
იცით როგორი დღეები მიყვარს?
გვირილის ჩაის დალევა რომ მოგინდება და გაგახსენდება მოხუცი ბებიების და მეზობლების რჩევები, თუ როგორი სასარგებლოა მცენარეული ნაყენები: პიტნის, ცაცხვის, ასკილის, გვირილის, ვარდის ფოთლების, მრავალძარღვას, ვარდკაჭაჭას (ბავშვობაში ვგიჟდებოდი მინდვრის ამ ულამაზეს მცენარეზე)... გახსენდება გრილი საღამოები, მუხლებზე რომ გცივა და მაინც არ გინდა თბილად ჩაცმა, იმდენად გიხარია ზაფხულის მოსვლა.
გიფიქრიათ, რომ ყველა მცენარეს თავისი ხასიათი აქვს და ადამიანებს ჰგავს? ადამიანებიც იმ მცენარეებს და ყვავილებს ირჩევენ, რომლებიც მათ ჰგვანან, ირქმევენ სახელებს, ფანჯრის რაფებზე ზრდიან, თმებში იბნევენ... ყოველთვის შეგიძლია გამოიცნო ადამიანის თვისებები მისი საყვარელი ყვავილის მიხედვით.
საკმაო დრო დამჭირდა იმის გადასაწყვეტად, თუ რომელი ყვავილი მიყვარს. ყოველთვის მეგონა, ტიტა მომწონდა, მაგრამ ახლა მივხვდი, რომ საშინლად ცივი ყვავილია და საერთოდ არ მგავს.
გვირილაზე შევჩერდი ბოლოს, ჩაიში და ვარდკაჭაჭაზე – მინდორში, თავის მეზობელ ბალახებში ჩაფლული.
და მენდი გლედჰილს მოვუსმენ, რომელიც ყველაფერს მიამბობს თავის გულსა და ჩემსაზეც ჩამაფიქრებს. ისეთი რბილი და თბილი ხმა აქვს, ცოტა ნამძინარევი და მზისფერი. აუცილებლად მზისფერი, რომელიც ჩემი გვირილის ჩაის ჰგავს და ბოლოს ტკბილ გემოს ტოვებს. თაფლივით.
თაფლიც ხომ თითქმის მცენარეა.
გვირილის ჩაი, ვარდკაჭაჭა და თაფლი – ჩემი დღის ბედნიერება.



7 comments:
<3
პოსტს რომ ვკითხულობდი, მეგონა მინდორში დავდიოდი და კალიების ზუზუნი ჩამესმოდა :) ეხლა გამახსენდა, რომ ბავშვობაში გატაცებული ვიყავი სამკურნალო მცენარეებით და ლიტერატურასაც ვაგროვებდი. სოფელში თავშავას ჩაის ვსვამდი ხოლმე ხშირად და კრაზანას ჩაის კიდევ :) ვარდკაჭაჭა ხშირად შემიმჩნევია და არასდროს მიფიქრია, რომ მართლა ლამაზია :))
პ.ს ბუნება როგორ მენატრება :(
:)))))))))))))))))
მე კიდე ნარცისის სუნზე ვგიჟდები <3
@ნატალია, კალიები როგორ მიყვარს, იცი? :))) კრაზანას ჩაი გამომრჩა, მეც მიყვარდა მაგის დალევა :) ბუნება – ამქვეყნად ყველაზე ძვირფასი რამეა ადამიანების შემდეგ.
@კლოუნიკო, ნარცისიც მიყვარს. ულამაზესია. სუნი არ მახსოვს, სიმართლე გითხრა.
ჩემი საყვარელი ყვავილია გვირილა. ამას წინათ დედას ვეუბნებოდი: ასე მგონია, გვირილას უზომოდ თბილად გაღიმებული სახე აქვს-მეთქი :)
ვარდაკაჭკაჭაც ძალიან ლამაზია. აი, რომ უნდა დაიხარო და ათვალიერო... და საერთოდ, მინდვრის ყვავილები.
თბილი ჩანაწერია, ისეთი, ჩაის სმის დროს რომ უნდა წაიკითხო/მოისმინო.
მე მიყვარს მცენარეული ნაყენების ჩაი, ვსვამ ხშირად ხოლმე,
ვარდკაჭაჭა რაჭაშიც ბევრია, სამკურნალოა და ამბობენ, ნაღვლის ბუშტს უხდებაო, ალბათ ასეც არის :)
@ქეთი, რა კარგად თქვი. მართლა ისეთი ყვავილია, სულ რომ იღიმება :))
@ბაბისა, კი, კი, რაჭაშიც იქნება, იმიტომ, რომ მთის მცენარეა, როგორც ვხვდები :)
tianeti, iori, filebidan sascauli pozebit gadmoxtoma ckalshi, mere ckalshi vigac rojebis fexebit cema, sagamos "birja", mtv-obanas tamashi, birjis "koloritebi", tarzanas anegdotebze guliani sicili,"diskotekebi", lex-senis simgerebze cekva :D :D :D jipitauriiii, erti changlit chama, blue da elton johnisa da kiril andreevis saghegrdzeloebi, perangiani gamoqceva........ :)))))
Post a Comment