მთელი ჩემი ცხოვრება რომ სხვადასხვა ქვეყნების საელჩოებში მიწევს სიარული, ამაზე ადრეც ვწერდი. ამიტომ, დღეს, როცა საქართველოს საკონსულოში წასვლა დამჭირდა, საკუთარი თავი ყველაზე უარესისთვის მოვამზადე.
უკვე ერთი კვირაა, რაც ვრეკავდი, რომ საბუთები შემეტანა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის ცნობის (ვიცი, სისხლისგამყინავი სახელი აქვს ამ ცნობას) ასაღებად. რა თქმა უნდა, ტელეფონს არავინ პასუხობდა და ამიტომ გადავწყვიტე, პირდაპირ მიმეკითხებინა მათთვის. აღმოჩნდა, რომ ჩვენი საელჩო/საკონსულო არც ისე შორს მდებარეობს (ბერლინის მასშტაბით თუ განვსაზღვრავთ) ჩემი სახლიდან, მეტროს ორი გაჩერება + ავტობუსის 9 გაჩერება, ბუნებრივია, გერმანული ტრანსპორტის პუნქტუალობის წყალობით, 30 წუთზე ცოტა მეტი დამჭირდა საკონსულოში მოსახვედრად (ნატა, ტრანსპორტის "გრაფიკი" სპეციალურად შენთვის).
Rauchstrasse 11, 10787, Mitte - ძალიან კარგი რაიონია, მწვანე და ლამაზი შენობებით, სადაც უმეტესად სხვადასხვა ქვეყნების საელჩოებია განლაგებული. თვითონ საქართველოს საელჩოც ნორმალურ შენობაშია, უპრობლემოდ გიშვებენ (ანუ დაცვა არ ჰყავთ) და ფართო ჰოლში პრეზიდენტის სურათი კიდია. უცნაური იყო მიშას დანახვა ამდენი ხნის შემდეგ.
როგორი განწყობით მივედი, უკვე იცით, მაგრამ ყველაფერი სხვანაირად (თან ძალიან სწრაფად) გამოვიდა, მადლობა ღმ–ერთს. იმ განყოფილების მიგნებაში, სადაც ჩემი საბუთები უნდა ჩამებარებინა, ერთი ძალიან თავაზიანი და ლამაზი გოგო დამეხმარა. ის ახალგაზრდა კაცი, ვისაც ზემოთ ნახსენები საბუთების მიღება ეხებოდა, სასწაულად სწრაფად მესაუბრა და ერთი ღიმილი არ "გამოპარვია", არც იმაზე გაუცია პასუხი, საკონსულოში ტელეფონს რატომ არ პასუხობენ, მაგრამ მესმის, ვერანდაზე სხვებთან ერთად უნდოდა გასვლა და სიგარეტის მოწევა.
რაც უნდა იყოს, მაინც არაფერი შეედრება იმ გრძნობას, საელჩოში რომ შედიხარ და წამით მაინც, შეგიძლია მოდუნდე და თავი სამშობლოში იგრძნო.
ამაზე გამახსენდა, რამდენიმე თვის წინ, საკვები პროდუქტების გამოფენაზე ვიყავით მე და ჩემი საქმრო (მაშინ ჯერ კიდევ "მეგობარი") და ქართულ პავილიონთან რომ გავიარეთ, ძალიან მთხოვა, მივსულიყავი და ქართულად დავლაპარაკებოდი. მაშინაც მქონდა ასეთი, მშობლიურობის გაზიარების, შეგრძნება, მაგრამ უცნაური ის იყო, ზოგმა სულ არ იცოდა ქართული, ზოგიც კიდევ – იმდენად გაზულუქებული იყო, პასუხის გაცემა რომ ეზარებათ ხოლმე, ხომ იცით; ოღონდ ქართულად, თორემ უცხოელებს თვალების ციცინით იღებენ.
მიხარია, რომ საქართველოს საელჩოსგან პირველი შთაბეჭდილება ნორმალური დამრჩა.
ხუთ სამუშაო დღეში მზად უნდა იყოს ცნობა და გაგაგებინებთ, რამდენად კარგად მუშაობენ.



6 comments:
შევეცადე, შენი გძრნობები ჩემში გამეცოცხლებინა ... ადვილად გამომივიდა, შენი საინტერესო თხრობის წყალობით.. :*
ალბათ გადაედოთ ცოტა გემრანული პუნქტუალურობა და დისციპლინა,
კარგია, რომ არ გაგაწვალეს :)
@kanario, მართლა? ყოველთვის ისეთ კომენტარს მიწერ, მერე მე თვითონაც ჩავფიქრდები ხოლმე :*
@ბაბისა, ხო ალბათ, ამას რა ჯობია. ნეტა საქართველოსაც გადაედოს რამე სასიკეთო გერმანიისგან.
კარგია, რომ არ გაწვალდი :)
შეამჩნევდი, ალბათ, ბოლო დროს პოსტებს არ ვკითხულობდი საერთოდ (თორემ, ხომ იცი, უკომენტაროდ არ ვტოვებ). ჰოდა, თურმე, აი, რა მაკლდა და რა მომნატებია. შენი დ$ღიური 1 პოსტი :)
ჩვენთან ელექტრო დაფები დააყენეს, თავსხმა წვიმაში მოვყევი, რუსთაველზე მაღაზიაში შევეფარე, თან დაფას ვუყურებდი, ავტობუსის მოსვლამდე 1 წუთით ადრე გამოვიქეცი, ისიც მოვიდა და შევახტი. რა გრძნობა მქონდა არ იცი, შენ მომენატრე :))
Post a Comment