქვეცნობიერად ხდება და წლების შემდეგ აანალიზებ.
დედაჩემის წინაპრები მალავდნენ თავიანთ ეროვნებას, რის გამოც ახლა მე მიწევს იმ პრობლემების გადაჭრა, რაც ამის გამო გამიჩნდა. მიზეზები არ მიძებნია, რადგან ალბათ ყველას ოდესღაც თავისი მიზეზი ჰქონდა - ისეთ პერიოდში მოუწიათ ცხოვრება; მერე იდეალისტი კომუნისტები გახდნენ და ცხოვრება კიდევ უფრო გართულდა. ხან ვბრაზდები - რატომ მალავდნენ, ამით ხომ მე გამიძნელდა ცხოვრება, რომელსაც მთელი სულით და გულით მინდა ის გზა, რომელიც უკვე ავირჩიე. მეორე მხრივ - უფრო მეტ სტიმულს ვგრძნობ, რადგან ვიცი, რომ მეტი მუშაობა მომიწევს, მეტი სწავლა და შესაბამისად, სიძნელეების გადალახვა - ეს კი ისევ ჩემი პიროვნებისთვის უკეთესი იქნება.

არასოდეს დამალოთ თქვენი ეროვნება, გთხოვთ!


"ხუმრობა"


"ებრაელს არა აქვს უფლება დამალოს თავისი ეროვნება" შულხან ყარუხი


ერთი ჩვეულებრივი მივლინება იყო. ჩავფრინდი ხარკოვში, საბუთები შევათანხმე, საღამოს კი - უცხოური ვაგონის კუპეში ჩავჯექი "ხარკოვი - მოსკოვი". დილით უკვე დედაქალაქში ვიქნებოდი.
ვაგონში კიდევ სხვა ხალხიც იყო საქართველოდან და ქართულად ვსაუბრობდით. ამ დროს ჩემთან კუპეში სამი უკრაინელი შემოვიდა.
__ მოდი, ქართველო, - შემომთავაზეს - დავლიოთ!
რუსეთში ყველა ჩემი მივლინებისას ქართველად მთვლიდნენ.
__ ებრაელი ვარ. - ვუთხარი
მერე მხოლოდ ისრაელში ცხოვრებისას გავიგე, რომ ებრაელს უფლება არა აქვს თავისი ეროვნება დამალოს, ჩემი ცხოვრებაც ისე აეწყო, რომ არასოდეს დამიმალავს.
უკრაინელებს ისტერიკული სიცილი აუტყდათ, თითებს იშვერდნენ ჩემკენ: "შენ - ებრაელი? ნახე, მიდის ქართველი და ებრაელი ვარო."
მათი ანტისემიტიზმი უკვე აშკარა იყო, მაგრამ ბოლომდე ვერ ბედავდნენ ებრაელების საწინააღმდეგო რამის თქმას. ფიქრობდნენ, რას გაიგებ, ქართველი რას იზამს, იქნებ ებრაელები უყვარსო? იმ დროს ქართველებს ისეთი რეპუტაცია ჰქონდათ, რომ მათი ყველას ეშინოდა, არავინ იცოდა, როდის გაბრაზდებოდნენ და ჩხუბს წამოიწყებდნენ. ბოლომდე ვერ გაიგეს, ქართველი ებრაელობას რატომ იბრალებდა, მაგრამ თავის სიმართლეში დარწმუნებულები იყვნენ: "შენ რომ ებრაელი იყო, ამას არ აღიარებდი".
უკრაინელები დიდხანს იცინოდნენ, ბოლოს ერთერთმა, იმედგადაწყვეტილად, მკითხა:
__ ალბათ ქართველი ებრაელი ხარ, არა?
__ არა, რუსი.
სიცილით დაიხოცნენ.
ჩემზე ერთი სადგურით ადრე ჩამოვიდნენ, ერთერთმა გარედან მომიკაკუნა ფანჯარაზე, გამოვაღე და მეუბნება:
__ ხუმარა ვინმე ყოფილხარ! ცხოვრებაში ასე არ მიცინია! მიდის ქართველი და ებრაელი ვარო! კარგი ხუმარა ხარ!
ამ ამბის გახსენება დიდხანს სიცილს იწვევდა. მხოლოდ ისრაელში წასვლის შემდეგ მივხვდი, სინამდვილეში რა საშინელება იყო: არ დამიჯერეს, რომ ებრაელი ვიყავი იმიტომ, რომ თავისი ნებით ამას არავინ აღიარებდა.

19 comments:

Unknown said...

კარგი მოთხრობაა. მადლობა

Anonymous said...

:\ კარგი იყო. მარა წინაპრებმა რატომ დამალეს,მგონია, რომ ქართველები ებრაელებს ყოველთვის მეგობრულად ექცეოდნენ, რატომ გახდა აუცილებელი საქართველოში ეროვნების დამალვა? :)

Sophie שרה Golden said...

@ ბაბისა, მეც ეგ მაკვირვებს :( :|

Lasharela said...

ეროვნება საქართველოში დამალა თუ რუსეთში? (ხარკოვი–მოსკოვი ეს საქართველოს რეისია? :) )

მე სხვა რამე ვერ გავიგე სოფო...შენ რატო გაგირთულდა ცხვორება იმით რომ ებრეელები თუნდაც მეორე მსოფლიო ომის დროს მალავდნენ ვინაობას?

რა შედეგებს იმკი ეხლა იქნებ უფრო კონკრეტულად გვითხრა?

Sophie שרה Golden said...

@ ლაშარელა, როგორც ჩანს, მოთხრობა ყურადღებით არ წაგიკითხავს :( კი არ დამალა, პირიქით, თქვა და არ დაუჯერეს, რადგან იმ პერიოდში ხშირად მალავდნენ.

ჩემს პრობლემებზე სხვა დროს დავწერ, თუ საჭიროდ ჩავთვლი.

Lasharela said...

არა მოთხრობა ყურადღებით წავიკითხე, კომენტარი ვერ წავიკითხე ყურადრებით და არასწორად გავიგე :)

და ეს საქართველოში მალავდნენ ებრეელები წარმომავლობას? მე ასეთი ფაქტი მართლა არ გამიგია (თუმცა ბევრი რამ არც ვიცი).

ისე გურიაში ბევრი ებრეელები იყვნენ ადრე ძალიანო ეგ ნეტა მართალია?

Keti said...

მე მგონია, რომ საქართველოში ებრაელებს ეროვნების დამალვა არ უწევდათ (მგონი, არც ახლა), ყოველ შემთხვევაში, ჩემს ირგვლივ – არა. კარგ დამოკიდებულებაზე ისიც მეტყველებს, რომ ისრაელში დაბრუნებული ქართველი ებრელები (მეც ასე ვუწოდებ) სიყვარულით და მონატრებით იხსენებენ საქართველოს და მასაც სამშობლოდ თვლიან :)

ზოგადად კი გეთანხმები, ადამიანმა არაფრით უნდა დამალოს ეროვნება, ეს იმას ნიშნავს – საკუთარ ფესვებს მალავ. ასეთ ადამიანებს გულში შფოთი და ხან ბოღმაც აქვთ ხოლმე. რა საჭიროა.
დამალვის ერთ–ერთი ფორმა გვარის შეცვლაც არის. მეხუთე კლასამდე ჩემი კლასელის ოჯახმა გვარი ორჯერ გადაიკეთა. პირველად -შვილი მიუმატეს, მეორედ აბსოლუტურად განსხვავებული ძირძველი ქართული გვარი აიღეს.
მაშინ პატარასაც გამიჩნდა უარყოფითი აზრი, უფრო იმ კუთხით, რომ სულ მეგონა, ისინი მუდმივად ტყუილს ამბობდნენ :)

CinnamonGirl said...

იგივეს სომხებზეც ამბობენ...
თუმცა, ებრაელებს არც ვადარებ...
ხანდახან ქართველსაც შეიძლება შეგრცხვეს რომ ქართველი ხარ...
მაგრამ მორალი მგონი ისაა, რომ საერთოდ ეროვნების არ უნდა შეგრცხვეს და ადამიანი ეროვნების მიხედვით არ უნდა განისაჯოს...
ისევე, როგორც სქესის...
ეროვნება, სქესი და გარეგნობა ეს ისეთი სამი რამაა, რასაც ადამიანი არ ირჩევს თავად, არავითარი დამსახურება არ მიუძღვის მათ მოპოვებაში და შესაბამისად ვერც ბრალად წაუყენებ და ვერც ღირსებად მიუჩენ.
ვოტ :/

clown said...

რატომღაც მგონია რომ ქართველებს უყვართ ებრაელები ^^

Anonymous said...

საინტერესო მოთხრობაა!თითქმის ყველა ქვეყანაშია დღესაც არსებობს ცალკეული ეროვნებების მიმართ აგრესიული დამოკიდებულება.მაგალითად თურქეთში თითქმის ყველა სომეხი მალავს თავის ეროვნებას და ამბობს,რომ ქართველია.1915-1918 წლებში ოსმალეთის იმპერიის მმართველებმა დაახლოებით 2 მილიონამდე სომეხი ინტელიგენტი დახოცეს(თურქეთი 1299-1923 წლებში ოსმალეთის იმპერიად იწოდებოდა).თურქეთის მთავრობა დღემდე კატეგორიულად უარყოფს სომხების გენოციდს.არ შეიძლება ადამიანი ეროვნების გამო დასაჯო!ებრაელი იქნება სომეხი თუ სხვა!დამალვა არანაკლებ დანაშაულად მიმაჩნია!ეს ყველაფერი ადამიანებს შორის სიყვარულს კლავს!

Alexander said...

მართლა ძალიან კარგი მოთხრობაა. და სამწუხაროდ სახუმარო და სასაცილო თავიდანვე ვერაფერი დავინახე ამაში. იცით, როცა უკრაინელ ან რუს ანტისემიტებზეა საუბარი, მათ მიმართ ერთადერთი გრძნობა რაც შეიძლება გამიჩნდეს ზიზღია, იმიტომ რომ როცა ასეთ საქმეს ჩადიან, აკეთებენ აბსოლუტურად გაუცნობიერებლად, იმიტომ რომ არც საკმარისი განათლების დონე აქვთ და ბევრი სხვა რამეც აკლიათ. ის მაინც უნდა ესმოდეთ, რომ უამრავი ებრაელი ეროვნების ადამიანმა რუს და სლავ ხალხებს ბევრი სიკეთე შეუქმნა, და ასეთი დამოკიდებულება უბრალოდ სირცხვილია.

რაც შეეხება საქართველოს. ვერ ვიტყოდი, რომ სადმე რამე კონკრეტული მაგალითი მსმენია ანტისემიტიზმის. მაგრამ ეს ალბათ უფრო ებრაული საზოგადოებსი დამსახურებაა იმ გაგებით, რომ არ ცდილობდნენ თავიანთი თვითმყოფადობის დემონსტრირებას (როგორც მაგალითად ნიუ–იორკშია ახლა, ან პოლონეთში იყო ომამდე), და რადგანაც "არავის აწუხებდნენ", შესაბამისად ანტისემიტიზმის ფაქტებიც არ არის.

ჩემთვის კი სულ ერთია, რომელი ეროვნების ადამიანს მიაყენებენ შეურაცხყოფას, ებრაელი იქნება, სომეხი, ოსი, ქურთი თუ ვინც გინდა ის იყოს. მე თვითონ ქართველი ვარ და ჩემს თვალწინ არავის დავაჩაგვრინებ სხვა ეროვნების ადამიანს. რომელ საუკუნეში ვცხოვრობთ ხალხო, ნებისმიერი ერვონება, კუთხური წარმოშობა თუ სხვა განსხვავებული ნიშანი ნაკლი კი არ არის, არამედ სიმდიდრეა და მას გაფრთხილება უნდა. სამწუხაროდ ბევრი დღემდე ვერ ხვდება ამას. ვერ ხვდება იმიტომ რომ ამას სკოლებში არ ასწავლიან, სხვა ბევრი რამ შეიძლება ასწავლონ, მაგრამ აი ნორმალურ ადამიანურ ურთიერთობებს არავინ ასწავლის... დადგება კი დრო, რომ ადამიანები ბავშვობიდან იზრდებოდნენ ადამიანურები.. სხვათაშორის, 20 წლის წინ ოდნავ მაინც რომ გვეფიქრა ქვეყნის მასშტაბით ამ თემაზე, ჯერ ერთი ომები არ გვექნებოდა (ამაში დარწმუნებული ვარ) და ვთქვათ და თუ მაინც 90–იანების ომები გარდაუვალი იყო, შარშანდელი ომის დროს ამდენი "შურისმაძიებელი" არ გამოჩნდებოდა, რომლებიც ჟურნალისტებსაც კი დასდევდნენ პისტოლეტებით "პიდარასტ კამერუ დაი"–ო....

განყენებული თემები არ არსებობს. ერთხელ რპოცა უშვებ შეცდომას, მერე მისი გამოსწორება ძალიან რთულია.

და ბოლოს, ეროვნებასთან, სქესთან, რეიგიასთან, კანის ფერთან და პარტიულ კუთვნილებასთან ერთად ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დაუშვებელია ადამიანის დისკრიმინაცია გენდერული თვითაღქმის გამო, მარტივად რომ ვთქვა – სექსუალური ორიენტაციის გამო.

ყველა ადამიანი თანასწორია – კი მე იდეალისტი ვარ ამ გაგებით. სხვანაირად ცხოვრება საინტერესო არც იქნებოდა :)

Sophie שרה Golden said...

@ Alexander, რამდენი ხანია, ასეთი კომენტარი არ წამიკითხავს.
დიდი მადლობა! აბსოლუტურად ყველაფერში გეთანხმები.

Anonymous said...

,,გენდერული თვითაღქმა''-ეს ტერმინი ჩემთვის მიუღებელია,რადგან ნორმალურ საზოგადოებაში მხოლოდ ორი გენდერი არსებობს ქალი და კაცი!ალექსანდრე როცა გენდერულ თვითაღქმაზე საუბრობ ეგ იდეალიზმი კი არ არის,არამედ სწორედ ეროვნული ღირსების ფეხქვეშ გათელვაა!

Alexander said...

თორნე მე ვლაპარაკობ ადამიანურ ურთიერთობაზე. თუ ჩემთან რამე პრობლემები გაქვს, ჩემს ბლოგზე შემოდი და იქ მელაპარაკე. ამ თემაზე აქ დავას არ ვაპირებ. კომენტარი პოსტის ავტორს დავუტოვე და მისგან იმაზე მეტი შეფასება მივიღე, რასაც ველოდი. ეროვნულ ღირსებას რაც შეეხება, რა მნიშვნელობა აქვს ადამიანს რომელი ნიშნის მიხედვით დაჩაგრავ და დაარქმევ ამას "ეროვნული ღირსების" შეურაცხოფად? ადამიანების დისკრიმინაცია არცერთი ერის ეროვნული ღირსება არ არის.

Alexander said...

ხო და დამავიწყდა მეკითხა, რომელ ნორმალურ საზოგადოებაზე ლაპარაკობ, ჰიტლერის გერმანიაზე?...

Unknown said...

me kidev araferi sawinaarmdego ebraelebis ar maqvs ,magram mteli cxovrebaa imis mtkiceba micevs rom ebraeli ar var(chemi msgavsi gvari bevr ebraels hqoni)zogi,gansakutrebit qartvelebi nervebis moshlamde -nu malavo meubnebodnen.
exla pirvelad gavige ..e.i martla malavdnen ebraelobas.
ver vigeb ogond ratom ?

A.G said...

dzalian magari motxrobaa sofi:)))umagresi adamiani xar:)ar gicnob magram yoveltvis vkitxulob shen blogs:)tu ar dagezareba chems axladgaketebul blogs estumre:))) didi siamovnebit mivigebdi shengan rchevebs da daxmarebas :))))

Unknown said...

ძალიან საინტერესო მოთხრობაა დამაფიქრა ...

სოფი დრო იყო ასეთი.... ქართველებიც მუსულმანების და რუსების ბატონობის ქვეშ როცა იყვნენ ხშირად მალავდნენ საკუთარ რელიგიას ჩუმად ლოცულობდნენ ჩუმად ატარებდნენ ჯვრებს თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ ან შენმა წინაპრებმა ებრაელები რომ იყვნენ ის დაივიწყეს ან ჩემმა წინაპრებმა ქრისტიანები რომ იყვნენ. ეს თვითგადარჩენის ერთგვარი ინსტინქტია .კომუნისტბი და ფაშისტები ჩემის აზრით არაფრით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგანშენი წინაპრების ”კომუნისტობაც”ამ ინსტინქტის ნაწილი მგონია.აბა მათ გულებში ჩაიხედე არა მგონია იქპატრიოტი ებრაელების გარდა ვინმე დაგხვდეს.

2kija said...

everything is illuminated