Discover Simple, Private Sharing at Drop.io
წინა პოსტი ზუსტად ის იყო, რასაც მთელი კვირის განმავლობაში ვგრძნობდი და ვგრძნობ. მერე ჩემს ერთ მეგობარს დაველაპარაკე, მერე – სხვას და მივხვდი, არჩევანის უფლება რომ მოეცათ, ისევ საკუთარ პრობლემებს ავირჩევდი.
შაბათს ჩემი საყვარელი მასწავლებელი გვყავდა მიდრაშაში სტუმრად და იმან ისაუბრა ადამიანის იღბალზე, თავისუფალ არჩევანზე. ერთადერთი, რასაც ცხოვრებაში ვერ აირჩევ შენი დაბადების ადგილი და დროაო. დანარჩენზე უკვე თავად უნდა აგო პასუხი და ფროიდით არ გამოიჭედო თავი, ჩემი მშობლები ამას შვრებოდნენ და ამიტომ ვარ ახლა ასეთი ტრავმირებულიო. ფროიდი როგორ მიყვარს, ყველამ იცის, მაგრამ ჩემი მასწავლებელი ბევრად ჯობია. კიდევ იმაზე ვისაუბრეთ, ყველა ადამიანს ზუსტად ის გარეგნობა და ინტელექტუალური შესაძლებლობები აქვს მიცემული, რაც ცხოვრებაში სჭირდება. მთავარია ამ ყველაფერს როგორ გამოიყენებს. ასეთი რაღაცები როცა მესმის, კიდევ უფრო მწყდება გული, რადგან მახსენდება ის ხალხი საქართველოში, ვისაც გარეგნობაც აქვს, გონებაც, მაგრამ მაინც რაღაც უშლით ხელს.
მე თითქოს გამოვიყენე ყველაფერი, რაც ღმერთმა მომცა და წავედი კიდეც შორს... არც ვიცი, როდის დავბრუნდები. აგვისტოში რომ მოვდიოდი, დედაჩემმა მითხრა: ცხოვრება რთული იქნება, განსაკუთრებით შენი, როცა სხვა გზა აირჩიე და სხვა სამყაროში გინდა ცხოვრებაო.
ალბათ, ფეისბუქელ მეგობრებს გემახსოვრებათ ჩემი სტატუსი: დიალოგი ჩემ, ისრაელელ და მოლდაველ გოგოს შორის. მაშინ მითხრეს, როცა საქართველოზე საუბრობ, რაღაც საოცრებების მხარედ წარმოგვიდგენია, ან ვფიქრობთ, სოფი ზედმეტად პატრიოტიაო. მართლა ასე ვარ. როგორც მშობელს თავისი ავადმყოფი შვილი უფრო უყვარს და სულ მასზე ეფიქრება, ისე ვარ საქართველოზე. ხან რომ ვიხსენებ, რამდენი ხალხი მიდის მანდედან, ვზივარ და ვტირი. ჩემი მეგობრების უმრავლესობა საზღვარგარეთ წავიდა და ვინც დარჩა – უიმედო და დაღლილები არიან: მუშაობენ, ცდილობენ საკუთარი გარემო მაინც შეცვალონ, მაგრამ სულ ეჯახებიან ისეთ პრობლემებს, რასაც უფულობა, უსამართლობა, უიმედობა ჰქვია. რამდენიმე წლის წინ ჩემი ისრაელელი მეგობარი ზუსტად იმავეს მწერდა, საქართველოს რომ ვიხსენებ, სულ მეტირებაო და მაშინ ვერ ვხვდებოდი, ეს პარადოქსების მხარე როგორ გიყვარს ასე–მეთქი. ალბათ რაც უფრო იზრდები ადამიანი, მით უფრო გიყვარდება შენი მიწა. ამქვეყნად მხოლოდ ორ სახელზე მივლის ტანში ჟრუანტელი: იერუსალიმი და საქართველო. ალბათ, თვითონ "ჩემის" შეგრძნება მენატრება, როცა მეცოდინება, რომ აქ რაღაც ჩემია და შემიძლია ხელით შევეხო. ხო ხვდებით?
დაბადების ადგილს და დროს არ ირჩევენ–მეთქი, ზემოთ ვთქვი და ალბათ, არც იმას ირჩევ, გული რამდენად სწრაფად გიცემს შენი ქვეყნისთვის.



14 comments:
როგორ მესიამოვნა ეხლა ეს პოსტი...
მეც მინდა ჩემი ქვეყანა მომენატროს და მხოლოდ უაზრო პრობლემებზე არ ვფიქრობდე...
სისულელეა, მაგრამ ალბათ მალე ვიტყვი Georgien war mein Land
იცი სოფი, მე ასე 16-17 წლის რომ ვიყავი, საქართველო მიყვარდა ძალიან, სუბიექტურად და ისეთი ახირებებიც მქონდა, ქართველებს რომ აქვთ - პრეტენზია განსაკუთრებულობაზე და ა.შ მეტს აღარ მოვყვები, მიყვარდა მოკლედ. მერე რაღაც პერიოდი, ამ ბოლო წლებში, უფრო გულგრილი გავხდი. ბევრი რაღაც მაღიზიანებდა და ესპანეთში ცხოვრებაზეც ვოცნებობდი. ბოლო თვეებია რაღაცეები გადავაფასე და ახლებურად შემიყვარდა. მივხვდი, რომ საქართველოა ის ადგილი, სადაც უნდა ვცხოვრობდე. და როგორც შენ დაწერე, დაბადების ადგილს არ ვირჩევთ - ღმერთმა ასე გადაწყვიტა, რომ მე საქართველოში უნდა დავბადებულიყავი. შეიძლება ოდესმე წავიდე საზღვარგარეთ, მაგრამ ვიცი, რომ შენსავით, მეც ყოველთვის ჟრუანტელი დამივლის საქართველოზე.
დიდი მადლობა ამ პოსტისთვის, რომ კიდევ ერთხელ დამარწმუნე ამაში :)
p.s საოცარი მუსიკაა, პოსტს უფრო შთამბეჭდავს ხდის.
ამაზე მეც მიფიქრია – რომ ზუსტად იქ და იმ დროს ვიბადებით, მათ შვილებათ და იმ გარეგნობით, რაც და ვინც საჭიროა. ეს ჩვენი მოცემულობებია და გვეძლევა გზა. როგორ გავივლით – ჩვენზეა დამოკიდებული...
მგონია, როცა ადამიანი უცხოეთში მიდის, სხვანაირად აფასებს ყველაფერს, რასაც სამშობლოში ტოვებს. მეტს ხედავს – კარგსაც და ცუდსაც. შენ ეს პერიოდი გაქვს – მძაფრად აღიქვამ, ტკივილით, მონატრებით..
ძალიან თბილი პოსტი იყო, გადამდები ემოციით, მით უმეტეს მუსიკის ფონზე (ძალიან მიყვარს).
ბედნიერი ახალი კვირა, სოფი! :*
კარგი ფინალი იყო, ყოჩაღ!
და ნეტა ჩვენც გვესაუბრებოდნენ ხოლმე ეგეთ თემებზე ---
არა რელიგიისა და სექსის უნივერსიტეტში (ილიაუნი)
და არა პოლიტიკოსების კაბინეტებში,
არამედ სადმე, "ნეიტრალურ" ადგილას.
ჩემთვის ძნელი გასაგებია ეს ყველაფერი ჯერ... მიზეზთა გამო.
წავალ სადმე და გავიგებ ამ ყველაფერს, ალბათ...
:))
ასეთ ნოსტალგიურ პოსტს შენგან ვერასდროს წარმოვიდგენდი, მაგრამ ბოლო წერილისა და ამ პოსტის მერე მივხვდი
თეა ვნახე დილას, ორივეს ისე გვენატრები :(((
albat roca moshorebit xar, ufro metad grznob ra aris shenshi dagrovili sheni qveynis mimart :) shentan- didi siyvaruli :)
ar vicodi tu didi xnit iyavi mand
guli damwyda :)
სიმღერა ჩავრთე, მაგრამ ძალიან მძიმე იყო და გამოვრთე. მე თავად ამ სიმღერას შემოგთავაზებდი, ახლა მეც ამას ვუსმენ. თან ტექსტი აქვს შესაბამისი.
http://www.youtube.com/watch?v=c_mVfs7uX18
ხოდა კიდევ ის, რომ უკაცრავად ამხელა კომენტარისთვის.
ერთადერთი, რასაც ცხოვრებაში ვერ აირჩევ შენი დაბადების ადგილი და დროაო. დანარჩენზე უკვე თავად უნდა აგო პასუხი" არ ვეთანხმები. ბაღი, სკოლა, აღზრდა, კვება.... - ეს ყველაფერი მშობელია და არა ბავშვის პირადი პასუხილმგებლობა.
"მახსენდება ის ხალხი საქართველოში, ვისაც გარეგნობაც აქვს, გონებაც, მაგრამ მაინც რაღაც უშლით ხელს."
ამას ვეთანხმები. ვიღაც ძალიან ღარიბს ცხოვრებაში ბევრი რამ სჭირდება, მაგრამ ვერ აღწევს. ანუ მისი გარეგნობა საერთოდ არ ეხმარება მას რამის მიღწევაში. ნუ ყოველ შემთხვევაში საქართველოში ასეა.
მე, როგორც შენს ერთ-ერთ ფბ-ელ მეგობარს კარგად მახსოვს შენი სტატუსი იმის შესახებ, რომ ქართული ღვინო სჯობს. ასე ვარ მეც. საქართველოში შემიძლია მასზე ცუდი ვთქვა, მაგრამ მის საზღვრებს გარეთ მხოლოდ კარგს ვამბობდი. თუნდაც ღვინოს თუ სხვა რაღაცეების ქება-დიდებით.
"მშობელს თავისი ავადმყოფი შვილი უფრო უყვარს და სულ მასზე ეფიქრება"
როგორც გრიბოედოვმა თქვა თავის "горе от ума"-ში "И дым отечества нам сладок и приятен" ანუ მშობლიური გამონაბოლქვი ტკბილი და სასიამოვნო არისო (იმიტომ არ გადამითარგმნია, რომ რუსული არ იცი, უბრალოდ "გამონაბოლქვი" შემს მიერ აღნიშნულ ავადმყოფთან გავაიგივე.) მერე ილიამაც "მგზავრის წერილებში"-ც გაიხსენა ეს ფრაზა.
მეც ესე ვარ, რა გგონია. რომ ჩამოვედი და აეროპორტში დავდგი ფეხი, გული რაღაც სასწაულად მიცემდა. მაგრამ ეს მხოლოდ სახლში მოსვლამდე.
ახლა ისე ვარ, რომ მაინც უცხოთში მინდა. თვით დედაჩემმაც პირველად თავისი ინიციატივით მითხრა, იქნებ წახვიდე აქედანო. დედა ამას შვილს რომ ეტყვის, რაოდენ მძიმე უნდა იყოს. თან დავინახე სევდა მის თვალებში. მე თვალები გამიფართოვდა და ვკითხე: "მეკაიფებიმეთქი ხო???" არაო. გამიკვირდა, აქამდე სულ მე ვეხვეწებოდი იქნებ წავიდემეთქი და სულ მეხუმრებოდა კი როგორ არაო. მაგრამ ახლა არა. ხომ ხედავ აქ როგორი საშინელი სიტუაცია არისო. ხოდა, რავიცი რა. ტვინი მაქვს უკვე არეული.
რაც მე მინდა, ის არ არის. მე კარგად მინდა ვიცხოვრო საკუთარ ქვეყანაში!!!! არადა არის ორი ვარიანტი:
1) კარგად ცხოვრება სხვა ქვეყანაში.
2)ცუდად ცხოვრება ჩემს ქვეყანაში.
ამ თემაზე იმდენს ვფიქრობ ხოლმე, რომ რავიცი რა.
Sophie, აი შენ ამ პოსტისტვის ♥♥♥
მარტივი რთული გამოგივიდა! მაგარია!
"მხოლოდ დაბადების ადგილს და დროს არ ირჩევენ" – ალბათ, მართალია...
სულ ვამბობ, დიდი სიამოვნებით წავალ უცხოეთში ცოტა ხნით–მეთქი.ახლობლები მეუბნებიან, მერე საქართველოში არ დაბრუნდებიოო. არადა, ზუსტად ვიცი, რომ დავბრუნდები. აქ "სხვანაირად ჩემია" ყველაფერი...:)
ძალიან კარგი პოსტი იყო:)
დიდი მადლობა ყველას, ვინც პოსტი წაიკითხეთ და დაინტერესდით. განსაკუთრებით ქეითს, რომელმაც ამხელა კომენტარი დამიტოვა.
სათითაოდ პასუხის გაცემას, მგონი, მნიშვნელობა არა აქვს ამ შემთხვევაში, რადგან ჩემი აზრი და სათქმელი ისედაც დავასრულე პოსტში. უბრალოდ, ყველას ვურჩევდი, აუცილებლად წავიდნენ უცხოეთში ერთხელ მაინც. დამოუკიდებლად იცხოვრონ, სიძნელეები გადალახონ და გაიზარდონ, როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად.
მინდა, თან ძალიან.
Post a Comment