Thursday, September 17, 2009

მე vs ტელევიზია

ერთი კარგი ვიდეოპოსტის მერე ყოველთვის მეზარება წერა. ჩემი უნი-ს გოგოებმა რომ გააკეთეს რადიოგადაცემა, მაშინ მიმიწვიეს და მკითხეს - წერა ჯობდა თუ ვიდეოპოსტების გაკეთება.
ვიდეოპოსტების ჩაწერა ჩემთვის ბევრად ადვილია, პირველივე ცდაზე მზადაა ხოლმე, არც გრამატიკის გადამოწმება უნდა, არც სურათების ჩამატება. მაგრამ კომენტარების მერე ვხვდები, რომ ადამიანები ნაკლებად აქცევენ ყურადღებას, თუ რას ვამბობ და მეტს - როგორი ვარ. სასიამოვნოა, რა თქმა უნდა, მესმის, რომ ტელევიზია ესაა, თუნდაც იყოს home made.
ასეთი გადაცემა მინდა მქონდეს, როგორც ამ ტიპს და ისეთივე სასიამოვნო რესპონდენტები, როგორიც ემი ლია. ვგიჟდები ასეთ ბუნებრივ ადამიანებზე. თქვენ, საქართველოს, რომელიმე "ვარსკვლავი" თუ გინახავთ, ასე უბრალოდ საუბრობდეს, ყოველგვარი პრანჭვა-გრეხის გარეშე?

ყოველთვის შეიძლება საინტერესო პროექტის, გადაცემის მომზადება, სადაც ადამიანები მხოლოდ სულელურ იუმორისტულ შოუებს კი არა, იმასაც ნახავენ, რა ხდება ქვეყანაში სხვა მხრივ - თუნდაც მუსიკაში, თეატრში, კინოში, რეგიონებში როგორი ხალხი ცხოვრობს. რამდენიმე თვის წინ ინტერნეტი შეძრა ორი სუფსელი გოგოს ამბავმა, მაგრამ ტელევიზიას დიდი ყურადღება არ მიუქცევია. ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ჩვენს ტელევიზიებში ზომბები ან ჩლუნგები მუშაობენ (რა განსხვავებაა, პრინციპში).

სხვა სხვის ომში ბრძენიაო, ხომ იცით, ზოგჯერ ვფიქრობ, რომ სხვების ძალიან გაკრიტიკებაც არ ღირს, რადგან არავინ იცის, "იქ" რა ხდება. თუ რაღაც გაწუხებს და შეცვლა გინდა, შეცვალე და დაანახე, რომ ალტერნატივა არსებობს. ეს ბოლო წინადადება რომ დავწერე, უცებ მივხვდი, რომ ცხოვრების ბევრ ეტაპზე ხდება ასე - რაღაც/ვიღაც არ მოგწონს და ცვლი შენს ცხოვრებას, ცვლი შეხედულებებს და ირჩევ იმას, რაც შენ გინდა.

არჩევანის თავისუფლებაა ესეც და რა კარგია, როცა გვაქვს.

9 comments:

clown said...

[quote]რაღაც/ვიღაც არ მოგწონს და ცვლი შენს ცხოვრებას, ცვლი შეხედულებებს და ირჩევ იმას, რაც შენ გინდა.[/quote]
ამაში მეც გეთანხმები ^^

Natalia said...

სოფი, ზოგიერთ შენს პოსტს რომ ვკითხულობ, იმდენი აზრები მებადება, რომ დამახსოვრებასაც ვერ ვასწრებ, მითუმეტეს - გამოთქმას.

ეს პოსტიც ასეთი იყო. მერე იმ ბლოგზეც გადავედი და წავიკითხე 2 გოგონაზე, სხვათაშორის პირველად გავიგე ეს ამბავი.

პ.ს ვიდეო-პოსტზე გეთანხმები, შენ უფრო გათვალიერებ ხოლმე : )) აი ჩვეულებრივ პოსტებზე კი ზევითაც დავწერე რა მემართება :)

Keti said...

მე მგონია, ტელევიზია ნელ–ნელა წურავს თავის თავს.
ადამიანები, ნუ, ვისაც სურს ინფორმაციის მოძიება და ზომბად ქცევის პერსპექტივა ნაკლებად იზიდავს, სხვა წყაროებს ეძიებენ.

DsScorpion said...

რავი
ვიდეოპოსტები ასწორებს. მეც რო მქონდეს ვიდეოთვალი, ან რამე ეგეთი მეც დიდი სიამოვნებით დავდებდი ვიდეოპოსტებს! :)

Nino said...

სოფი, შენ ისეთი საოცარი ღიმილი გაქვს და მართლაც ისეთი SUNNY ხარ, რაც მთავარია,რომ შენი ვიდეოპოსტების მერე სულ კარგ ხასიათზე ვდგები ხოლმე :))

Anonymous said...

მეც ძალიან მიყვარს, ცნობილი ადამიანები ბუნებრივები რომ არიან და თავმდაბლები. ქართველ ე.წ. ვარსკვლავებს შორის ეგეთი არავინ მახსენდება.

Anonymous said...

ტელევიზორს იშვიათად ვუყურებ,რადგან ქართულ ტელესივრცეში ან უაზროდ ლაზღანდარობენ,ან ხელისუფლებას ხოტბას ასხავენ!ახალ ამბებს ძირითადად ინტერნეტ სივრცეში ვეცნობი!ვიღაც,ან რაღაც თუ არ მომწონს,მაშინ ვაკეთებ(ან გავაკეთებ) ისე,როგორც მე მიმაჩნია სწორად.

Unknown said...

იცი სოფი, ჩემი აზრით ალბათ მალე TV ერთ დიდ ვიდეო არტად გადაიქცევა :)
იქნება არხები, სადაც გავა პოლიტიკური ვიდეო არტები, სადაც გავა მხიარული არტები, მუსიკალური არტები და ასე :)

ნატა said...

პირველად ვნახე, ადამიანს ნიკი ასე სწორად ჰქონდეს შერჩეული :) სუფსელ გოგოებზე გეთანხმები, ვისაც ინტერნეტთან შეხება არ ჰქონდა ვერც გაიგეს ეს ამბავი :( ბევრი ისეთი თემა რჩება გაუშუქებელი, სტატიები დაუწერელი და გადაცემები გაუკეთებელი რო რავიცი ... :(