Friday, April 2, 2010

კალის ჯარისკაცი, პატარა სირინოზი და მეღორე პრინცი

აჰ, ძვირფასო ავგუსტინე,
ავგუსტინე, ავგუსტინე!


ჰანს ქრისტიან ანდერსენი (ზღაპრიდან "მეღორე")


დღეს ჰანს ქრისტიან ანდერსენის დაბადების დღეა. ვერ წარმომიდგენია ადამიანი, რომელიც მის ზღაპრებზე არ გაზრდილა. ვისაც წაკითხული არ აქვს, ნანახი მაინც ექნება მულტფილმები.

დილას გუგლზე ვნახე ანდერსენის ზღაპრების ილუსტრაციები და უცებ ძალიან მომინდა მისი წაკითხვა. გადავქექე ჩემი ძველი ბიბლიოთეკა და ვიპოვე ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრების კრებული "თოვლის დედოფალი" :) "ნაკადულის" 1971 წლის გამოცემა. უკანა ყდაზე კიდევ ჩემი ხელით აწერია: "სოფის წიგნებიდან, 1991 წელი".



ბავშვობაში ზღაპრები ძალიან არ მიყვარდა, ბევრად მერჩივნა ასტრიდ ლინდგრენის ან მარკ ტვენის მოთხრობები მეკითხა. სამაგიეროდ, დედაჩემს ისე უყვარდა ზღაპრები, სულ ყიდულობდა ძმებ გრიმებს (ანუ მათ ზღაპრებს) და კიდევ იყო ასეთი სერია, თუ არ ვცდები, მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები, რამდენიმე ტომად გამოცემული. მხოლოდ ანდერსენი მიყვარდა, თუმცა "თოვლის დედოფალი" იყო ერთერთი ისეთი ზღაპარი, რომლის წაკითხვა არ შემეძლო, მეგონა, მე ვგრძნობდი, როგორ ეყინებოდა კაის გული და ვიტანჯებოდი, გერდა რომ ჯადოქარს ვერ გაურბოდა ყვავილების ბაღიდან.

რომელი ერთი ჩამოვთვალო, არ ვიცი: "გულადი კალის ჯარისკაცი", "პატარა გოგონა და ასანთი", "პატარა იდას ყვავილები", "პრინცესა ცერცვის მარცვალზე" და რა თქმა უნდა, "პატარა სირინოზი", რომელიც ყველაზე ნაკლებად მიყვარს. ალბათ იმიტომ, რომ ანდერსენის ზღაპრებიდან მხოლოდ ეს მაქვს მულტფილმად ნანახი, იქ კიდევ სრულიად შეცვლილია შინაარსიც და დასასრულიც.

ვფურცლავ ამ წიგნს და ვიცი, რომ ჩემს ცხოვრებაზე დიდი გავლენა აქვს მოხდენილი, სხვა წიგნებთან ერთად, რომლებსაც ბავშვობაში ვკითხულობდი და თავს მთავარ გმირად წარმოვიდგენდი. თან 90-იანებში ცხოვრება ისეთი რთული იყო, მგონი გასაკვირიც არ არის, რატომ მირჩევნია "პატარა გოგონა და ასანთი" "პატარა სირინოზს", პრინცებზე ფიქრისთვის ნაკლებად მეცალა.

გილოცავ დაბადების დღეს, საყვარელო ჰანს ქრისტიან ანდერსენ!!!

11 comments:

Natalia said...

თოვლის დედოფალი მგონი მეც ზუსტად ეგეთი წიგნიდან წავიკითხე - ჩემი არ იყო. მახსოვს პატარა ვიყავი და დეიდასთან დავრჩი, პატარა ოთახში, სადაც თაროებზე ბევრი წიგნი იყო. მათ შორის ’თოვლის დედოფალიც’ ხოდა, ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე, მაგრამ რაღაცნაირი სევდიანი მომეჩვენა, არ გავდა სხვა ზღაპრებს..

vasasi said...

თოვლის დედოფალი არ მიყვარდა, ცივი ზღაპარი იყო...

დანარჩენებზე ვგიჟდებოდი...

სხვათაშორის, არცთუ მცირე ზღაპრები აქვს ჩვენს ჰანსს, რომლებიც ცუდად მთავრდება (რასაც ვერ ვიტანდი ბავშვობაში), მაგრამ...


ჰო, თოვლის დედოფალთან დაკავშირებით გამახსენდა კიდევ: ზამთარში ვკითხულობდი, შეშის ღუმელთან ჩახუტებული და, ეტყობა, მაგიტომ არ მიყვარს.. :D

ამას წინათ ოთხსერიანი ფილმი ვნახე თოვლის დედოფალზე, თითქმის ყველაფერი შეცვლილი იყო დედოფლის გარდა, თუმცა, ერთობ ვისიამოვნე.. :)

Sophie שרה Golden said...

@ ნატალია, არ ჰგავს სხვა ზღაპრებს ნამდვილად. ძალიან რეალურია, ჩემი აზრით.

@ ვასასი, რამდენიც გინდა, თუნდაც "პატარა გოგონა და ასანთი", ბევრს აქვს სევდიანი დასასრული :(

ნან said...

ისეთი სენტიმენტალური გავხდი ამ გაზაფხულზე, მთლად წავედი ხელიდან :))

ფესიბუქზე ანდერსენის ზღაპრების ფანკლუბი არ არის ნეტა?

ანდერსენიც მიყვარს და გრიმებიც. ზღაპრები მიყვარს, ოღონდ ქართული ზღაპრები არა. ბავშვისთვის ძალიან დიდი ტრავმაა ქართული ზღაპრების დიდი ნაწილი.

clown said...

ვგიჟდები მარკ ტვენზე ^^

ხოდა თოვლის დედოფალი მეც მიყვარს ^^

Keti said...

ჩემი საყვარელი ზღაპრები... :)
მართლა როგორი თბილი გრძნობა რჩება არა, ბავშვობის შთაბეჭდილებებთან დაბრუნებისას..
დღეს მქონდა ასეთი – ნივთები ვნახე, რომლებიც ბავშვობის მერე არ მინახავს და ისე მიხარია :))

Anonymous said...

ბავშვობაში ძალზედ მქონდა გამძაფრებული ზღაპრულ სამყაროში ცხოვრება. ვწერდი კიდეც, თავად ვიგონებდი რაღაცეებს. ანდერსენის ზღაპრებს სხვა სურნელი აქვსთ, სენტიმენტალური და სწორად შენიშნე სოფ, რეალისტური.

"კალის ჯარისკაცი" განსაკუთრებულად მიყვარს. მსოფლიო ხალხების ზღაპრებიდან ყველაზე მეტად იაპონური კრებული მომწონდა.

ეხლა ჯანი როდარის "ლაჟვარდისფერი ისარი" გამახსენდა. ზღაპარი არაა, მაგრამ ძალიან მიყვარდა.

Unknown said...

მე "პრინცესა ცერცვის მარცვალზე" მომწონდა სულ და მაოცებდა ხოლმე.

Unknown said...

rogor miyvars,chemi ert erti N1 sayvareli mezgapre geniosi <3

zogi ra gruzi zgapari aqvs,arcise gantqmulebi roa,bavshvebs naklebad ukitxaven da ascavlian imeebss .

Zurriuss said...

გიერთდები სოფ და გამოგიტყდები, ბავშვობაში ყოველთვის ზღაპრის ბოროტი გმირი მინდოდა ვყოფილიყავი. მაგალითად, თოვლის დედოფალი. ვინაიდან მათ უფრო დამახასიათებელი გარეგნობა და მეტი "ტრიუკები" ჰქონდათ :)))
მაშინ სიყვარული და მეგობრობა ბანალურად და ყელში ამოსულად მეჩვენებოდა.
გაიარა დრომ და ორივე დავაფასე, მაგრამ ხატვით მაინც ტრიუკებისკენ მიმიწევს გონება. გული კი გრძნობებში რჩება :)))
გულით გილოცავ, ძია ჰანს,
ჩვენში იცოცხლებ დიდ ხანს :))

ირინა said...

მახსოვს პატარა სირინოზი მე თვითონ წავიკითხე და ისე განვიცადე, რომ დედაჩემმა გადაშალა ფინალი და თვითონ მიმიწერა "კარგი" დასასრული რომ არ მენერვიულა... :))
თოვლის დედოფალი ჩემი უსაყვარლესი ზღაპარი იყო, ოღონდ ამას დედა გვიყვებოდა. სულ მეგონა რომ კაი და გერდა მე და ჩემი ძმა ვიყავით:))